• პანკისიდან ევროპაში გაქცეული ტრანსგენდერი ქალის ისტორია

    ხუთშაბათი, 12 ოქტომბერი 2017 22:48 view 18059
    პანკისიდან ევროპაში გაქცეული ტრანსგენდერი ქალის ისტორია

    „სოფელში რომ მიმიყვანეს, სახლში ტანსაცმელი გამხადეს. თეთრი ნაჭერი შემომახვიეს და სასაფლაოზე ამიყვანეს. მკვდრის ლოცვა შეასრულეს. მერე ისევ სახლში დამაბრუნეს. მეორე დღეს დილით უნდა მოვეკალი ძმებს. იმ ღამით სარდაფში ჩამკეტეს. ღამის 4 საათი იქნებოდა, როცა დედა შემოვიდა, სარდაფიდან გამომიყვანა და მითხრა, გაიქეცი, არ შემიძლია შენს სიკვდილს ვუყუროო“ – პანკისის ხეობა იმავე ღამით დატოვა, ხუთი დღის შემდეგ კი საქართველოდან წავიდა. ახლა ის ევროპის ერთ–ერთ ქვეყანაშია და თავშესაფარს ითხოვს.

    შორენა, ტრანსგენდერი ქალი, პანკისის სათემო რადიო WAY–სთან საუბარში ამბობს, რომ ოჯახის წევრებმა მისი სექსუალური იდენტობის შესახებ ჯერ კიდევ 2009 წელს შეიტყვეს:

    „მახსოვს, ჩემი უფროსი ძმა გააფთრებული შემომივარდა ოთახში. სასტიკად მცემა. ვიდრე გონება არ დავკარგე, იქამდე მირტყამდა. როცა გონზე მოვედი, ოთახში იჯდა და მკითხა, შენს ტელეფონში რატომ არის ბიჭების სურათებიო? ვიუარე, თუმცა ჩემი ტელეფონი უნახავს, რომელიც დასატენად მქონდა შეერთებული, ჩემი ფეისბუქიც დაუთვალიერებია, შეტყობინებებიც წაუკითხავს, ყველაფერი უნახავს და უმოწყალოდ მცემა. ცოტა ხნის მერე, როცა ჩემი ძმა ოთახიდან გავიდა, მეც გავედი. მისაღებში დედა ტიროდა. შევეცადე ყველაფერი ამეხსნა, მაგრამ დედამ სახეში გამარტყა. ეზოში გავედი, სადაც მეორე ძმამ დამიწყო ცემა ჯოხით. ჩემს ყვირილზე მეზობლები გამოვიდნენ. გაგვაშველეს. ოთახში დავბრუნდი. ჩემი ძმის მობილური დავინახე, ავიღე და პოლიციაში დავრეკე. პოლიციელები რომ მოვიდნენ, ჩემ ძმებს გაესაუბრნენ. მერე მითხრეს, რომ განყოფილებაში უნდა გავყოლოდი. ძმებთან ერთად ჩამიყვანეს პოლიციაში. ისინი გამოკითხეს, მე ახსნის საშუალებაც არ მომცეს. ჩემმა უფროსმა ძმამ პოლიციის ეზოშიც მცემა. სამართალდამცავები მაშინ ჩაერივნენ, როცა ნახეს, რომ სისხლი მდიოდა. ჩემი ძმები პოლიციის მანქანით სახლში დააბრუნეს, მე კი გამომაგდეს, გაეთრიე აქედან, შენ ადამიანი არ ყოფილხარო“.

    ამბობს, რომ იმავე საღამოს თვითმკვლელობა სცადა. თვითმხილველმა შენიშნა და გადაარჩინეს.

    მომხდარის შემდეგ გარკვეული პერიოდი ოჯახის ახლობლის სახლში ცხოვრობდა. ცოტა ხნით სკოლაშიც აღარ დადიოდა. „რამდენიმე კვირის შემდეგ სკოლაში გამოვჩნდი თუ არა, ბიჭებმა მცემეს. გზაში ვინც მხვდებოდა, ქვებს მესროდნენ და მაგინებდნენ“.

    მოგვიანებით სწავლა ერთ–ერთ სასწავლებელში გააგრძელა. „მამაჩემი და ძმები ჩეჩნეთში იყვნენ წასულები. რომ ჩამოვიდნენ, დედა მესტუმრა და მითხრა – უნდა წაგიყვანოო,

    შენ ავად ხარ. პანკისში არის იმამი, რომელიც შენს მკურნალობას შეძლებს და გადაგარჩენსო. გავყევი პანკისში. ხან მეჩეთში დავდიოდი, ხან სახლში მოდიოდნენ და ყურანს მიკითხავდნენ, თან ჯოხებს მირტყამდნენ, ეშმაკი უნდა მოგაშოროთო“.

    „მკურნალობის“ ერთი თვის შემდეგ დედას უთხრა, რომ ბიჭები აღარ მოსწონდა, ტელეფონში გოგონების სურათებიც აჩვენა, ისიც თქვა, რომ ერთ–ერთი მათგანი უყვარდა და ფიქრობს, რომ ოჯახის წევრებს „გამოჯანმრთელება“ დააჯერა. ამის შემდეგ სხვა ქალაქში მუშაობაც დაიწყო.

    2017 წლის აპრილამდე ყველაფერი ნორმალურად მიდიოდა. ერთ დღეს ჩეჩნეთიდან დამირეკეს ძმებმა და მითხრეს, რომ დაგნიშნეთო და გოგოს სურათი გამომიგზავნეს. ვეუბნებოდი სხვა მიყვარს მეთქი. არაო, რამდენიმე დღეში ჩამოვალთ და ამ გოგოსაც ჩამოვიყვანთო. მერე ვუთხარი, მე სხვა გოგოსთან მაქვს ურთიერთობა და ჩემგან ორსულად არის მეთქი. არ გვაინტერესებსო და უცებ ვუთხარი, მე ცოლს ვერ მოვიყვან, ბიჭები მომწონს მეთქი. ეს ვთქვი თუ არა, ტელეფონი გათიშეს. რამდენიმე წუთის შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, შენ ჩვენთვის მკვდარი ხარ, ჩამოვალთ აქედან, მოგკლავთ და ამით სირცხვილს ჩამოვირეცხავთო“, – ამბობს ჩვენი რესპონდენტი.

    მისივე თქმით, მეორე დღეს მამამაც დაურეკა და უთხრა: „მალე ჩამოვალ და ან შენ მოგაჭრი თავს, ან მე მოვკვდებიო“.

    განცხადებით ახმეტის პოლიციას მიმართა: „რომ მოვუყევი რა პრობლემაც მქონდა, იცინეს და მითხრეს, რომ ეს ოჯახის საქმე იყო“.

    დახმარებისთვის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისში იმყოფებოდა, რასაც საია–ს წარმომადგენელიც ადასტურებს. მას იუირიდიული კონსულტაცია გაუწიეს, თუმცა უსაფრთხოების მიზეზით, საჩივრის შეტანაზე უარი თქვა.

    მისი თქმით, სიცოცხლის მოსპობის მუქარა მომდევნო დღეებშიც რომ გაგრძელდა, თელავის პოლიციას მიაკითხა: „8 აგვისტოს მივედი თელავის პოლიციაში. ყველაფერი ვუამბე და დახმარება ვთხოვე. „ქისტი პიდარასტი“ მიწოდეს, ახმეტაში წადიო. რამდენიმე დღის შემდეგ დედამ დამირეკა. მთხოვა, შემხვდიო. ტიროდა. შეხვედრის ადგილზე და დროზე შევთანხმდით. რომ მოვიდა, ჩამიხუტა და მაგრად დამიჭირა. დავინახე, რომ გარშემო მამა და ძმები იდგნენ. მამამ იარაღი დამანახა, მანქანაში ჩაჯექიო. ჩავჯექი. სახეში შემაფურთხა. ცემით არ ვუცემივარ, დედამ სთხოვა, ჩემს წინ ნუ ცემო.

    სოფელში რომ მიმიყვანეს, სახლში ტანსაცმელი გამხადეს. თეთრი ნაჭერი შემომახვიეს და სასაფლაოზე ამიყვანეს. მკვდრის ლოცვა შეასრულეს. მერე ისევ სახლში წამომიყვანეს. მეორე დღეს დილით უნდა მოვეკალი ძმებს, როგორც გავიგე დანით. მივხვდი, რომ ჩემი საშველი აღარ იყო. იმ ღამით სარდაფში ჩამკეტეს. ღამის 4 საათი იქნებოდა, როცა დედა შემოვიდა, სარდაფიდან გამომიყვანა და მითხრა, გაიქეცი, არ შემიძლია შენს სიკვდილს ვუყუროო.

    პანკისის ხეობა სირბილით დავტოვე. რამდენიმე დღე მეგობარმა შემიფარა თელავში, სექტემბრის პირველივე კვირაში კი საქართველოდან წამოვედი“, – იხსენებს შორენა.

    ტრანსგენდერის ცნება ძირითადად აღწერს ადამიანებს, რომელთა გენდერული იდენტობაც მათ ბიოლოგიურ სქესს არ შეესაბამება. ეს შეიძლება იყოს ბიოლოგიური მამაკაცი, რომელსაც ქალის გენდერული იდენტობა აქვს და ქალის ცხოვრებით ცხოვრობს, ან, პირიქით, ბიოლოგიური ქალი, რომელსაც კაცის გენდერული იდენტობა და შესაბამისი გენდერული როლი აქვს.

    ტრანსგენდერ ადამიანთა დიდი ნაწილი ცხოვრების განმავლობაში ასრულებს ტრანზიციას (გადასვლას) ბიოლოგიური სქესიდან სასურველ გენდერზე. ტრანზიცია რთული პროცესია და მოიაზრებს როგორც სამედიცინო ჩარევას (ჰორმონული თერაპია, ნაწილობრივი ან სრული ქირურგიული ოპერაცია), ისე სასურველი სქესის შესაბამისი სოციალური როლის მორგებას. ტრანსგენდერ ადამიანთა იმ ნაწილს, რომელმაც ქირურგიული ჩარევის შედეგად სქესი შეიცვალა, ტრანსსექსუალებს უწოდებენ.

    საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, ქვეყანაში შექმნილი რთული უფლებრივი მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმედ აისახება ლგბტ საზოგადოების შედარებით მოწყვლად ჯგუფებზე, როგორიცაა ლბ ქალები და ტრანსგენდერი ქალები.

    უჩა ნანუაშვილის თქმით, ტრანსგენდერი ქალების მიმართ, ბევრი სხვადასხვა ფაქტორის გამო გამოვლენილი ძალადობის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ სამართალდამცავ უწყებებს ხშირად უწევთ ამ ურთიერთობებში ჩარევა, თუმცა, 2016 წელს გაზრდილი შემთხვევების ფონზე, შესაძლოა ცალსახად ითქვას, რომ პოლიციას არ გააჩნია ამ ძალადობის რეგულირების სტრატეგია, შემოიფარგლება მხოლოდ ცალკეულ ინციდენტებზე რეაგირებით და ვერ უმკლავდება პრობლემის სისტემურ ხასიათს.

     

    ამ თემაზე:

    პანკისის სათემო რადიოს განცხადება ტრანსგენდერი ქალის ისტორიის გაშუქებასთან დაკავშირებით

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]