"საქართველოს პროკურატურამ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ, პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას, მოქალაქე თ.მ. - ს ჯანმრთელობის დაზიანებასთან დაკავშირებით დაიწყო და მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე. ამჟამად ტარდება ყველა გადაუდებელი საპროცესო და საგამოძიებო მოქმედება. შედეგების შესახებ დამატებით ეცნობება საზოგადოებას", - განაცხადა სუხიაშვილმა.
თემირლან მაჩალიკაშვილი ამ დროისთვის თელავის რეფერალურ საავადმყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული. 26 დეკემბერს ოპერაცია ჩაუტარდა და ექიმების განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, თემირლან მაჩალიკაშვილი დაკავებისას შეეცადა წინააღმდეგობა გაეწია სამართალდამცავებისთვის, კერძოდ, უნდოდა მოქმედებაში მოეყვანა ხელყუმბარა, რა დროსაც დანაშაულებრივი ქმედების აღსაკვეთად უკიდურესი აუცილებლობიდან გამომდინარე მისი მისამართით მოხდა გასროლა, რის შედეგადაც იგი თავის არეში დაიჭრა.
თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სუს-ის ამ ვერსიას კატეგორიულად უარყოფენ. დაჭრილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, მის შვილს ხელყუმბარა არ ჰქონია და მას საწოლიდან წამოდგომამდე ესროლეს.
26 დეკემბერს, გამთენიისას პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად ხუთი ადამიანი – ზურაბ გორნაკაშვილი, რუსლან ალდამოვი, რამაზ მარგოშვილი, ბადურ ჩოფანაშვილი და თემირლან მაჩალიკაშვილი დააკავეს. მათ მიმართ გამოძიება სსკ–ს 331 პრიმა მუხლის მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტერორიზმის ხელშეწყობას გულისხმობს.