• weather cur airplane

    პანკისის სოფელ ჯოყოლოში ქრისტიანული სალოცავის დანგრევას პოლიცია იძიებს

    ორშაბათი, 24 აპრილი 2017 17:55 view 2231
    პანკისის სოფელ ჯოყოლოში ქრისტიანული სალოცავის დანგრევას პოლიცია იძიებს

    ახმეტის პოლიცია სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) იძიებს პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში მშენებარე ქრისტიანული სალოცავის დანგრევის ფაქტს. სოფელ ჯოყოლოს მკვიდრი მაყვალა ცისკარიშვილი, რომელიც სალოცავს აშენებდა, პანკისის სათემო რადიოსთან საუბარში არ ადასტურებს ინფორმაციას, რომ მშენებლობის გაგრძელების შემთხვევაში მას ადგილობრივი მუსლიმები სახლის გადაწვით ემუქრებოდნენ. მშენებარე სალოცავის დანგრევის შესახებ ხეობაში სხვადასხვა ვერსიები ვრცელდება.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობის ააიპ კულტურის ცენტრის ძეგლთა დაცვის მთავარი სპეციალისტის ელდარ ჭიჭიაშვილის თქმით, სოფელ ჯოყოლოში, სალოცავი წმინდა გიორგის ეკლესიის ნაფუძარზე შენდებოდა.

    „ეს არის შუა საუკუნეების ნამოსახლარი. როგორც ჩანს, ვინმე წარჩინებული პირი ცხოვრობდა იქ, რომელსაც მთელი კომპლექსი ჰქონდა. იქ ჯერ კიდევ იკითხება კარის ეკლესიის, სასახლის და მარნის ნაშთები. ზუსტად იმ ადგილზე, სადაც ახლა ქვების გროვაა, გადმოცემით წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია ყოფილა. დღესაც დადის ხალხი იქ სალოცავად, ქრისტიანები პანკისის ხეობიდან და კახეთის სხვადასხვა სოფლებიდან.

    ერთ–ერთმა ქალბატონმა, გვარად ცისკარიშვილმა გადაწყვიტა ეს ეკლესია აეშენებინა. თავის საგვარეულო სალოცავად მიაჩნდა, თუმცა ირკვევა, რომ თურმე უთვლიდნენ ამ ეკლესიის აშენებას თავი გაანებე, თორემ სახლს გადაგიწვავთო. არვიცი კონკრეტულად ვინ ემუქრებოდა. ამ ქალმა მაინც გააგრძელა ეკლესიის მშენებლობა. აღდგომის წინა დღეს გარკვეულ დონეზე შეაჩერა მუშაობა. გათენდა აღდგომა, მიბრძანდა ეს ქალბატონი, უნდა ელოცა და დახვდა ნანგრევები. იმ ღამით მისულან, არვიცი ვინ მივიდა და მიწასთან გაასწორეს ეს ტაძარი, მშენებარე ტაძარი.

    - მშენებლობის შესახებ წერილი იყო შემოსული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში, თანხმობა გქონდათ გაცემული? იცოდით საერთოდ მშენებლობა რომ მიმდინარეობდა?

    - არაფერი, თავისი  სურვილით დაიწყო ამ ეკლესიის მშენებლობა. ჩვენ მაშინ გავიგეთ, როცა დაინგრა, მანამე არაფერი ვიცოდით. მაგრამ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინმეს უფლება აქვს იმ წმინდა ადგილზე მივიდეს და შელახოს იქაურობა.

    თვითონ ჯოყოლოში დგას მე–19 საუკუნეში აგებული ტაძარი. იქაც რამდენჯერმე ყოფილა მცდელობა, რომ ფანჯრები ჩაელეწათ. კარები ჩამოაგდეს ერთხელ. ჩაიარა ამან, არავინ არ გამოკიდებია ამას“, – აცხადებს ელდარ ჭიჭიაშვილი, ახმეტის ძეგლთა დაცვის მთავარი სპეციალისტი. მისივე თქმით, ნაგებობის ნანგრევებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი არ აქვს.

    სოფელ ჯოყოლოში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ოთარ მუთოშვილის თქმით, მშენებარე სალოცავის ადგილზე ზოგჯერ პანკისის ხეობის მცხოვრებლები დადიოდნენ, სანთელს ანთებდნენ და ლოცულობდნენ.

    სოფელ დუისის მკვიდრს, ჯარაფ ხანგოშვილს მიაჩნია, რომ ხეობაში, სადაც ძირითადად მუსლიმები ცხოვრობენ, ვინმე ქრისტიანებს რომ ებრძოდეს, ჯოყოლოს ცენტრში მდებარე ეკლესიას დააზიანებდნენ.

    „აქ, ჯოყოლოში საუკუნეზე მეტია არსებობს ეკლესია. ვინმე ქრისტიანებს რომ ებრძოდეს, პირველ რიგში მაგ ეკლესიას დაანგრევდნენ ან რაღაცას უზამდნენ, მაგრამ წლებია, დიდი ხანია არავის შეურაცყოფა არ მიუყენებია ამ ეკლესიისთვის. ამიტომ, მცდარია ის აზრი, რომ ვითომ ქრისტიანულს ებრძვიან, ან რომელიმე სხვა სარწმუნოებას. მე ვფიქრობ, ეს სერიოზული ძალები არ იქნებოდნენ.

    ჩემი აზრის, ეს უპასუხისმგებლო ახალგაზრდები იქნებოდნენ და პროვოკაციის მიზნით გააკეთეს, ვიღაცეებს რომ გადააბრალონ, სახელი რომ გაუტეხონ. ასეთი ხალხიც არსებობს ხეობაში.

    ყველას აქვს უფლება ილოცოს ის, რაც სწამს და ჩვენ არ უნდა ჩავერიოთ ამ საქმეში. უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ ვინც ეს გააკეთა“, – ამბობს ჯარაფ ხანგოშვილი.

    პანკისის უხუცესთა კავშირის წევრი ხასო ხანგოშვილი არ გამორიცხავს, რომ ფაქტი შესაძლოა წარმართობასთან ისლამის შეურიგებლობის გამო მოხდა.

    „ადრე მანდ იყო უბრალოდ ნიშა. დღეობების დროს, ჩემს ახალგაზრდობაში იქ ხალხი იკრიბებოდა, უფრო დროს ატარებდნენ, ვიდრე იქ ყოფილიყო ასე ვთქვათ რელიგიური რიტუალების შესრულება. შემდეგ ეს ნაგებობა დაინგრა თუ დაანგრიეს და ახლა მისი აღდგენა ალბათ ჯოყოლოელმა პიროვნებამ სცადა და მოშალეს ის კედელი.

    რაიმე რელიგიური დაპირისპირება და ამბავი აქ არ უნდა იყოს. უფრო სწორედ შეიძლება იყოს წარმართობასთან ისლამის შეურიგებლობა, თორემ ისლამი ქრისტიანობისა და სხვა მონოთეისტური რელიგიების წინააღმდეგი არ არის და არც ყოფილა.

    ყურანი ამას ცალსახად ადასტურებს. ამხელა აჟიოტაჟის ატეხვა და ამდენი ხმაური, თითქოს ეს ეკლესია, ან ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული იყო, მე არასწორად მიმაჩნია. ძალიან კარგად მახსოვს იქ რა იყო. მე თვითონ იქ მრავალჯერ ვყოფილვარ, ეს იყო ერთი პატარა, დახრილი თუ შეხვიდოდი მასში, პატარა ნიშა იყო.

    ქისტები საერთოდ სარიტუალო ნაგებობებს არასდროს ეხებოდნენ, წნელსაც კი არ ჭრიდნენ. თუ დააკვირდებით, არსებობს ასეთი ნაგებობები პანკისის ხეობაში და მის გარშემო ტყეც კი არ არის გაჩეხილი. შეიძლება მოზარდებმა სხვანაირად მიიღეს ამ კუთხით და რაღაცა მოშალეს. სრულიად შესაძლებელია ეს ყოფილიყო თვითონ ამ პიროვნების წინააღმდეგ მიმართულიც. ეკლესია დგას სოფლის შუაგულში, ჯოყოლოში, რატომ ხელს არ ახლებენ?

    - თუმცა, ახმეტის ძეგლთა დაცვის სპეციალისტის ელდარ ჭიჭიაშვილის ინფორმაციით, სხვადასხვა დროს ყოფილა შემთხვევები, როცა ეკლესიის ფანჯრები ჩაამტვრიეს, კარები ჩამოაგდეს.

    - მგონი ერთხელ იყო, ჯვარი ჩამოხსნეს თუ რაღაც ამდაგვარი. ის იყო პანკისის კრიზისის დროს, როდესაც კრიმინალი ასე ვთქვათ შერწყმული იყო ახალ მოძრაობასთან ერთად. იმ პერიოდში ხდებოდა ასეთი რამე. დარწმუნებული ვარ, თვითონ ეს ახალი მიმდინარეობაც კი, არ მოიწონებს ამას იმიტომ, რომ ქრისტიანული იქნება ეს თუ სხვა რელიგიის, არის ღმერთის სადიდებლად აშენებული ნაგებობა“, – აღნიშნავს ხასო ხანგოშვილი.

    პანკისის სათემო რადიო მაყვალა ცისკარიშვილსაც ესაუბრა, რომელიც სალოცავს აშენებდა.

    „იქ იყო სალოცავი, რომელიც ბოლო პერიოდში დაინგრა. მე იქ ყოველ აღდგომას დავდივარ, სანთელს ვანთებ და ვლოცულობ. კიდევაც ვივლი ვიდრე ცოცხალი ვარ. არავის აქვს უფლება ადამიანებს ლოცვის უფლება წაართვას.

    გადავწყვიტე, რომ ეკლესიის ნანგრევებზე სალოცავი აღმედგინა, ჩემი სიძეც მეხმარებოდა. მინდოდა, სასანთლე ყოფილიყო. ამ ეტაპზე იმ ფორმით მაინც ამეშენებინა, რომ საქონელი აღარ შესულიყო. დაახლოებით ერთ მეტრამდე ავაშენეთ ოთხივე კედელი აღდგომის წინა დღეებში. აღდგომის დილას რომ მივედი, დანგრეული დამხვდა მთლიანად.

    - ქალბატონო მაყვალა, მანამდე თუ იყო თქვენს მიმართ გაფრთხილება ან ზეწოლა, რომ მშენებლობა შეგეწყვიტათ?

    - არა, არანაირი ზეწოლა და მუქარა არ ყოფილა. ჯოყოლოს ცენტრში მდებარე ეკლესიაც ჩვენი აღდგენილია. ხატებიც ჩვენ დავაბრძანეთ, რკინის კარიც ჩვენ შევაბით. როცა პანკისში ვარ, ვცდილობ ხოლმე რომ დღესასწაულებზე მაინც მოვილოცო.

    - აპირებთ სალოცავის მშენებლობის გაგრძელებას?

    - ერთ კვირაში ვიქნებით პანკისის ხეობაში და ამის შემდეგ გადავწყვეტთ.

    - პოლიციამ დაგკითხათ?

    - კი, სახლში მოვიდნენ და დამკითხეს. მე მათაც ის ვუთხარი რაც თქვენ, პრეტენზია არ მაქვს.

    მაყვალა ცისკარიშვილის სიძე, ქალიშვილის ქმარი ბიზნესმენი გია გვიჩიაა, რომელიც რუსეთის ფედერაციაში მოღვაწეობს. რუსული მედიის მონაცემებით, გია გვიჩია 65 მილიონი დოლარის მფლობელია.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სალოცავის დანგრევის ფაქტზე პოლიციამ რამდენიმე ადამიანი გამოკითხა და გამოძიება გრძელდება. სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლი (ნივთის დაზიანება ან განადგურება) სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას ვადით ასიდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთიდან სამ წლამდე.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ახმეტაში მერობის 8 კანდიდატია რეგისტრირებული

    2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ახმეტის მუნიციპალიტეტში მერობის…

    სკოლაში ჰიჯაბის მოხსნის მოთხოვნა ზღუდავს რელიგიის თავისუფლებას – სახალხო დამცველი

    სახალხო დამცველის, უჩა ნანუაშვილის განცხადებით, სკოლის ადმინისტრაციის მხრიდან მოსწავლე გოგონებისთვის…

    ახმეტაში ჩინოვნიკების ავტომანქანების რემონტზე ერთ თვეში 8 000 ლარი დაიხარჯა

    ახმეტის გამგეობის თანამდებობის პირების ავტომანქანების რემონტზე მხოლოდ 1 თვეში ბიუჯეტიდან…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    16 100

    Radioway.ge@gmail.com