• როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და ბავშვები კორონავირუსისგან – ინტერვიუ ნანა გეგეჭკორთან

    სამშაბათი, 27 ივლისი 2021 10:39 view 10554
    როგორ დავიცვათ საკუთარი თავი და ბავშვები კორონავირუსისგან – ინტერვიუ ნანა გეგეჭკორთან

    რით განსხვავდება „დელტა“ შტამი კორონავირუსის სხვა შტამებისგან და როგორ მიმდინარეობს ის ბავშვებში? რამდენად ეფექტურია დღეს არსებული ვაქცინები ამ შტამის მიმართ? როგორ ხდება აშშ-ის სკოლებში კოვიდ-უსაფრთხოების დაცვა? რატომ არის აცრა მნიშვნელოვანი და რა არის ცნობილი ე.წ. ბუსტერის შესახებ? – ამ საკითხებზე პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში „ფოკუსი“ ნიუ-იორკის მაიმონდის ჰოსპიტლის ექიმმა, ნანა გეგეჭკორმა ისაუბრა.

    მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში ვრცელდება კოვიდის ახალი შტამები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ დელტა, იგივე ინდური, შტამის ცირკულაცია ქვეყანაში 20%-ზე მაღალია. ეს შტამი დაუდასტურდა ერთ-ერთ ჩვილსაც, რომელიც გარდაიცვალა. რა არის დელტა შტამი და როგორი სიმპტომებით ვლინდება ის?

    – „დელტა“ შტამი ოდნავ განსხვავდება თავისი წინამორბედი შტამებისგან. მას უფრო მეტი მუტაცია აქვს ე.წ სპაიკ პროტეინზე, ვიდრე სხვა შტამებს და ამიტომაც არის, რომ მას აქვს უკეთესი შესაძლებლობა, რომ დაუსხლტეს ვაქცინას. ყველა ვაქცინა, რაც დღემდე გვაქვს, შექმნილია ვუჰანის შტამზე, სპაიკ პროტეინის იმ მოდელზე, რაც ვუჰანის შტამს ჰქონდა. ეს გენეტიკური ინფორმაცია აფრიკულ ვარიანტში, ბრიტანულ ვარიანტში უკვე შეცვლილი იყო და განსაკუთრებით მძაფრად არის შეცვლილი ამ „დელტას“ შემთხვევაში, ამიტომ ის ოდნავ უფრო მეტი წინააღმდეგობით გამოირჩევა ვაქცინების მიმართ. სწორედ, ეს განაპირობებს იმას, რომ „დელტა“ შტამთან მიმართებაში ვაქცინების ეფექტურობა არ არის ისეთი, როგორიც ამ ვაქცინებმა კვლევის პირობებში დადო. ეს არის ერთ-ერთი ძირითადი განმასხვავებელი სხვა შტამებთან შედარებით.

    მეორე ძირითადი განსხვავება არის ის, რომ „დელტა“ შტამს აქვს საშუალება, უფრო სწრაფად გავრცელდეს. ამიტომაც არის, რომ ძალიან აგრესიულად და სწრაფად, მოკლე დროში ჩაანაცვალა „დელტა“ შტამმა სხვა შტამები ფაქტობრივად მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკაშიც, თუ არ ვცდები, დღესდღეობით 50%-ზე მეტს შეადგენს „დელტა“ შტამი, განსაკუთრებით იმ შტატებში, სადაც ვაქცინაციის ტემპები ცოტა უფრო ნაკლებია. ეს არის ორი ძირითად განსხვავება.

    „დელტა“ შტამი არ გამოირჩევა უფრო აგრესიული მიმდინარეობით, რამდენიმე კვლევა არსებობს ამასთან დაკავშირებით. ერთ-ერთი კვლევა შოტლანდიაში იყო წარმოებული, თუ არ ვცდები, რომელმაც გვაჩვენა, რომ თითქოს უფრო აგრესიულად გამოიყურებოდა, თუმცა ეს არ განმეორდა არცერთ სხვა კვლევაში და როგორც ჩანს, დღევანდელი მონაცემების მიხედვით, ის არ არის უფრო აგრესიული დაავადების სიმძიმის კუთხით.

    – სამწუხაროდ, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული ორი ჩვილი გარდაიცვალა. ერთ-ერთი „დელტა“ შტამით იყო ინფიცირებული. მართალია თუ არა, რომ ბავშვები უფრო დაუცეველები არიან „დელტა“ შტამის წინააღმდეგ და მათში უფრო აგრესიულად მიმდინარეობს?

    – არა, უფრო აგრესიულად ნამდვილად არ მიმდინარეობს. არცერთი კვლევა ამას არ ადასტურებს, თუმცა კოვიდთან მიმართებაში იცით, როგორ სწრაფად იცვლება ინფორმაცია და არ არის გამორიცხული, რომ ეს შეიცვალოს, მაგრამ დღესდღეობით არცერთი კვლევა არ ადასტურებს, რომ უფრო აგრესიულია.

    პრობლემა არის ის, რომ დელტა შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება. შესაბამისად, იმ ასაკობრივ ჯგუფში, სადაც კონტაქტების მაღალი ალბათობაა, უფრო სწრაფად ვრცელდება. მით უმეტეს, საქართველოში ბავშვები გამორჩეულად დაუცველი ფენაა, რადგან ბავშვები არ იცრებიან.

    ამერიკაში 12 წლიდან უკვე ცრიან ყველას. არ იცრებიან ერთი და მეორე, საქართველოში ჯერ-ჯერობით არ არის იმის კულტურა, რომ ბავშვებს პირბადე ეკეთოთ. ამერიკაში 2 წლიდან ბავშვისთვის პირბადე აუცილებელია. მაგალითად, ჩემი შვილები მთელი წელი სკოლაში დადიოდნენ, მაგრამ ძალიან მკაცრ რეგულაციებს იცავდნენ და მათმა სკოლამ ბრწყინვალედ იმუშავა, იქ ერთეული ინფიცირების შემთხვევები იყო და თვითონ სკოლაში არ გავრცელებულა არაფერი. საქართველოში ასე არ არის, დანამდვილებით ვიცი. არც არსებობს ასეთი რეგულაციები და მას არც არავინ არ იცავს. ძალიან ძლიერია ეს მითები, რომ თითქოს ბავშვებში რაღაც დაავადებას იწვევს პირბადის გამოყენება, ამიტომაც მოსალოდნელი იყო, რომ უფრო მეტი ინფიცირებული ბავშვი გვენახა ამ პირობებში, მითუმეტეს, როდესაც „დელტას“ გავრცელება ისედაც ძალიან მაღალია. რაც უფრო მეტი ინფიცირებული გყავას, რა თქმა უნდა, ეს მოიცავს ყველა ჯგუფს და მოიცავს იმ ბავშვსაც, ვისთვისაც კოვიდით ავადობის დროს გართულების უფრო მაღალი რისკია. ამიტომაც არის, რომ ვუყურებთ ამ საზარელ სურათს ბავშვების გარდაცვალების. ეს დიდი ტრაგედია და ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ ამ წუთას ბავშვების დაცვის მთავარი სადავეები უფროსებს გვაქვს ხელში.

    როგორც დავიცვათ ბავშვები კორონავირუსის დელტა შტამისგან და მისგან გამოწვეული გართულებებისგან?

    ბავშვების დაცვის ერთ-ერთი პირველი და უმთავრესი საშუალება არის უფროსების ვაცქინაცია, რადგან რაც შეიძლება მეტად უნდა შევუზღუდოთ ვირუსს გავრცელების არეალი. რაც უფრო მეტია აუცრელი ადამიანი, მით უფრო მეტია ვირუსის გავრცელების არეალი, მით უფრო მეტია შანსი, რომ ამ გავრცელების დროს ვირუსმა განიცადოს მუტაცია.

    დელტა არ იქნება ბოლო, ახლა მოდის ლამბდა შტამი, რომელზეც უკვე განგაშია ატეხილი. როგორც მონაცემები ადასტურებენ, ლამბდას შემთხვევაში სიკვდილიანობაც უფრო მაღალია, სხვა შტამებთან შედარებით და ესეც არ იქნება ბოლო. რაც უფრო მეტი გავრცელების არეალი ექნება, მით უფრო მეტი მუტაცია წარმოიშვება და მით უფრო მეტი საშუალება ექნება ვირუსს, რომ დაუსხლტეს ვაქცინას. ამიტომ, ყველა შესაძლო ხერხი უნდა გამოვიყენოთ, რომ რაც შეიძლება მოკლე დროში აიცრას მეტი ადამიანი. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,რადგან თქვენ შეიძლება მთელი ქვეყანა აცრათ, მაგრამ თუ ამას 10 წელი დასჭირდა, ამასობაში ვირუსი უამრავ ახალ მუტაციას გამოყრის და ის ვაქცინა, რომლითაც დაიწყეთ მუშაობა, რაღაც პერიოდის მერე უკვე ეფექტური აღარ იქნება. ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს ეს.

    მეორე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია – ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ის, თუ როგორ ვიქცევით ჩვენ, პირდაპირ აისახება ჩვენს აუცრელ ბავშვებზე. სამწუხაროდ, ჯერ-ჯერობით არ ცრიან 12 წლამდე ბავშვებს. მიმდინარეობს ახლა კვლევა და ალბათ მალე გამოვა, მაგრამ საქართველომდე ეს ძალიან ნელა აღწევს. ჯერ-ჯერობით რაც გვაქვს, ისიც კი არ აქვს საქართველოს, ამიტომ

    დისტანცია, პირბადე, ის, რომ თავყრილობებს უნდა მოვერიდოთ, ის, რომ ბავშვები მოვარიდოთ ასეთ გარემოს – ეს არის გასაღები ამ სიტუაციის. სხვანაირად ჩვენი უპასუხისმგებლობით უდიდესი რისკის ქვეშ ვაყენებთ ჩვენს შვილებს და სამწუხაროდ, შეიძლება ვიღაცისთვის დრამატული შედეგი დადგეს.

    გაითვალისწინეთ, მაგალითად, როდესაც ჩემს შვილებს სხვადასხვა დაავადებებზე ვცრი, ავიღოთ გრიპის აცრა, ყოველ წელს ვუკეთებ. ორივეს ჯანმრთელობის მდგომარეობა ისეთია, რომ გრიპის აცრა რომ არ გავუკეთო, არ ემუქრებათ გრიპისგან მიღებული გართულებები, რადგან ორივე ჯანმრთელი ბავშვია, მაგრამ ვცრი იმ გაგებით, რომ მათ გვერდით შეიძლება აღმოჩნდნენ ბავშვები სხვადასხვა მძიმე დაავადებებით, ონკოლოგიური დაავადებებით, დიაბეტით, სხვა რისკის ფაქტორებით, რის გამოც მათმა მოტანილმა ვირუსმა შეიძლება იმ ბავშვების სიცოცხლეს შეუქმნას საფრთხე, ამას ჰქვია სოციალური პასუხისმგებლობა.

    უნდა გვესმოდეს, როდესაც ჩვენ ვიქცევით არასწორად, ჩვენს შვილებთან ერთად სხვების შვილებსაც ვუქმნით საფრთხეს. მაგალითად, ჩემმა შვილმა კოვიდი ისე გადაიტანა, რომ მე ამის შესახებ არ ვიცოდი, ეს ანტისხეულების ანალიზით აღმოვაჩინეთ, მაგრამ არიან ბავშვები, რომლებისთვისაც ეს სიკვდილით მთავრდება, ამიტომ პოტენციური მკვლელი ხდები, როდესაც დადიხარ აუცრელი და არ იცავ არანაირ რეგულაციას.

    რაც დღეს საქართველოში ხდება, რასაც მე ვუყურებ, არ ვიცი, ძალიან დრამატული სანახავია და ჰგავს სუიციდალურ მოქმედებას, რადგან ადამიანებმა უცებ გადაწყვიტეს, რომ არანაირი რეგულაციის დაცვა საჭირო არ არის, ყველაფერი ერთნაირად გამოიყარა, ყველა თავყრილობა, ახლა ვნახე, რომ დაგეგმილია, რაღაც კონცერტების სერია, ასევე, სოციალური ქსელებიდან ვხედავთ ქორწილებს, დაბადების დღეებს, ვხედავთ ადამიანებს და მეტიც, ვხედავთ ექიმებს ამ თავყრილობებზე, რომლებიც არ იცავენ ელემენტარულ წესებს, იმისთვის, რომ მაგალითი მისცენ სხვას. თვითონ შეიძლება ფაიზერით იყვნენ აცრილები და ნაკლებად ეშინიათ, მაგრამ მაგალითი უნდა მისცენ სხვას და ამიტომ აუცილებელია პირბადის ტარება, აუცილებელია დისტანციის დაცვა და ყველა წესის დაცვა, განსაკუთრებით, როცა ჟურნალისტებთან გაქვს შეხება. სამწუხაროდ, ეს უპასუხისმგებლობა ძალიან დრამატულ შედეგებს მოიტანს, ჩვენ უკვე ვხედავთ რამდენად მაღალია საქართველოში ტესტდადებითობის მაჩვენებელი, 7%-ს გადააჭარბა თუ არ ვცდები. ეს არის დრამატული მაჩვენებლი და ვხედავთ, რომ საქართველოსნაირ პატარა ქვეყანას 20-23 ადამიანი უკვდება ყოველდღიურად. შეიძლება ვიღაცას მოეჩვენოს, რომ 20 ადამიანი ბევრი არ არის, მაგრამ, ჯერ ერთი, ერთი ადამიანის სიკვდილიც ძალიან ბევრია, რადგან ვისაც ეს ადამიანი უკვდება, მისთვის 100%-იანი სიკვდილიანობა აქვს ამ დაავადებას. ხომ არ გაინტერესებთ რამდენი ადამიანი კვდება სხვაგან, როცა თქვენს საყვარელ ადამიანს ეხება საქმე? და მეორე – სამმილიონიანი ქვეყნისთვის დღეში 20-23 ადამიანის გარდაცვალება ნამდვილი ტრაგედიაა იმ პირობებში, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ დაავადებაზე, რომლის პრევენციაც უკვე შესაძლებელია ვაქცინაციით.

    მართლაც დრამატულად ვითარდება საქართველოში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა. მზარდია ინფიცირების და გარდაცვალების ყოველდღიური დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. ხშირად ვხედავ, რომ არათუ ღია სივრცეში, არამედ დახურულ სივრცეშიც არ უკეთიათ პირბადე. ასევე, არ მიმდინარეობს საინფორმაციო კამპანია. მე ორი დღის წინ გავიკეთე ვაქცინა და ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება, რატომ გავრისკე და საუბრობენ მითებზე, რაც ვაქცინასთან დაკავშირებით არსებობს.

    – პირველ რიგში მინდა მოგილოცოთ თქვენი გადაწყვეტილება. ეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება დღეს - აცრა. აბსოლუტურად გამართლებული. რაღაც გართულებების რისკი თან ახლავს ნებისმიერ პრეპარატს. ტკივილგამაყუჩებელ პარაცეტამოლსაც აქვს რაღაც მიმართულების რისკი, ხომ ასეა? მაგრამ ამ წუთას ეს არის ყველაზე სწორი გადაწყვეტილება და უფრო სწორ გადაწყვეტილებას ვერავინ ვერ მიიღებს. მითები ძალიან ბევრია. ამას სჭირდება უფრო აქტიური საინფორმაციო კამპანია სახელისუფლებო დონეზე. სამწუხაროდ, ეს არ მიმდინარეობს საქართველოში. იმედი მაქვს, რომ გამოცოცხლდებიან, რადგან ძალიან დრამატულად ვითარდება ქართული კოვიდ-სცენარი და იმედია, რომ ეს ასე არ დარჩება.

    რამდენად ეფექტურია დელტა შტამის წინააღმდეგ ის ვაქცინები, რომლებიც დღეს საქართველოში გამოიყენება? თქვენ ახსენეთ, რომ ახალ შტამებთან ერთად ვაქცინის ეფექტურობაც მცირდება.

    – რაც შეეხება „დელტა“ შტამთან მიმართებაში ამ ვაქცინების ეფექტურობას, ახლა უკვე გვაქვს რამდენიმე კვლევა ვაქცინებზე RNA ვაქცინებზე, „ჯონსონზე“ და „ასტრაზენეკაზე“. ამ მხრივ ძალიან მდიდარი არ არის „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ კვლევითი კალათა. იქ მხოლოდ ერთეული კვლევებია, რაც ადასტურებს, რომ, სამწუხაროდ, „დელტა“ შტამტან მიმართებაში მათი ეფქტურობა ძალიან დაბალია, 20-30%-ს შეადგენს, თუმცა სიკვდილისგან და ჰოსპიტალიზაციისგან რაღაც ხარისხით იცავს ნამდვილად. ეს 20-30% არ ნიშნავს, რომ სიკვდილისგან დაცვის მაჩვენებელიც ასეთი დაბლია. არა, უფრო მაღალია სიკვდილისგან დაცვა.

    „ფაიზერს“ რაც შეეხება, სხვადასხვა კვლევების მიხედვით, 77%-დან 93-96%-ს შორის მერყეობს სიკვდილისგან და ჰოსპიტალიზაციისგან დამცველობა, ინფიცირებისგან დაცვა ბევრად უფრო ნაკლებია ვიდრე, წინა შტამების შემთხვევაში. იგივე მონაცემებს აჩვენებს „ასტრაზენეკა“, ოდნავ უფრო დაბალი ეფექტურობით, მაგრამ საკმარისად მაღალი. „ფაიზერსა“ და „მოდერნას“ მსგავსი მაჩვენებლი აქვს და ძალიან კარგი მაგალითი აჩვენა „ჯონსონმა“. ჯონსონის“ მხოლოდ ერთი დოზაა, ამით გამოირჩევა იგი სხვა ვაქცინებისგან და აღმოჩნდა, რომ ძალიან კარგად იცავს ამ „დელტა“ შტამისგანაც. ყოველ შემთხვევაში, ეს დაცვა საკმარისია იმისთვის, რომ ვაქცინა ეფექტურად ჩაითვალოს და ის გამოყენებული იქნას კლინიკურ პრაქტიკაში.

    თქვენ გყავთ შვილები, რომლებიც დადიან სკოლაში. როგორ ხდება აშშ-ში, სკოლებში კოვიდ-უსაფრთხოების უზრუნველყოფა?

    – ძალიან კმაყოფილი ვიყავი იმით, თუ როგორ იმუშავა სკოლამ მთელი წლის განმავლობაში. დავიწყოთ იმით, რომ მშობლებს ჰქონდათ უფლება აერჩიათ როგორ მიეღოთ განათლება - სრულად ონლაინ, ნაწილობრივ ონლაინ ან სრულად საკლასო ოთახში. ასეთი სამი ვარიანტი შემოგვთავაზეს თავიდანვე, სექტემბერშივე აქტიური კომუნიკაცია გვქონდა სკოლასთან და დეტალურად გვიხსნიდნენ, თუ რა უპირატესობები ჰქონდა თითოეულ მიდგომას.

    მეორე მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ის, რომ დაწესდა ზღვარი, რომ კლასში არ შეიძლებოდა ყოფილიყო 8-10 ბავშვზე მეტი, საკლასო ოთახის ზომიდან გამომდინარე. სკოლა მაქსიმალურად ეცადა, რომ არსებული ყველა სივრცე გამოეყენებინა საკლასო ოთახად, სამასწავლებლო, სპორტული დარბაზი და ა.შ. ასევე, სკოლის მერხებს შორის დაცული იყო ორმეტრიანი დისტანცია. ბავშვებს ჰქონდათ გაწერილი წესები, რომლებსაც უმკაცრესად იცავდნენ.

    ჩემთვის დიდი სიურპრიზი იყო, რამდენად ადვილია თურმე ბავშვისთვის რეგუალციების დაცვა, თუ მას კარგად აუხსნი, რა უნდა გააკეთოს.

    ამ ბავშვებმა მთელი წელი ისე იარეს სკოლაში, რომ ერთმანეთს არ ეკარებოდნენ ახლოს და ამ ორმეტრიან დისტანციას სულ იცავდნენ. გაკვეთილებს შორის საკლაოს ოთახებში თავისუფლად ვერ გადაადგილდებოდნენ, მათ არ ჰქონდათ უფლება, რომ საკუთარ მერხს მოშორებოდნენ. მასწავლებლებს სპეციალური პროგრამა ჰქონდათ, თუ როგორ უნდა გაერთოთ ეს ბავშვები შესვენების დროს ერთმანეთთან ახლო კონტაქტის გარეშე.

    ასევე სრულად სავალდებულო იყო პირბადის ტარება ყველა ბავშვისთვის, გამონაკლისის გარეშე. გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ბავშვები გაჰყავდათ გარე სივრცეში, მაგრამ მოედანზეც სპციალურად ნიშნები იყო დახატული, რომ დისტანცია გარეთაც დაეცვათ.

    მთელი წლის განმავლობაში, ჩვენს სკოლაში კოვიდის სულ 2 შემთხვევა დადასტურდა. მასიურად მიმდინარეობდა ტესტირება. წინასწარი ნებართვა ითხოვეს მშობლებისგან, რომ წლის განმავლობაში ბავშვს რამდენჯერმე გატესტავდნენ შემთხვევითი შერჩევის წესით.

    ეს შემთხვევითი პრინციპით შერჩეული ბავშვები აღმოჩდნენ სხვადასხვა დროს კოვიდით დაავადებული, ერთი ჩემი შვილის კლასელი იყო. არცერთ ბავშვს მისგან კოვიდი არ გადასდებია. 10 დღით სკოლა დაიხურა და გადავიდნენ ონლაინ სწავლებაზე, ხოლო ამის შემდეგ ყველა ბავშვი, ვინც კლასში დაბრუნდა, უნდა ყოფილიყო ტესტირებული.

    პედაგოგები თუ არიან ვაქცინაციის პროცესში ჩართული? მაგალითად, ჩვენთან, ახმეტის მუნიციპალიტეტში ძალიან ცოტა ვაქცინირებული პედაგოგი გვყავს - ამ დრომდე სკოლაში დასაქმებული 726 ადამიანიდან მხოლოდ 26-ია აცრილი.

    მე რაც ვიცი, ჩვენს სკოლაში დეკემბერში, როგორ კი ვაქცინაცია დაიწყო, აიცრა ყველა. ეს, რა თქმა უნდა, არ იყო იძულებითი, ეს იყო ნებაყოფლობითი და რაიმე პრობლემის გარეშე აიცრა ყველა.

    აქტიურად საუბრობენ იმაზე, რომ შესაძლებელია ნებისმიერ ვაქცინას დასჭირდეს ე.წ. ბუსტერი, ანუ კიდევ ერთი დამატებიტი დოზა. თქვენ რა იცით ამის შესახებ? 

    – დიახ, ამაზე არის საუბარი და ეს გასაკვირი არ არის. როგორც გრიპის ვაქცინაა ყოველ წელს აუცილებელი, რადგან ის ვერ ძლებს დიდი ხანი, რაც ასევე გრიპის მუტაციასტან არის დაკავშირებული, რაღაც ამდგავარი პრინციპით იქნება კოვიდთან დაკავშირებითაც.

    ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, რა პერიოდი გრძელდება ვაქცინის ეფექტურობა, რადგან მხოლოდ ერთი წელია გასული პირველი ვაქცინაციის შემთხვევიდან და ამას სჭირდება დრო.

    ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ერთი წლის მონაცემებით ვისაუბროთ. ისრაელის შემთხვევას თუ ავიღებთ, უფრო ადრე აცრილების ინფიცირების მაჩვენებელი უფრო მაღალია. სავარაუდოდ, დროთა განმავლობაში იმუნიტეტი აქტუალობას კარგავს თუმცა, იგივე ისრაელი, რომ ავიღოთ ეს ადამიანები ბრწყინვალედ არიან დაცული სიკვდილიანობისგან და ჰოსპიტალიზაციისგან. ტრენდი გაიყო, ინფიცირების ხარისხს არ მიჰყვება სიკვდილიანობისა და ჰოსპიტალიზაციის ხარისხი, ბევრად უფრო მსუბუქი გახდა დაავადების მიმდინარეობა, ვგულისხმობ აცრილებში, თორემ სხვებში ჩვეულებრივად მიმდინარეობს.

    ბუსტერის აუცილებლობა აბსოლუტურად მოსალოდნელია, არაფერი გასაკვირი ამაში არ არის. ფაიზერიუკვე ალაპარაკდა, რომ რამოდენიმე თვის მერე მესამე დოზაზეც იქნება საუბარი.

    მაგალითად, როდესაც ამერიკაში ვაქცინას იკეთებ, „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ჯონსონი“, ვაქცინაციის პასპორტი გეძლევა ერთი წლის ვადით, ამ წუთისთვის ყოველ შემთხვევაში ეს ასეა. ერთი წლის განმავლობაში ითვლება, რომ ვაქცინა სრულფასოვნად მოქმედებს. რა თქმა უნდა, თვეების შემდეგ ეფექტურობა შემცირდება, რაც ნორმალურია. ყველასთვის ცნობილია, რომ ვაქცინა სიცოცხლის ბოლომდე არ გიცავს. ზოგს წელიწადში ერთხელ სჭირდება ბუსტერი, ზოგს ათ წელიწადში ერთხელ, ზოგს არცერთხელ და სავრაუდოდ, ასეთი იქნება ეს ვაქცინებიც.

    ჩინურ ვაქცინასთან დაკავშირებით, ის ქვეყნები, რომლებმაც მასობრივად აცრეს მოსახლეობა „სინოფარმით“ და „სინოვაკით“, მაგალითად, ბაჰრეინი, ვიცით, რომ ოფიციალურად აპირებს მესამე დოზად „ფაიზერის“ გამოყენებას. მესამე დოზად „ფაიზერის“ გამოყენებაზეა საუბარი ტაილანდში. ჯერ-ჯერობით სხვა ბუსტერებზე საუბარი არ არის. ვნახოთ, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს აუცილებელი გახდება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]