• პანკისის სალაფიტური თემის იმამი - ისლამი კრძალავს საკულტო ნაგებობების დანგრევას

    შაბათი, 29 აპრილი 2017 09:46 view 8096
    პანკისის სალაფიტური თემის იმამი - ისლამი კრძალავს საკულტო ნაგებობების დანგრევას

    "ჩვენ პანკისის ხეობის მუსლიმები, არასოდეს ვყოფილვართ სხვა რელიგიური მიმდინარეობის სიწმინდეების წინააღმდეგ. ამდენი წლის განმავლობაში პანკისის ხეობაში მდგარ სხვადასხვა ეკლესიებს არცერთი ჩვენი თემის წევრი არ შეხებია, იმ დროსაც კი, როცა პანკისის ხეობაში არეულობა იყო და პოლიციის მიერ კონტროლი არ ხდებოდა", - ასე გამოეხმაურა პანკისის სალაფიტური თემის იმამი ბექხან ფარეულიძე სოფელ ჯოყოლოში მშენებარე ქრისტიანული სალოცავის დანგრევის ფაქტს და დამნაშავეთა დასჯის მოთხოვნით ახმეტაში გამართულ ხალხმრავალ საპროტესტო აქციას.

    "პირველ რიგში მინდა ვთხოვო ყველას, წინასწარ დასკვნებს ნუ გააკეთებენ და პანკისის ხეობის მუსლიმი თემის მიმართ ნუ აჟღერებენ ბრალდებებს.

    ჩვენი რელიგია კრძალავს სხვა რელიგიური საკულტო ნაგებობების დანგრევას და შესაბამისად, როგორც მუსლიმები, ჩვენ არანაირად არ მოვიწონებთ რელიგიური სიწმინდეების შეურაცხყოფას.

    ახმეტაში გაიმართა აქცია, სადაც შეურაცხყოფას აყენებდნენ პანკისელებს. მოვითხოვ, ყველა პროვოკატორმა თავი დაანებოს მთელი ხალხისთვის შეურაცხყოფის მიყენებას, დაველოდოთ გამოძიებას, წინასწარ ნუ დაგვადანაშაულებენ იმაში, რასაც ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ ჩავიდენდით.

    ზოგიერთმა პანკისში მომუშავე მედიასაშუალებამ, გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებით ხალხი შეცდომაში შეიყვანა, თითქოს პანკისის ხეობაში ეკლესია დაანგრიეს, ამან კი თავისი შედეგი გამოიღო და მორწმუნე ქრისტიანების უფრო მეტი აღელვება გამოიწვია.

    მინდა, ვთხოვო ყველა მედიასაშუალებას, ობიექტური და დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდოთ ხალხს, რომ არ მოხდეს ხალხთაშორის ურთიერთობების გამწვავება, ეს მხოლოდ ამ პროვოკაციის მომწყობებს აწყობთ.

    ვფიქრობთ, რომ ეს არის პროვოკაციული ქმედება და ამის მოთავეს ქვეყნისთვის არაფერი კარგი არ უნდა და ჩვენს შორის დაძაბულობის გაჩენა სურს", - ნათქვამია ბექხან ფარეულიძის განცხადებაში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელდა.

    პანკისის სათემო რადიო WAY გუშინ მთელი დღის განმავლობაში ცდილობდა სალაფიტური თემის ლიდერებისგან კომენტარის მოპოვებას, რაზედაც მათ უარი თქვეს.

    პანკისის სათემო რადიომ, 22 აპრილს, ახმეტის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის მთავარ სპეციალისტზე ელდარ ჭიჭიაშვილზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ჯოყოლოში მშენებარე ეკლესია დაანგრიეს. ელდარ ჭიჭიაშვილის მტკიცებით, სალოცავს წმინდა გიორგის ეკლესიის ნაფუძარზე ჯოყოლოში მცხოვრები მაყვალა ცისკარიშვილი აშენებდა. 16 აპრილს, აღდგომის დილას სალოცავად მისულ ქალბატონს კი ნაგებობა დანგრეული დახვდა.

    მშენებარე ნაგებობას ეკლესიას უწოდებენ ალავერდის ეპარქიის წარმომადგენლები, ახმეტის მუნიციპალიტეტის ძეგლთა დაცვის სპეციალისტები, ასევე, სოფელ ჯოყოლოში გამგებლის წარმომადგენელი ოთარ მუთოშვილი. მომხდარზე გამოძიება ახმეტის პოლიციამ დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 187–ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. სალოცავს არ ჰქონია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. პოლიციას არავინ დაუკავებია.

    28 აპრილს ახმეტაში 500-მდე ადამიანმა პანკისში მშენებარე სალოცავის დანგრევა გააპროტესტა. აქციის მონაწილეები ხელისუფლებისგან იმ პირთა დაუყოვნებლივ დასჯას ითხოვენ, რომლებმაც სოფელ ჯოყოლოში ქრისტიანული სალოცავი დაანგრიეს. მიმართვას ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი, ახმეტა-თელავის მაჟორიტარი დეპუტატი გელა სამხარაული და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირებიც შეუერთდნენ. აქციის მონაწილეებმა პრემიერს, შინაგან საქმეთა მინისტრსა და რელიგიის საკითხთა სახელმწიფო საგენტოს სპეციალური წერილით მიმართეს, სადაც პანკისის ხეობაში ქრისტიანული ეკლესიებისა და სიმბოლოების წინააღმდეგ სხვადასხვა დროს განხორციელებულ რამდენიმე შემთხვევაზე მიუთითებენ.

    გუშინვე, 200-მდე ახალგაზრდამ სოფელ მატანში, პანკისის ხეობის შესასვლელთან საავტომობილო გზის გადაკეტვა სცადა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, მათ შორის კახეთის პოლიციის დეპარტამენტის და ახმეტის სამმართველოს ხელმძღვანელი პირები. მათ აქციის მონაწილეებს გზის გადაკეტვის შესაძლებლობა არ მისცეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]