• 22 სექტემბერს დაგეგმილი „პანკისობა“ შესაძლოა ჩაიშალოს

    პარასკევი, 21 სექტემბერი 2018 21:08 view 3590
    22 სექტემბერს დაგეგმილი „პანკისობა“ შესაძლოა ჩაიშალოს

    22 სექტემბერს, პანკისის ხეობის სოფელ დუისში, ხელისუფლების მიერ დაგეგმილი „პანკისობა 2018“, რომელიც გასართობ ღონისძიებებსაც მოიცავს, შესაძლოა, ჩაიშალოს. როგორც სპეცრაზმის მიერ მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისის სათემო რადიოს უთხრა, ის, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები, კანონის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებენ, რომ ღონისძიება არ ჩატარდეს.

    „მთავრობა პანკისის ხეობაში სანამ გასართობ კონცერტებს დაგეგმავს და ჩაატარებს, მანამდე უნდა გაგვცენ პასუხი, რატომ მოკლეს 19 წლის თემირლანი. ჩემს შვილს ტერორიზმთან კავშირი თუ ჰქონდა და დამნაშავე იყო, უტყუარი მტკიცებულებები დადონ. ხელისუფლებას ადამიანების მოკვლის უფლება არ აქვს. ვიდრე თემირლანის მკვლელობის საქმე გამოძიებული არ იქნება და დამნაშავეებს არ დასჯიან, კანონის ფარგლებში არ მივცემთ შესაძლებლობას აქ გასართობი ღონისძიებები ჩაატარონ“, - აღნიშნავს მალხაზ მაჩალიკაშვილი.

    იგი პანკისის ხეობის მოსახლეობას მიმართავს და სთხოვს, სოლიდარობის და უსამართლობისადმი პროტესტის ნიშნად ღონისძიებაში მონაწილეობა არ მიიღონ და არც მასზე დასასწრებად მივიდნენ.

    „ხელისუფლების მიზანია ღონისძიებაზე ადგილობრივები შემოიკრიბოს იმის საჩვენებლად, რომ თემირლანის მკვლელობის საქმე დავიწყებას მიეცა, რომ აქ მოსახლეობას არ აქვს პროტესტი ტერაქტის მიმართ.

    მე ვთხოვ ჩემ ხალხს, არ მივიდნენ ღონისძიებაზე. ჩვენ დილიდანვე შევიკრიბებით პანკისში და კანონიერი ფორმებით პროტესტს გამოვხატავთ. მე მითხრეს, საგანგებოდ გააფრთხილეს სკოლების და საბავშვო ბაღების თანამშრომლები, პანკისობაზე დასასაწრებად მივიდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამსახურებიდან გათავისუფლებით დაემუქრნენ“, - უთხრა მალხაზ მაჩალიკაშვილმა პანკისის სათემო რადიოს.

    პანკისობისთვის რამდენიმე ღონისძიებაა დაგეგმილი. ჯანდაცვის სამინისტრო სოფელ დუისში პირველადი სამედიცინო დახმარების ცენტრს გახსნის, რის შემდეგაც გაიმართება გასართობი, შემეცნებითი, კულტურული და სპორტული ღონისძიებები, დოღიც.

    კახეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პანკისში დაგეგმილია საცხენოსნო სკოლის მშენებლობა, რომლის შესახებაც ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობას მეტ ინფორმაციას ხვალ მიაწვდიან.

    პანკისის სათემო რადიოს ინფორმაციით, ღონისძიებებში ანსამბლი „პანკისი“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „პანკისის ხეობის ტურიზმისა და განვითარების ასოციაციაც“ მონაწილეობენ. ასოციაციის ხელმძღვანელის ნაზი დაქიშვილის თქმით, პანკისელ მეწარმე ქალებს დაგეგმილი აქვთ ადგილობრივი პროდუქციისა და ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა.

    ღონისძიებაზე პანკისში ჩასვლას რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირი და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი აპირებენ.

    „პანკისობა 2018“-ს ჯგუფ „ბანის“ კონცერტი დაასრულებს.

    19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

    პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს. სპეცოპერაციიდან 9 თვე გავიდა და სისხლის სამართლის პასუხისგებაში არავინ არის მიცემული.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]