• დაკავებულებს ნამდვილად გააჩნდათ ტერორისტული ზრახვები - კახეთის გუბერნატორი

    ხუთშაბათი, 04 იანვარი 2018 00:31 view 3938
    დაკავებულებს ნამდვილად გააჩნდათ ტერორისტული ზრახვები - კახეთის გუბერნატორი

    „რა ვიდეომასალებიც იქნა ნაჩვენები, იკვეთებოდა, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად გააჩნდათ ტერორისტული ზრახვები და ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები იყვნენ კავშირში ჩატაევის ჯგუფთან, რომელიც ტერორისტულ აქტს გეგმავდა საქართველოში“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა ირაკლი ქადაგიშვილმა პანკისში გამართული დახურული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

    გუბერნატორი დღეს პანკისის უხუცესთა კავშირის წევრებს, ქალთა საბჭოს, არასამთავრობო ორგანიზაცია კახეთის რეგიონული განვითარების ფონდის წარმომადგენლებს, სკოლის დირექტორებს და "ქართული ოცნების" ადგილობრივ ლიდერებს შეხვდა. შეხვედრას ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი და პანკისის სოფლებში მერის წარმომადგენლები, ასევე საკრებულოში არჩეული წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრა დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა.

    „შეხვედრის მიზანია ამ საზოგადოებამ მეტნაკლებად სწორი ინფორმაცია გაიგოს, ის ინფორმაცია, რაც დღეისათვის ჩვენს ხელთ არის. ამასთან, ასეთი შეხვედრა იმიტომ არის აუცილებელი, რომ ყოველგვარი ჭორების გავრცელებას, სიტუაციის დაძაბვას, მოვლენებისთვის წინ გასწრებას, რომელიც არ მოქმედებს ხეობაში მშვიდობის სასარგებლოდ, ამის პრევენცია მოხდეს“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.

    ჟურნალისტების კითხვაზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელებმა რა ვიდეო და აუდიომასალები გააცნეს პანკისელ უხუცესებს 29 დეკემბერს, თელავში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც გუბერნატორიც ისწრებოდა, ქადაგიშვილმა განმარტა:

    „ჩაითვალა საჭიროდ, ვნებათაღელვა რომ არ ყოფილიყო და ისეთი განწყობა, რომ თითქოს რამენაირად ვიღაც სპეციალურად მოვიდა და ამ ხეობაში, ამ საზოგადოების წინააღმდეგ მიმართული რაიმე ქმედება იყო,

    აჩვენეს რამდენიმე აუდიო და ვიდეომასალა, საიდანაც ჩანდა, დაკავებული ადამიანების და დაჭრილი ადამიანის პირდაპირი კონტაქტი ახმედ ჩატაევის წარმომადგენლებთან, რომლებიც ისანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს იყვნენ დაპატიმრებული და განადგურებულები.

    ამით მიანიშნეს ამ ადამიანებს, რომ არავინ არ გეგმავდა ამ ოპერაციას სხვა მიზნების გამო. ერთადერთი მიზანი, რაც ამ სპეცოპერაციას გააჩნდა, გარკვეული ტერორისტული ქსელის და ტერორიზმში ეჭვმიტანილების დაკავება იყო. არავის ლიკვიდაციაზე არ იყო ლაპარაკი, პირიქით, დავალება იყო, რომ მაქსიმალურად უვნებლად, ცოცხლად და ჯანმრთელად აეყვანათ ყველანი, რომ შემდგომ ძიებას რაც შეიძლება მეტი მასალა და მეტი ინფორმაცია მიეღო“.

    კითხვაზე, არის თუ არა ნაჩვენებ მასალებში საუბარი საქართველოში რუსეთის საელჩოს და ერთ-ერთი ღონისძიების, სავარაუდოდ საბავშვო ევროვიზიის აფეთქებაზე, კახეთის გუბერნატორმა განაცხადა: „მე არ მინდა ახლა ამ მასალებზე კონკრეტული საუბარი, მაგრამ იქ რა აუდიო და ვიდეომასალებიც იქნა მცირე ნაწილი ნაჩვენები, იკვეთებოდა, რომ ამ ადამიანებს ნამდვილად გააჩნდათ ტერორისტული ზრახვები და ეს ადამიანები იყვნენ კავშირში ამ ზრახვების მატარებელ ადამიანებთან.

    მე ამ მასალებიდან დავინახე, რომ ჩატაევი გეგმავდა ტერორისტულ აქტს საქართველოში და ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენი მოქალაქეები იყვნენ კავშირში ჩატაევის ჯგუფთან, რომლის ლიკვიდაციაც მოხდა ისნის სპეცოპერაციის დროს“.

    კითხვაზე - რით დარწმუნდა, რომ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ პირებსა და ისნის სპეცოპერაციის დროს განადგურებულ პირებს შორის კავშირი არსებობდა, გუბერნატორმა უპასუხა, რომ ისინი ერთად არიან გადაღებული: „უფრო მეტ ინფორმაციას მოგცემთ გამოძიება, როცა საჭიროდ ჩათვლის. ეს ჩემს პრეროგატივაში აღარ შედის“.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა პანკისის ხეობასა და თბილისში სპეცოპერაცია 26 დეკემბერს ჩაატარა და 5 პირი დააკავა. სპეცოპერაციისას 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცრაზმმა თავის არეში დაჭრა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური დაკავებულებს ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობაში ადანაშაულებს. ოთხ დაკავებულს სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

    27 დეკემბერს, 1000-მდე ადამიანი შეიკრიბა პანკისში. აქციის მონაწილეებმა ხეობაში წინა დღეს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტება გააპროტესტეს.

     

    ამ თემაზე:

    რა მოთხოვნებს უყენებს პანკისის უხუცესთა კავშირი ხელისუფლებას

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]