• ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის 77-ე წლისთავი დუისში აღნიშნეს

    ოთხშაბათი, 24 თებერვალი 2021 22:48 view 1947
    ჩეჩნებისა და ინგუშების დეპორტაციის 77-ე წლისთავი დუისში აღნიშნეს

    საბჭოთა რეჟიმის მიერ ასიათასობით ჩეჩენი და ინგუში ხალხის დეპორტაცია და თითქმის მათი ნახევრის დაღუპვის ტრაგიკული ისტორია გაიხსენეს დუისში, ხსოვნის საღამოზე, რომელიც კოვიდ პანდემიის რეგულაციების გამო მოკრძალებულად ჩატარდა.

    1944 წლის 23 თებერვალს, საბჭოთა ხელისუფლების განკარგულებით, 400 ათასამდე ჩეჩენი და ინგუში, გერმანელ ნაცისტებთან თანამშრომლობის ბრალდებით, საკუთარი მიწა-წყლიდან ერთ დღე-ღამეში აყარეს, წინასწარ გამზადებულ სარკინიგზო ეშელონებში მოათავსეს და ყაზახეთისა და ყირგიზეთის გზას გაუყენეს. გადასახლებულთა 40 პროცენტმა შუა აზიამდე ვერ ჩააღწია, ისინი გზაშივე დაიხოცნენ. 2004 წელს ევროპის პარლამენტმა ამ ფაქტს გენოციდის შეფასება მისცა.

    სანამ ცოცხალი ვარ ვიბრძოლებ რომ ეს დღე საქართველოში იქნეს აღიარებული როგორც ჩეჩენი და ინგუში ერის გენოციდის დღედ, როგორც ეს გააკეთა ევროპის პარლამენტმა 2004 წელს“, – განაცხადა მექა ხანგოშვილმა რადიო „ვეისთან“ საუბარში.

    ჩეჩენთა და ინგუშთა დეპორტაცია 23 თებერვლიდან 9 მარტის ჩათვლით გრძელდებოდა. ისინი შუა აზიაში ფაშისტურ გერმანიასთან თანამშრომლობის მიზეზით გადაასახლეს.

    „ფაშისტურ გერმანიას 1944 წელს ჩეჩნეთ-ინგუშეთის ტერიტორიაზე ფეხი არ ჰქონდა დადგმული. შესაბამისად, არანაირ ღალატს ერის მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ღალატი დასწამეს. ფაქტობრივად, რადგან საბჭოთა ხელისუფლება არ იყო დამკვიდრებული, ეს იყო მიზეზი მათი საბოლოო განსახლებისა“, – აღნიშნა უხუცესთა საბჭოს წევრმა, ხასო ხანგოშვილმა.

    ხსოვნის საღამოზე, ღონისძიების მონაწილეებმა განიხილეს რუსლან კოკონაევის ფილმი „ნაბრძანებია, მიეცეს დავიწყებას“, სადაც ნაჩვენებია 700-ზე მეტი ჩრდილოკავკასიელის დაღუპვის ამბავი, რომლებიც ხაიბახის მაღალმთიან აულში საჯინიბოში გამოამწყვდიეს და ცოცხლად დაწვეს.

    ძირძველი მოსახლეობის გადასახლების შემდეგ იწყება მათი ცხოვრების კვალის მიზანმიმართული წაშლა: დასახლებულ პუნქტებს მიენიჭათ რუსული ან ოსური სახელები, წაბილწეს და გაძარცვეს მეჩეთები და სასაფლაოები, საფლავის ქვები გამოიყენეს მშენებლობისა და საგზაო სამუშაოებისთვის, დაწვეს ინგუშური და ჩეჩნური წიგნები, გადარჩენილი წიგნებიდან ამოიღეს ტერმინი ვაინახები, მუზეუმებიდან ამოიღეს „არაპოლიტკორექტული“ ექსპონატები, გაანადგურეს ხელნაწერი წიგნები და ბიბლიოთეკები.

    მასობრივი დეპორტაციის შემდეგ ჩეჩენ-ინგუშეთის ასსრ გაუქმდა, მის ტერიტორიაზე შეიქმნა გროზნოს ოლქი, ხოლო რაიონების ნაწილი შევიდა ჩრდილოეთ ოსეთის, დაღესტანისა და საქართველოს შემადგენლობაში.

    „მსგავსი ღონისძიებები ძალიან კარგად ასახავს და არ გვავიწყებს იმ რეპრესიულ და სასტიკ რეჟიმს რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება ატარებდა კავკასიელი ხალხის და ამ კონრეტულ შემთხვევაში ჩეჩენი და ინგუში ხალხის მიმართ. ეს ღონისძიებები არ გვავიწყებს წარსულს და შეიძლება ითქვას ერთგვარი ბრძოლის საშუალებაც არის ამ რეჟიმის წინააღმდეგ“, –განაცხადა ორგანიზაცია „თავისუფალი ცნობიერების“ დამფუძნებელმა გიორგი თავართქილაძემ, რომელიც დუისში ხსოვნის საღამოს ესწრებოდა.

    ვაინახების დეპორტაციის წლისთავი საქართველოში 1999 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]