• გაზრდილი დაპირებები მოსახლეობას - პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე თანხმობის სანაცვლოდ

    პარასკევი, 22 ივნისი 2018 19:35 view 5382
    გაზრდილი დაპირებები მოსახლეობას - პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე თანხმობის სანაცვლოდ

    კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილმა, რომელსაც მშენებლობის ნებართვა კი აქვს, მაგრამ რამდენიმე თვეა პანკისის ხეობაში მესამე ჰესის მშენებლობას ვერ იწყებს, ადგილობრივი მოსახლეობისგან თანხმობის მისაღებად შეთავაზება გაზარდა.

    ჰიდროელექტროსადგურ „ხადორი 3“-ის მშენებლობასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა თბილისში რამდენიმე დღის წინ გაიმართა. შეხვედრას ეკონომიკის მაშინდელი მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, მისი მოადგილე ნიკოლოზ გაგუა (დროებით მთავრობაში ეკონომიკის მინისტრი), ასევე, შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე კახაბერ საბანაძეც ესწრებოდნენ. პანკისიდან შეხვედრაში უხუცესთა კავშირის წევრები ხასო ხანგოშვილი და ზელიმხან წუწაშვილი, სალაფიტური თემის ლიდერები, იმამი - ბექხან ფარეულიძეოსმან ალდამოვი და სხვები მონაწილეობდნენ.

    ინვესტორი კომპანიის წარმომადგენელი, ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლის ყოფილი მოადგილე მათე ქავთარაშვილი ამბობს, რომ შეხვედრა მინისტრ ქუმსიშვილის ინიციატივით გაიმართა და ენერგეტიკის სფეროს განვითარებაზე და იმ მოლოდინებზე ისაუბრეს, „რაც ჰესების მშენებლობას ხეობაში მოჰყვება“.

    „შეხვედრაზე გვითხრეს, რომ ქვეყანაში ელექტროენერგიაზე მოთხოვნა იზრდება და ამიტომ, ასეთი ჰესების მშენებლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის განვითარებისთვის. სხვა ჰესებთან შედარებით, ეს ე.წ „მწვანე ჰესია“, რომელიც გარემოს ნაკლებ ზიანს აყენებს.

    საუბარი შეეხო იმ მიწის ნაკვეთებს, რომელიც სახელმწიფოს აქვს გადმოცემული ინვესტორი კომპანიისთვის, მშენებლობის უფლებით. ითქვა, რომ უშუალოდ სადგურისა და ქვესადგურის ტერიტორია იქნება შემოღობილი, დანარჩენი კი არ შემოიღობება.

    კომპანია შეიძენს პანკისში მდებარე მიწის ნაკვეთებს და საჩუქრად გადასცემს მოსახლეობას, რომ ვინმემ მომავალშიც არ იფიქროს ჰესების მშენებლობის გაგრძელება. კომპანიის მხრიდან ასევე არის შეთავაზება, რომ „ალაზანი ენერჯი“ მდინარეზე შეიძენს კარიერებს და უფასოდ გადასცემს მოსახლეობას, რომ ქვა-ღორღის მოპოვებისას აღარ დაჯარიმდნენ“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს მათე ქავთარაშვილმა.

    როგორც ცნობილია, სამი კვირის წინ, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა პანკისში, მდინარე ალაზნიდან ქვიშის უნებართვოდ აღების გამო, რამდენიმე მეწარმე დააჯირიმა, რასაც ხეობაში ინსპექტორებსა და ადგილობრივებს შორის დაპირისპირება მოჰყვა.

    პანკისის სალაფიტური თემის ერთ-ერთი ლიდერის, ოსმან ალდამოვის თქმით, თბილისში გამართულმა შეხვედრამ უშედეგოდ ჩაიარა და მხოლოდ მინისტრის და ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლების წინადადებები მოისმინეს:

    „იმამმა მთხოვა, რომ ჯამაათის წევრებიც ყოფილიყვნენ ამ შეხვედრაზე. გვესაუბრნენ, რომ ჰესი ზიანის მომტანი არ იქნება და ეკონომიკას წაადგება. კომპანიის წარმომადგენლები როგორც წინა შეხვედრებისას, ახლაც აღნიშნავდნენ, რომ მოსახლეობის საწინააღმდეგოს არაფერს ჩაიდენენ და თუ მშენებლობას რაიმე ზიანი მოჰყვა, ჰესს საერთოდ გააჩერებენ.

    ამასთან, სოფლების, ომალოს და დუმასტურის მოსახლეობას პირდებიან წყლის გაყვანას, შიდა ქსელების მოწესრიგებას, ხალხს დავასაქმებთო. ამ ყველაფერს იურიდიულად გავაფორმებთ და გვენდეთო.

    ჩვენ ვუთხარით, რომ ჩვენ არაფერს ვწყვეტთ. ჩვენ ვერ ვეტყვით მოსახლეობას, რომ ჰესი უნდა აშენდეს, როცა 80% წინააღმდეგია. მერე გვითხრეს, რომ დაავალებენ შესაბამის ორგანოებს, გუბერნატორს, მერს, სოფლის მმართველებს, რომ ინფორმაცია ხალხამდე მიიტანონ, რომ ეს მშენებლობა სახელმწიფო ინტერესებში შედის“.

    ხეობაში მესამე ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის მომხრეა უხუცესთა კავშირის წევრი ხასო ხანგოშვილი. მას მიაჩნია, რომ ჰესის დადებით მხარეებზე მოსახლეობის ინფორმირებაა საჭირო:

    „შეხვედრაზე ჰესების დადებით და უარყოფით მხარეებზე ვისაუბრეთ. ნათლად გამოიკვეთა სახელმწიფო ინტერესები. რაიმე შედეგისთვის არ მიგვიღწევია. მე პირადად ცალსახად ვთქვი, რომ არიან საჯარო მოხელეები, გამგებლები, დეპუტატები, მათ და შესაბამისმა სამსახურებმა უნდა განაგრძონ მუშაობა და ყველაფერი მოსახლეობაზე არ უნდა მიაგდონ. ხომ უნდა აუხსნან რა პირობებია, როგორ რა მოხდება. კიდევ გაგრძელდება ამ საკითხზე შეხვედრები.

    მე ვფიქრობ, რომ არც არის ჰესის მშენებლობა საზიანო. ეგ არის სოფელ ბირკიანის საქმე, მათი გადასაწყვეტი და არა დანარჩენი მოსახლეობის. მე ასე მესმის ეს საკითხი. ჰესის მშენებლობის სანაცვლოდ, ბევრ დადებით რამეს გვთავაზობენ, ბევრი რამის გაკეთება შეიძლება სოფლისთვის და ხეობისთვისაც.

    ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება შემოგვთავაზეს, რიყის მიწების (მდინარის პირას ადგილები) იჯარით შესყიდვა და მოსახლეობისთვის გადაცემა. წყლის პრობლემებსაც მოაგვარებენ, ქუჩებსაც მოაწყობენ“.

    „ხადორი 3“ ჰიდროელექტროსადურის შესახებ

    „ხადორი 3“-ის მშენებლობაზე გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა 2017 წლის 18 ოქტომბერს აქვს დამტკიცებული. ჰესის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

    პროექტის მიხედვით, ჰესის შენობა სოფელ ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში განთავსდება. ჰესისთვის წყლის მიწოდება კი „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ. მდინარის კალაპოტში ალაზნის წყალი თითქმის აღარ დარჩება და ხადორის ხეობა ხოროჯოსწყლის, ბაწარას, ქვაჩადალას და რამდენიმე მცირე შენაკადის იმედზე რჩება. ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივებმა რამდენჯერმე საპროტესტო აქცია გამართეს.

    გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, მდინარეში წყლის დონის მკვეთრი შემცირების გამო, მოსალოდნელია ტყის გამეჩხერება, წავის და სხვა ცხოველების პოპულაციის, ასევე წითელ ნუსხაში შეტანილი ნაკადულის კალმახის და თევზის სხვა სახეობების მნიშვნელოვანი შემცირება.

     

    ამ თემაზე:

    უთევზო ალაზანი და მილებში დატყვევებული მდინარეები პანკისში

    ისლამ გორგიშვილი

    ისლამ გორგიშვილი

    პანკისის სათემო რადიოს რეპორტიორი, სამოქალაქო აქტივისტი. ისლამი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტია. E-mail: [email protected]

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]