• მუქარების გამო პანკისში ჰესის მშენებლობის საკითხი სახელმწიფოს გადასაწყვეტია - იორდანიშვილი

    ორშაბათი, 02 ივლისი 2018 13:31 view 6800
    მუქარების გამო პანკისში ჰესის მშენებლობის საკითხი სახელმწიფოს გადასაწყვეტია - იორდანიშვილი

    „სახელმწიფო გადაწყვეტს, როგორ უნდა ვიმოქმედოთ. ჰესის მშენებლობისთვის კანონით დადგენილი ყველა პროცედურა ჩვენ გავლილი გვაქვს, საჯარო განხილვებიც გვქონდა და მოსახლეობასთან შეხვედრებიც, მშენებლობის ნებართვაც გვაქვს, მაგრამ დღეს, აგრესიული ფონისა და თანამშრომლების მიმართ მუქარების გამო, შეჩერებული გვაქვს სამუშაოები და ვერ ვახერხებთ ჰესის მშენებლობას. ველოდებით, როგორი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. ჩვენ მზად ვართ მშენებლობის გასაგრძელებლად. გავაგრძელებთ თუ არა, ეს საკითხი კომპანიის კომპეტენციას სცილდება“, - უთხრა პანკისის სათემო რადიო WAY-ს ჰესის მშენებელი კომპანიის, შპს „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილმა.

    პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში, „ხადორის 3“-ის სამშენებლო სამუშაოები 28 ივნისს დაიწყო. მეორე დღეს კი, პანკისის მცხოვრებლები შეიკრიბნენ და საპროტესტო აქციის შემდეგ, ტრაქტორისტს მილსადენის მშენებლობის სამუშაოების შეწყვეტა მოსთხოვეს. აქციაში 200-ზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა. ტრაქტორისტმა აქციის მონაწილეთა მოთხოვნა შეასრულა, გათხრა შეწყვიტა და უკვე გათხრილი არხი მიწით ამოავსო.

    „როგორც მე მაქვს ინფორმაცია, იქ ჰქონდა კანონის დარღვევას ადგილი. მითხრეს, რომ იყო აგრესიული ფონი, ტრაქტორზე შეხტნენ, თანამშრომელს დაემუქრნენ და ა.შ. ეს არის გარემოზე ყველაზე ნაკლები ზიანის მომტანი ჰიდროელექტროსადგური, რომელსაც სათაო ნაგებობაც კი არ გააჩნია. მშენებლობა შეჩერებულია გაუგებარი მიზეზების გამო“, - აღნიშნავს ლაშა იორდანიშვილი.

    აღსანიშნავია, რომ 29 ივნისს, ბირკიანში საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას ადგილზე იმყოფებოდნენ ახმეტის პოლიციის უფროსი ბესიკ ონიანი და პოლიციის თანამშრომლები. პანკისის სათემო რადიო შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც განმარტეს, რომ აქციის დროს ან შემდეგ შპს "ალაზანი ენერჯის" თანამშრომლების მიმართ შესაძლო მუქარების ან კანონის დარღვევის ფაქტზე გამოძიება არ მიმდინარეობს.  

    პანკის-ხადორის ხეობებში 2 ჰესი უკვე ფუნქციონირებს. ხადორში პირველი ჰიდროელექტროსადგური ჩინეთის სიჩუანის ელექტროენერგეტიკული კომპანიის დაფინანსებით აშენდა და 2004 წელს ამოქმედდა. ხადორჰესს 24 მეგავატი ელექტროენერგია რომ გამოემუშავებინა, მდინარეები ალაზანი და სამყურა მილებში მოაქციეს. ე.წ. სადაწნევო მილსადენი კი 300 მეტრის სიმაღლიდან ეშვება.

    მდინარის მცირე ნაწილი (დაახლოებით 30 %), რომელიც ხადორის ჰიდროელექტროსადგურს გადაურჩა, 2013 წელს „ხადორი 2 ჰესისთვის“ გამოიყენეს და მილებში მოაქციეს.

    „ხადორი 2“ შპს „ფერის“ საკუთრებაა, რომლის 96%-ის მფლობელი იოსებ მჭედლიშვილია. კომპანიის დირექტორი მერაბ იორდანიშვილია, რომლის ოჯახის წევრიცაა ლაშა იორდანიშვილი. ეს უკანასკნელი შპს „ალაზანი ენერჯის“ 100 %-ის მესაკუთრეა.

    სწორედ „ალაზანი ენერჯის“ აქვს „ხადორი 3“-ის მშენებლობის ნებართვა სოფელ ბირკიანში. მესამე ჰესის მშენებლობა, ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრშია დაგეგმილი. ჰესისთვის წყლის მიწოდება „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ. მდინარის კალაპოტში ალაზნის წყალი თითქმის აღარ დარჩება და ხადორის ხეობა ხოროჯოსწყლის, ბაწარას, ქვაჩადალას და რამდენიმე მცირე შენაკადის იმედზე რჩება. „ხადორი 3“ – ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი. პანკისის მცხოვრებლებმა 29 ივნისს გამართულ აქციაზე პირობა დადეს, რომ პანკისში ჰესს აღარ ააშენებინებენ.

    გარემოს დაცვის სამინისტროს, 2017 წლის 7 აგვისტოს, პანკისის ხეობაში მეოთხე ჰესის მშენებლობაზეც აქვს ნებართვა გაცემული.

    27 მგვტ სიმძლავრის „სამყურისწყალი 2“ ჰესის მშენებლობა მდინარე სამყურისწყლის ხეობაშია გათვალისწინებული. ჰესი შპს „ფერმა“ უნდა ააშენოს.

    „სამყურისწყალი 2 ჰესისთვის“ დაგეგმილია 10 მეტრი სიმაღლის კაშხლიანი სათავე ნაგებობის მოწყობა; ჰესის სადაწნეო მილსადენი, დიამეტრით, 1,6–1,4 მ, გათვალისწინებულია მოეწყოს კლდეში გაყვანილ გვირაბში; სააგრეგატო შენობის განთავსებაც დაგეგმილია მიწისქვეშა სივრცეში. დოკუმენტის მიხედვით, შენობა მოეწყობა კლდოვან ქანებში, ბურღვა აფეთქების მეთოდით.

    „სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს ელექტროგადამცემ ქსელთან დაკავშირების მიზნით, მოეწყობა სპეციალური, 38 კილომეტრამდე სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი „სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს სააგრეგატო შენობიდან, ახმეტის 110 კვ ქვესადგურამდე, რომლისთვისაც დაგეგმილია კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლა.

    ისლამ გორგიშვილი

    ისლამ გორგიშვილი

    პანკისის სათემო რადიოს რეპორტიორი, სამოქალაქო აქტივისტი. ისლამი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტია. E-mail: [email protected]

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]