• ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    ხუთშაბათი, 19 იანვარი 2023 20:47 view 6716
    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს, რომ ხელახალი გამოძიება უნდა ჩატარდეს. სტრასბურგის სასამართლო თავშივე იძახის იმას, რაც ჩემთვის ყველაზე მთავარია, რომ საქმე არაეფექტურად არის გამოძიებული“, - ასე გამოეხმაურა მალხაზ მაჩალიკაშვილი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომელიც მისი შვილის, 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის მკვლელობის საქმეს ეხება.

    „აქედან ძირითადად ის ჩანს, რომ ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, სუს-მა, მან თვითონვე დაიწყო ამ საქმის გამოძიება და მიუხედავად იმისა, რომ თავად იყო ამ დანაშაულის ჩამდენი, ვერ შეძლო სათავისოდ დაედო მთელი ეს მასალა. რაც შეეხება გასროლის ნაწილს, ევროპული სასამართლო იძახის, რომ საქმე არ იყო გამოძიებული და აქედან გამომდინარე, ჩვენ არ შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ეს ადამიანი სახელმწიფომ მოკლაო.

    ჩემთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი არის ის, რასაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ამბობს, რომ ამ საქმეში არის ძალიან ბევრი დარღვევა და საქმე არ არის ეფექტურად გამოძიებული. მაშინვე მიზანმიმართულად მოხდა, რომ ამ საქმეზე სტრასბურგშიც მთლიანად არ გავმართლებულიყავით. ამიტომ არ მოგვანიჭეს დაზარალებულის სტატუსი, რომ დარღვევები, რომლებიც იყო, ვერ გაგვესაჩივრებინა.

    ჩვენ ვიბრძოლებთ, რომ ეს საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს. რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა, მე ის პირები არაერთხელ დამისახელებია და ახლაც იმ პოზიციაზე ვრჩები - გომელაურიდან დაწყებული“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

    მაჩალიკაშვილების ოჯახის სახელით სტრასბურგის სასამართლოში განაცხადი სოციალური სამართლიანობის ცენტრმა ევროპის ადამიანის უფლებათა ადვოკატირების ცენტრთან (EHRAC) ერთად, 2019 წელს წარადგინა. მოსარჩელეები დავობდნენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება), მე-3 (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) და 13-ე მუხლების (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე) დარღვევაზე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა. კერძოდ, დაადგინა მე-2 მუხლის, სიცოცხლის უფლების დარღვევა პროცედურულ ნაწილში და მიიჩნია, რომ გამოძიება იყო არაეფექტური. როგორც სასამართლო განმარტავს, სიცოცხლის უფლების არსებითი დარღვევა ვერ დადგინდა, რადგან გამოძიების ხარვეზების გამო მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა.

    სოციალური სამართლიანობის ცენტრი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სასამართლომ გაიზიარა მათი თითქმის ყველა კრიტიკული შეფასება, რომელიც გამოძიებასთან ჰქონდათ.

    „...მათ შორის, გამოძიების ინსტიტუციური დამოუკიდებლობის პრინციპის დარღვევის საკითხი, რაც გამოძიების პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულებების (ჩხრეკის ფარგლებში ამოღებული საგნების, განსაკუთრებით კი ხელყუმბარის) ამოღების პროცესში სუს-ის მონაწილეობაში გამოიხატა; ასევე, პროკურატურის მიერ გამოძიების ფარგლებში სპეცოპერაციაში ჩართული ოფიცრების დაგვიანებული გამოკითხვა; გამოძიების მიერ გასროლის დროს მობილური ტელეფონისა და ყურსასმენების ადგილმდებარეობის და მათზე სისხლის კვალის არსებობის საკითხის არასათანადო შესწავლა; ასევე გამოძიების პროცესში მაჩალიკაშვილების ოჯახისთვის საიდუმლო საქმის მასალებზე დაგვიანებული წვდომა და დაზარალებულის სტატუსის არ მინიჭება მათთვის. სასამართლომ ამ კუთხით ასევე კრიტიკულად შეაფასა ის რეალობა, რომ დაზარალებულის სტატუსის არქონის გამო, მაჩალიკაშვილების ოჯახმა გამოძიების შეწყვეტის თაობაზე პროკურატურის საბოლოო გადაწყვეტილების გასაჩივრება ვერ შეძლო.

    სიცოცხლის უფლების შინაარსობრივი დარღვევა სასამართლომ ვერ დაადგინა, რადგან, როგორც თავად უთითებს, გამოძიება იმდენად ხარვეზიანი იყო, რომ საქმეზე მტკიცებულებების სათანადო შეფასება შეუძლებელი გახდა. სამწუხაროდ, სასამართლომ მტკიცების ტვირთი, სახელმწიფოზე არ გადაიტანა, რაც პალატის ერთ-ერთი მოსამართლის მხრიდან განსხვავებული აზრის დაწერის საფუძველიც გახდა.

    ამასთანავე, სასამართლომ არ განიხილა მე-3 მუხლით დაკავშირებული უფლებები (წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა) ასევე, ცალკე არ განუხილავს 13-ე მუხლი (უფლება ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის შიდა საშუალებებზე), რადგან მისი აზრით, არსებითი საკითხები მე-2 მუხლის ქვეშ უკვე შეფასებული იყო.

    ყველა შემთხვევაში მნიშვნელოვანია, რომ სიცოცხლის უფლების ქვეშ გამოძიების სტანდარტების დარღვევის დადგენა, ეროვნულ დონეზე საქმის ხელახალი გახსნისა და გამოძიების საფუძველი გახდება, რაც იმედი გვაქვს, რომ მაჩალიკაშვილების ოჯახს სამართლიანი მართლმსაჯულების მიღწევის სამართლებრივ შესაძლებლობებს მისცემს“, - აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

    სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველომ მაჩალიკაშვილების ოჯახს ჯამში 25 ათასი ევრო უნდა გადაუხადოს - 10 ათასი არამატერიალური ზიანის ანაზღაურებისთვის და 15 ათასი სასამართლო ხარჯებისთვის.

    19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, საკუთარი სახლის საძინებელ ოთახში სპეცრაზმმა თავში სასიკვდილოდ დაჭრა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თემირლან მაჩალიკაშვილს და პანკისის ხეობაში მცხოვრებ კიდევ რამდენიმე პირს საერთაშორისო ტერორისტად აღიარებული ახმედ ჩატაევისა და მისი ჯგუფის დახმარებაში ადანაშაულებდა, თუმცა, დაჭრილი მაჩალიკაშვილი 2018 წლის 10 იანვარს ისე გარდაიცვალა, რომ მისთვის ბრალი არ წაუყენებიათ. დანარჩენი პირები დააკავეს. სასამართლომ ისინი დამნაშავეებად სცნო და პატიმრობა მიუსაჯა.

    პროკურატურა თემირლან მაჩალიკაშვილის სასიკვდილოდ დაჭრის ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე-3 ნაწილით აწარმოებდა, რაც ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტებას გულისხმობს, თუმცა 2020 წლის 25 იანვარს, დანაშაულებრივი ქმედების არარსებობის მოტივით, გამოძიება შეწყვიტა. 2020 წლის 27 მარტს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას საქმეზე გამოძიების განახლების მოთხოვნით მიმართა, რაც უწყებამ არ დააკმაყოფილა.

    დიდი ხნის განმავლობაში მალხაზ მაჩალიკაშვილი თბილისში, პარლამენტის შენობის წინ უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავდა და შვილის მკვლელობის საქმის გამოძიებას ითხოვდა.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]