• weather cur airplane

    რეაგირება პანკისის ხეობაში არსებულ პრობლემებზე პეტიციების შემდეგ [Video]

    შაბათი, 13 თებერვალი 2016 17:43
    რეაგირება პანკისის ხეობაში არსებულ პრობლემებზე პეტიციების შემდეგ [Video]

    „ურნების დამზადებაზე ჩვენ უკვე ტენდერი გვქონდა გამოცხადებული. რაც შეეხება მეორე საკითხს, ჯოყოლოს სტადიონის კეთილმოწყობას, ასევე, მხედველობაში მივიღეთ მოსახლეობის მიერ შემოტანილი პეტიცია და გავეცით პასუხი, რომ უახლოეს მომავალში ეს ბიუჯეტში იქნება ასახული და აუცილებლად იქნება მათი მოთხოვნა დაკმაყოფილებული“, – აცხადებს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელი ბექა ბაიდაური პანკისის ხეობის სოფლების მოსახლეობის პეტიციებთან დაკავშირებით, რომლის განხილვაზეც თვითმმართველობამ უარი თქვა.

    არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ მხარდაჭერით პანკისის მცხოვრებლებმა მუნიციპალიტეტის საკრებულოში პეტიციები 2015 წლის 25 დეკემბერს წარადგინეს. საკრებულომ პეტიციები რეაგირებისათვის გამგეობას 30 დეკემბერს გადაუგზავნა.

    6 00–ზე მეტი ამომრჩეველი ადგილობრივი ხელისუფლებისგან ითხოვდა სოფელ ომალოში საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებელი ურნების განთავსებასა და ნაგავსაყრელების მოწყობას, ხოლო სოფელ ჯოყოლოში სტადიონის რეაბილიტაციას.

    2016 წლის 29 იანვარს ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა პეტიციის წარმდგენ პირებს - სულხან ბორძიკაშვილსა და ისლამ გორგიშვილს წერილობით აცნობა, რომ „ვინაიდან გამგეობას პეტიციების წარდგენამდე აქვს მიღებული სათანადო ზომები დაყენებული პრობლემების გადასაჭრელად, პეტიციის ავტორთა მოთხოვნა დამატებით განხილვას აღარ საჭიროებს“.

    ტენდერი ნაგვის 36 ცალი ურნის დამზადებაზე გამგეობამ 2016 წლის 11 იანვარს გამოაცხადა, პეტიციების უშუალოდ მიღებიდან 12 დღის შემდეგ.

    ამის მიუხედავად ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური აცხადებს: „თქვენ ალბათ არასწორი ინფორმაცია გაქვთ. ტენდერი იყო გამოცხადებული მანამდე (ვიდრე პეტიციები შემოვიდოდა) და ვიძახი, რომ ურნების ნახევარზე მეტი უკვე დამზადებულიც არის“.

    ახმეტის გამგებელი რომ იტყუება, ეს გამგეობის შესყიდვების სამსახურშიც დაადასტურეს. შესყიდვების სამსახურის ინფორმაციით, ტენდერი ნაგვის ურნების დამზადებაზე 11 იანვარს გამოცხადდა.

    რაც შეეხება სოფელ ჯოყოლოს სტადიონის რეაბილიტაციას, გარდა იმისა, რომ აღნიშნული საკითხი შეტანილი არ არის საკრებულოს მიერ მოწონებული 2016 წლის ინფრასტრუქტურული პროექტების ნუსხაში, მუნიციპალიტეტის 2016 წლის ბიუჯეტშიც ჯერჯერობით არ არის გამოყოფილი რაიმე თანხა.

    საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით კი ისიც ირკვევა, რომ ჯოყოლოს სტადიონი საერთოდ არ არის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში და შესაბამისად, ვიდრე აღნიშნული ტერიტორია მუნიციპალიტეტს არ გადაეცემა, მანამდე ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა ვერც დაიხარჯება.

    „ფაქტობრივად პეტიცია დაკმაყოფილებულია, თუმცა გამგებელმა შემოვლითი გზებით მოსახლეობას დაანახა, რომ პეტიციებს არავითარი აზრი არ აქვს. ეს იყო საქართველოს მასშტაბით, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსადმი პეტიციის წარდგენის პირველი პრეცედენტი და ხელისუფლების მხრიდან მიზანმიმართულად მოხდა პეტიციის ინსტიტუტის დისკრედიტაცია“, – ამბობს გელა შაშიაშვილი, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის საჯარო მმართველობის მონიტორინგის მიმართულების ხელმძღვანელი.

    მართალია გამგებელი პეტიციების როლს უარყოფს, მაგრამ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებიც აცხადებენ, რომ პანკისის ხეობის სოფლების მოსახლეობის მხრიდან დასმულ პრობლემებზე რეაგირება სწორედ პეტიციების გამო მოხდა.

    „რამდენი ხანია ვითხოვთ კუწახტა – საკობიანოს გზის გაკეთებას. აუცილებელია ჩვენც პეტიცია დავწეროთ, ამ ორმა სოფელმა?“, – ასე მიმართა საარჩევნო ბლოკიდან „ქართული ოცნება“ ახმეტის საკრებულოს წევრმა ნუკრი ღუბიანურმა ახმეტის გამგებელს 12 თებერვალს გამართულ საკრებულოს სხდომაზე.

    უახლოეს პერიოდში, პანკისის სოფლებში არსებული სხვა პრობლემების მოგვარების მიზნით ხეობის მცხოვრებლები საკრებულოს ახალი პეტიციებით მიმართავენ.

    სიახლეები

    პანკისში სუს–ის თანამშრომელს თავს დაესხნენ

    პანკისის ხეობაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელს ვანო ცხადაძეს თავს ტყის…

    ახმეტა – თიანეთის გზის რეაბილიტაცია სექტემბრიდან დაიწყება

    თიანეთი-ახმეტის 30-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაციის სამუშაოების შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ ტენდერში…

    უფასო სასწავლო კურსები პანკისის სოფლების მცხოვრებლებისთვის

    სამოქალაქო აქტივობების ცენტრი პანკისის ხეობაში აცხადებს მიღებას შემდეგ სასწავლო პროგრამებზე:…
  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    16 100

    Radioway.ge@gmail.com