• პანკისის ხეობაში თარხან ბათირაშვილის გარდაცვალებას ადასტურებენ

    ხუთშაბათი, 14 ივლისი 2016 14:09 view 3817
    პანკისის ხეობაში თარხან ბათირაშვილის გარდაცვალებას ადასტურებენ

    პანკისის ხეობაში ადასტურებენ სააგენტოების „როიტერის“ და „ფრანს პრესის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის, წარმოშობით პანკისელი თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ შიშანის გარდაცვალების შესახებ. როგორც პანკისის სათემო რადიოს ბათირაშვილის ახლო ნათესავებმა განუცხადეს, სირიიდან მათ ჯერ არავინ დაკავშირებია, თუმცა აქვთ სარწმუნო ინფორმაცია, რომ თარხან ბათირაშვილი ერაყში ბრძოლის დროს მოკლეს. ბათირაშვილის ოჯახში სამძიმარს ჯერ არ იღებენ.

    სააგენტო როიტერის ინფორმაციით, ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ ადასტურებს, რომ თარხან ბათირაშვილი ერაყში, ქალაქ შირქატში ბრძოლის დროს იქნა მოკლული.

    „როიტერის“ ცნობით, ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ ტერორისტული ორგანიზაციის მხარდამჭერმა საიტმა „ამაქმა“ ოთხშაბათს გაავრცელა.

    „შეიხი ომარ ალ შიშანი ქალაქ შირქათში აღესრულა, სადაც ბრძოლაში მონაწილეობდა ქალაქ მოსულის წინააღმდეგ მტრის იერიშის მოსაგერიებლად“, – წერს „ამაქი“.

    ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები სოციალურ ქსელში ალ–შიშანის ფოტოებს ავრცელებენ და მწუხარებას გამოთქვამენ მისი დაღუპვის გამო.

    გუშინ ამერიკულმა ტელეკომპანია CNN–მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ ცდილობს დაადასტუროს, რომ ბათირაშვილი, რომელსაც პენტაგონმა ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს „ომის მინისტრი“ უწოდა, მოკლულია. CNN–ის ცნობით, აშშ–ის სამხედრო თვითმფრინავები ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მთავარი მებრძოლის წინააღმდეგ იერიშებს ბოლო დღეების განმავლობაში ახორციელებდნენ.

    მარტში პენტაგონმა განაცხადა, რომ შიშანი აშშ–ის ავიაიერიშების დროს სირიაში იქნა მოკლული, მაგრამ ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ შიშანის სიკვდილს ეხმაურება და ადასტურებს.

    „როიტერის“ ინფორმაციით, ამჟამად, ერაყის არმია ქალაქ მოსულის ასაღებად იბრძვის. მოსული ქვეყნის ყველაზე დიდი ქალაქია, რომელსაც ე.წ. „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს. არმიამ თითქმის დაასრულა ქალაქ შირქატის ალყაში მოქცევა. შირქატი ბაღდადის ჩრდილოეთით, დედაქალაქიდან 250 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს.

    პანკისის სათემო რადიო WAY-ის ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ გარდაცვლილი 26 წლის ბექხან ტოხოსაშვილი თარხან ბათირაშვილის პირადი დაცვის წევრი იყო.

    სირიაში იმყოფება თარხან ბათირაშვილის უფროსი ძმა თამაზ ბათირაშვილი, იგივე აბდურაჰმანი, რომელიც ასევე ე.წ. ისლამური სახელმწიფოს ერთ-ერთი მეთაურია და უშიშროების საკითხებს კურირებს.

    30 წლის თარხან ბათირაშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს მსოფლიოს 4 ყველაზე ძვირადღირებულ ტერორისტთა სიაში ჰყავს შეყვანილი.

    თარხან თეიმურაზის ძე ბათირაშვილი დაბადებულია 1986 წლის 11 იანვარს, ახმეტის რაიონში, საქართველოში. 2010 წლამდე თარხან ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანში ცხოვრობდა და საქართველოს შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა. 2008 წელს, ბათირაშვილი ფრონტის ხაზზე იყო, რუსეთის ტანკებს თვალყურს ადევნებდა და მათ კოორდინატებს ქართულ საარტილერიო ნაწილებს გადაცემდა. 2010 წელს ტუბერკულოზი დაუდგინეს და სამხედრო სამსახურიდან დაითხოვეს. იმავე წელს თარხან ბათირაშვილი იარაღის უკანონოდ შენახვის ბრალდებით დააკავეს და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. ბათირაშვილი პატიმრობიდან 2012 წლის იანვარში ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა. სასჯელის მოხდამდე მას რამდენიმე თვე ჰქონდა დარჩენილი. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ საქართველო დატოვა. იგი 2013 წლის ზაფხულში გამოჩნდა ჩრდილოეთ სირიაში და სათავეში ედგა ტერორისტულ დაჯგუფება ისლამურ სახელმწიფოს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]