• პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი გაიმართება

    სამშაბათი, 24 აპრილი 2018 19:08 view 6553
    პანკისში თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი გაიმართება

    29 აპრილს, პანკისის ხეობაში თემირლან მაჩალიკაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი დოღი გაიმართება. ღონისძიება 14:00 საათზე, სოფელ დუისში, მდინარე ალაზნის პირას დაიწყება. შეჯიბრში მონაწილეობა კახეთის მასშტაბით ყველა მსურველს შეუძლია.

    დოღში გამარჯვებულებს ფულადი და სხვა სახის საჩუქრები გადაეცემათ. პირველ ადგილზე გასული მხედარი 500 ლარს და ცხვარს მიიღებს. მეორე ადგილის მფლობელი 250 ლარით, ხოლო მესამე ადგილის მფლობელი 150 ლარით დაჯილდოვდება. 50 ლარით დასაჩუქრდებიან დოღის დანარჩენი მონაწილეები.

    19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი, პანკისის ხეობაში 2017 წლის 26 დეკემბერს ჩატარებული სპეცოპერაციის დროს სპეცრაზმმა სასიკვდილოდ დაჭრა. თემირლანი 10 იანვარს გარდაიცვალა. პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. გამოძიებას პასუხისგებაში ამ დრომდე არავინ მიუცია.

    თემირლან მაჩალიკაშვილს და სპეცოპერაციის შედეგად პანკისში დაკავებულ სხვა პირებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმის ხელშეწყობაში, კერძოდ, ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. სუს-ს თემირლან მაჩალიკაშვილისთვის ბრალი არ წაუყენებია და ამ დრომდე, მის მიერ დანაშაულის ჩადენის უტყუარი მტკიცებულებებიც არ გაუსაჯაროებია, ასეთის არსებობის შემთხვევაში. დანარჩენი 5 პირი დაპატიმრებულია. მათ ბრალი ტერორიზმის ხელშეწყობაში ედებათ. საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლო დახურულ სხდომებზე იხილავს.

    თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევის გამო, მისმა მშობლებმა, სუს-ის წინააღმდეგ, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რამდენიმე დღის წინ სასამართლოს მიმართეს.

    ამასთან, თემირლანის მშობლები და პანკისის მცხოვრებლები მაჩალიკაშვილის ოჯახისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭებას, თემირლან მაჩალიკაშვილის უდანაშაულოდ აღიარებასა და თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეზე დამნაშავეთა დასჯას ითხოვენ. ამ მოთხოვნებით პანკისში რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]