• პანკისის ხეობაში ფიტნეს კლუბები გაიხსნება

    ორშაბათი, 26 თებერვალი 2018 01:03 view 4869
    პანკისის ხეობაში ფიტნეს კლუბები გაიხსნება

    სუმაია 32 წლის არის, ოთხ მცირეწლოვან შვილს მარტო ზრდის. მეუღლე 2016 წლის ივნისში სირიაში დაეღუპა. სუმაია თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლობდა. პროფესიით დაწყებითი კლასების პედაგოგია. უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ პანკისში დაბრუნდა, მაგრამ ხეობაში მუშაობა ვერ დაიწყო.

    მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა პანკისის სათემო რადიო WAY-ს რეპორტიორის, ისლამ გორგიშვილის დახმარებით მიიღო.

    „მინდოდა რამე საქმე წამომეწყო. იმის მიუხედავად, რომ საკმარისი თანხა არ მქონდა, სოფელ დუისში, გზის პირას მშენებლობაც დავიწყე. საგრანტო კონკურსი რომ გამოცხადდა, იდეა დავწერეთ და წარვადგინეთ. ხეობაში საერთოდ არ არის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი. ჩემი თანატოლი ქალებისგან სულ მესმოდა, ასეთი ცენტრი რომ ყოფილიყო ქალებისთვის, აუცილებლად ისარგებლებდნენ. ჩვენი იდეაც ფიტნეს-კლუბის გაკეთებას ითვალისწინებდა“, - ამბობს სუმაია.

    კონკურსის პირველ ეტაპზე გამარჯვების შემდეგ, სუმაიას ბიზნესგეგმის შედგენაშიც ისლამ გორგიშვილი დაეხმარა. ბიზნესგეგმა მოიწონეს და სუმაიამ ორ პარტნიორთან ერთად 14 500 ლარი მოიგო. გრანტით ფიტნესკლუბისთვის 15 ტრენაჟორი შეიძინა. კლუბის გახსნას მარტის ბოლოს გეგმავს.

    „ქალების აზრი გავითვალისწინეთ. ცალკე სავარჯიშო ოთახი ექნებათ. შესაძლებელია ბიჭებმა და გოგონებმა სხვადასხვა დღეებში იარონ. ცალკე იმიტომ, რომ ჩვენთან ერთად ვერ ივარჯიშებენ“, - აღნიშნავს სუმაია.

    სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება მოიპოვა 58 წლის სერგო მარგოშვილმაც. სერგო მასწავლებელია. დუმასტურის საჯარო სკოლაში სპორტს ასწავლის. მოგებული გრანტით, მეუღლესთან ერთად სოფელ დუისში სერგოც ფიტნეს კლუბს გახსნის: „სერტიფიცირებული მწვრთნელი ვარ სპორტის რამდენიმე სახეობაში. პროექტში ჩემი პარტნიორი მარეხ ალხანაშვილია, რომელიც მედდაა. ის დაეხმარება ქალებს, რომ სწორად ივარჯიშონ“.

    პანკისის ხეობაში კიდევ ერთი ფიტნეს კლუბი სოფელ ბირკიანში გაიხსნება. იდეის ავტორი 36 წლის დავით ბაღაკაშვილია. დათო პროფესიით არქიტექტორია. ბირკიანში მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად ცხოვრობს: „კლუბი სოფლის ცენტრში იქნება. ჩემი მიზანია რომ ახალგაზრდები მოვიზიდო. ამ სფეროში არ ვარ გარკვეული, მაგრამ მომზადებას ვაპირებ. ფიტნეს კლუბთან დაკავშირებით შეიძლება დღეები გავანაწილო ქალებისთვის და მამაკაცებისთვის, იმის მიხედვით, როგორი მოთხოვნა იქნება. ფართი იმხელაა, რომ 10-12 ადამიანს შეუძლია თავისუფლად ივარჯიშოს. ყოველთვიური გადასახადი დაახლოებით 20 ლარი იქნება“.

    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ საქართველოს რეგიონებში მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის განხორციელება 2015 წელს დაიწყო. პროგრამის მიზანი დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა და რეგიონებიდან მოსახლეობის მიგრაციის შემცირებაა. კონკურსის შედეგად გამარჯვებულებს, გრანტის სახით, 5 ათასიდან 15 ათასამდე ლარის მიღება შეეძლოთ. პროგრამისთვის პრიორიტეტული იყო ქალი მეწარმეების ბიზნესიდეები. კახეთის რეგიონში ყველაზე მეტი პროექტი პანკისის ხეობაში დაფინანსდა. უახლოეს დღეებში პანკისის სათემო რადიო გიამბობთ, პროგრამის წინა რაუნდებზე დაფინანსებული პროექტებიდან რომელი საწარმოები აგრძელებენ მუშაობას.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]