• weather cur airplane

    პანკისის იმამის მიმართვა - ახალგაზრდა ბიჭების ხოცვაზე ჩვენ ვერ გავჩუმდებით

    ოთხშაბათი, 27 დეკემბერი 2017 20:09 view 4208
    პანკისის იმამის მიმართვა - ახალგაზრდა ბიჭების ხოცვაზე ჩვენ ვერ გავჩუმდებით

    1000-მდე ადამიანი შეიკრიბა დღეს პანკისში. აქციის მონაწილეებმა 26 დეკემბერს ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება გააპროტესტეს. 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელიც დაკავებისას სპეცრაზმმა თავში დაჭრა, რეანიმაციაშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

    საპროტესტო შეკრების მონაწილეებს, სხვა გამომსვლელებთან ერთად პანკისის სალაფიტური თემის იმამმა ბექხან ფარეულიძემ მიმართა. იმამის მიმართვა ქისტურიდან ქართულად პანკისის სათემო რადიომ მაქსიმალური სიზუსტით სცადა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

    დღეს ჩვენ აქ სამძიმარზე ვართ შეკრებილები. იმ გასაჭირის გამო შევიკრიბეთ, რაც დაგვემართა და რომელსაც არ ველოდით.

    ღმერთი გვეუბნება, რომ ის კრძალავს თვითდაზიანებას და მერე უკვე ერთმანეთისთვის ზიანის მიყენებას. ღმერთი გვეუბნება, რომ ერთმანეთს ზიანი არ მიაყენოთო. იმ ხალხთანაც არ გვინდა ზიანი, ვისაც ჩვენი ღმერთისა არა სწამთ. უსამართლობა არ გვინდა ჩვენ. ის, რაც ჩვენ დღეს დაგვმართეს, ვფიქრობთ, რომ ზიანია.

    ჩვენ გვინახავს როგორ იჭერენ ხალხს, ბევრი სპეცოპერაციაც გვინახავს, დამნაშავეების დაჭერაც არ არის ახალი ამბავი, თუ რა თქმა უნდა დამნაშავეა. ეს არის სახელმწიფო კანონმდებლობა და როგორც თავიდანვე აღვნიშნე, ეს ღმერთის კანონიც არის, დანაშაულს ნუ ჩაიდენთო.

    დაპატიმრებაც გვესმის, მაგრამ შევიდნენ სახლში და ოქროსავით ახალგაზრდა ბიჭს შუბლში ესროდნენ და ადგილზე კლავდნენ, ეს არანაირი სპეცოპერაცია არ არის. მასეთი საქციელით ჩვენ ვერ შეგვაშინებენ .

    ეს ახალი არ არის. ჩვენ დაღვრილი სისხლიც გვინახავს, ჩვენს მამებს და დედებსაც უნახავთ ბევრი სისხლისღვრა, გაჭირვებაც გვინახავს, ბევრი მკვლელობაც, კაცის მკვლელობის პატიებაც გვინახავს, მაგრამ ვერასდროს შევეგუებით როცა სახლში გვივარდებიან და იარაღით გვხოცავენ.

    ამიტომაც შევიკრიბეთ. ჩვენ არ ვისხდებით ხელების შლით, ეს რა გააკეთესო, რატომ და როგორ გააკეთესო. ჩვენ გამოვალთ გარეთ, როგორც ახლა. ჩვენ შევიკრიბებით, წინ დავუდგებით როგორც შეგვიძლია, რისი ძალაც შეგვწევს.

    ჩვენ დარწმუნებულები არ ვართ, რომ ასეთი დანაშაული ხვალეც არ დაგვემართება. ჩვენ არც იმაში ვართ დარწმუნებულები, რომ ხვალ რომელიმე ჩვენგანის სახლში იარაღს არ გვესვრიან.

    ამიტომაც ჩვენ ამ ხელისუფლებას მოვუწოდებთ და ვეუბნებით, რომ სახლში შემოსვლაზე, იარაღის სროლასა და სისხლისღვრაზე, მერე ხალხის მიტოვებასა და წასვლაზე, ჩვენ თვალებს ვერ დავხუჭავთ. რაც ჩვენს შორისაა, ბაიათი არის თუ არა, უთანხმოება გვაქვს თუ არა, ეს ჩვენი ოჯახია. რაც ჩვენს ოჯახშია, მაგას ჩვენ თვითონ გადავწყვეტთ ღვთის წყალობით. რაც ჩვენს ოჯახს ეხება, მაგაზე ჩვენ შევიკრიბებით, ჩვენ თვითონ მოვითხოვთ, ჩვენ თვითონ გავარჩევთ, ჩვენ მოვთხოვთ, მივცემთ, ავიღებთ, შევიწყალებთ, იმიტომ რომ ჩვენ მუსულმანები ვართ. ჩვენ შევძლებთ მივხედოთ ჩვენსას, მაგრამ სახლში შემოსვლაზე და იარაღის სროლაზე, ახალგაზრდა ბიჭების ხოცვაზე, ჩვენ ვერ გავჩუმდებით, ვერც სახლში ვისხდებით, უმოქმედოდ ვერ ვისხდებით. თუ ის დამნაშავეა, ის ბიჭი, ან სხვა ბიჭები თუ არიან დამნაშავენი, დილით ადრე კი არ უნდა შესულიყავით სახლში და იარაღი კი არ უნდა გესროლათ, არამედ რომ გეთქვათ ჩვენთვის, ჩვენ თვითონვე ჩამოვიყვანდით მაგათ, ჩვენ თვითონ ჩაგაბარებდით. საღამოს ტყიდან რომ ბრუნდებოდა, დაეძახათ მისთვის, ჩაესვათ მანქანაში და ისე წაეყვანათ, ან სხვანაირად მოქცეულიყვნენ. ამდენი, 90 ავტომობილით, შეიარაღებული ხალხით სახლებში შევარდნით ხომ არ გგონიათ რომ შეგვაშინებთ?! არ შევშინდებით, ვერც ადრე შეგვაშინეს, არც მერე გვეშინოდა.

    ვთქვი, ბევრი იარაღიც გვინახავს, ახლა საკმარისია, საკმარისი!

    თუ ისინი იმიტომ დააკავეს, რომ თბილისში ჩატარებულ სპეცოპერაციას დაუკავშირონ, მათი შემოსვლაც, მათი საქართველოში ყოფნაც, რაც თვითონ ჩაიდინეს, უნდათ სისხლიანი ხელები ჩვენ შეგვაწმინდონ, თავიანთი ბრალის გადასაფარად, ჩვენთვის იარაღის სროლა საჭირო არ არის.

    ვიმეორებ, რაც დღეს დაგვემართა, იმის გარანტია არ გვაქვს, რომ ხვალეც არ დაგვემართება. შეიძლება ხვალეც იგივე დაგვატყდეს თავს. ამიტომ უნდა ვიყოთ ფხიზლად, ერთმანეთს უნდა გავუგოთ, თუ საჭიროა, გარეთაც უნდა გამოვიდეთ, სადაც სათქმელია სიტყვაც უნდა ვთქვათ, სადაც საჭიროა კაცობაც უნდა ვანახოთ,  ვაჟკაცობაც უნდა დავანახოთ, სადამდეც ძალა მიგვიწვდება მაგისთვის ნაბიჯიც უნდა გადავდგათ. სადაც ძალა არ მიგვიწვდება, იქ უკან თუ დავიხევთ, ეგეც ვაჟკაცობაა. ამიტომ ძმებო, ჩვენი ამდენი ხალხის შეკრებაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ საზიანო არ გვინდა".

    საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, 26 დეკემბერს, სპეცოპერაციის შედეგად თბილისსა და პანკისში 5 პირი დააკავა: ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი. ეს უკანასკნელი სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმელებმა თავში დაჭრეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესსპიკერის ნინო გიორგობიანის განცხადებით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას ხელყუმბარის ამოქმედებას აპირებდა და უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე ესროლეს. სუს-ის ამ განცხადებას დაჭრილის ოჯახის წევრები კატეგორიულად უარყოფენ. მათი თქმით, თემირლანს არანაირი იარაღი არ ჰქონია, მას ეძინა, როცა სპეცრაზმელები ოთახში შეუვარდნენ და ესროლეს. მთავარმა პროკურატურამ დღეს გამოძიება დაიწყო თემირლან მაჩალიკაშვილის დაჭრის ფაქტზე.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულებს ტერორიზმის ხელშეწყობას ედავება, კერძოდ საქართველოში შემოსული ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობაში ადანაშაულებს. პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი დღეს წაუყენა. სასამართლო მათთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს 28 დეკემბერს განიხილავს.

     

    ამ თემაზე:

    თუ გინდათ რომ პანკისში ტერორისტები არ იყვნენ, ნუ შექმნით მათ - თემურ ქავთარაშვილი

    დაჭრილის მამა - სტრასბურგამდე ჩავალ და სიმართლეს მაინც დავამტკიცებ

    პანკისის ხეობის მცხოვრებლები ხელისუფლებისგან ობიექტურ გამოძიებას ითხოვენ

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    დაპირისპირება პანკისში ადგილობრივებსა და გარემოს დაცვის ინსპექტორებს შორის

    გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები, რომლებიც პანკისში, სოფელ დუისში,…

    მუსლიმურ სამყაროში რამადანი დაიწყო

    მუსლიმურ სამყაროში რამადანი დაიწყო. რამადანი მთვარის კალენდრის მეცხრე თვეა. ეს…

    პანკისის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე გარდაიცვალა

    95 წლის ასაკში, პანკისის უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე სოლცა ქავთარაშვილი გარდაიცვალა.
  • პოპულარული

    მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]