• weather cur airplane

    რატომ ვერ შეუერთდა უხუცესთა კავშირი პანკისში ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციას

    შაბათი, 30 ივნისი 2018 22:49 view 1817
    ფოტოზე ხასო ხანგოშვილი ფოტოზე ხასო ხანგოშვილი

    „ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ პანკისში აქციის გამართვის შესახებ მე საქმის კურსში არ ვიყავი. პარასკევს, მეჩეთში, ლოცვის დროს, ერთ-ერთმა პირმა თქვა, ბირკიანში შეკრებააო. უხუცესთა კავშირი როცა რაიმე აქციას უერთდება, წევრები საკითხს ვიხილავთ და ისე ვიღებთ გადაწყვეტილებას. ამის დრო კი ფაქტობრივად აღარ იყო“, - უთხრა პანკისის სათემო რადიოს უხუცესთა კავშირის წევრმა ხასო ხანგოშვილმა.

    29 ივნისს, სოფელ ბირკიანში, ახალი ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეწყვეტის მოთხოვნით გამართულ აქციაზე რამდენიმე მონაწილემ თქვა, რომ უხუცესთა საბჭო მოსახლეობის მოთხოვნას არ შეუერთდა.

    „დღეს არც ჩვენი უხუცესთა საბჭოა აქ, ისინი უბრალოდ ფულს იღებენ და მეტი არაფერი. ჩვენი უხუცესთა საბჭო ესენი არიან, ვინც აქ სხედან. ღმერთის ნებით ამათ მოვუსმენთ და მათი მოსმენით ჩვენს საქმეს გავაკეთებთ“, - აღნიშნა აქციის მონაწილე დაუდ მარგოშვილმა.

    ხასო ხანგოშვილის თქმით, არასწორია, რომ უხუცესთა კავშირის და მათ შორის მის მიმართ ასეთი შეურაცხმყოფელი ბრალდებები ისმის:

    „ქისტური ადათ-წესების მიხედვით, უმცროსებს უფროსების მიმართ პატივისცემა მართებთ. დიდ ცოდვას სჩადის, ვინც მართალ ადამიანს ცილს სწამებს. არ ვაპირებ პოლემიკას იმაზე, ვის რა გაუკეთებია პანკისისთვის და კიდევ რას გააკეთებს. მე ვურჩევდი მათ, ღირსეულად მოიქცნენ და ადამიანებს უსაფუძვლო ბრალდებებით შეურაცხყოფას ნუ აყენებენ“.

    მისივე თქმით, თუ პანკისში რომელიმე ჯგუფი საიდანმე ფულს იღებს, სწორედ სალაფიტები არიან: „უცხოეთიდან გაუმჭვირვალე დაფინანსებას ეგენი იღებენ. უხუცესთა კავშირი კი წლების განმავლობაში ენთუზიაზმით მუშაობს“.

    პანკისის სათემო რადიო უხუცესთა კავშირის კიდევ ერთ წევრს, ზაურ გუმაშვილსაც დაუკავშირდა. კითხვაზე, რატომ არ მიიღო ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ აქციაში მონაწილეობა, გუმაშვილმა განმარტა: „აქციის შესახებ ჩემთვის არავის არაფერი უთქვამს. საამქროს მშენებლობა დავასრულე და ამ საქმეებით ვარ დაკავებული“.

    აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი მუსა პანკისელი ამბობს, რომ პანკისის უხუცესთა კავშირის თავმჯდომარემ ზელიმხან წუწაშვილმა აქციის შესახებ იცოდა.

    „დუისის კლუბში შედგა სახალხო შეკრება, სადაც მოსახლეობამ კატეგორიული წინააღმდეგობა გამოთქვა ხეობაში ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებით. ამ შეხვედრას ყველა გვარის უფროსი ესწრებოდა და შედგა სია, სადაც ყველა გვარიდან რამდენიმე წარმომადგენელი დაფიქსირდა. ასევე ითქვა ისიც, რომ ჰესებთან დაკავშირებით ნებისმიერი პროცესის ორგანიზებისას ინფორმირებულნი იქნებოდნენ სიაში მითითებული გვარის წარმომადგენლები და ისინი თავის მხრივ უზრუნველყოფდნენ, გვარის დანარჩენი წარმომადგენლების მობილიზებას. აქციის ორგანიზებაც სწორედ ამ სქემით მოხდა. გარდა ამისა, ომალოს მკვიდრმა ახალგაზრდებმა მანქანით ჩამოიყვანეს სოფლის უხუცესების ნაწილი და უხუცესთა კავშირის თავმჯდომარეს ზელიმხან წუწაშვილს და კიდევ სხვა წევრს სთხოვეს წამოსვლა, თუმცა მათ უარი თქვეს ახალგაზრდების შეთავაზებაზე. გარდა ამისა არც სახალხო კრებაზე მოსულან“, - აღნიშნავს მუსა პანკისელი.

    სოფელ ომალოში მცხოვრები შენგელი ტოხოსაშვილის თქმით, უხუცესთა კავშირის თავმჯდომარეს პირადად მან შეატყობინა, რომ მოსახლეობა საპროტესტო აქციის გამართვას აპირებდა.

    „ზელიმხან წუწაშვილმა იცოდა, პირადად ვუთხარით, რომ უხუცესთა კავშირიც წამოსულიყო აქციაზე, ასევე კავშირის სხვა წარმომადგენელსაც ვუთხარით ამის შესახებ. შევთავაზეთ, რომ აქციაზე ჩვენ წავიყვანდით მანქანით, მაგრამ უარი გვითხრეს.

    ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ის ხალხი მოსახლეობის ინტერესებს არ იცავს. ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა ნათლად აჩვენა, რომ უხუცესთა საბჭოს ძალიან ცოტა ხალხი ენდობა და მოსახლეობაში მათი ლეგიტიმაცია ძალიან დაბალია“, - უთხრა სათემო რადიოს შენგელი ტოხოსაშვილმა.

    ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში, ჰესის სამშენებლო სამუშაოები მოსახლეობის წინააღმდეგობის მიუხედავად, რამდენიმე დღის წინ დაიწყო. პანკისის ხეობაში მესამე ჰესს კომპანია „ალაზანი ენერჯი“ აშენებს. ჰესისთვის წყლის მიწოდება „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ. მდინარის კალაპოტში ალაზნის წყალი თითქმის აღარ დარჩება და ხადორის ხეობა ხოროჯოსწყლის, ბაწარას, ქვაჩადალას და რამდენიმე მცირე შენაკადის იმედზე რჩება. „ხადორი 3“ – ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი. 29 ივნისს გამართული აქციის შემდეგ ადგილობრივებმა მშენებლობა შეაჩერეს და გათხრილი არხები ტრაქტორისტს მიწით ამოავსებინეს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისში რაგბი ბრუნდება

    ვეტერანმა ბორჯღალოსნებმა ნონო ანდღულაძემ და ლექსო გუგავამ, ხუთი წლის წინ…

    მატანის კალათბურთელ გოგონათა გუნდი საქართველოს ვიცე-ჩემპიონი გახდა

    ახმეტის რაიონის სოფელ მატანის კალათბურთელ გოგონათა გუნდი 16-წლამდელთა შორის საქართველოს…

    პანკისის სალაფიტური თემის იმამად თემურ ქავთარაშვილი აირჩიეს

    ჯამაათმა პანკისის ხეობის სალაფიტური თემის იმამად, 36 წლის თემურ (აბდულ…
  • პოპულარული

  • მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]