საინფორმაციო ცენტრების ქსელი
საინფორმაციო ცენტრების ქსელის (ICN) მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი პანკისის ხეობის სოფელ დუისში სათემო რადიო WAY–ის ოფისის მოწყობა (ახალი ამბების განყოფილება, რადიოსტუდია, საკონფერენციო დარბაზი, მოქალაქეთა მისაღები), ადამიანური რესურსების მომზადება და FM სიხშირეზე (101.1) მაუწყებლობის დაწყების ტექნიკური უზრუნველყოფა. პროექტის ბიუჯეტი 37 ათასი ლარი.
ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“
2016 წლის იანვარში ფონდმა „ღია საზოგადოება – საქართველომ“ (OSGF) მხარი დაუჭირა ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრის პროექტს „რადიო WAY – პანკისის ხეობის თემის განვითარებისთვის“. პროექტის ფარგლებში რადიოსტუდია აღიჭურვა ტექნიკით, სათემო რადიომ სატესტო რეჟიმში დაიწყო ინტერნეტმაუწყებლობა, მოწვეული ტრენერების მიერ მოქალაქე – რეპორტიორებად მომზადდნენ სათემო აქტივისტები. პროექტის ხანგრძლივობა 3 თვე; ბიუჯეტი 5995 აშშ დოლარი.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში
2016 წლის აგვისტოდან, ააიპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით „პანკისის ხეობაში კანონის უზენაესობის ხელშეწყობის პროექტს“ ახორციელებდა. პროექტის ფარგლებში პანკისის სათემო რადიომ დაიწყო ყოველკვირეული გადაცემის „ჩემი უფლებები“ მომზადება. ოფისში მუშაობდა უფასო იურიდიული დახმარების სერვისი, სადაც მოქალაქეებს კვალიფიციური ადვოკატები უწევდნენ იურიდიულ დახმარებას; სამოქალაქო აქტივობების ცენტრი კონკრეტული საქმეების შესწავლის შედეგად ახორციელებდა სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობის მონიტორინგს და ამზადებდა რეკომენდაციებს; ეთნიკურ უმცირესობასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის დიალოგის ხელშეწყობის მიზნით გაიმართა შეხვედრები ადგილობრივი მცხოვრებლების და სხვადასხვა უწყების გადაწყვეტილების მიმღები პირების მონაწილეობით; პროექტის ხანგრძლივობა იყო 10 თვე. ბიუჯეტი 23 620 აშშ დოლარი;
აშშ-ს საელჩო საქართველოში - დემოკრატიის განვითარების მცირე საგრანტო პროგრამა
2017 წლის სექტემბრიდან ააიპ „სამოქალაქო აქტივობების ცენტრი“ საქართველოში აშშ-ს საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს „ადამიანის უფლებათა საკითხებზე ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობის“ პროექტს. პროექტის ფარგლებში გაგრძელდა გადაცემის „ჩემი უფლებები“ მომზადება. ამასთან, დაიწყო ახალი გადაცემა „ქალების სიტყვა“, რომლის მიზანიც გენდერულ საკითხებზე ცნობიერების ამაღლება, დისკრიმინაციული პრაქტიკის აღმოფხვრის ხელშეწყობა, ადგილობრივი ქალების უნარების გაძლიერება და წახალისებაა საზოგადოებრივი აქტიურობის გაზრდისთვის. პროექტის ფარგლებში გაგრძელდება შეხვედრა-დისკუსიები ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების გადაწყვეტილების მიმღებ პირებს შორის. პროექტის ხანგრძლივობა - 10 თვე. ბიუჯეტი 23 750 აშშ დოლარი.