• ლანა გუნაშაშვილი პანკისიდან – სიმღერა არ შეიძლებაო, მაგრამ პატივი ვცეთ ერთმანეთის არჩევანს

    კვირა, 11 ივნისი 2017 15:13 view 9399
    ლანა გუნაშაშვილი პანკისიდან – სიმღერა არ შეიძლებაო, მაგრამ პატივი ვცეთ ერთმანეთის არჩევანს

    ლანა გუნაშაშვილი პანკისის ხეობიდან არის. ლანამ წელს დაამავრა ბირკიანის საჯარო სკოლა. ის ახლაც მღერის და მომღერლობას აპირებს მომავალშიც, თუმცა კონსერვატორიასთან ერთად, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სურს სწავლის გაგრძელება.

    „რაც თავი მახსოვს, მე და ჩემი და სულ ვმღერით, ჯერ კიდევ მანამდე, სანამ საბავშვო ბაღში დავიწყებდით სიარულს. ბაღში და სკოლაში ყველა საღამოზე გამოვდიოდით, 16 წლიდან ანსამბლ „პანკისის“ წევრები ვართ და სხვადასხვა ღონისძიებებში ვმონაწილეობთ“, - ამბობს ლანა.

    ლანა და მისი ტყუპისცალი ლინდა მრავალშვილიანი ოჯახიდან არიან. ოჯახში 5 და და ერთი ძმა იზრდება. გოგონები ჩეჩნეთში დაიბადნენ, მერე ომის გამო წამოვიდნენ საქართველოში და ბირკიანში ცხოვრობენ. აქვე დაამთავრეს სკოლაც.

    „მე ყოველთვის ფოლკლორი უფრო მომწონდა, ჩემს დას ადრე ესტრადა, განსაკუთრებით ინგლისური სიმღერები იზიდავდა. ანსამბლ „პანკისში“ ძირითადად ჩეჩნურ და ქართულ ხალხურ სიმღერებს ვმღერით. ასევე ვასრულებთ ნაზმებს (რელიგიურ საგალობლებს). აქ ვისწავლეთ ბევრი რამ: ფანდურზე დაკვრას ბელა დეიდა (ანსამბლის ხელმძღვანელი ბელა ქადაგიძე-მუთოშვილი, ავტ.) მასწავლიდა, მერე ჩემით ვმეცადინეობდი. თავად ვისწავლე გიტარაზე დაკვრაც. ერთხელ ქისტური საღამოსთვის ვემზადებოდით და ერთმა მეგობარმა სახლში დაგვიტოვა გიტარა, თან რამდენიმე აკორდი მასწავლა, მთელი ღამე ვვარჯიშობდი, იმ აკორდებით რამდენიმე სიმღერა ავაწყე. პირველად ჩეჩნური სიმღერა ვიმღერე სიყვარულზე „ლამაზია მთიანი ღამე“ („ხაზა იუ ლამანცა ბუისა“)“- ამბობს ლანა.

    ანსამბლთან ერთად ლანა და მისი და გასტროლებზეც იყვნენ: ჩეჩნეთში, თურქეთში. პანკისის სათემო რადიო „ვეის“ პროექტის ფარგლებში „ვაინახური კულტურის დღეები საქართველოში“ რამდენიმე ქალაქში გამოვიდნენ.

    „ძალიან მიხარია, რომ ხალხს ჩვენს კულტურას ვაცნობთ. კონცერტს ჩეჩნური ჰიმნით ვხსნით, რასაც ქართული „ლალე“ მოჰყვება. 13-14 სიმღერა გვაქვს რეპერტუარში და ახალ სიმღერებზეც ვმუშაობთ.

    მახსოვს, დუშეთში რომ გამოვდიოდით, დარბაზი ფეხზე იდგა. მაყურებლები კომპლიმენტებს გვეუბნებოდნენ. ეს, რასაკვირველია, ძალიან სასიამოვნო იყო“, - ამბობს ახალგაზრდა მომღერალი.

    ლანას თქმით, დედაც და მამაც ძალიან უწყობენ ხელს.

    „ნათესავები კი ამბობენ ხოლმე, სიმღერა არ შეიძლებაო და წინააღმდეგობა გვხვდება ხანდახან მათგან: ამასწინათ ლინდას ერთ ინტერვიუს, რომელშიც ამბობდა „ვაჰაბიტური იდეოლოგიის მიხედვით, მუსლიმანს სიმღერა ეკრძალება, მაგრამ მე სიმღერის გარეშე არ შემიძლიაო“, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სოფელში. ყველას თავისი აზრი აქვს. მე კი მიმაჩნია, რომ ამ ქვეყნად მთავარი სიყვარულია და ერთმანეთს, ერთმანეთის არჩევანს პატივი უნდა ვცეთ.

    მშობლები სულ იმას გვეუბნებიან: ისწავლეთ, თქვენი წარმატება ყოველთვის გაგვიხარდებაო. 

    ჩვენ ამდენს ვერ მივაღწევდით, რომ არა ჩვენი ანსამბლის ხელმძღვანელი, რომელმაც ბევრი რამ გვასწავლა. ლეილა ბექაურიც მინდა ვახსენო - ბირკიანის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, რომელსაც ასევე დიდი წვლილი მიუძღვის იმაში, რომ ჩვენ სცენაზე გამოვდივართ. ლეილა მასწავლებლის შვილი დადიოდა მუსიკაზე ახმეტაში და მასწავლებელს ჩემი დაც დაჰყავდა ხოლმე რეპეტიციებზე. მერე დაგვეხმარა, რომ „იქს ფაქტორში“ გამოვსულიყავით“, - ამბობს ლანა.

    ამასწინათ ის იტალიაში იყო ჯიფონის ფესტივალზე. მანამდე კინოსკოლის წარმომადგენლები მარი გულბიანი და ნონა გუნაშვილი პანკისში კინოჩვენებებს ატარებდნენ, ფილმის ნახვის შემდეგ დისკუსია იმართებოდა.

    „მერე, 2016 წელს თბილისში ჩატარდა ჯიფონის ფესტივალი, ბევრნი ვიყავით პანკისიდან. იქ ყველაფერი ინგლისურად მიდიოდა, ინგლისური კი ბევრმა არ ვიცოდით. მერე კონკურსი გამოცხადდა. შეგვეძლო, იტალიაში წავsულიყავით. 13 მოსწავლიდან 2 პანკისის ხეობიდან მიდიოდა. განაცხადი სამმა შევავსეთ, თუმცა ბოლოს მარტო მე წავედი, ერთი გოგონა არ გამოუშვეს. სამწუხაროდ, ჩვენი ხალხის ტრადიციებით, გოგოს ყველგან არ უშვებენ. არადა, ორი კვირა ვიყავით იტალიაში, ჯენიფერ ენისტონს შევხვდით“.

    - ლანა, რას აპირებ სკოლის დამთავრების შემდეგ?

    - „მეც და ჩემი დაც უნივერსიტეტში ჩაბარებას ვგეგმავთ. ჟურნალისტიკაზე ან ტურიზმის მენეჯმენტზე უნდა ჩავაბარო. თუმცა, პარალელურად აუცილებლად ვისწავლი კონსერვატორიაში, თუ ამის შესაძლებლობა მომეცა, მომღერალი მინდა გამოვიდე. საყვარელ პროფესიას თუ ირჩევ, იმ საქმეში თუ ხარ, რაც გიყვარს, ყველაფერი გამოგივა, ყველაფერს შეძლებ“.

    ანსამბლ „პანკისის“ ხელმძღვანელი ბელა ქადაგიძე-მუთოშვილი ამბობს, რომ ლანა და ლინდა ქისტურ-ვაინახური ფოლკლორის შემნახველები არიან. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გოგონებმა მუსიკალური განათლება მიიღონ.

    მოისმინეთ გადაცემა „პორტრეტები“, რომელიც ბირკიანის საჯარო სკოლის მე–11 კლასის მოსწავლე მარინა აბდულაევას მიჰყავს. სტუმრები: ლანა გუნაშაშვილი, მურად ბათირაშვილი.

    რადიო გადაცემა მომზადებულია პროექტის ფარგლებში, რომელსაც „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ ახორციელებს PH International-ის GE CALLS-ის პროგრამის ფარგლებში, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ფინანსური მხარდაჭერით.

    თინათინ მოსიაშვილი

    თინათინ მოსიაშვილი

    თინათინ მოსიაშვილი - Mtisambebi.ge–ს რეპორტიორი, გეოგრაფი. კითხულობს ლექციებს სხვადასხვა უნივერსიტეტში. აშუქებს მთის, სოციალურ და გარემოსდაცვით საკითხებს. E-mail: [email protected]

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]