• weather cur airplane

    ხელყუმბარაზე თემირლან მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა – ადვოკატი

    შაბათი, 28 აპრილი 2018 12:52 view 1861
    ხელყუმბარაზე თემირლან მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა – ადვოკატი

    ხელყუმბარაზე, რომელიც პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა თემირლან მაჩალიკაშვილის საძინებელი ოთახიდან ამოიღეს, მოკლული მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა. ადვოკატ მარიამ კუბლაშვილის განცხადებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ აღარ არსებობს მტკიცებულება, რომ სპეცოპერაციის დროს თემირლან მაჩალიკაშვილს ხელში ხელყუმბარა ეჭირა და მისი მოქმედებაში მოყვანა უნდოდა.

    „პასუხი შემდეგია, არის გარკვეული ნაწილაკები, თუმცა რთულია მისი იდენტიფიცირება და აქედან გამომდინარე დასკვნაა, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდები არ ფიქსირდება ხელყუმბარაზე, რომელიც შემთხვევის ადგილიდან იქნა ამოღებული. უმთავრესი არგუმენტი, რომ თემირლანს ეჭირა ხელყუმბარა არ დადასტურდა. თემირლანს ხელში ეჭირა ტელეფონი, რაც დასტურდება მტკიცებულებით, კერძოდ, მის მიერ ბოლო წუთებში გაგზავნილი ესემესით“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.

    2017 წლის 26 დეკემბერს პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ, რა დროსაც სპეცრაზმმა 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავში სასიკვდილოდ დაჭრა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერმა ნინო გიორგობიანმა განაცხადა, რომ „თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ, უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად, უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე, გამოყენებული იქნა პროპორციული ძალა და მოხდა თემირლან მაჩალიკაშვილის მისამართით გასროლა“.

    თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები მათ სახლში ხელყუმბარის არსებობას უარყოფდნენ. პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში გარდაცვლილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა, რომ მათი ვარაუდით, ხელყუმბარა სპეცრაზმის თანამშრომლებმა მიიტანეს და საძინებელ ოთახში დადეს მას შემდეგ, რაც თემირლანი დაჭრეს.

    „ხელყუმბარის მოტანის მიზანი იყო, ეთქვათ, წინააღმდეგობა გაგვიწიაო. თემირლანი მკვდარიც რომ ყოფილიყო, მაინც ჩაუდებდნენ ხელში იმ ხელყუმბარას, რათა შემდგომში ზედ ანაბეჭდები ყოფილიყო. ისინი გააკეთებდნენ ამას“, - ამბობდა მალხაზ მაჩალიკაშვილი.

    თემირლან მაჩალიკაშვილის მშობლები ირწმუნებიან, რომ სპეცოპერაციის დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი პირებიდან სუს-ის უფროსის პირველი მოადგილე სოსო გოგაშვილი ამოიცნეს. სუს-ის უფროსმა ვახტანგ გომელაურმა ეს ინფორმაცია უარყო.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, მაჩალიკაშვილისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი 5 პირი დაპატიმრებულია.

    მაჩალიკაშვილის მშობლებმა რამდენიმე დღის წინ სასამართლოს მიმართეს მორალური ანაზღაურების მოთხოვნით, სუს-ის მიერ სხვადასხვა დროს გაკეთებული საჯარო განცხადებებით თემირლანის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო.

    პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისში რაგბი ბრუნდება

    ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა ნონო ანდღულაძემ და ლექსო გუგავამ, ხუთი წლის წინ…

    მატანის კალათბურთელ გოგონათა გუნდი საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

    ახმეტის რაიონის სოფელ მატანის კალათბურთელ გოგონათა გუნდი 16-წლამდელთა შორის საქართველოს…

    პანკისის სალაფიტური თემის იმამად თემურ ქავთარაშვილი აირჩიეს

    ჯამაათმა პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამად, 36 წლის თემურ (აბდულ…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]