• weather cur airplane

    რატომ აპროტესტებენ პანკისის ხეობაში მესამე ჰესის მშენებლობას

    ორშაბათი, 26 მარტი 2018 20:38 view 1185
    რატომ აპროტესტებენ პანკისის ხეობაში მესამე ჰესის მშენებლობას

    პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით შპს „ალაზანი ენერჯის“ ხელმძღვანელსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის გამართული შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. სოფელ ბირკიანში 5.4 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაზე გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის ნებართვა 2017 წლის 18 ოქტომბერს აქვს დამტკიცებული. კომპანიამ ჰესის ასაშენებლად ხეობაში სამშენებლო მასალები უკვე შეიტანა, მაგრამ მოსახლეობის ნაწილი მშენებლობის წინააღმდეგია.

    „ყოველი ჰესი წელიწადში სამჯერ იწმინდება. მთელი ეს განაწმენდი მდინარეში იღვრება და მოსახლეობას უნახავს, რომ ალაზანი გაშავებული მოდის. წყალს ძირითადად ალაზნიდან ვიღებთ. აქ რომ ჰესი აშენდეს, აღარ გამოვა სუფთა წყალი, რომლის გამოყენებაც ხალხს შეეძლება, ან რომელშიც ბავშვები იბანავებენ. ამდენ ტურბინებში წყალი რომ გაივლის, მივიღებთ დაბინძურებულ, ზეთიან წყალს. ომალოშიც წყლის პრობლემა გვაქვს და აქედან ვაპირებთ წყლის გაყვანას“, – ამბობს სოფელ ომალოში მცხოვრები მურაზი გოდერძიშვილი.

    „სოფლებში ჭები გვაქვს და სასმელ წყალს იქიდან ვიღებთ. მდინარეში თუ წყალი აღარ იქნება, ჭაშიც გაქრება და უწყლოდ დავრჩებით“, – აღნიშნა შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ.

    პანკისში მოსახლეობა თავს მესაქონლეობით ირჩენს. ისედაც ცოტა საძოვარი გვაქვს, მესამე ჰესის მშენებლობის შემთხვევაში, საძოვარი კიდევ უფრო შემცირდება. მდინარეში წყალი რომ დაიკლებს ან დაწყდება, ბალახიც არ იქნება. მერე ჩვენ რა ვქნათ?“, – მიმართა 25 მარტს, ბირკიანში გამართული შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ ლაშა იორდანიშვილს, რომელიც ჰესის მშენებელი კომპანიის, შპს „ალაზანი ენერჯის“ 100% წილის მესაკუთრეა.

    იორდანიშვილი ცდილობდა შეხვედრის მონაწილეების დარწმუნებას, რომ ჰიდროელექტროსადგურიდან გამოსული წყალი გაფილტრული და უსაფრთხოა.

    „ტყუილია, რომ ჰიდროელექტროსადგურიდან გამოსულ წყალს შეუძლია რაიმე ზიანი მიაყენოს მოსახლეობას. მაზუთს საერთოდ არ ვხმარობთ. გთავაზობთ, რომ იმ სადგურში, რომელიც აქ იმუშავებს, აქედან ავიყვანოთ ბიჭები. თვითონ ნახავენ იღვრება თუ არა რაიმე შიგნით. ხომ თქვით, ომალოში წყლის პრობლემააო. ეს გვითხარით და ამაში მოგვიხმარეთ, რომ ომალოში წყალი მივიყვანოთ, მოსახლეობას რაღაცაში დავეხმაროთ. ბირკიანს რამე უჭირს? ეგ გვითხარით და ეგ გავაკეთოთ. ალაზანში წყალი გაქრებაო. თუ წყალი დაიკლებს, ავდგებით და 5 მეგავატზე აღარ ვამუშავებთ, 4-ზე და 3-ზე ვამუშავებთ. ბალახს რამე დაემართება? ვნახოთ რამდენი ბალახი იქნება გაფუჭებული, ორი იმდენი მოვიტანოთ და სოფელს მივცეთ. მომწამლავი წყალი იქნებაო, წამოდით და მე თვითონ დავლევ ჰესიდან გამოსულ წყალს. ერთ ოჯახსაც რომ შეუმცირდეს ჭაში წყალი, სახლამდე ვუზიდავთ იმ წყალს. ჩვენ ჩამოვედით იმიტომ, რომ სოფელს - ბირკიანი იქნება, ომალო თუ ძიბახევი, გავიგოთ რა გიჭირთ და გვერდში როგორ დაგიდგეთ, თორემ ჰესის მშენებლობაზე ნებართვა აქამდეც აღებული გვქონდა“, – განაცხადა ლაშა იორდანიშვილმა.

    „მეც მიმუშავია ჰესზე და ტურბინები რომ იშლება, მაზუთი წყალში ჩადის. თევზს რას უზამთ? ბაზარში იყიდით და მოსახლეობას დაურიგებთ? ისედაც აღარ არის თევზი. ტურისტი რომ მოდის, თქვენი ჰესი უნდა ნახოს?“, – აღნიშნა სოფელ ბირკიანში მცხოვრებმა.

    „მეზობელი ბავშვია. შარშანწინ იყო, როცა ბანაობის დროს ავად გახდა. ახმეტასა და თელავში ვერ უშველეს. თბილისში ანალიზები აიღეს და აღმოჩნდა, რომ ორგანიზმში მაზუთი ჰქონდა. საიდან მოხვდა მაზუთი ორგანიზმში? ესეიგი ალაზანში მაზუთი მოდის? დაგვისახელეთ რა პლიუსი ჰქონდა ამ ჰესების აშენებას? არაფერი ჩვენთვის“.

    ბირკიანში, ადგილობრივებსა და ჰესის მშენებელი კომპანიის ხელმძღვანელს შორის გამართულ შეხვედრაში, პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილიც მონაწილეობდა. მისი თქმით, „თუ ჰესი აშენდა, პანკისის ხეობას ელექტროენერგია შეღავათიანი ტარიფით უნდა მიეწოდოს“.

    „დენზე შეღავათის დაწესება მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია. ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. ჩვენ შეგვიძლია რაღაც ერთობლივად გავაკეთოთ და იმ შემოსავლით გადავიხადოთ დენის ფული. მაგალითად, ფერმა გავაკეთოთ. რასაც თქვენ მოიფიქრებთ, ის გავაკეთოთ“, – უთხრა შეხვედრის მონაწილეებს ლაშა იორდანიშვილმა.

    პროექტის მიხედვით, ჰესის შენობა სოფელ ბირკიანში, დასახლებული პუნქტიდან რამდენიმე ათეულ მეტრში განთავსდება. ჰესისთვის წყლის მიწოდება კი „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე, მდინარე ალაზანს მილსადენში მოაქცევენ. მდინარის კალაპოტში ალაზნის წყალი თითქმის აღარ დარჩება და ხადორის ხეობა ხოროჯოსწყლის, ბაწარას, ქვაჩადალას და რამდენიმე მცირე შენაკადის იმედზე რჩება.

    გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, მდინარეში წყლის დონის მკვეთრი შემცირების გამო მოსალოდნელია ტყის გამეჩხერება, წავის და სხვა ცხოველების პოპულაციის, ასევე წითელ ნუსხაში შეტანილი ნაკადულის კალმახის და თევზის სხვა სახეობების მნიშვნელოვანი შემცირება. „ხადორი 3“ – ის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

    ლაშა იორდანიშვილი შპს „ალაზანი ენერჯის“ გარდა წილებს ფლობს შემდეგ საწარმოებში: შპს „პერი“ – 75%; შპს „თენ“ – 70%; შპს „ყაზბეგი ჰესი“ – 66,67%; შპს „დარიალის ტერმინალი“ – 75%; შპს „სმარტვუდი“ – 40%; შპს „ჰიდროენერჯი“ - 50%; სს „ონი კასკადი“ – გენერალური დირექტორი.

    ისლამ გორგიშვილი

    ისლამ გორგიშვილი

    პანკისის სათემო რადიოს რეპორტიორი, სამოქალაქო აქტივისტი. ისლამი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტია. E-mail: [email protected]

    სიახლეები

    გაზრდილი დაპირებები მოსახლეობას - პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე თანხმობის სანაცვლოდ

    კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილმა, რომელსაც მშენებლობის ნებართვა კი…

    აღკვეთეთ პანკისში დესტრუქციული ძალების თვითნებობა - უხუცესთა კავშირი ხელისუფლებას

    პანკისის უხუცესთა კავშირი, რამდენიმე დღის წინ, ხეობაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით…

    სალაფიტური თემის იმამმა პანკისში კადიროვის მხარდამჭერი ჯგუფის ქმედებები დაგმო

    პანკისის სალაფიტური თემის იმამი, 15 ივნისს, რამადან ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნისას,…
  • პოპულარული

    მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]