• პანკისელი ახალგაზრდების ბიზნესიდეები

    ორშაბათი, 11 აპრილი 2016 13:19 view 4111
    პანკისელი ახალგაზრდების ბიზნესიდეები

    ბოლო სამი წლის განმავლობაში პანკისის ხეობა არაერთხელ მოექცა ქართული და საერთაშორისო მედიის ყურადღების ცენტრში.

    ამის ძირითადი მიზეზი ის არის, რომ 2013 წლიდან ხეობაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ გავლენა გაძლიერდა და პანკისიდან სირიაში რამდენიმე ათეული ახალგაზრდა წავიდა. იმის მიუხედავად, რომ ხეობაში სამოქალაქო ინტეგრაციის კუთხით არსებული ვითარება საკმაოდ მძიმეა, განსაკუთრებით დაბალია ახალგაზრდების საზოგადოებრივი, სამეწარმეო აქტივობა და უმრავლესობა გამოსავალს აქედან წასვლაში ხედავს, ხეობაში ჯერ კიდევ არიან ახალგაზრდები, რომლებსაც ცხოვრება, მუშაობა და განვითარება პანკისში სურთ.

    ავტოსახელოსნო

    მუსლიმ გორგიშვილი 24 წლის არის. 2011 წელს კაჭრეთის პროფესიული კოლეჯი დაამთავრა. პროფესიით ავტომობილის სავალი ნაწილების ხელოსანია. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, 4 წლის განმავლობაში, მუშაობა ვერ დაიწყო, რის გამოც 2015 წელს ჩეჩნეთში წავიდა. გროზნოში ავტოსახელოსნოში მუშაობდა. 3 თვის წინ მუსლიმი საქართველოში, პანკისის ხეობაში დაბრუნდა, სადაც მისი მშობლები და ძმები ცხოვრობენ. მუსლიმის ორივე ძმაც უმუშევარია.

    მუსლიმს, მის ერთ–ერთ ძმას, 20 წლის მახამას და მეგობარს ჯიმშერს, სოფელ დუისში, რომელიც პანკისის ხეობის ადმინისტრაციული ცენტრია, ავტოსახელოსნოს გაკეთება სურთ. ბიზნესიდეა მათ არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრის“ დახმარებით მოამზადეს და 15 ათასი ლარის ოდენობით დაფინანსების მოსაპოვებლად, მეწარმეობის განვითარების სააგენტოს წარუდგინეს. საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ბიზნესიდეების რეგისტრაცია 5 აპრილის ჩათვლით იყო შესაძლებელი. კონკურსის შედეგად გამარჯვებულებს ახალი ბიზნესის დასაწყებად ან არსებულის განვითარებისთვის, 5 ათასიდან 15 ათასამდე ლარის მიღება შეუძლიათ.

    მუსლიმი ავტოსახელოსნოს გაკეთების იდეას ასე ხსნის: „სავალი ნაწილების შესაკეთებლად ან შესაცვლელად პანკისის ხეობის მაცხოვრებლებს ჩასვლა გვიწევს ახმეტაში ან თელავში, რადგან ამ მომსახურების მიღება ადგილზე შეუძლებელია. თუ პროექტი მოიწონეს და დაგვიფინანსეს, ავტოსახელოსნოს გავაკეთებთ. ჩემ მეგობარს ჯიმშერ ალხანაშვილსაც პროფესიული განათლება და პრაქტიკული გამოცდილება აქვს. სავალი ნაწილების ხელოსნის გარდა, ავტოსახელოსნოში ვულკანიზაციაც იმუშავებს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საქმე კარგად წავიდეს, მომხმარებელი კმაყოფილი იყოს და მალე შევძლოთ ბიზნესის განვითარება“. ავტოსახელოსნოს პროექტი 5 ახალგაზრდის დასაქმებას ითვალისწინებს. „კარგი შესაძლებლობა მოგვცა სახელმწიფომ, მაგრამ ეს პროექტიც თუ არ გამოგვივიდა, ალბათ ისევ რუსეთში მოგვიწევს სამუშაოს ძიება“, – ამბობს მუსლიმი.

    სარემონტო კომპანია

    24 წლის არის პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში მცხოვრები ადლან ბორჩაშვილი. მას და მის ძმას, 25 წლის აინდი ბორჩაშვილს სარემონტო კომპანიის ჩამოყალიბება სურთ. ადლანი დასაოჯახებელია, აინდის მეუღლე და ერთი შვილი ჰყავს, მალე მეორე შვილსაც ელოდება. აინდის და მისი ოჯახის შემოსავლის ერთადერთი წყარო სოციალური დახმარებაა. როდესაც სამოქალაქო აქტივობების ცენტრის წარმომადგენლებმა მას უთხრეს, რომ პროექტის მოგების შემთხვევაში, დიდი ალბათობით, მის ოჯახს სოციალური დახმარება შეუწყდება, მან არჩევანი მყისიერად პროექტზე გააკეთა. ამით აინდი პანკისელ ახალგაზრდებს შორის იშვიათი გამონაკლისია. იგივე განმარტების მიღების შემდეგ, ბევრმა ახალგაზრდამ ბიზნესიდეების კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე უარი თქვა.

    „პანკისის ხეობაში ახალგაზრდები ძირითადად დაუსაქმებლები არიან. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რის გამოც ხეობას ტოვებენ და სხვადასხვა ქვეყანაში მიდიან. მეც და ჩვენი ჯგუფის რამდენიმე წევრიც დროებით წასულები ვიყავით სამუშაოდ ხან ჩეჩნეთში, ხან თურქეთში, მაგრამ ოჯახური პირობების გამო აქ დავბრუნდით. ხუთივე ახალგაზრდას, ვისაც სარემონტო კომპანიის ჩამოყალიბება გვინდა, პრაქტიკული გამოცდილება გვაქვს. პერიოდულად ვასრულებთ კიდეც სარემონტო სამუშაოებს, რომელიმე ორგანიზაცია როცა გვიქირავებს, მაგრამ ეს არაა რეგულარული. დამოუკიდებლად თვითონ რომ შევასრულოთ სამუშაოები, ინვენტარიც კი არ გვაქვს“, – აღნიშნავს ადლანი.

    პროექტის განხორციელების შემთხვევაში აპირებენ სარემონტო სამუშაოების ჩასატარებლად აუცილებელი ტექნიკური იარაღები შეიძინონ, კომპანია დაარეგისტრირონ და მომსახურება გაუწიონ როგორც ფიზიკურ პირებს, ასევე ორგანიზაციებს. „მონაწილეობას მივიღებთ ტენდერებში როგორც პანკისის ხეობაში, ასევე პირველ ეტაპზე ახმეტის რაიონის მასშტაბით. შემდეგ შესაძლოა რეგიონშიც“, – ამბობს ადლანი. პროექტის განსახორცილებლად ძმებ ბორჩაშვილებს 10 ათასი ლარი სჭირდებათ.

    თხების საოჯახო მეურნეობა და თხის ყველის წარმოება

    ელდარ ბორჩაშვილი 25 წლის არის. 2013 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი. პროფესიით გეოგრაფია. რამდენიმე წლის განმავლობაში პანკისში მეტყევედ მუშაობდა. საცხოვრებელი სახლის ეზოში მცირე ზომის ფერმა აქვს და 20 სული ცხვარი ჰყავს. პანკისს ზემოთ, მთაში საძოვარიც აქვს. უნდა რომ ცხვარი გაყიდოს, თანხა დაამატოს და მეგრული ჯიშის თხების საოჯახო მეურნეობა გააკეთოს, სადაც თხის რძეს და ყველს აწარმოებს. პროექტის განსახორციელებლად სახელმწიფო პროგრამიდან 15 ათას ლარს ითხოვს. „ფერმას ჩემი ფულით მოვაწყობ. გრანტის თანხით კი მეგრული ჯიშის 40 სულ თხას შევიძენ, ასევე, რძის შესანახად მაცივარს და სპეციალურ ჭურჭელს ყველის წარმოებისთვის“, – ამბობს ელდარი.

    კითხვაზე, რატომ მეგრული ჯიშის თხა და თხის საოჯახო მეურნეობა, ელდარი პასუხობს: „მეგრული თხა ევროპულის მსგავსია. ის კარგად ეგუება მთისა და ბარის პირობებს. ამტანია ცუდი კლიმატური პირობების მიმართ. ადვილად ითვისებს უხეშ საკვებს. მეგრული თხა მოგებიდან 180–210 დღის განმავლობაში საშუალოდ 250–300 ლიტრამდე იწველის. მისი რძის ცხიმიანობა 4%–ს უტოლდება. თხის რძის სასარგებლო თვისებები კი უძველესი დროიდან არის ცნობილი. 1 ლიტრი თხის რძე 6 ლარი ღირს და ადგილობრივ წარმოებას აქვს დიდი შანსი კონკურენცია გაუწიოს გერმანიიდან იმპორტირებულ რძეს, რომლის 1 ლიტრი 13-14 ლარი ღირს მაღაზიებში. ბოლო პერიოდში თხის ყველი ერთ–ერთი სწრაფად მზარდი საკვები პროდუქტია. აქტიურად იყენებენ პიცასა და სალათებში, გამოიყენება დესერტებში. ამ სასარგებლო პროდუქტზე მოთხოვნა თანდათან იზრდება. 1 კილოგრამი თხის ყველი 30-35 ლარის ფარგლებში მერყეობს“.

    ელდარი საერთო ჯამში 60 თხისგან ყოველთვიურად საშუალოდ 3000 ლიტრი რძის მიღებას ვარაუდობს. მისივე თქმით, პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული შემოსავლით შეძლებს ყველა ხარჯის გადახდას, მოგების მიღებას და მოკლე პერიოდში წარმოების განვითარებას. ელდარი თხის რძის გაყიდვას ადგილზე აპირებს, კერძო ჩამბარებლებლის მეშვეობით, ყველის გაყიდვას კი სუპერმარკეტებში, საოჯახო სასტუმროებსა და რესტორნებში.

    სილამაზის სალონი

    29 წლის მუხმად ქუშანაშვილი ბირკიანიდანაა. მას მეუღლე და სამი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. ბირკიანსა და ძიბახევში 300–მდე ოჯახი ცხოვრობს, თუმცა მუხმადს და მის მეუღლეს ყოველდღიურად არაერთი ადამიანი აკითხავს თმის შესაჭრელად, მათ შორის ხეობის სხვა სოფლებიდანაც. „თმის შეჭრა არავის უსწავლებია, თვითონ ვისწავლეთ. ხეობაში სილამაზის სალონი არც ადრე იყო და არც ახლაა. ჩვენც გვჭირდებოდა და სხვებსაც. წლების განმავლობაში დავხვეწეთ და ხალხი კმაყოფილია“, – ამბობს მუხმადი. მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება თუ მიიღეს, ის და მისი მეუღლე ბირკიანში სილამაზის სალონის გახსნას აპირებენ.

    „პროექტი თუ მოიწონეს, სალონისთვის ოთახს ჩვენი ფულით მოვაწყობთ. საჭირო ავეჯს და ნივთებს კი გრანტის თანხით შევიძენთ. სალონში შესაძლებელი იქნება თმის შეჭრა, დავარცხნა, შეღებვა და ა.შ. სალონში მე და ჩემი მეუღლე დავსაქმდებით. ყოველდღე ვიმუშავებთ, შაბათ - კვირის ჩათვლით“, – ამბობს მუხმადი.

    პანკისის ხეობაში 10 ათასზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. ხეობა რაიონული ცენტრიდან, ახმეტიდან თითქმის 20 კილომეტრით არის დაშორებული. ხეობაში სილამაზის არცერთი სალონი არ არის. სალონური მომსახურების მისაღებად ადგილობრივები ახმეტაში ან თელავში დადიან. საზოგადოებრივი ტრანსპორტი რეგულარულად არ მოძრაობს, მგზავრობის ღირებულება კი ერთი მიმართულებით, პანკისიდან ახმეტამდე 2 ლარი ღირს, თელავამდე 4 ლარი.

    პანკისის ხეობაში სილამაზის სალონის გახსნა სურს 22 წლის მადონა მარგოშვილსაც. სოფელ ჯოყოლოში მას უკვე ფართიც აქვს შერჩეული. მადონა რომ პანკისში სილამაზის სალონის გახსნაზე ოცნებობს, ამაზე კახეთის საინფორმაციო ცენტრის გარდა, მკითხველს ჟურნალმა ლიბერალმაც უამბო.

    „ორი გოგონა და ერთი ბიჭი ვართ. ბიჭებს ბიჭი მოემსახურება, გოგონებს გოგო. როდესაც ქორწილში ან დღესასწაულზე წასვლა გვინდა, მაკიაჟისთვის ან ვარცხნილობის გასაკეთებლად ახმეტაში ან თელავში მივდივართ, რადგან აქ სალონი არ გვაქვს. დაფინანსება თუ მოვიპოვეთ, სილამაზის სალონს სოფელ ჯოყოლოში გავაკეთებთ. ჩვენი უპირატესობა ის არის, რომ ჯოყოლო ხეობის ორივე მხარის სოფლების მაცხოვრებლებისთვის ადვილად ხელმისაწვდომია. პირველ ეტაპზე სამი ახალგაზრდა დავსაქმდებით. მომხმარებლებს რამდენიმე სახეობის სალონურ მომსახურებას გავუწევთ, თმის შეჭრა, შეღებვა, ვარცხნილობა, მაკიაჟი, პედიკური - მანიკური, წარბების კორექცია. პერიოდულად კოსმეტოლოგს და დერმატოლოგსაც მოვიწვევთ. ფასები იქნება ხელსაყრელი და იმაზე დაბალი, ვიდრე ახმეტაში ან თელავშია“, – აღნიშნავს მადონა.

    თუ ახალგაზრდებს ამ ბიზნესიდეების განხორციელების შესაძლებლობა მიეცათ, პანკისს რამდენიმე პრობლემით ნაკლები ექნება, ოცამდე ახალგაზრდა კი დასაქმდება.

    საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა 2015 წელს დაიწყო. პროგრამის ბიუჯეტი 20 მილიონი ლარია. ამ თანხის 1 %–იც კი (200 000) პანკისის ხეობაში რომ დაიხარჯოს, შესაძლებელი გახდებოდა პირველივე ეტაპზე საშუალოდ 50–60 ახალგაზრდის დასაქმება, – მიაჩნიათ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრში“, არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომელიც პანკისის ხეობაში ახალგაზრდების ჩართულობის და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობაზე მუშაობს.

    „წარმატებული პრეცედენტები სხვა ახალგაზრდებსაც მისცემდა სტიმულს, ბევრი პრობლემის მიუხედავად არც ომზე იფიქრონ და არც სირიაში წასვლაზე“, – ამბობს შორენა ხანგოშვილი, პანკისის სათემო რადიო WAY–ის რედაქტორი. მისივე თქმით, სახელმწიფო პროგრამის მეორე რაუნდში პანკისიდან რეგისტრირებული ბიზნესიდეების რაოდენობა რომ გაიზარდა, ამას რამდენიმე მიზეზი აქვს: სამოქალაქო აქტივობების ცენტრის პანკისის ოფისში გაიმართა არაერთი შეხვედრა ბიზნესიდეების გამართვის, დასაბუთებისა და რეგისტრაციისთვის; პროგრამის პირველ რაუნდში, 2015 წელს პანკისიდან სამმა ბიზნესიდეამ გაიმარჯვა, ორმა საწარმომ მანამდე დაიწყო ფუნქციონირება, ვიდრე მეორე რაუნდის ფარგლებში ბიზნესიდეების რეგისტრაცია დასრულდებოდა. ერთ–ერთი საწარმო შავხალ ბორჩაშვილის კომპიუტერული ცენტრია, რომელმაც ახალგაზრდებს პროგრამაში მონაწილეობის სტიმული მისცა.

    სამოქალაქო აქტივობების ცენტრის ერთ–ერთი პრიორიტეტი ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ქალთა ინიციატივების მხარდაჭერაა. მომდევნო სტატიაში პანკისელი ქალების ბიზნესიდეებზე გიამბობთ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]