• თბილისში პარლამენტის წევრის გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს [Video]

    ოთხშაბათი, 05 ოქტომბერი 2016 12:13 view 5316
    თბილისში პარლამენტის წევრის გივი თარგამაძის მანქანა ააფეთქეს [Video]

    თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის ავტომობილი ააფეთქეს. შემთხვევა 4 ოქტომბერს, დაახლოებით 21:30 საათზე მოხდა. თარგამაძე და მისი მძღოლი აფეთქების დროს ავტომობილში იმყოფებოდნენ, თუმცა მნიშვნელოვანი დაზიანებები არ მიუღიათ. შემთხვევის შედეგად მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი 5 ადამიანი დაშავდა და 10-მდე ავტომანქანა დაზიანდა. გივი თარგამაძე აცხადებს, რომ მისი მანქანა სავარაუდოდ დისტანციური მართვის პულტით ააფეთქეს.

    „ჩამოვედით ოფისიდან, ჩავსხედით მანქანაში, ჩემი მძღოლი მართავს ავტომანქანას. ამოვუხვიეთ კოლმეურნეობის მოედანზე და ამ დროს მოხდა ეს ამბავი. თავიდან კარგად ვერ მივხვდი რა მოხდა, ასეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს წინიდან გვესროლეს. შემდეგ რომ გადმოვედით და გონს მოვეგეთ, მანქანას რომ შევხედე უკანა მხარე მთლიანად მოგლეჯილი აქვს. აქედან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, რომ ასაფეთქებელი მოწყობილობა ან აკრული, ან ჩადებული იყო უკანა მხარეს. ასევე დარწმუნებული ვარ, უკან მოგვგყვებოდა მანქანა, საიდანაც დისტანციური მართვის პულტით განხორციელდა აფეთქება. ყველას ძალიან უნდოდა, რომ გაზზე ყოფილიყო ჩემი მანქანა, მაგრამ ნამდვილად არ არის გაზზე და ეს ნამდვილად აფეთქებაა“, - განუცხადა გივი თარგამაძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს.

    მისივე თქმით, 30 სექტემბერს მისი მეუღლის ტელეფონზე ჩინური ნომრით აუდიოჩანაწერები გადაიგზავნა, რომლებშიც თითქოს მის პირად ცხოვრებასთან დაკავშირებული სატელეფონო საუბრები იყო ჩაწერილი.

    „მე და ჩემს მეუღლეს გვაქვს ჩვენი პირადი ცხოვრება და მასში არავისთვის მონაწილეობის მიღების დაშვებას არ ვაპირებთ, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, უარი ვთქვით ამ ადამიანების ბინძურ გონებაში მოფიქრებული თამაშის წესებში რამენაირ ჩართვაზე, უბრალოდ დავაიგნორეთ ეს ყველაფერი. თუმცა დღეს ამ ფაქტის მერე, ამასაც საჯაროს გავხდი. ზოგადად, მთელი ეს პერიოდი შორიდან შეთვლა-შემოთვლის ფორმატში... ვიცით, ხომ ვინ არის ეს მეტოქე და ვინც იგონებს ამ ყველაფერს, უფრო სწორად, იგონებს ივანიშვილი, მაგრამ ვინც ახორციელებს ყოველგვარ ასეთ ძალადობრივ აქტებს, თუ იმ სიბინძურეების გავრცელებას, რაც ვრცელდება. ეს არის ადამიანი, რომელსაც მე „ანტრიკოტას“ ვეძახი და ის ამაზე ბრაზდება, რატომღაც, თუმცა ეს არ არის ჩემი შერქმეული მეტსახელი. როდესაც ის პოლიციაში მუშაობამდე მხოლოდ და მხოლოდ ხორცის მაღაზიაში მუშაობდა, იქ შეარქვეს ეს სახელი. როგორც ჩანს, კომპეტენცია ხორცის მაღაზიისაა. ხორცის გამყიდველებს ჩემი პატივისცემა, არაფერს ვერჩი, მაგრამ როდესაც ადამიანი მხოლოდ ამ გამოცდილებით გადადის პოლიციაში და შემდეგ ხდება ყველაზე მთავარი ფიგურა, რომელსაც ფეხქვეშ ჰყავს გათელილი მისი მინისტრიც კი, უნიათო, ბატუტზე მხტომელი... ვგულისხმობ სუს-ის ფორმალურ მინისტრს, გომელაურს, ის არაფერს წარმოადგენს სუს-ში. სუს-ში მხოლოდ და მხოლოდ ბატონი გოგაშვილი არის ფიგურა და პირდაპირ უჩა მამაცაშვილიდან კონტაქტობს უზენაეს მათ ბინძურ ღვთაებასთან. სწორედ ასე ხორციელდება ყველაფერი. ივანიშვილი იგონებს ამას თავის ბინძურ ტვინში, ახორციელებს გოგაშვილი. ბოლო პერიოდში, მგონი, კალაძეც კი ჩაწია გვერდზე, თუმცა ისიც არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი ყოველგვარი ამ ძალადობის. სხვა ადამიანებზე ვერც მექნება ეჭვი, ბუნებრივია გამოძიება ჩატარდება“, - აღნიშნა გივი თარგამაძემ.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აფეთქების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

     

    ვიდეომასალა შეიცავს მძიმე კადრებს, რის გამოც, ბავშვები და სუსტი ნერვების მქონე ადამიანები მოერიდეთ მის ნახვას.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • საგრანტო კონკურსები

    კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]