• weather cur airplane

    დისკუსია პანკისში – არასამთავრობოების როლი და გამოწვევები ხეობაში

    სამშაბათი, 10 იანვარი 2017 21:42 view 2209
    დისკუსია პანკისში – არასამთავრობოების როლი და გამოწვევები ხეობაში

    „დამოუკიდებელი აქტორების როლი და გამოწვევები პანკისის ხეობაში“ – ამ თემაზე გაიმართა დღეს დისკუსია პანკისის სათემო რადიო WAY-ს ოფისში. შეხვედრაზე ბოლო პერიოდში პანკისში არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებთან დაკავშირებით იმსჯელეს. დისკუსია მედიისთვის დახურული იყო.

    შეხვედრაზე კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის წარმომადგენლებმა 3 იანვარს, დუისის კულტურის სახლში მომხდარ ინციდენტზე ისაუბრეს.

    ხაზგასმით აღინიშნა, რომ კახეთის რეგიონული განვითარების ფონდიც და უხუცესთა საბჭოც გამოძიების შედეგებს ელოდებიან და ვიდრე ფაქტებით არ დადასტურდება მომხდარში მონაწილეების ვინაობა, არცერთი მხარე და დისკუსიის არცერთი მონაწილე არ გამოთქვამს ბრალდებას. „ინციდენტის საღამოს შესაძლოა ემოციურ ფონზე გაკეთდა განცხადებები. ჩვენ ყველანი ველოდებით გამოძიების დასრულებას და მომხდარში არავის არ ვადანაშაულებთ“, – განაცხადა ფონდის წარმომადგენელმა ბესო ხოხობაშვილმა.

    ყურადღება გამახვილდა სოციალურ ქსელებში, განსაკუთრებით რელიგიური ლიდერების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებზე, რომელიც ზოგიერთ შემთხვევაში ირიბად და ზოგჯერ პირდაპირ მიმართულია საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტივობების, განსაკუთრებით კულტურული ღონისძიებების წინააღმდეგ. გამოითქვა მოსაზრება, რომ რელიგიური ლიდერების ამგვარ განცხადებებს შესაძლოა აგრესიის წახალისების ეფექტი ჰქონდეს.

    დისკუსიაში მონაწილეობდნენ პანკისში მცხოვრები სუფისტებისა და სალაფიტების ლიდერები, კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის, სამოქალაქო აქტივობების ცენტრის, თბილისში ბაზირებული არასამთავრობოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების, პრეზიდენტის ადმინისტრაციის, პარლამენტის და ადგილობრივი ხელისუფლების, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, მედიაექსპერტები.

    „გაირკვა, რომ „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი“ გააგრძელებს პანკისის ხეობაში სრული დატვირთვით მუშაობას. პანკისის სათემო რადიოს არ ემუქრებოდა ეს საფრთხე, მაგრამ თუ „კახეთის რეგიონული განვითარების ფონდს“ აიძულებდნენ, მუშაობა შეეწყვიტა, დიდი ალბათობით ამ საფრთხის წინაშე რადიოც დადგებოდა. კარგია, რომ როგორც ამ თემში მცხოვრებნი, ასევე მოწვეული პირები, რომლებიც პანკისის ხეობაში სხვადასხვა აქტივობებს მხარს უჭერენ, შევჯერდით, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ, რათა რომ პანკისის ხეობა კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე გახდეს და განვითარდეს“, – აღნიშნა შეხვედრის ორგანიზატორმა, პანკისის სათემო რადიო WAY–ს დამფუძნებელმა, გელა მთივლიშვილმა.

    „შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო. შევთანხმდით, რომ მოხდა კრიმინალი, რომელსაც იმედია, შინაგან საქმეთა სამინისტრო მალე გამოიძიებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციას აქვს მინისტრთან კომუნიკაცია და ვიცით, რომ სამინისტრო რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს. შევთანხმდით, რომ ველოდებით ამ ინციდენტის გამოძიებას და ასევე შევთანხმდით, რომ ამ საქმეს არ აქვს რელიგიური ელფერი. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ შეხვედრას ესწრებოდა სალაფიტების წარმომადგენელი. მან ცალსახად განაცხადა, რომ არავინ არ მოუწოდებს თავის მრევლს ასეთი ქმედებისკენ და ეს ძალიან მისასალმებელია“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდმა.

    „უმიზეზოდ მოხდა სალაფიტების დაკავშირება ამ ინციდენტთან, ყველანაირი ფაქტის გარეშე. მე არ ვიცი ვის რაში დასჭირდა ამის გაკეთება. მე ერთს ვიტყვი, ჩვენ ნამდვილად არანაირი ინტერესი არ გვქონდა გაგვეკეთებინა ასეთი რამ. ველოდებით გამოძიებას და იმედი გვაქვს, რომ დამნაშავე დაისჯება“, – აღნიშნა სალაფიტების წარმომადგენელმა ვახტანგ ფარეულიძემ.

    „ყოველთვის ჯობია სწორედ მოლაპარაკებების გზით მოხდეს ყოველგვარი უთანხმოების აღმოფხვრა. ფაქტობრივად დღეს ესწრებოდა ყველა მხარე: არასამთავრობო ორგანიზაციები, ადგილობრივი და რეგიონალური ხელისუფლების წარმომადგენლები. ჩვენ ღიად ვისაუბრეთ იმ საკითხებზე, რა პრობლემებიც აქვს პანკისის ხეობას, მისი გადაჭრის გზებზე. უკვე საუკუნეებია ერთად ვცხოვრობთ. ძალიან დიდი წვლილი აქვს ქისტ ხალხს ჩვენი ქვეყნის გაძლიერების საკითხში. ვფიქრობ, რომ მომავალშიც ყველანაირი პრობლემა მოგვარებული იქნება და კვლავ შეთანხმებულად გავაგრძელებთ ურთიერთობას“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის წევრმა, თელავი – ახმეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა გელა სამხარაულმა.

    3 იანვარს პანკისში მოხდარ ინციდენტს დღესვე შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილიც გამოეხმაურა. „საზოგადოებრივი ინტერესი არის საკმაოდ მაღალი და ჩვენი თანამშრომლები ვინც არიან იქ, მოგეხსენებათ, ჩვენ გვაქვს ცალკე განყოფილება, მათ აქვთ შესაბამისი ინსტრუქციები, რომ მაქსიმალურად, უფრო მეტი ყურადღებით იყვნენ ორიენტირებული პრევენციასა და მართლწესრიგის დაცვაზე“, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.

    3 იანვარს, უცნობმა პირებმა დუისის კულტურის სახლს, სადაც არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის ოფისი ფუნქციონირებს, ცეცხლი წაუკიდეს. ორგანიზაციის დირექტორმა იზა ბექაურმა განაცხადა, რომ ამ ინციდენტს წინ უძღოდა მუქარები.

    კახეთის რეგიონული განვითარების ფონდი ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების დახმარებით ხეობაში საგანმანათლებლო, კულტურულ და უფლებადაცვით პროექტებს ახორციელებს. მათ შორის, დუისის კულტურის სახლში ფონდის ძალისხმევით ფუნქციონირებს ცეკვისა და სიმღერის წრეები, ასევე სასწავლო ცენტრი.

    ორგანიზაციის და მისი დირექტორის წინააღმდეგ, პანკისში მცხოვრები ახალგაზრდების ნაწილის აგრესია შესამჩნევი მას შემდეგ გახდა, რაც იზა ბექაურმა სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად საჯაროდ განაცხადა, რომ მასობრივად დანიშნული სოციალური დახმარება პანკისში დემოტივაციას იწვევს. პანკისის სათემო რადიოსთვის მიცემული ინტერვიუს გამოქვეყნების შემდეგ, იზა ბექაურის თქმით, მას სოციალურ ქსელში ემუქრებოდნენ და მოუწოდებდნენ, რომ მის ორგანიზაციას პანკისში მუშაობა შეეწყვიტა. აგრესიული ახალგაზრდები მას ქუჩაშიც დახვდნენ და განმარტებების გაკეთებას აიძულებდნენ. მუქარის შემცველი შეტყობინებები მიიღო პანკისის სათემო რადიომაც.

    სათემო რადიოს მიერ დისკუსიის გამართვა შესაძლებელი გახდა „პანკისის ხეობაში კანონის უზენაესობის ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    USAID პანკისის ხეობაში 30 მცირე ბიზნესს განვითარებაში დაეხმარება

    საქართველოში აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილე, თომას…

    მუშაობა მობილურის შუქზე და შეფერხებული საწარმოო პროცესი პანკისში

    მოძველებული და გაუმართავი ქსელის გამო კახეთში ელექტროენერგიით მომარაგების კუთხით ყველაზე…

    USAID-ის წარმომადგენლები პანკისის მცხოვრებლებს საგრანტო კონკურსს გააცნობენ

    23 მარტს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მისიის დირექტორის მოადგილე,…
  • პოპულარული

  • შემოგვიერთდით

    მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    16 100

    Radioway.ge@gmail.com