• weather cur airplane

    პანკისში სპეცოპერაციის შედეგად 19 წლის ახალგაზრდა დაიჭრა

    სამშაბათი, 26 დეკემბერი 2017 10:59 view 2478
    პანკისში სპეცოპერაციის შედეგად 19 წლის ახალგაზრდა დაიჭრა

    პანკისის ხეობის სოფელ დუისში გვიან ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, მაჩალიკაშვილების სახლში ახალგაზრდა დაიჭრა. ოჯახის წევრების განცხადებით, დაჭრილი 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილია, რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია. კატასტროფის ბრიგადამ ის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გვიან ღამით გადაიყვანა.

    „დაახლოებით ღამის სამ საათზე შემოგვივარდა სპეცრაზმი. ჩამათრიეს დაბლა. დაგვაწვინეს ამ ცივ ამინდში იატაკზე. გასროლის ხმა მომესმა. იძახდნენ - ერთი დაჭრილი გვყავსო. ზუსტად ვერ მივხვდი მამაჩემი იყო თუ ძმა. რომ ჩამიმიყვანეს დაბლა, მამა დაბლა დამხვდა, ძმა კი თვალით არ მინახავს. 3-დან 6 საათამდე გვატყუებდნენ, რომ გვანახებდნენ ძმას. ნუ ნერვიულობთო, კარგად არისო. 10 საათი რომ დაიწყო, წავიდნენ. ეხლა, როცა ოთახში შევედით სისხლი დაგვხვდა. ჩემი ძმა თემირლან მაჩალიკაშვილია დაჭრილი. ოთახში ვყავდით ჩაკეტილები მე, დედა და ბებიაჩემი, მამა ცალკე იყო. ძმა თვალით არ გვინახავს როგორ წაიყვანეს. რა გახდა სროლის მიზეზი უცნობია, რადგან ჩემ ძმას იარაღი არ ჰქონია და მძინარეს დაადგნენ“, - უთხრა ნატა მაჩალიკაშვილმა პანკისის სათემო რადიოს.

    მისივე თქმით, ოჯახის წევრებმა არ იციან რა გახდა სპეცოპერაციის ჩატარების მიზეზი. როგორც ნატა მაჩალიკაშვილი ამბობს, რამდენიმე საათიანი ჩხრეკის შედეგად სახლიდან არაფერი წაუღიათ.

    „გვითხრეს, რომ ჩხრეკის უფლება ჰქონდათ. გვეკითხებოდნენ, ვინ გყავდათ ამ ბოლო დროს სტუმრადო. ვის გულისხმობდნენ არვიცი. მარტო მე კი არა, აქ სამეზობლოში სხვასაც დაადგნენ იარაღით. პატარა ბავშვები გვყავს და შეშინებულები ეხლაც ხმას ვერ იღებენ. პანიკაში არიან. გვითხრეს, გაიგებთო ყველაფერს, თქვენც დაგკითხავენო“, - ამბობს ნატა მაჩალიკაშვილი.

    პანკისის სათემო რადიოს ადგილობრივებმა უთხრეს, რომ მაჩალიკაშვილის სახლიდან დაჭრილი საკაცეთი, დაახლოებით ღამის 4 საათზე გამოიყვანეს.

    სპეცოპერაცია გვიან ღამით პანკისის ორ სოფელში დუისსა და ომალოში ჩატარდა. თემირლან მაჩალიკაშვილის გარდა, დუისში დაკავებულია რუსლან ალხანაშვილი. ომალოში კი ბაადურ ჩოფანაშვილი.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ამ დრომდე ინფორმაცია ვერ მივიღეთ.

    ამ თემაზე:
    კონტრტერორისტულმა ცენტრმა 5 პირი ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დააკავა

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისში რაგბი ბრუნდება

    ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა ნონო ანდღულაძემ და ლექსო გუგავამ, ხუთი წლის წინ…

    მატანის კალათბურთელ გოგონათა გუნდი საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

    ახმეტის რაიონის სოფელ მატანის კალათბურთელ გოგონათა გუნდი 16-წლამდელთა შორის საქართველოს…

    პანკისის სალაფიტური თემის იმამად თემურ ქავთარაშვილი აირჩიეს

    ჯამაათმა პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამად, 36 წლის თემურ (აბდულ…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]