• პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე ადგილობრივებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს

    კვირა, 22 აპრილი 2018 20:47 view 8403
    პანკისში მესამე ჰესის მშენებლობაზე ადგილობრივებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს

    პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე მესამე ჰიდროელექტროსადგურის (ხადორი 3) მშენებლობის საკითხზე ადგილობრივ მცხოვრებლებთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს. კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე, ლაშა იორდანიშვილი ვალდებულებას იღებს, ჰესის სამშენებლო სამუშაოებზე, თითქმის 1 წლით, 80-100 ადგილობრივი ახალგაზრდა დაასაქმოს. უფრო მეტი ვადით, ამდენივე ახალგაზრდის დასაქმებას დაპირდნენ პანკისელ უხუცესებსა და სალაფიტური თემის ლიდერებს „სამწყურისწყალი 2 ჰესის“ სამშენებლო სამუშაოებზეც. „სამწყურისწყალი 2 ჰესი“ მეოთხე ჰიდროელექტროსადური იქნება პანკისის ხეობაში.

    დახურული შეხვედრა

    „ხადორი 3 ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით მორიგი შეხვედრა 19 აპრილს, ახმეტაში გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდნენ: კომპანია „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილი; შპს „ფერის“ მესაკუთრე იოსებ მჭედლიშვილი; პანკისის უხუცესთა კავშირისა და სალაფიტური თემის ლიდერები, ხასო ხანგოშვილი, ზელიმხან წუწაშვილი, ომარ ფარეულიძე, ელიზბარ მარგოშვილი, ვახტანგ ფარეულიძე, ბექხან ფარეულიძე, ომარ ხანგოშვილი და სხვები. ხელისუფლების მხრიდან - პანკისის სოფლებში ახმეტის მერის წარმომადგენლები; ახმეტის მერი იოსებ ქარუმაშვილი; კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი; ეკონომიკის მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე; ახმეტის პოლიციის სამმართველოს უფროსი ბესიკ ონიანი და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი შოთა ჭანუყვაძე.

    პანკისის უხუცესთა კავშირის წევრის ხასო ხანგოშვილის განცხადებით, შეხვედრა, რომელიც მედიისთვის დახურული იყო, ხელისუფლების ინიციატივით გაიმართა.

    „ჰესების მშენებელი კომპანიების ხელმძღვანელებმა ძალიან კარგი პირობები წამოგვიყენეს. ისინი თანახმანი არიან ბევრ რამეზე. მაგალითად, ხეობის სოფლების მოსახლეობას სასმელი წყლის პრობლემის გადაჭრაში დაგვეხმარებიან; ჰესებთან გაკეთდება თევზსავალი, რომ მდინარეში თევზი არ გაქრეს; ალაზანში წყალი რომ დარჩეს, მონიტორინგს ხეობის მცხოვრებლები განახორციელებენ; ხეობაში მცხოვრებ ახალგაზრდებს დაასაქმებენ“, - უთხრა ხასო ხანგოშვილმა პანკისის სათემო რადიოს. მისივე თქმით, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე კიდევ მოხდება მოსახლეობასთან შეხვედრა და აზრების შეჯერება.

    სალაფიტური თემის რამდენიმე ლიდერის თქმით, ზოგიერთი მათგანი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია, ნაწილს კი განსხვავებული მოსაზრება აქვს.

    „დეტალურად ვისაუბრეთ პროექტი რას გულისხმობს, როგორ განხორციელდება, რა ზემოქმედება ექნება ბუნებასა და მოსახლეობაზე. კომპანიის წარმომადგენლებმა დაწვრილებით ახსნეს ყველაფერი.

    დაისვა საკითხები, რაც აღელვებს სოფლებს, მათ შორის სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები. პრინციპში ყველაფერზე იქნა ამ კუთხით შეთანხმება მიღწეული.

    განსაკუთრებით ხაზი გვქონდა გასმული სასმელი წყლის პრობლემაზე და შეხვედრაზევე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ კომპანია, რომელიც ჰესს აშენებს, თავიდან ბოლომდე გააკეთებს რეაბილიტაციას და სადაც საჭიროა, ააშენებს წყლის მომარაგების ქსელს და მოსახლეობა სასმელი წყლით იქნება უზრუნველყოფილი. ჰესების მშენებლობაზე კომპანია ადგილობრივ მცხოვრებლებს დაასაქმებს და შემდგომ, როცა უკვე ჰესი ამუშავდება, მათგან ნაწილს მუდმივი სამუშაო ექნება. ასევე, ადგილობრივებს აინტერესებდათ მდინარეში რა ოდენობის წყალი დარჩება. კომპანიის წარმომადგენლები დაპირდნენ, რომ მონიტორინგის პროცესში პანკისელებს ჩართავენ. შეხვედრა დასრულდა დადებითი განწყობით. თქვეს, რომ ჩვენ თანასოფლელებს გადავცემთ, ავუხსნით და პოზიტიურად მიმდინარეობს პროცესი. თუ საჭიროება არის, ხეობაშიც გავმართავთ შეხვედრას“, - განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.

    რას უკავშირდებოდა პროტესტი

    პანკისის ხეობის მცხოვრებლებმა მდინარე ალაზანზე 5.4 მგვტ დადგმული სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის, „ხადორი 3“ ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქცია რამდენჯერმე გამართეს. პროექტის მიხედვით, ჰესის შენობა სოფელ ბირკიანში, სახლებთან ახლოს განთავსდება. ჰესისთვის წყლის მიწოდება კი „ხადორი 2“-ის გამყვანი არხიდან მოხდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბირკიანს ზემოთ ხადორამდე, დაახლოებით 4.5 კილომეტრზე მდინარე ალაზანს რკინის მილებში მოაქცევენ.

    გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის მიხედვით, მდინარეში წყლის დონის მკვეთრი შემცირების გამო მოსალოდნელია ტყის გამეჩხერება, წავის და სხვა ცხოველების პოპულაციის, ასევე წითელ ნუსხაში შეტანილი ნაკადულის კალმახის და თევზის სხვა სახეობების მნიშვნელოვანი შემცირება.

    პანკისელები შიშობენ, რომ მდინარის მილში მოქცევის შემდეგ წყალი ჭებშიც შეუმცირდებათ ან დაუშრებათ.

    ადგილობრივთა ნაწილს მიაჩნია, რომ ჰესის მშენებლობა უარყოფითად აისახება პანკისის ხეობაში ტურიზმის განვითარებაზე. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში პანკისში შესამჩნევად გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, რაზედაც მეტყველებს ხეობის სოფლებში გახსნილი საოჯახო სასტუმროები, კვების ობიექტები და ზაფხულობით მათი დატვირთვა. ტურისტები ძირითადად ხადორის ხეობას, ჩანჩქერს, სამყურისწყლის ხეობას, ხოროჯოს და ტბათანას ათვალიერებენ. საოჯახო სასტუმროების მეპატრონეების და გიდების თქმით, ხეობები უწყლოდ თუ დარჩება, აღარ იქნება ისეთი ლამაზი; მილსადენში წყლის მოქცევა მდინარეში თევზს გააქრობს და აღარც თევზაობა იქნება შესაძლებელი.

    ზოგიერთი ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი კი ფიქრობს, რომ ჰესის მშენებლობა პანკისში ტურიზმის განვითარებას ხელს არ შეუშლის. ისინი ამბობენ, რომ მათ მიერ შემოყვანილ ტურისტებს პანკისში ძირითადად ხადორის ჩანჩქერის ნახვა აინტერესებთ და რომ არა „ხადორჰესი“, ჩანჩქერამდე მისასვლელი გზაც არ იქნებოდა და ბევრს საერთოდ ვერ ექნებოდა ნანახი.

    „ხადორი 3“-ის მშენებლობაზე გარემოს დაცვის სამინისტროს ეკოლოგიური ექსპერტიზის დადებითი დასკვნა 2017 წლის 18 ოქტომბერს აქვს დამტკიცებული. ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის დასრულება 2019 წლის დეკემბრამდეა დაგეგმილი.

    „ალაზანი ენერჯის“ მესაკუთრე ლაშა იორდანიშვილმა პანკისის სათემო რადიოს უთხრა, რომ არასამთავრობოები პანკისის მოსახლეობას არასწორ ინფორმაციას აწვდიან და ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ განაწყობენ: „ვგულისხმობ იმ არასამთავრობოებს, რომელთაგან ახალი არ არის ასეთი ქმედებები და მათგან ეს კინო ყველას ნანახი გვაქვს“.

    „ჯამში, ხადორის ხეობაში, ჰესის მშენებლობის პროცესში, რაც დაახლოებით 1 წელი გაგრძელდება, გათვალისწინებულია 80-100 ადამიანის დასაქმება. ვიღებთ ვალდებულებას, რომ ადგილობრივები დავასაქმოთ. ასევე, ჩვენ უკვე გვაქვს ნებართვა სამყურისწყალზე ახალი ჰესის მშენებლობაზე, რომელიც დაახლოებით 2 წელი გაგრძელდება და იქაც ამდენივე ადამიანის დასაქმებას ვაპირებთ".

    „ორივე ჰესის მშენებლობის და ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ 40 ადამიანს დავასაქმებთ. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, ჩვენს კომპანიებში მუშაობენ ეთნიკური ქისტები, ტექნიკურ ნაწილშიც და საპასუხისმგებლო თანამდებობებზეც. პანკისის მცხოვრებლებს სხვა რეგიონებში მიმდინარე პროექტებში კიდევ ჩავრთავთ“, - აცხადებს ლაშა იორდანიშვილი.

    სამყურისწყალი 2 ჰესის შესახებ

    „სამყურისწყალი 2 ჰესის“ მშენებლობა დაგეგმილია მდინარე სამყურისწყლის ხეობაში არსებული, 20 მგვტ სიმძლავრის „ხადორჰესის“ ზედა ნაწილში.

    გზშ-ს ანგარიშის მიხედვით, თავდაპირველად განიხილებოდა, მდინარე სამყურისწყლის ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის მშენებლობა, რომლის საერთო დადგმული სიმძლავრე 26 მგვტ იქნებოდა, მათ შორის: სამყურისწყალი 2 ჰესის I საფეხურის დადგმული სიმძლავრე 13 მგვტ და სამყურისწყალი 2 ჰესის II  საფეხურის დადგმული სიმძლავრე 13 მგვტ.

    გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო განხილვის პროცესში გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების რისკების შემცირების და ჰესის ენერგეტიკულ-ეკონომიური ეფექტიანობის ამაღლების მიზნით, ასევე სამინისტროში შესული კომენტარების და რეკომენდაციების გათვალისწინებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ორსაფეხურიანი ჰესების კასკადის ნაცვლად ბუნებრივ ჩამონადენზე მომუშავე ერთი ჰესის (სამყურისწყალი 2 ჰესის) მშენებლობის თაობაზე.

    „სამყურისწყალი 2 ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 27 მგვტ იქნება. სათაო ნაგეობის მოწყობა დაგეგმილია ზღვის დონიდან 1656 მ ნიშნულზე, ხოლო სააგრეგატო შენობა განთავსებული იქნება 1176 მ ნიშნულზე მიწისქვეშა სივრცეში. შენობა მოეწყობა კლდოვან ქანებში, ბურღვა აფეთქების მეთოდით.

    დერივაცია განხორციელდება სადაწნეო მილსადენების საშუალებით, რომელთა ნაწილი განლაგებული იქნება მდინარის მარცხენა სანაპიროს ფერდობზე, ხოლო სადაც ამის საშუალება არ არის, სადაწნეო მილსადენები განთავსდება საპროექტო საავტომობილო გვირაბების ძირზე.

    „სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს ელექტროგადამცემ ქსელთან დაკავშირების მიზნით, მოეწყობა სპეციალური, 38 კილომეტრამდე სიგრძის ელექტროგადამცემი ხაზი, „სამყურისწყალი 2 ჰესი“-ს სააგრეგატო შენობიდან, ახმეტის 110 კვ ქვესადგურამდე, რომლისთვისაც დაგეგმილია კანონით გათვალისწინებული პროცედურების გავლა.

    საპროექტო ტერიტორიის უშუალო სიახლოვეს, კერძოდ, მდინარე სამყურისწყლის მარჯვენა სანაპიროს ფერდობზე გადის თუშეთის ეროვნული პარკის საზღვარი.

    ისლამ გორგიშვილი

    ისლამ გორგიშვილი

    პანკისის სათემო რადიოს რეპორტიორი, სამოქალაქო აქტივისტი. ისლამი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის სპეციალობის მე-4 კურსის სტუდენტია. E-mail: [email protected]

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]