• weather cur airplane

    კონფლიქტი პანკისში პოლიციის უმოქმედობის გამო

    სამშაბათი, 14 თებერვალი 2017 17:29 view 3275
    კონფლიქტი პანკისში პოლიციის უმოქმედობის გამო

    პანკისის ხეობაში წინწალაშვილებსა და ტოხოსაშვილებს შორის კონფლიქტის შედეგად მინიმუმ სამი ადამიანი უკვე დაშავდა. მათ შორის ერთ–ერთს თავის არეში მიყენებული ჭრილობების გამო თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. ჩხუბის შედეგად დაზიანდა ავტომობილებიც. ახმეტის პოლიციისთვის კონფლიქტის მიზეზიც და შედეგებიც ცნობილია. პანკისში მცხოვრებ ორ სრულწლოვანს, რომელთაც ინტელექტუალური დარღვევა აქვთ, ნათესავებმა და ახლობლებმა დაოჯახების უფლება არ მისცეს. პოლიციამ ქორწინების თავისუფლების დარღვევის და ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიებაც კი არ დაიწყო.

    კონფლიქტის მიზეზი

    2016 წლის 30 დეკემბერს პანკისის ხეობის ერთ–ერთ სოფელში მცხოვრებმა 25 წლის მამაკაცმა, ქორწინების მიზნით, მეზობელ სოფელში მცხოვრები 20 წლის გოგონა, მისივე თანხმობით, საკუთარ საცხოვრებელ სახლში წაიყვანა. მამაკაცი წინწალაშვილების გვარის წარმომადგენელია, გოგონა ტოხოსაშვილების გვარის ნათესავი. გოგონას ოჯახი ქორწინების წინააღმდეგ წავიდა იმ მიზეზით, რომ ქალსაც და მამაკაცსაც ინტელექტუალური დარღვევები აქვთ. მამაკაცს ქალი წაართვეს, რა დროსაც ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.

    წინწალაშვილებსა და ტოხოსაშვილებს შორის გარჩევები მეორე დღეს, 31 დეკემბერსაც გაგრძელდა. ჩხუბის შედეგად ორივე მხარეს რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხ. ტოხოსაშვილს ხელის მოტეხილობების გამო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ა. ტოხოსაშვილს კი ჭრილობები თავის არეში ჰქონდა. მას თელავის რეფერალურ საავადმყოფოში ოპერაცია ჩაუტარდა. პანკისის სათემო რადიომ ამის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ 3 იანვარს გაავრცელა.

    დაპირისპირებაში ადგილობრივები, მათ შორის რელიგიური ლიდერები ჩაერივნენ და ვითარება დროებით განმუხტეს. იმავე დღეს, ტოხოსაშვილების გვარის წარმომადგენლებმა წინწალაშვილების გვარის ერთ–ერთი წარმომადგენლის სახლში შესვლა სცადეს, მაგრამ ვერ მოახერხეს და მათი კუთვნილი ავტომობილები დააზიანეს, საქარე მინები ჩაამსხვრიეს.

    ახმეტის პოლიცია საქმეში მხოლოდ მას შემდეგ ჩაერთო, რაც წინწალაშვილებმა დუისის ქვეგანყოფილებას საჩივრით მიმართეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. ორი დაზიანებული ავტომობილი რამდენიმე დღის განმავლობაში ახმეტის პოლიციის სამმართველოს დუისის განყოფილების ეზოში იყო გაჩერებული. პოლიცია ავტომობილების დაზიანების გარდა საქმის სხვა დეტალებით არ დაინტერესდა.

    შარიათის სასამართლოს გადაწყვეტილება

    კონფლიქტის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მიზნით, წინწალაშვილებისა და ტოხოსაშვილების წარმომადგენლებმა, ერთობლივი შეთანხმებით შარიათის სასამართლოს მიმართეს. საქმე ვახტანგ ფარეულიძემ 2017 წლის 14 იანვარს, დუისის სალაფიტური ისლამის მეჩეთში განიხილა. განხილვაში ორივე გვარის წარმომადგენლები და მოწმეები მონაწილეობდნენ. ვახტანგ ფარეულიძემ წინწალაშვილების გვარი გაამტყუნა და მათ ტოხოსაშვილების, კერძოდ კი დაზარალებული ა. ტოხოსაშვილის სასარგებლოდ, 26 465 აშშ დოლარის გადახდა დააკისრა. მოლაპარაკების შედეგად, ტოხოსაშვილების თანხმობით, გადასახდელი თანხა 13 ათას დოლარამდე შემცირდა.

    ვახტანგ ფარეულიძე ამბობს, რომ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ წინწალაშვილებმა თანხის გადახდაზე თანხმობა განაცხადეს, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ უარი თქვეს.

    „ჩვენ გვქონდა საკითხის გადაწყვეტის სამი გზა: მიემართათ პოლიციისთვის, საქმე განეხილათ უხუცესებს ან გაგვერჩია ჩვენ რელიგიური წესების მიხედვით. ორივე მხარე შეთანხმდა, რომ ჩვენ განვიხილავდით. მთავარი მიზანი იყო სიტუაციის განმუხტვა და კონფლიქტის ამოწურვა. სიტუაციის რამენიმე დღით განმუხტვა მოვახერხეთ, მაგრამ სამწუხაროდ, წინწალაშვილებმა გადაწყვეტილების შესრულებაზე უარი თქვეს“, – აღნიშნავს ვახტანგ ფარეულიძე, პანკისში სალაფიტების თემის ერთ–ერთი ლიდერი.

    უხუცესთა საბჭო

    შარიათის კანონებით მიღებული გადაწყვეტილების შესრულებაზე უარის თქმის შემდეგ, წინწალაშვილებმა საქმის განხილვა პანკისის უხუცესთა საბჭოს სთხოვეს. პანკისის სათემო რადიო WAY–თან საუბარში საბჭოს თავმჯდომარე ზელიმხან წუწაშვილი ამბობს:

    „12 თებერვალს შევიკრიბეთ წინწალაშვილების და ტოხოსაშვილების წარმომადგენლები, უხუცესთა საბჭოდან მე ვიყავი. ვისაუბრეთ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. წინწალაშვილებმა თქვეს, რომ ეგონათ შარიათის სასამართლო მხარეებს მოარიგებდა და ამიტომ დათანხმდნენ განხილვას. არადა, 26 ათასი დოლარის გადახდა დააკისრეს. ეს ძალიან დიდი ფულია, ამის გადახდას ვერ შეძლებენ. გარდა ამისა, პანკისში შარიათის კანონების დამკვიდრების წინააღმდეგები ვართ. აქ შარიათის წყობა არ იქნება. ჩვენ ადათების მიხედვით განვიხილავთ ყველაფერს“.

    - ბატონო ზელიმხან, პოლიციიდან რა ისმის?  

    პოლიცია რას აკეთებს? არაფერს. ბოლო ორი დღეა გარბიან და გამორბიან ქუჩებში. რატომ არ მიიღეს ზომები თავის დროზე? რამე უფრო მძიმე უნდა მოხდეს, რომ მერე ჩაერივნენ? რა, არ იცოდნენ რაც მოხდა? ყველაფერი ძალიან კარგად იციან. უხუცესები 16 თებერვალს ვიკრიბებით და ვისმჯელებთ რა გავაკეთოთ. ეს დაპირისპირება უნდა შეწყდეს, ვიდრე სისხლი დაიღვრება“.

    კონფლიქტის გაგრძელება

    პანკისის სათემო რადიომ მიიღო ინფორმაცია, რომ 12 თებერვალს, ქალაქ გროზნოში მყოფ ადლან წინწალაშვილს ტოხოსაშვილების წარმომადგენლები თავს დაესხნენ და ცემეს. ადლან წინწალაშვილი ჩეჩნეთში რამდენიმე დღის ჩასული იყო. მომხდარის შესახებ პანკისის სოფელ ომალოში მცხოვრებმა წინწალაშვილების წარმომადგენლებმა იმავე დღეს შეიტყვეს. უკვე ორი დღეა სოფელ ომალოში ოცდაათამდე პოლიციელია მობილიზებული.

    ქორწინების თავისუფლების დარღვევა და ოჯახში ძალადობა

    საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით აღიარებულია, რომ ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურში.

    ქორწინების ოფიციალური აღიარებისთვის საჭიროა შემდეგი სამი გარემოება: ქორწინება მიზნად უნდა ისახავდეს ოჯახის შექმნას; ქორწინება უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი; ქორწინება უნდა იყოს სათანადო წესით რეგისტრირებული სამოქალაქო რეესტრში.

    საქართველოს კანონმდებლობა, ქორწინების ცნებისგან განსხვავებით, არ აზუსტებს ოჯახის ცნებას.

    მართალია, ქორწინება ოჯახის შექმნას ისახავს მიზნად, მაგრამ, ცალკეულ შემთხვევებში, შეიძლება, ოჯახის შექმნის საფუძველი ქორწინება არ იყოს. ეს ის შემთხვევებია, როდესაც მეუღლეები (ცოლ-ქმარი) გარკვეული პერიოდის მანძილზე ცხოვრობენ ერთად, ქმნიან საოჯახო მეურნეობას და მათი ეს კავშირი იურიდიულად არ არის გაფორმებული, როგორც ქორწინება.

    იურისტი გელა შაშიაშვილი განმარტავს: სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად, როდესაც ხორციელდება პირის ფიზიკური ან ფსიქიკური იძულება იმ მიზნით, რომ მან უარი თქვას მისთვის სასურველ პირთან ქორწინებაზე ან სათანადო რეგისტრაციის გარეშე ოჯახურ თანაცხოვრებაზე, ასეთი ქმედება კვალიფიცირდება ამავე კოდექსის 150-ე მუხლით, როგორც იძულება. ეს დანაშაული კი ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით 200-დან 400 საათამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით 2 წლამდე. თუ ამგვარ იძულებას ოჯახის წევრები ახდენენ, მაშინ ქმედება დაკვალიფიცირდება როგორც „ოჯახური დანაშაული“, იმავე კოდექსის 11.1 მუხლზე მითითებით.

    არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი მიიჩნევს, რომ პოლიციასთან ერთად ქორწინების თავისუფლების და ოჯახში ძალადობის ფაქტზე რეაგირება სოციალური მომსახურების სააგენტომაც უნდა მოახდინოს.  

    „საკითხი ეხება ოჯახში ძალადობის და გენდერული ძალადობის ფორმას, კერძოდ, როდესაც ხდება ადამიანების კონსტიტუციურ უფლებებში და თავისუფლებებში ჩარევა. ოჯახის შექმნა ადამიანის უფლებაა და ის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შეიზღუდოს რაიმე მიზეზით, განსაკუთრებით თუ ეს ეხება, აქ ნახსენები იყო, გარკვეულ შეზღუდულ შესაძლებლობებს. აბსოლუტურად ყველა ადამიანი თავისუფალია, რომ ნებაყოფლობით გადაწყვიტოს შექმნის თუ არა ოჯახს. ჩვენი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისეთი სახელმწიფო სტრუქტურები, როგორიც არის პოლიცია და სოციალური სამსახური აქტიურები იყვნენ. საჭიროების შემთხვევაში მათ გამოსცენ ორდერი და უზრუნველყონ, რომ გარეშე პირების მხრიდან არ მოხდეს ძალადობა გენდერული ძალადობის ან ოჯახში ძალადობის საფუძველზე. გარდა ამისა, სოციალურ სამსახურებს ახლა უკვე აქვთ ვალდებულება, რომ ასეთი ოჯახური ძალადობის შემთხვევებში ჩაერიონ და დაიცვან დაზარალებულების, ამ შემთხვევაში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებები“, – აღნიშნავს ანა არგანაშვილი.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ახმეტაში მერობის 8 კანდიდატია რეგისტრირებული

    2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტში მერობის…

    სკოლაში ჰიჯაბის მოხსნის მოთხოვნა ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას – სახალხო დამცველი

    სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მოსწავლე გოგონებისთვის…

    ახმეტაში ჩინოვნიკების ავტომანქანების რემონტზე ერთ თვეში 8 000 ლარი დაიხარჯა

    ახმეტის გამგეობის თანამდებობის პირების ავტომანქანების რემონტზე მხოლოდ 1 თვეში ბიუჯეტიდან…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    16 100

    Radioway.ge@gmail.com