• weather cur airplane

    როგორც კი რამადანის თვე ჩაივლის, პანკისში აქციები დაიწყება - მაჩალიკაშვილი

    ორშაბათი, 11 ივნისი 2018 12:58 view 836
    როგორც კი რამადანის თვე ჩაივლის, პანკისში აქციები დაიწყება - მაჩალიკაშვილი

    „ყველა ჩემი მოთხოვნა გავაჟღერე რამდენიმე დღის წინ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე. ვითხოვთ, რომ სახელმწიფომ აღიაროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი დანაშაული და დასაჯონ დამნაშავეები; აღიარონ თემირლანის უდანაშაულობა. მე არ ვარ ტერორისტი, ისინი არიან ტერორისტები, მძინარე შვილი სახლში, საწოლში მომიკლეს. როგორც კი რამადანის თვე ჩაივლის, პანკისში აქციები დაიწყება. სიმართლის გასარკვევად ერთადერთი გზა დაგვრჩა - ქუჩაში დგომა“, - განაცხადა პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

    „მე ვერავინ და ვერაფერი გამაჩერებს. თუ გამაჩერებს, ეს იქნება ტყვია, რომელიც უსაფრთხოების სამსახურმა თემირლანს შუბლში ესროლა. იმ ტყვიას თუ დამაჭედებენ შუბლში, მაშინ გავჩერდები.

    მე და ზაზას (სარალიძეს) უკან დასახევი გზა არ გვაქვს და ერთად ვიდგებით. ჩემი მოთხოვნა იყო დაისაჯონ გომელაური და ის სპეცრაზმელი. ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყვა. თემირლანის სახელის ხსენებაც არ უნდათ. უნდათ, რომ ჩაკლან ეს საქმე, საერთოდ რომ არ გაჟღერდეს თემირლან მაჩალიკაშვილის სახელი, იმდენად გამოუსწორებელი შეცდომა აქვთ ჩადენილი“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა. რამადანის თვე 14 ან 15 ივნისს დასრულდება.

    10 ივნისს, თბილისში, პარლამენტის შენობის წინ გამართულ აქციაში პანკისის ხეობის მცხოვრებლებიც მონაწილეობდნენ.

    „ექვსი თვის განმავლობაში პანკისის ხეობაში ვითხოვდით, რომ გამოხმაურება ყოფილიყო პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის სხვა წარმომადგენლების მხრიდან. დღემდე კაციშვილმა ყურადღება არ მოგვაქცია. ამიტომ, იძულებულები გავხდით, დღეს ჩამოვსულიყავით თბილისში და ჩვენი საპროტესტო მუხტი აქ გადმოგვეტანა. პანკისის ხეობაში ყურადღებას აღარავინ გვაქცევს. თემირლან მაჩალიკაშვილს ბრალიც კი არ აქვს წარდგენილი, მის ადვოკატებს მასალები არ აქვთ გადაცემული, საქმესთან დაკავშირებით ყველა მხრივ ხელ-ფეხია შეკრული“, - უთხრა ჟურნალისტებს მუსა პანკისელმა.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს, საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევის და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა. 2017 წლის 26 დეკემბერს, გვიან ღამით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად, საკუთარ საძინებელ ოთახში სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი 10 იანვარს გარდაიცვალა. მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი 5 პირი დაპატიმრებულია. მათ საქმეებს სასამართლო დახურულ სხდომებზე იხილავს.

    პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებს, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    გაზრდილი დაპირებები მოსახლეობას - პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე თანხმობის სანაცვლოდ

    კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილმა, რომელსაც მშენებლობის ნებართვა კი…

    აღკვეთეთ პანკისში დესტრუქციული ძალების თვითნებობა - უხუცესთა კავშირი ხელისუფლებას

    პანკისის უხუცესთა კავშირი, რამდენიმე დღის წინ, ხეობაში მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით…

    სალაფიტური თემის იმამმა პანკისში კადიროვის მხარდამჭერი ჯგუფის ქმედებები დაგმო

    პანკისის სალაფიტური თემის იმამი, 15 ივნისს, რამადან ბაირამის დღესასწაულის აღნიშვნისას,…
  • პოპულარული

    მხარდამჭერები

     

    სათემო რადიოს მიერ გავრცელებული და ვებგვერდზე გამოქვეყნებული მასალების შინაარსი არ გამოხატავს დონორების პოზიციას. მასზე პასუხისმგებელია პანკისის სათემო რადიო WAY.

     

    კონტაქტი

    საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.

    0 353 22 22 11

    [email protected]