• ჩეჩნების, ინგუშებისა და ქისტების ხელოვნების წიგნი–ალბომი ნონა ხანგოშვილისგან 

    კვირა, 18 დეკემბერი 2016 21:47 view 9541
    ჩეჩნების, ინგუშებისა და ქისტების ხელოვნების წიგნი–ალბომი ნონა ხანგოშვილისგან 

    ვაინახების ხელოვნება – ასე ჰქვია ნონა ხანგოშვილის (თუმი დიშნი) ახალ წიგნს, რომელიც პირველი თანამედროვე კატალოგია, სადაც ერთადაა თავმოყრილი ჩეჩნების, ინგუშებისა და ქისტების დეკორატიულ–გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშები. წიგნი ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზეა და მისი გამოცემა შესაძლებელი გახდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით.

    წიგნის პრეზენტაცია პანკისის ხეობაში გაიმართა. სწორედ პანკისშია დაბადებული და გაზრდილი წიგნის ავტორი ნონა ხანგოშვილი. ეს მისი მეორე წიგნია. ავტორი მასზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა. კატალოგში თავმოყრილი ექსპონატები წარმოდგენას შეგიქმნით კავკასიური კულტურის შესახებ.

    „წიგნი ეძღვნება ქართველებისა და და ვაინახების ისტორიულ ურთიერთობას, გენეტიკურ ნათესაობას, ჩვენს სიყვარულს. ამ სიყვარულის სიმბოლო იყო ჩემი პირველი წიგნი „ვაინახების ქართული საგა“, რომელიც 2013 წელს გამოიცა. ამის შემდეგ გამიჩნდა სურვილი რაღაც ისეთი შემექმნა, რაც დარჩებოდა როგორც ჩვენი ერების მეგობრობისა და სიყვარულის კიდევ ერთი სიმბოლო. ეს ქართულ ენაზე გამოცემული პირველი ასეთი კრებულია. არც ინგუშეთში, არც ჩეჩნეთსა და საქართველოში მსგავსი გამოცემა არ ყოფილა. ძალიან დიდ მადლობას ვუხდით საქართველოს, რომელიც ყოველთვის გვერდში გვედგა და ამართლებდა ჩვენს იმედებს. ეს არის კიდევ ერთი გაგრძელება იმ გამორჩეული, ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული ურთიერთობისა, რაც გაგვაჩნია და რაც ამის მერეც უნდა გაგრძელდეს“, – უთხრა ნონა ხანგოშვილმა პანკისის სათემო რადიოს.  

    წიგნის პრეზენტაციას საქართველოს კულტურის სამინისტროს, ხელოვნების სასახლის და სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები, პანკისელი უხუცესები და ახალგაზრდები, მათ შორის საგანგებოდ ამ ღონისძიებისთვის ინგუშეთიდან პანკისში ჩამოსული სტუმრებიც ესწრებოდნენ.

    „წიგნის გამოცემის იდეა რამდენიმე წლის წინ გაჩნდა გამოყენებითი ხელოვნების იმ დიდი ტრადიციებიდან გამომდინარე, რომელიც პანკისის ხეობაში არსებობდა და არსებობს. ვფიქრობ, ერთობლივი მუშაობის შედეგად წიგნში თავი მოვუყარეთ ვაინახური ხელოვნების საუკეთესო მასალებს და ინფორმაციას რეწვის ოსტატების შესახებ. წიგნი ხელს შეუწყობს მათი საქმიანობის პოპულარიზაციას და არეალის გაფართოებას“, – აღნიშნა საქართველოს კულტურის სამინისტროს ხელოვნებისა და განათლების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირინე საგანელიძემ.

    „ვაინახების ისტორიის შესახებ თანამედროვე კატალოგის გამოცემით გაკეთდა დიდი საქმე ქართველი და ჩეჩენი ხალხის მეგობრობისთვის“, – ასე შეაფასა წიგნის გამოცემა ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ. „ბევრი განათლებული და კულტურული ხალხის ხელოვნებას გავცნობივარ, მაგრამ ბევრი ხალხი ვერ დაიკვეხნის ასეთ ალბომს. მე ვფიქრობ, რომ ვაინახი და ქართველი ხალხის მეგობრობას დღეს წიგნიერი ძეგლი დაედგა. საერთოდ, ხანგოშვილების საგვარეულოს საქართველოს წინაშე, ვაინახი და ქართველი ხალხის მეგობრობის წინაშე დიდი წვლილი მიუძღვის და ალბათ ლოგიკურიც იყო, რომ ჩვენი ნონა არის ამ წიგნის ავტორი“, – განაცხადა კალანდიამ.

    „ამ წიგნს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც რაღაც პრობლემები იყო ხეობაში გაჩენილი. ხელოვნების მიმართულებით ყურადღების მიქცევა ეს არის უდიდესი წინსვლა და წარმატება. ეს არის ქართული საზოგადოებისთვის ვაინახური კულტურის გაცნობა და მთლიანად ქართულ-ვაინახური საგანძური“, – აღნიშნა ჯოყოლოს საჯარო სკოლის დირექტორმა ნაზო ბორჩაშვილმა.

    ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი, მუსიკოსი რეზო კიკნაძეც ესწრებოდა, რომელმაც თავის ბენდთან ერთად ჯაზი დაუკრა.

    კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების ინფორმაციით, უახლოეს დღეებში სამინისტროს მხარდაჭერით გამოვა ქართული ცეკვის ამაგდარის იოსებ ცათიაშვილის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი წიგნი, 2017 წელს კი ვაინახური ზღაპრებიც გამოიცემა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]