• Россия 24–ის სპეციალური რეპორტაჟი - „პანკისის სინდრომი“ [Video]

    პარასკევი, 22 იანვარი 2016 18:03 view 6065
    Россия 24–ის სპეციალური რეპორტაჟი - „პანკისის სინდრომი“ [Video]

    „დღეს აქ იარაღს ღიად არავინ ატარებს, ადგილობრივი თანმხლების გარეშე უმჯობესია გარეთ არ გახვიდე“; „ახლა საქართველოდან „ისლამურ სახელმწიფოში“ წამსვლელთა ნაკადი შემცირებულია, რაც დიდწილად რუსეთის ავიაციის დარტყმების წყალობით მოხდა“; „იჩქერიის ყოფილი მომხრე უმარ იდიგოვი ახლა ამბობს, რომ რუსეთის ჩეჩნეთი ყველას მაგალითს აძლევს“; „ამერიკელები ახალწვეულებს „ისლამური სახლემწიფოს“ ტერორისტებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში მოამზადებენ“, – ეს ამონარიდებია რუსული ტელეკომპანია Россия 24–ის სპეციალური რეპორტაჟიდან, რომელიც ეთერში 21 თებერვალს, საღამოს გავიდა.

    რუსული ტელეარხის გადამღებ ჯგუფს პანკისის ხეობაში რეპორტაჟის მომზადებაში დუისის ე.წ. ტრადიციული მეჩეთის იმამი ომარ ალდამოვი დაეხმარა. იმამის დახმარებით გახდა შესაძლებელი თარხან ბათირაშვილის მამასთან, ასევე სირიაში წასული 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის მშობლებთან ინტერვიუს ჩაწერა.

    „გზასთან მდგარი ეს ჯვარი პანკისის ხეობასთან პირობითი საზღვარია. უკან ადმინისტრაციული ცენტრი ქალაქი ახმეტაა, სადაც მართლმადიდებელი ქართველები ცხოვრობენ, წინ კი ქისტების მუსულმანური სოფლებია. ქისტები ჩეჩნები არიან, რომლებიც აქ ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის დროს გადმოსახლდნენ და ქართული გვარები აიღეს. 90-იან წლებში მათ დაემატათ ათასობით თანატომელი - ლტოლვილები ჩეჩნეთიდან. რუსეთის ჩრიდილოეთ კავკასიაში მშვიდობის დამყარების შემდეგ, პანკისის ხეობა, ეს სულ 15 სოფელი და 10 ათასი მაცხოვრებელია, ახალი ამბების სივრციდან, ფაქტიურად გაქრა. პანკისის შესახებ ხელახლა მაშინ ალაპარაკდნენ, როდესაც ახალგაზრდებმა „ისლამურ სახელმწიფოში“ საბრძოლველად დაიწყეს წასვლა“, – ასე იწყება რეპორტაჟი.

    „გარეგნულად იდილიაა. დღეს აქ იარაღს ღიად არავინ ატარებს. ცხოვრება მშვიდი გახდა. ხალხი თითქოს ისტორიულ კაფსულაშია, მხოლოდ ცხენების ნაცვლად უცხოური მარკის ავტომობილები გაჩნდა. საოცარი ბუნების გარდა პანკისში არაფერია, არც სამუშაო, არც სპორტული წრეები, არც სასწავლებლები და მედრესეებიც კი. აქამდე არ არის გამოყვანილი გაზი და მოსახლეობა შეშით თბება. აქ არ არის არცერთი რესტორანი, სასტუმრო ან სავაჭრო ცენტრი. მართალია, საომარი მოქმედებები პანკისის ხეობამდე არ მოსულა, მაგრამ ირგვლივ ღრმა მწუხარების შეგრძნებაა. ისევ ისე, როგორც ასობით წლის წინ, აქ უცხოს მაშინვე ცნობენ. ადგილობრივი თანმხლების გარეშე უმჯობესია გარეთ არ გახვიდე. ჩვენ პანკისის ხეობის იმამი ომარ ალდამოვი გვხვდება და მაშინვე პარასკევის ლოცვაზე, „ჯუმა ნამაზზე“ გვიწვევს. ქალები ცალკე განყოფილებაში იკრიბებიან. წრეზე დგებიან, ტაშს უკრავენ და რიტუალურ ცეკვას „ზიქრს“ ასრულებენ. იმამი ყურანს მამაკაცებს უკითხავს. დღეს თემა აქტუალურია - საუბრობენ ახალგაზრდებზე და „ისლამური სახელმწიფოს“ საფრთხეებზე“, – იუწყება Россия 24.

    ტელეკომპანიის ინფორმაციით, 2000-იან წლებში პანკისი რუსლან გილაევთან ასოცირდებოდა, ამბიციურ ტერორისტთან, რომელსაც მეტსახელად „შავი ანგელოზს“ უწოდებდნენ. მან პატარა ხეობაში მსოფლიოს სახელმწიფოების ინტერესების კონცენტრაცია მოახდინა. მაშინ, პანკისის ხეობაში გაჩნდა ბოევიკების ბაზები, რომელთაც სიჩუმით ამართლებდა საქართველოს ხელისუფლება (საველე ბანაკებით, ჰოსპიტალებით, სასროლი პოლიგონებით და გამოცდილი ინსტრუქტორებით, ჩეჩნეთიდან ათას ლტოლვილთან ერთად, „პერევალის“ გავლით ტერორისტთა ჯგუფებს მიმართულებას აძლევდნენ). რუსეთის რიგითი მილიციის მუშაკმაც კი იცოდა პანკისის ხეობის პატარა სოფლების დუსის, ომალოსა და ჯოყოლოს შესახებ.

    Россия 24–ის ჟურნალისტი რეპორტაჟში ხაზს უსვამს, რომ დღეს რუსლან გილაევის დიდება, სხვათაშორის მისი ვაჟიშვილიც სირიაში დაიღუპა, სუსტმა ტუბერკულოზიანმა ბიჭმა დაჩრდილა. ახლა პანკისის ხეობა მთელს მსოფლიოში თარხან ბათირაშვილის წყალობით არის ცნობილი.

    „არც ისე სასიამოვნოა თქვენი აქ ნახვა. რუსები ხომ ვერ იტანენ კავკასიელებს, მით უმეტეს, ჩეჩნებს“, – ასე მიმართავს თახრან ბათირაშვილის მამა თემურ ბათირაშვილი მასთან სახლში ინტერვიუს ჩასაწერად მისულ რუსული ტელეარხის ჟურნალისტებს.

    „სანამ მისი შვილი საკუთარი ტანკით დარბის, ადამიანთა წამებას ვიდეოზე იღებს, ნავთობის არალეგალური გაყიდვიდან მიღებულ მოგებას ითვლის და რამდენიმე ცოლსა და ტყვეს ინახავს, მათ შორის ტერორისტების ქვრივებსაც, თემურ ბათირაშვილს თავი ძლივს გააქვს. ცოტა ხნის წინ მან ინსულტი გადაიტანა. ახლა ტკივილები და გულის უკმარისობა ტანჯავს. ორი ჯოხის დახმარებით გადაადგილდება. „კასტილებიც“ კი არ აქვს. „ჟღალი გენერალი“ საკუთარ მამას არ ეხმარება“, – აღნიშნავს ჟურალისტი რეპორტაჟში და დასძენს: მართალია „ისლამური სახელმწიფოს“ მეორე ტერორისტი პანკისში ქრისტიანი მწყემსის ოჯახში გაიზარდა, მაგრამ იარაღი ბავშვობიდან უყვარდა. მოგვიანებით, ქართულ ჯარში მსახურობის დროს, მან სამხრეთ ოსეთთან საქართველოს 5-დღიან ომში მონაწილეობაც კი მოასწრო. სპეცრაზმელის სასურველი კარიერა მძიმე ავადმყოფობამ დაანგრია. თარხანს ნახევარი ფილტვი ამოაჭრეს და ჯარიდან ჯანმრთელობის მიზეზის გამო გაუშვეს. ის ცდილობდა სამსახური პოლიციის ადგილობრივ განყოფილებაში მაინც ეშოვა, მაგრამ ასეთი დიაგნოზით ადმინისტრაციულ თანამდებობაზეც კი არ აიყვანეს“.

    „ძალიან კარგი ბიჭი იყო. ქართულ ჯარში მსახურობდა. უმცროსი ლეიტენანტი თუ ოფიცერი იყო, მაგრამ ხომ ხედავთ, ხელისუფლებამ დაღუპა. სააკაშვილის ხელისუფლებამ დაღუპა. თორემ მას ძალიან უნდოდა ჯარში სამსახური გაეგრძლებინა“, – ციტირებს თემურ ბათირაშვილის სიტყვებს Россия 24.

    „ალ-ბაღდადის გარემოცვაში ცოტა არ არის სადამ ჰუსეინის ყოფილი არმიის გენერლების რიცხვი. მაშ როგორ მოახერხა უბრალო ბიჭმა მთიანი სოფლიდან დასწეოდა მათ კარიერულ კიბეზე და გამხდარიყო „ისლამური სახელმწიფოს“ თავდაცვის მინისტრი. ამ კითხვას ბევრი ექსპერტი სვამს. რეპორტიორ ნინო ბურჭულაძეს, რომელმაც პანკისის შესახებ ყველა წვრილმანი იცის, ამ საკითხზე თავისი ვერსია აქვს“, – ამბობს რეპორტაჟის ავტორი და მაყურებელს „კვირის პალიტრის“ ჟურნალისტის ნინო ბურჭულაძის კომენტარს სთავაზობს: „ვაღიარებ, გაკვირვებული დავრჩი, როცა გავიგე, რომ თარხან ბათირაშვილმა ქალაქი მოსული აიღო და ბაღდადის ასაღებად ემზადებოდა. მას ხომ თითქმის არ ჰქონდა საომარი გამოცდილება გარდა აგვისტოს 5-დღიან ომში მონაწილეობისა. როდესაც „ისლამურ სახელმწიფოში“ მიდიოდა, არაბულადაც კი ვერ ლაპარაკობდა. მე მგონია, რომ თარხანის უკან ვიღაც დგას. ამბობენ, რომ მის გვერდით ყოველთვის არის ვიღაც ადამიანი, მრჩეველი. აღსანიშნავია, რომ ახლა საქართველოდან „ისლამურ სახელმწიფოში“ წამსვლელთა ნაკადი შემცირებულია, რაც დიდწილად რუსეთის ავიაციის დარტყმების წყალობით მოხდა. არავის არ უნდა საზარბაზნე ხორცი იყოს. ამის გარდა, ჩვენ კანონი გვაქვს მიღებული. ახლა უბრალოდ სახლში დაბრუნება აღარ შეიძლება - სირიაში ჩადენილი საქმეებისთვის რეალურად აპატიმრებენ“.

    Россия 24 ხაზს უსვამს, რომ აბუ ომარ ალ-შიშანს ასევე მიაწერენ ეფექტური ჯაშუშური ქსელის შექმნას პანკისის ხეობაში. სწორედ მას შემდეგ, რაც ის ტერორისტი გახდა, 200-ზე მეტი საქართველოს მოქალაქის გადაბირება მოხდა.

    რეპორტაჟში ავტორი მოგვითხრობს 10 თვის წინ, პანკისიდან სირიაში 2 სკოლის მოსწავლის წასვლის ფაქტებზეც და ერთ–ერთი მათგანის, 16 წლის მუსლიმ კუშტანაშვილის დედის ამინათ წინწალაშვილის ინტერვიუს აჩვენებს: „არ ვიცი, ვინ და როგორ დაეხმარა მათ, მშობლის ნებართვის გარეშე როგორ აუღეს პასპორტი და როგორ გაუშვეს აროპორტში. მათ ბილეთი უყიდეს“. რეპორტაჟის ავტორი ყვება რომ დედას სირიაში მყოფ შვილთან კავშირი აქვს ტელეფონის მეშვეობით და მზადაა შვილის დასაბრუნებლად იქაც წავიდეს.

    Россия 24–ის რეპორტაჟში გავიდა უმარ იდიგოვის ინტევიუც. უმარ იდიგოვი ჩეჩნური საზოგადოების წარმომადგენელია საქართველოში. რუსული ტელეარხის განცხადებით, ის ერთ-ერთია იმათგან, ვინც გილაევის რაზმის შემადგენლობაში ჩეჩნეთიდან პანკისში გადმოვიდა. იდიგოვი ინტერვიუში აცხადებს, რომ ის პანკისიდან სირიაში წასულ ბავშვებს ესაუბრა, მაგრამ მათ დაბრუნებაზე უარი თქვეს.

    „ჩვენ მხოლო ერთი ადამიანის დაბრუნება შევძელით, რომელიც ექიმია, სპეციალობით სტომატოლოგი. სამი შვილი ჰყავდა. მე ვნახე დედა, რომელიც ტიროდა და ევედრებოდა, ხორცებს იძრობდა, რომ თავისი ერთადერთი ვაჟი დაბრუნებულიყო“, – ამბობს იდიგოვი.

    „იჩქერიის ყოფილი მომხრე ახლა ამბობს, რომ იდეა, რომლისთვისაც ერთ დროს იბრძოდნენ, მოკვდა. ამბობს, რომ რუსეთის ჩეჩნეთი ყველას მაგალითს აძლევს და ძალიან უნდა სამშობლოში დაბრუნება, თუმცა ახლა, სისხლის სამართლის საქმის გამო, ეს არ შეუძლია“– აცხადებს რეპორტაჟის ავტორი.

    რეპორტაჟის ავტორი პანკისის ხეობაში რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტის, აშშ–ს და ევროკავშირის ელჩების ვიზიტსაც შეეხო.

    „საქართველოს მთავრობა, რომელიც პირველად შეეჯახა ამ მასშტაბის ტერორისტულ საფრთხეს, პანკისის პრობლემაზე სერიოზულად დაფიქრდა. ცოტა ხნის წინ პანკისის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტისა და აშშ-ის ელჩის ვიზიტის ფარგლებში გადაწყდა ადგილობრივი ახლაგაზრდებისთვის ქვეყნის უნივერსიტეტებში ადგილების გამოყოფა და ადგილობრივ ძალოვან სტრუქტურებში სამსახური. ექსპერტები ამ ზომების ეფექტურობაში არ არიან დარწმუნებული“, – აღნიშნავს ჟურნალისტი.

    „პანკისის კარტის გათამაშება ყველა ქართველმა ლიდერმა სცადა. 2012 წელს, საკაშვილის ხელიდან მიმავალმა ძალაუფლებამ ის კიდევ ერთ ავანტიურაზე წამოაგო, რის შედეგადაც ლოპოტას ხეობაში 4 ჩეჩენი დაიღუპა“, – აცხადებს რეპორტაჟის ავტორი და უმარ იდიგოვის ნაამბობს ციტირებს: „სააკაშვილი მიდის კახეთში, სადაც ეს მოხდა, ლაფანყურში. აცხადებს: ტერორისტებს, რომლებიც რუსეთში მოამზადეს, უნდოდათ ჩვენზე თავდასხმა და ჩვენ ისინი გავანადგურეთო. სინამდვილეში, ისინი აქ მოამზადეს. ოთხი თვის განმავლობაში კორპორატიულ ბინებში ამყოფებდნენ. ისინი სპეცსამსახურებს გადაჰყავდათ, შსს მინისტრის მოადგილის გია ლორთქიფანიძის ჩათვლით. ყველანაირი დანაშაული, ყველანაირი ტერორიზმი სააკაშვილის დროს გადიოდა საქართველოდან დაღესტანში, ჩეჩნეთში, ოსეთში“.

    რეპორტაჟის დასასრულს ავტორი აღნიშნავს, რომ უახლოეს მომავალში საქართველოში, ვაზიანში რუსეთის ყოფილი 31 სამხედრო ბაზის ადგილას მუშაობას დაიწყებს ნატოს სასწავლო ცენტრი. ამერიკელები ახალწვეულებს „ისლამური სახლემწიფოს“ ტერორისტებისთვის წინააღმდეგობის გაწევაში მოამზადებენ.

    „სანამ საქართველოს ხელისუფლება ცდილობს საზოგადოებაში პანკისელების სრულფასოვანი ინტეგრაციის პრობლემა მოაგვაროს, სოფელ ბირკიანში „ჟღალი გენერლის“ მამა იხსენებს რა კარგი იყო ახალგაზრდობაში, როდესაც პერევლის გავლით შესაძლებელი იყო ჩეჩნეთში ფეხით გადასვლა, სამუშაოდ წასვლა“, – ამბობს ჟურნალისტი და რეპორტაჟს თემურ ბათირაშვილის სიტყვებით ამთავრებს: „საბჭოთა კავშირის დროს ჩემი მისამართი საბჭოთა კავშირი იყო და მორჩა. განა ცუდი იყო? ძალიან კარგი იყო. ხალხი გაასულელეს. აი თქვენი თავისუფლება“.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]