• პედაგოგი მზია ბექაური პანკისის ხეობის პრობლემებზე

    პარასკევი, 20 იანვარი 2017 20:09 view 4611
    პედაგოგი მზია ბექაური პანკისის ხეობის პრობლემებზე

    „პროფესიით ფილოლოგი ვარ, ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი სკოლაშიც და დუისის საგანმანათლებლო ცენტრშიც. მე არვიცი, რამდენად საინტერესოა ჩემი ნაამბობი თქვენთვის, მაგრამ რადგან პედაგოგი ვარ და სკოლასთან მაქვს შეხება, პანკისის ხეობის ახალგაზრდების პრობლემებზე მინდა საუბარი. თითქმის 10 წელია ბავშვებს ვამზადებ და ხეობის ყველა აბიუტურენტთან მქონია შეხება. ამიტომ, მათი შეხედულებები, მათი აზრები და მიზნები უფრო ვიცი. ვიცი რა დაბრკოლებებია მათთვის, რა შეზღუდვებია, რაზე არ შეუძლიათ იოცნებონ, რაზე მიუწვდებათ ხელი და ა.შ.

    სკოლაში მეც აქ ვსწავლობდი მეხუთე-მეექვსე კლასამდე და რადიკალურად განსხვავებული შეხედულებები ჰქონდა მაშინდელ ჩვენს ხალხს და ახლანდელებს. მაშინ რელიგიური ზღვრები არ იყო. არავინ გეკითხებოდა ვინ ხარ, რა აღმსარებლობის ხარ, ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა. რაც მართალია, მართალია, მეგობრობა უფრო მეტი იყო ერთმანეთში და ქისტებს იგივე ქართველებად თვლიდნენ მაშინ ჩემი კურსელებიც და სადაც მიცხოვრია, ისინიც. რატომღაც მოხდა ისე, რომ ახლა ძალიან დიდი კედელი აღიმართა.

    90-იანები ყველამ გამოვიარეთ გაჭირვებით და ათასი უბედურებებით. გახსოვთ ყველას, რომ პანკისის ხეობაში არ ვრცელდებოდა საქართველოს იურისდიქცია შევარდნაძის დროს. აქ მოჰქონდათ გასაყიდი ნარკოტიკი, ადამიანი, იარაღი, უკანონო ფულიც და ამ ნიადაგზე მოიკიდა ფეხი რადიკალურმა რელიგიამ, ე.წ. ვაჰაბიზმმა. თავიდან ერთი-ორი იყვნენ და ახლა ახალგაზრდების უმრავლესობა პანკისში, ამ მიმართულების მიმდევარია. ეს ძალიან ჩაკეტილს ხდის ახალგაზრდებს. ისინი თვლიან, რომ მხოლოდ ღვთის იმედად უნდა იყვნენ, რადგან ღმერთი არ გაწირავს. ამიტომ თვლიან, რომ არ არის აუცილებელი დიპლომი და სწავლა. ღმერთი, ღმერთი, ღმერთი... გასაგებია, მაგრამ ფანატიზმამდე მიდის უკვე და ამ ფანატიზმში ჩვენ უკვე კარგად ვიცით ეს ბიჭები სირიაში რისთვის მიდიან. აზრზე არ არიან იქ ვინ მტყუანია, ვინ მართალია, ვინ ვის ებრძვის და რას აკეთებს, მაგრამ მიდიან და აგერ 17-დან 30 წლამდე 23 თუ კიდევ მეტი ახალგაზრდა დაიღუპა იქ. პატარა პანკისისთვის ეს ძალიან დიდი დანაკლისია.

    ერთ-ერთი, რაც რადიკალურმა რელიგიამ შემოიტანა, ჩაცმულობის შეზღუდვაა, განსაკუთრებით გოგონებისთვის. ზამთარ-ზაფხულ მოხვეულები დადიან, მაგრამ მათი უმრავლესობა (ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, რომელმაც ჩუმად თქვა) არ ამბობს, რომ არ უნდა ამის ტარება. პირიქით, ეს ჩვენი სურვილიაო. რაც შეეხება ოჯახების დამოკიდებულებას, ბევრს უთქვამს, დავუშალეთ ასე ჩაცმა, მაგრამ არაფრით არ დაგვიჯერაო. მე მგონია, რომ ეს არის საგანგაშო, რომ უკვე აღარც მშობლებს უსმენენ. ნუ, ხო, გააჩნია რაში უნდა მოუსმინონ, რაში არა, პიროვნება თვითონ ყალიბდება, მაგრამ ამ საკითხში ახალგაზრდებს უკვე არ აინტერესებთ აღარავითარი არგუმენტები. მიმბაძველობაც ბევრია, მოდასავით და შირმასავით აქვს ზოგს რელიგია - იცვამს იმიტომ, რომ სხვას აცვია ასე. ვითონ ამტკიცებენ, რომ ეს ჩაცმულობა იმისთვისაა ყურადღება არ მივიქციოთო. სინამდვილეში ყურადღებას მათ უფრო აქცევენ და ძალიანაც მოსწონთ ეს ამბავი.

    სკოლაში კი არა, ადრე თავშალი გასათხოვარ ქალსაც კი არ ეხურა პანკისში. იფარებდა მხოლოდ გათხოვილი და დღეს უკან-უკან მივდივართ. პირველად ერთი-ორი ჰიჯაბიანი რომ გამოჩნდა სკოლაში, დირექტორმაც და მასწავლებლებმაც ვურჩიეთ მათ ძალიან ფრთხილად და წყნარად, რომ თუ მოუნდებათ, ამის დრო მერეც იქნება. ახლა ამ სიცხეში, თან შავი ტანსაცმელი, ჯანმრთელობისთვისაც ცუდია და ა.შ. ერთი-ორმა მოიხსნა და კლასში აღარ იხურავდა, მაგრამ გამოვიდოდა თუ არა სკოლიდან, ჩანთიდან ამოაფრიალებდა და ისევ იმოსებოდა. მერე გახდნენ ათი, ოცი, ოცდაათი და ამ საუბრებს აღარ ჰქონდა აზრი. პრობლემას უკვე მთავრობიდან სჭირდებოდა გადაწყვეტა, რომელსაც ჩვენს სკოლაში ვეღარ ვაგვარებდით. კი, გასაგებია, რომ აღმსარებლობა თავისუფალია, რელიგიაში ყველა თავისუფალია, მაგრამ უკან-უკან მიჰყავს ეს ხალხი ასეთნაირ რელიგიას და რა ვუყოთ?!

    ბავშვებთან ბევრი მისაუბრია ამ თემებზე. მაგალითები მომიყვანია, როგორ იბრძვიან ქალები სხვადასხვა არაბულ ქვეყნაში, გაიხადონ ჰიჯაბები. ვუხსნი, რომ მერე ეს აღარ მოეწონებათ. ახლა მოდასავით არის, ერთმანეთს ბაძავენ და ამიტომ მოსწონთ. ვეუბნები, რომ ისინი ვერ იქნებიან თავისუფლები ასეთი შეზღუდვებით და მათ შვილებსაც ასე მოუწევთ ცხოვრება. მოკლედ, რა აღარ მითქვამს, მაგრამ არაფერი ჭრის. ამას ვატყობ იმიტომ, რომ დღითიდღე უფრო მრავლდებიან ისინი.

    შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს პროტესტის ფორმაა, მაგრამ გავიგოთ მაინც რა აქვთ საპროტესტო?! რის წინააღმდეგ გამოხატავენ ამას, არ იციან და რანაირად დავარქვათ, რომ ეს პროტესტის გამოხატულებაა?! არა, ეს არის უბრალოდ შემოტანილი და აქ ფეხმოკიდებული, რომელიც სადამდე მივა არ ვიცით. ამ ადამიანებში ძალიან ბევრი რამე აკრძალულია. შეზღუდულია, მაგალითად, სპეციალობების და პროფესიების არჩევა. მე ვიცი ბავშვები, რომლის ნათესავებმაც პირდაპირ აჯანყება მოუწყვეს ოჯახებს, რატომ ამღერებთ მათ, ეს როგორ შეიძლებაო. სკოლაში არის ცეკვის-სიმღერის წრეები და იქ არავინ დადის ისეთი, ვისაც მოხვეული აქვს. ხატვაში რა აბსურდული რამეებია იცით აკრძალული?! თვალები რასაც აქვს, იმის დახატვა არ შეიძლება და ა.შ.

    მასწავლებლებთანაც ხშირად გამოხატავენ პროტესტს ბავშვები. ყველას გვახსოვს რა ისწავლება სკოლაში, მაგალითად, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები. ასევე, ომები, ბრძოლები, რომლებშიც მუსლიმანური ქვეყნები იყვნენ ჩვენს წინააღმდეგ და როცა ობიექტურად, და არა ემოციურად, ფაქტებს ყვები, ესეც კი არ მოსწონთ. შეიძლება პირდაპირ ვერ გაბედონ რამის თქმა, მაგრამ ჩაილაპარაკებენ „ღირსები იყვნენ!“, ან თემურ-ლენგის რვაჯერ შემოსევაზე თქვან, რომ „მოსულიყო მეცხრედ და დაეპყრო!“. განა ბოროტი ბავშვები კი არ არიან, ასე აქვთ ჩაგონებული. თვითონ ბავშვებს შორის დაპირისპირება ნაკლებადაა და იცით რატომ?! აქ არიან მხოლოდ მუსლიმები. ქრისტიანი ბავშვებიც რომ იყვნენ, დაპირისპირება იქნებოდა ნამდვილად. მაგალითად, ტერაქტები რომ ხდება ხოლმე და ამაზე ვინმე გამოხატავს უარყოფით დამოკიდებულებას, იმას შეუბღვერენ და გააჩერებენ. ამიტომ ზოგიერთს შეიძლება ჰქონდეს პროტესტის გამოხატვის სურვილი, მაგრამ იციან უმრავლესობა გააჩუმებს და არაფერს ამბობენ.

    განათლების სამინისტროდან ჩამოდიან ხოლმე ხშირად და ერთხელ ლია გიგაურს წერილიც კი მივაწოდე, სადაც ამ პრობლემებზე ვწერდი და იქნებ ერთად გვეფიქრა, რა მოვახერხოთ-მეთქი. მაგრამ არავითარი კომუნიკაცია ჩვენთან არ ყოფილა, არც არაფერს გვავალებენ და არც გვეკითხებიან.

    ერთი ის არის, რომ განათლების სამინისტრომ შემოიტანა ცეკვის, ფეხბურთის, სიმღერის და სხვა წრეები, რომ იქნებ რამეში ჩართონ ბავშვები. კიდევ პრეზიდენტის სასახლეში აქვთ ყოველწლიურად ფოტო-გამოფენა. მაგრამ, რამდენიმე ბავშვი ამბობდა, რომ ეს ყველაფერი ბოლოს იქით მიდის, ყურადღების ცენტრში არიან „მოხვეულებიო“ (ავტ. ჰიჯაბიანები) და იქაც მხოლოდ „მოხვეულები“ მიჰყავთო (რადენად ეს მართალია არ ვიცი და მე არაფერს ვამტკიცებ). სურათებში ისინი არიან, კალენდრებშიც და ტელევიზიებშიც ისინიო, ყველგან იქცევენ ყურადღებას და ლამის ჩვენც ჰიჯაბი ჩავიცვათო. მე ეს თავში აზრადაც არ მომივიდოდა, მაგრამ ამ ბავშვებს რომ მოვუსმინე, მერე ვიფიქრე, იქნებ ესეც არასწორი მიდგომაა?! მერე მეც გამახსენდა, რომ შარშან ვიყავით პეზიდენტის სასახლეში ფოტო-გამოფენაზე და იქ ერთი გოგო იყო შავი ჰიჯაბით. ჩემი დაკვირვებითაც, ვინც კი მოვიდა, ჟურნალისტი თუ დამთვალიერებელი, ყველამ მასთან გადაიღო ფოტო, ყველა მას აქცევდა ყურადღებას. დანარჩენები, ჩვეულებრივად ჩაცმული ბავშვები, იდგნენ და შორიდან უყურებდნენ მას. შეიძლება ესეც უბიძგებს პატარა გოგოებს ამით დაინტერესდენენ?! მანამდე არც მე მიფიქრია, სანამ თვითონ ბავშვები არ იტყოდნენ. ერთ-ერთის დედაც ამბობდა, კინაღამ მოვკალი ჩემი შვილი, ასე ამბობს, ყველგან მაგათ აქცევენ ყურადღებას და მეც ჰიჯაბი უნდა ჩავიცვაო.“

    მასალის შინაარსი არ გამოხატავს პანკისის სათემო რადიო WAY–ს პოზიციას.

    მასალა მომზადებულია სოციალური პროექტის „ქალები საქართველოდან“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ქალთა საინიციატივო ჯგუფის „ქალის ხმა“ მიერ. (ავტ. მაიკო ჩიტაია; იდა ბახტურიძე; ნინო გამისონია). ფოტო: ნინა ბაიდაური; სალომე ცოფურაშვილი. პროექტი მიმდინარეობს ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და შვედეთის განვითარების სააგენტოს (SIDA) ფინანსური მხარდაჭერით.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]