• weather cur airplane

    პანკისის სათემო რადიო WAY–ის მისია

    ორშაბათი, 08 აგვისტო 2016 09:21

    პანკისის სათემო რადიო WAY ააიპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ 2016 წლის იანვარში დააფუძნა. WAY ინგლისურად გზას ნიშნავს, ჩეჩნურად – ჩვენი. პანკისის სათემო რადიოსთვის ამ სახელის დარქმევა ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების ინიციატივაა.

    რას ნიშნავს სათემო რადიო

    სათემო რადიო ახალი ტიპის რადიოსადგურია. ტრადიციული ადგილობრივი რადიოსადგურებისგან განსხვავებით, სათემო რადიო მაუწყებლობს უფრო მცირე ტერიტორიაზე, ჩვეულებრივ გადამცემიდან 5 კმ-ის რადიუსში. სათემო რადიო ყურადღებას ამახვილებს კონკრეტულ თემზე (როგორიცაა, მაგალითად, ეთნიკურ უმცირესობათა ჯგუფი) ან მსმენელთა სპექტრზე, რომელსაც მოიცავს მისი მაუწყებლობის მცირე არეალი. სათემო რადიოს მიზანია, სარგებელი მოუტანოს თემს და არა ის, რომ ნახოს ფინანსური მოგება.

    სათემო რადიო მიზნად ისახავს იმ მსმენელზე ორიენტირებას, ვისაც სათანადო ყურადღებას არ უთმობს კომერციული თუ სახელმწიფო (ეროვნული) მედია. სათემო სადგურს შეუძლია ისეთი პროგრამების მომზადება, რომლებიც ეხება თემთან უშუალოდ დაკავშირებულ საკითხებს.

    საერთო ეროვნულ მედიაში, განსაკუთრებით კი ელექტრონულ მედიაში ადგილობრივ თემს ნეგატიური იმიჯი აქვს. ადგილობრივი თემის ცხოვრებით უმეტეს შემთხვევაში მხოლოდ მაშინ ინტერესდება ნაციონალური ან რეგიონული მედიის ჟურნალისტი, თუ იქ კრიმინალი მოხდა ან ჩვეულებრივი ყოფითი ამბავი სკანდალად იქცა. ამით ადგილობრივი თემის მარგინალიზება ხდება.

    სათემო რადიო ყოველმხრივ ეცდება დადებითიც მოყვეს და ეს ნეგატიურიც არ დამალოს. კარგი ამბავიც და ცუდიც – ორივე ახალი ამბავია. სათემო რადიო არ არის დაინტერესებული, რომ თემის წევრებს რაიმე დაუმალოს ან მოატყუოს.

    თუკი საზოგადოებრივ ან კერძო მაუწყებლობაში აუცილებლად მოიძებნება ჟურნალისტი, რომელიც მენტორულად ესაუბრება მაყურებელს ან მსმენელს და ამით ხაზს უსვამს თავის უპირატესობას, სათემო რადიოში მსმენელს ესაუბრება მისი მეზობელი, ახლობელი ადამიანი, რომელიც, შესაძლოა, არ იყოს თანამოაზრე, მაგრამ გასაგებად და მისაღებად უხსნის ყველაფერს. სათემო რადიოში არ არიან ვარსკვლავები.

    სათემო რადიოში სამუშაოდ არ მოდიან მხოლოდ და მხოლოდ ჟურნალისტები. აქ მოდიან ადგილობრივი მცხოვრებნიც, მოქალაქეები, რომლებიც ინტერესდებიან თემის პრობლემატიკით, ხდებიან სოციალურად აქტიურები და პარალელურად იძენენ ჟურნალისტურ უნარ-ჩვევებს. სათემო რადიოს წარმატება სათემო აქტივისტებშია.

    სათემო რადიო მცირებიუჯეტიანია. მას მართავს მცირერიცხოვანი ადმინისტრაციული და სარედაქციო ჯგუფი, ხოლო გადაცემების დიდ ნაწილს ადგილობრივი მაცხოვრებლები მოხალისეობრივ საწყისებზე ამზადებენ. ჩვენ ვცდილობთ რადიოში შევქმნათ სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მოხალისეების გადამზადებას პროფესიონალების მიერ და გავაკონტროლოთ გადაცემების ხარისხი.

    პანკისის სათემო რადიო იზიარებს მედიის სამოქმედო სამ უმთავრეს პრინციპს: ავრცელებს ახალ ამბებს, ეწევა საგანმანათლებლო საქმიანობას და ართობს მომხმარებელს. გარდა ამ სამი პრინციპისა სათემო რადიოს ახასიათებს კიდევ ერთი, მეოთხე პრინციპი – თანამონაწილეობა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თემის თითოეული წევრის აქტიურობა, მათი მონაწილეობა სათემო რადიოს საქმიანობაში ზრდის ჩვენს მიმართ თემის ნდობის ხარისხს.

    სათემო რადიოპროექტები საშუალებას აძლევს ადამიანებს, გახდნენ მედია პროდიუსერები, მიიღონ, გადასცენ და ერთად მუშაობის შედეგად, კიდევ უფრო გაამყარონ საკუთარი ცოდნა, დიალოგისა და კულტურის გამოხატვის უნარი, როგორც სამეზობლო, ისე სათემო დონეზე.

    სათემო რადიოს მთავარი ფუნქციები

    ადგილობრივი იდენტობის, ხასიათისა და კულტურის წარმოჩენა: სათემო რადიო უმთავრესად პროგრამებში თემის იდენტობასა და ხასიათს წარმოაჩენს. ინფორმაციაც და სხვადასხვა ღონისძიებებიც ადგილობრივი თემის სპეციფიურ ინტერესებს ასახავს. აქცენტი კეთდება სათემო კულტურაზე, რომელიც თვისობრივად განსხვავდება ზოგადად კულტურისაგან. სათემო რადიოში გვხვდება ადგილობრივი მუსიკის, ცეკვის, პოეზიის, თეატრის ნიმუშები. კულტურა არის ენაც. სათემო რადიო მაუწყებლობს თემისთვის მისაღებ ყველა ენაზე. ამით დუღაბდება თემის კულტურული მრავალფეროვნება.

    ხმებისა და მოსაზრებების მრავალფეროვნება ეთერში: სათემო რადიო ეფუძნება თანამონაწილეობის პრინციპს და იგი ღიაა თემის ყველა სექტორისა და ინდივიდისთვის. სათემო მაუწყებლობა ყველაზე უკეთ ახერხებს განსხვავებული ინტერესების, განსხვავებული ეთნიკური, ენობრივი ან რელიგიური საფუძვლის მქონე ჯგუფების დაახლოებასა და ინტეგრაციას.

    პროგრამებისა და შინაარსის მრავალფეროვნება: სათემო რადიო წარმოადგენს სხვადასხვა ფორმატისა და სტილის გადაცემებს. მაგალითად: დისკუსიებს მრგვალი მაგიდის გარშემო, რეპორტაჟებს, ინტერვიუს, თოქ-შოუს, მსმენელთა ზარებს, პირდაპირ რეპორტაჟებს სათემო შეხვედრებიდან და ასე შემდეგ. ამ გადაცემების შინაარსიც უმთავრეს შემთხვევაში დეტერმინირებულია თავად თემის ცხოვრების სტილითა და იმ პრობლემებით, რომელიც ამ თემს აწუხებს.

    ღია დიალოგისა და დემოკრატიული პროცესის წახალისება: სათემო რადიოს ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა ინტერაქტიული დისკუსიებისთვის დამოუკიდებელი პლატფორმის მომზადება. მსგავსი დისკუსიები განავითარებს თემს და ხელს უწყობს დეცენტრალიზაციის პროცესს. საჯარო დებატი სათემო რადიოში, ერთი მხრივ, აახლოებს ადგილობრივ მთავრობასა და კერძო ინსტიტუტებს, მეორე მხრივ კი აძლიერებს ფორუმს თავად თემის წევრებს შორის.

    განვითარებისა და სოციალური ცვლილებების წარმოჩენა: სათემო რადიო მაქსიმალურად უწყობს ხელს შიდა დისკუსიებს. ამ დისკუსიების წყალობით თემის წევრები აკეთებენ თემში მიმდინარე პროცესების ანალიზს და შემდგომ პროაქტიურ ქმედებასაც ახერხებენ. ინფორმირება ეხმარება თემს, რომ მან ღირებულებათა სისტემა შეიქმნას და სამოქალაქო საზოგადოებად ჩამოყალიბდეს. დისკუსიების, კითხვა-პასუხის გამოყენებით თემის წევრები ცდილობენ, ადგილობრივი მმართველობის საქმიანობა გამჭვირვალე გახადონ და ლოკალური „მოდარაჯე ძაღლის“ როლი შეასრულონ.

    სარედაქციო სტანდარტები

    სათემო მაუწყებლებზე ვრცელდება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ დამტკიცებული მაუწყებელთა ქცევის კოდექსის მოთხოვნები.

    პანკისის სათემო რადიო WAY იზიარებს და იცავს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებსაც:

    1. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.
    2. ჟურნალისტი ვალდებულია, დაიცვას ბავშვის უფლებები; პროფესიული საქმიანობისას უპირატესი მნიშვნელობა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს, არ მოამზადოს და არ გამოაქვეყნოს ბავშვების შესახებ ისეთი სტატიები ან რეპორტაჟები, რომლებიც საზიანო იქნება მათთვის. ჟურნალისტმა არ უნდა ჩამოართვას ინტერვიუ და არ უნდა გადაუღოს ფოტო 16 წელზე ნაკლები ასაკის მოზარდს მშობლის ან მეურვის თანხმობის გარეშე იმ საკითხებზე, რომლებიც მისი ან სხვა რომელიმე მოზარდის კეთილდღეობას ეხება.
    3. ჟურნალისტის მორალური პასუხისმგებლობაა, არ გაამჟღავნოს კონფიდენციურად მოპოვებული ინფორმაციის წყარო.
    4. ინფორმაციის, ფოტოების ან დოკუმენტების მოპოვებისას ჟურნალისტმა მხოლოდ კეთილსინდისიერი და სამართლიანი მეთოდები უნდა გამოიყენოს.
    5. დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ.
    6. ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს სიმართლეს და საზოგადოების უფლებას – მიიღოს ზუსტი ინფორმაცია.
    7. ჟურნალისტმა უნდა გადასცეს ინფორმაცია მხოლოდ იმ ფაქტებზე დაყრდნობით, რომელთა წყარო დადასტურებულია. ჟურნალისტმა არ უნდა მიჩქმალოს მნიშვნელოვანი ფაქტები, არ უნდა გააყალბოს დოკუმენტები და ინფორმაცია.
    8. მედია ვალდებულია, შეასწოროს გამოქვეყნებული არსებითად არაზუსტი ინფორმაცია, რომელსაც შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
    9. ჟურნალისტს უნდა ესმოდეს მედიის მიერ დისკრიმინაციის წახალისების საფრთხე; ამიტომ ყველაფერი უნდა იღონოს ნებისმიერი პირის დისკრიმინაციის თავიდან ასაცილებლად რასის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, ენის, რელიგიის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული ან სოციალური წარმოშობის საფუძველზე ან რაიმე სხვა ნიშნით.
    10. სარედაქციო მასალები მკვეთრად უნდა გაიმიჯნოს მარკეტინგული, სარეკლამო და სპონსორის მიერ დაფინანსებული მასალებისაგან.
    11. ჟურნალისტმა უმძიმეს პროფესიულ დანაშაულად უნდა მიიჩნიოს შემდეგი ქმედებები:
    • ფაქტის განზრახ დამახინჯება;
    • ნებისმიერი სახის ქრთამის, საჩუქრის ან სხვა სარგებლის მიღება პროფესიულ საქმიანობაზე გავლენის მოხდენის სანაცვლოდ;
    • პლაგიატი.

    მოხალისეთა უფლება – მოვალეობები

    პანკისის სათემო რადიო WAY–ის ყოველ მოხალისეს მოეთხოვება ქცევის კოდექსით დადგენილი მოთხოვნების დაცვა. ეს არის სახელმძღვანელო დებულებები იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოიქცეს თანამშრომელი ეთერში და რადიოსადგურში ზოგადად.

    მოხალისეს აქვს უფლება:

    1. თანამდებობრივად დაწინაურდეს და მიიღოს მრავალმხრივი გამოცდილება;
    2. მიიღოს საფუძვლიანი რჩევა-დარიგება;
    3. რაც შეიძლება მეტად გათვითცნობიერდეს საქმეში და მონაწილეობა მიიღოს ტრენინგებში;
    4. იყოს თანამშრომლის თანასწორი;
    5. რაც შეიძლება მეტი იცოდეს ორგანიზაციის შესახებ;
    6. მუშაობასთან ერთად განაგრძოს განათლების მიღებაც;
    7. იმუშაოს უსაფრთხო გარემოში;
    8. მენეჯმენტმა დრო დაუთმოს მასთან ღია და გასაგებ კომუნიკაციას;

    მოხალისის ვალდებულებაა:

    1. პატივი სცეს სადგურის მიერ მოპოვებულ კონფიდენციალურ ინფორმაციას;
    2. დადებითად მიიღოს ზედამხედველობა;
    3. გამოიჩინოს ერთგულება და დახმარებისთვის მზადყოფნა;
    4. მოხალისეობისადმი პროფესიონალური დამოკიდებულება გამოაჟღავნოს;
    5. გამოყოს ადეკვატური დრო სამუშაოსთვის და დაესწროს რადიოსადგურის შეხვედრებს;
    6. დაემორჩილოს რადიო სადგურის წესებსა და კანონებს მაუწყებლობის შესახებ;
    7. ჰქონდეს ცოდნის გაღრმავების სურვილი;
    8. იყოს საიმედო და შეთანხმებისამებრ შეასრულოს ყველა დავალება;
    9. დაეხმაროს ახალ მოხალისეებს, შეუქმნას სასიამოვნო გარემო და გადასცეს დაგროვილი ცოდნა და უნარ-ჩვევები.

    გამოყენებულია ანგარიშში „სათემო რადიო საქართველოსთვის“ მოცემული მასალები. ანგარიში მომზადებულია „ბი-ბი-სის“ მსოფლიო ახალი ამბების სამსახურის ფონდის დაკვეთით, ბედფორდშირის უნივერსიტეტის მთავარი ლექტორის ჯენი გორდონის მიერ.

    სიახლეები

    პანკისში მშენებარე ეკლესია დაანგრიეს

    პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში, წმინდა გიორგის ეკლესიის ნაფუძარზე მშენებარე ეკლესიის…

    ქიზიყელი გოგოს ღია წერილი ქიზიყელ პრემიერს

    ბატონო პრემიერო (გიორგი), ჩვენებური კაცი ხართ, ქიზიყელი და დიდი გამარჯობა!…

    მეფუტკრეობის კოოპერატივების განვითარების სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

    მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო და 5…
  • პოპულარული

  • შემოგვიერთდით

    მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    16 100

    Radioway.ge@gmail.com