• ქურდობაში ბრალდებულ სუს-ის ოდეერს ახმეტის მერიაში სამსახური პერსონალურად შეუქმნეს

    კვირა, 18 თებერვალი 2018 17:54 view 10535
    ქურდობაში ბრალდებულ სუს-ის ოდეერს ახმეტის მერიაში სამსახური პერსონალურად შეუქმნეს

    ჯგუფურად ჩადენილი ქურდობისთვის ბრალდებულ ივანე (მამუკა) ხალხელაურს, რომლის საქმეც თელავის სასამართლოს წარმოებაშია, ახმეტის მერიაში სამსახური პერსონალურად შეუქმნეს, ყოველთვიური ხელფასი კი 1500 ლარით განუსაზღვრეს. „რეგინფოს“ ინფორმაციით, ივანე ხალხელაური ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის „ოდეერი“ იქნება.

    ვინ არის ივანე ხალხელაური

    ივანე ხალხელაური 2003-2004 წლებში ახმეტის პოლიციაში, პანკისის ქვეგანყოფილების უფროსად მუშაობდა. 2005 წლიდან დედოფლისწყაროს პოლიციაში ძებნის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, შემდეგ მუშაობა ისევ ახმეტის პოლიციაში გააგრძელა. რამდენიმე წელი ესპანეთში იმყოფებოდა.

    2013-2014 წლებში ივანე ხალხელაური სააქციო საზოგადოება „კახეთის ენერგოდისტრიბუციის“ სათაო ოფისში, გამრიცხველიანების ჯგუფში მუშაობდა. ამ პერიოდში კომპანია გაკოტრების რეჟიმში იყო და მას იუსტიციის სამინისტროს მიერ დანიშნული მმართველი მართავდა.

    კახეთის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით, კომპანიაში მუშაობის პერიოდში, ივანე ხალხელაურმა, ორ სხვა პირთან წინასწარი შეთანხმებით, ფარულად გაიტაცა ენერგოდისტრიბუციის კუთვნილი ათასობით ლარის ღირებულების სპილენძის კაბელები, რომელიც შემდეგ ჯართის სახით გაყიდა.

    საბრალდებო დასკვნაში წერია, რომ ქურდობის ჩადენის დროს ბრალდებულები კომპანიის ტერიტორიაზე განთავსებულ ვიდეოკამერებს შავი პოლიეთილენის პარკებს აფარებდნენ.

    პროკურატურამ სამივე მათგანს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (მნიშვნელოვანი ზიანი) და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (პირთა ჯგუფი) წარედგინა, რაც მძიმე კატეგორიის დანაშაულად ითვლება და სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    თელავის რაიონული სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებული ინფორმაციით, საქმის განხილვა 2016 წლის 21 ივლისს დაიწყო, შემდეგ კი 26-ჯერ მოხდა მისი გადადება. ბოლო სხდომა 2018 წლის 2 თებერვალს ჩატარდა და კვლავ გადაიდო.

    პრივილეგირებული ბრალდებული

    სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის გამო, ივანე ხალხელაური სამსახურიდან კი გაათავისუფლეს, მაგრამ ხელისუფლებისგან უყურადღებოდ არ დარჩენილა, - 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდში იგი პარტია „ქართული ოცნების“ ახმეტის ორგანიზაციაში უსაფრთხოებისა და მონიტორინგის სამსახურის უფროსად დაინიშნა, სადაც დღემდე აგრძელებს მუშაობას.

    2017 წლის 28 დეკემბერს ახმეტის საკრებულომ დაამტკიცა მერიის ახალი საშტატო ნუსხა, რომელიც 2018 წლის 1 თებერვლიდან ამოქმედდა. დადგენილების თანახმად, ახმეტის მერიაში შეიქმნა მერის წარმომადგენელთა საქმიანობის კოორდინაციის სამსახური, რომელიც მანამდე არ არსებობდა. უფრო მეტიც, ასეთი სამსახური საქართველოს არცერთ სხვა მუნიციპალიტეტში არ არსებობს. პარალელურად, მერიის სამსახურის უფროსის ხელფასი გაიზარდა და 1000 ლარის ნაცვლად 1500 ლარი გახდა.

    „კანონი არ გვზღუდავს. მუნიციპალიტეტში 15 ადმინისტრაციული ერთეულია და კოორდინაციის სამსახურის შექმნა ამიტომ გადავწყვიტეთ“, - აღნიშნავს ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი.

    საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი ახმეტის მერიაში მიმდინარე წლის 2 თებერვალს ჩატარდა. კონკურსში ახლადშექმნილი სამსახურის უფროსის ვაკანტურ პოზიციაზე ივანე ხალხელაური მონაწილეობს. „გასაუბრება გავიარე და შედეგს ველოდები“, - გვითხრა ივანე ხალხელაურმა.

    „რეგინფოსთვის“ ცნობილი გახდა, რომ ივანე ხალხელაურს კონკურსში გამარჯვება გარანტირებული აქვს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ თანამდებობაზე დანიშნული არ არის, იგი უკვე ერთი თვეა მერიაში ცხადდება და სამუშაო საათებში იქ იმყოფება, პერიოდულად კი მერიის წარმომადგენლობებშიც მიდის და თანამშრომლებს აკონტროლებს.

    „ახმეტაში ვარ დაბადებული, ბევრი მიცნობს. შეიძლება მერიის შენობაში შევიდე, გამოვიდე, მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ რაღაცით ვსარგებლობ. მეც ერთ-ერთი კონკურსანტი ვარ“, - ამბობს ივანე ხალხელაური.

    ამასთან, იგი ახმეტის მერიის სხვა აქტივობებშიც მონაწილეობს. 2018 წლის 6 თებერვალს მერიის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულია ინფორმაცია „9 შშმ პირს საჩუქრად ეტლი გადაეცა“, სადაც ფოტოებზე ჩანს, რომ ეტლების გადაცემის პროცესში, მერის პირველ მოადგილესთან, სოციალური სამსახურის უფროსთან და საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარესთან ერთად, ივანე ხალხელაურიც იღებდა მონაწილეობას.

    „დამხმარე სჭირდებოდათ ალბათ გადასატანად. მოგეხსენებათ ეტლი მძიმეა, იმ მომენტში ვინც გამოჩნდა, ალბათ ის წაიყვანეს, თორემ მე საერთოდ არ ვყოფილვარ ამ ღონისძიებაზე“, - ასე ხსნის მუნიციპალიტეტის მერი ღონისძიებაში ივანე ხალხელაურის მონაწილეობას.

    შშმ პირებისთვის 9 ეტლი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობას ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ წარმომადგენლებმა გადასცეს.

    კითხვაზე - როგორ აღმოჩნდით ეტლების გადაცემის პროცესის მონაწილედ, ივანე ხალხელაური განმარტავს: „ჩემი პირადი ხარჯებითაც არაერთხელ დავხმარებივარ გაჭირვებულებს“.

    „რეგინფოს“ ინფორმაციით, ივანე ხალხელაური პირად საუბრებში აცხადებს, რომ უახლოეს ხანში მისი „მფარველი“ მაღალჩინოსნები სასამართლოში გამართლებას პირდებიან. „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემთხვევაში, მსჯავრდებული პირის თანამდებობაზე ყოფნა დაუშვებელია.

    „მე დანაშაულს არ ვაღიარებ და გამართლებას ამიტომ ველოდები, მართალი ვარ.

    - გამოძიების ეტაპზე ბრალი აღიარებული არ გაქვთ?

    - არა, დღემდე დუმილის უფლებას ვიყენებ. მეოთხე წელი დაიწყო, რაც ეს გაუგებრობა გრძელდება. საქმის განხილვა 26-ჯერ იმიტომ გადაიდო, რომ უდანაშაულოები ვართ, რასაც მედავებიან ეს ფაქტი არ ყოფილა, პროკურორი ქეთევან ვაშაკიძე კი პროცესებზე არ ცხადდება. თუ სამსახურში დავინიშნე და სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი მიიღო, გადავდგები, რა პრობლემაა.

    - ბატონო ივანე, სუს-თან რა კავშირი გაქვთ?

    - რა კავშირი უნდა მქონდეს?

    - ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ სუს-ის ოდეერი იქნებით.

    - ადრე ვმუშაობდი ძალოვან სტრუქტურებში, სხვა არანაირი ურთიერთობა არ მაქვს სუს-თან.

    უშიშროების საკითხებში ოფიცერი ანუ იგივე ოდეერი (დასახელება მოდის რუსული აბრევიატურიდან, ОДР – Офицер Действующего Резерва) არის სახელმწიფო უშიშროების სამსახურის (სუს-ი) მხრიდან სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებში საგანგებო დავალებით ჩანერგილი პირი, რომელიც უსაფრთხოების სამსახურს აწვდის ყველანაირ ინფორმაციას იმაზე, თუ რა ხდება სტრუქტურაში. ანონიმურობის მიზნით, ის დაწესებულების ოფიციალური თანამშრომელი ხდება, მის შესახებ იცის მხოლოდ უწყების ხელმძღვანელმა, გაფორმებულია სხვადასხვა თანამდებობაზე, ხშირად მრჩევლის პოზიციაზე.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]