• ტურიზმი და ვაქცინაცია – ინტერვიუ ქეთი ჭუმბურიძესთან

    ორშაბათი, 19 ივლისი 2021 23:26 view 4369
    ტურიზმი და ვაქცინაცია – ინტერვიუ ქეთი ჭუმბურიძესთან

    „არაფერს ექნება ფასი, თუ არ გავხდებით უსაფრთხო“, – ამბობს პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში ქეთი ჭუმბურიძე USAID-ის „ზრდა“ პროექტის ხელმძღვანელი ტურზმსა და „კოვიდ-19“-ზე ვაქცინაციის შესახებ საუბრისას. ახმეტის მუნიციპალიტეტში „ზრდა“ პროექტმა არაერთი პროგრამა განახორციელა პანდემიის შედეგად დაზარალებული ტურიზმის სექტორის დასახმარებლად.

    – ჩვენი პროექტი 2016 წლიდან მუშაობას საქართველოს ექვს რეგიონში, მათ შორის კახეთში, კერძოდ, ახმეტის მუნიციპალიტეტში, რაც მოიცავს პანკისის ხეობას და თუშეთს. ტურიზმის მიმართულებით, სხვადასხვა სერვისების განვითარების თუ გაუმჯობესების კუთხით, არაერთი საინტერსო პროექტი გვაქვს განხორციელებული. ძალიან ბევრი ტრენინგი ჩატარდა უნარ-ჩვევებისა და სხვადასხვა კომპეტენციების ამაღლების კუთხით იმ ადამიანებისა და ბიზნესებისთვის, რომლებიც მუშაობენ ტურიზმის სექტორში. ასევე, იყო ძალიან ბევრი საგრანტო პროგრამა, რომელშიც ახმეტის მუნიციპალიტეტში ტურიზმში ჩართული ბიზნესები მონაწილეობდნენ და მიიღეს სხვადასხვა ტიპის დახმარება ამ გრანტების მეშვეობით. ეს იყო ინვენტარი, აღჭურვილობა, იყო ასევე სხვადასხვა სახელმძღვანელოების მომზადება, მარკეტინგული თუ სარეკლამო ბუკლეტების თუ მასალების დამზადება.

    როდესაც პანდემია გავრცელდა, ტურიზმში ჩართული ჩვენი ბენეფიციარები აღმოჩდნენ ძალიან დიდი პრობლემის წინაშე; დადგნენ იმის წინაშე, რომ საერთოდ შეეწყვიტათ ფუნქციონირება. რამდენიმე თვის წინ გვქონდა პროგრამა, რომელიც ზუსტად ამ ბიზნესებს დაეხმარა. მაგალითად, საოჯახო საწარმოებმა, რომლებიც ახმეტაში და პანკისში მუშაობენ, აითვისეს გარე სივრცეები, მოაწყეს საკემპინგე ადგილები და თავიანთი სტუმრებს, დამსვენებელს ახალი სერვისები შესთავაზეს.

    – დღეს რა საჭიროებები არსებობს და ყველაზე მეტად რა სახის მხარდაჭერა სჭირდება ტურიზმის სექტორს რეგიონებში?

    – რეგიონში ტურიზმის სექტორს, რასაკვირველია, პირველ რიგში, აუცილებლად სჭირდება პოპულარიზაცია. ტურიზმის სექტორში არის ტენდენცია, რომ ტურისტული სააგენტოები ხშირად ერთი და იგივე ადგილს სთავაზობენ ტურისტებს ტურისტული პაკეტის მეშვეობით და მუდმივად ეს პაკეტები მოიცავს ისეთ ადგილებს, რომლებიც კარგად არის ცნობილი საზოგადოებისთვის. სწორედ, ეს მიზანი გვქონდა ჩვენც, რომ დავხმარებოდით ტურისტულ სააგენტოებს. ჩავატარეთ არაერთი საინფორმაციო ტური ყველა რეგიონში, სადაც ტურისტულ სააგენტოებს გავაცანით ახალი ლოკაციები, ახალი ღირშესანიშნაობები – იქნება ეს აგროტურისტული თუ სხვადასხვა ძეგლები, რომლებიც ნაკლებად ცნობილია, რათა ისინი შესთავაზონ საერთაშორისო და ადგილობრივ ტურისტებს.

    – 2 თვეა რაც ტურისტული სეზონი გაიხსნა, ასევე გახსნილია საზღვრები და აღდგა საერთაშორისო მიმოსვლა. როგორ იმოქმედა ამან ტურიზმის სექტორზე?

    – ჩემი აზრით, ტურისტული სეზონი ჯერ სრულად არ არის გახსნილი. კი, გახსნილია საზღვრები, ფრენები აღდგა, დაწყებულია მოძრაობა ქვეყანაში, გადაადგილდებიან ზღვისპირეთში და სხვადასხვა რეგიონებში, მაგრამ ისე მასიურად ჯერ ისევ არ არის დაწყებული. ვფიქრობ, რომ თუ პანდემია შეგვიწყობს ხელს და ადამიანები იგრძნობენ, რომ უსაფრთხო გარემოა, ნაკლებია ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევები, მაშინ უფრო გააქტიურდება ქართველი მომხმარებელი, ქართველი ტურისტი, თუ შეიძლება ესე ითქვას და დაიწყებენ მოგზაურობას. თუ ქვეყანაში ეს არ დარეგულირდა მასობრივი ვაქცინაციით, ასევე საინფორმაციო კამპანიით, თუ ადამიანებმა არ იგრძნეს თავი უსაფრთხოდ, ძალიან რთული იქნება, რომ მივუახლოვდეთ იმ ნიშნულებს, რომლებიც პანდემიამდე გვქონდა.

    – ზუსტად ამ ნაწილში, რას ვთავაზობთ უცხოელ დამსვენებელს უსაფრთხო ტურიზმის მხრივ? როდესაც საერთაშორისო დამსვენებელი არჩევანს აკეთებს, რომელ ქვეყანაში დაისვენოს, პირველ რიგში ყურადღებას აქცევს უსაფრთხოებას. ეს არის ინფიცირების მაჩვენებელი და ვაქცინაციის ტემპი. საქართველოში მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი და ვაქცინაციაც ნელი ტემპით მიმდინარეობს. ამიტომ ძალიან რთულია ამ მხრივ კონკურენცია გავუწიოთ თუნდაც რეგიონის მასშტაბით აზერბაიჯანსა და სომხეთს, რომლებიც ევროკავშირის მიერ უსაფრთხო ქვეყნების რიცხვშია შეყვანილი.

    – დიახ, სამწუხარო რეალობაში ვართ, რადგან მასობრივი ვაქცინაცია ჯერ-ჯერობით არ მიმდინარეობს. იმედი მაქვს, რომ ეს გამოსწორდება და ადამიანები ჩაერთვებიან ამ პროცესში. მეტი პოპულარიზაციაა საჭირო ამ კუთხით. თუ ჩვენ გვინდა, რომ ამ ქვეყანაში ჩამოვიდეს სტუმარი, მას უნდა შევთავაზოთ უსაფრთხო გარემო და საინტერესო ტურისტული ობიექტები.

    – რა სახის ტურიზმზეა დღეს მოთხოვნა?

    – შეიძლება ვთქვათ, რომ წელს, ეკოტურიზმი და გასტროტურიზმი უფრო აქტუალური გახდა. ადამიანებს ბუნებაში და გარე სივრცეში ყოფნა სიამოვნებთ, ასევე, ტურისტები უფრო საინტერესო გამოცდილებას ეძებენ. ზოგადად, საქართველოშიც და მსოფლიოშიც ეს ტრენდია, რომ ტურისტებს უნდათ განსხვავებული გამოცდილებების მიღება, უნდათ, რომ თავად იყვნენ ჩართული პროცესში. მაგალითად, ძალიან პოპულარულია და პანკისშიც ძალიან დიდი პერსპექტივა აქვს საცხენოსნო ტურიზმის მიმართულებას, რადგან ცხენებით მოგზაურობა, ბუნების დათვალიერება ძალიან პოპულარულია. ამ კუთხით ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ ჩვენს ბენეფიციარებთან, საცხენოსნო კლუბებთან, მეცხენე გიდებთან, რომ მაღალხარისხიანი და უსაფრთხო ტურები შესთავაზონ ტურისტებს.

    მაგრამ არაფერს ექნება ფასი, თუ არ გავხდებით უსაფრთხო. ამ ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ არის შიში, რომელიც ამოძრავებს ტურისტს. არა მარტო საქართველოში, არამედ მსოფლიოში. ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერი მალე აღდგება. წლები დასჭირდება, რომ ტურისტის ფსიქოლოგია შეიცვალოს და ადაპტირდეს იმ გარემოსთან, რაც ახლა გვაქვს. ეს ძალიან რთული და გრძელვადიანი პროცესია, ასე მარტივად არ მოხდება.

    – ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ხელისუფლება მოახდენდა ვაქცინირებული ტურისტული ობიექტების საერთაშორისო მარკეტინგულ კამპანიაში წარმოჩენას. გვაქვს თუ არა ასეთი კოვიდ-უსაფრთხო ობიექტები მუნიციპალიტეტში და რომელ პლატფორმებზე ხდება მათი წარმოჩენა?

    – სამწუხაროდ, ამას კამპანიის სახე არ აქვს, იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, ვაქცინის პრობლემა იყო ქვეყანაში და ვაქცინაცია მასიურად არ მიმდინარეობდა. ძალიან კარგია, რომ დღეს ვაქცინა არის და იმედი მაქვს, რომ ადამიანები დაიწყებენ აცრას. ჩვენ ვნახეთ ერთეული მაგალითი, რამდენიმე ტურისტული ობიექტი თბილისში, რეგიონებში არ მინახავს ასეთი, რომლებმაც სოციალურ მედიაში გაავრცელეს ინფორმაცია, რომ აცრეს თავიანთი პერსონალი და რესტორანი სთავაზობს უსაფრთხო სერვისს სტუმრებს.

    ესეც ერთ-ერთი მიმზიდველობის ნიშა გახდა ტურისტებისა და სტუმრებისთვის, რომ მივიდეს ისეთ ობიექტში, რომელიც აცრილი და უსაფრთხოა.

    ჩვენ ვესაუბრეთ საოჯახო სასტუმროების მფლობელებს პანკისიდან და მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაიხსნა საზღვრები, აღდგა ფრენები, გაუქმდა გარკვეული კოვიდ-რეგულაციები, როგორიცაა ე.წ. კომენდანტის საათი, მათ მაინც არ ჰყავთ ვიზიტორი. ამის ერთ-ერთ მიზეზად ასახელებენ პოპულარიზაციის და მარკეტინგის ნაკლებობას. რა უნდა გაითვალისწინონ საოჯახო სასტუმროს მფლობელებმა, ასევე ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, რომ ტურიზმი აღდგეს?

    – დაახლოებით ცამეტამდე ობიექტია პანკისი ხეობაში, საოჯახო სასტუმროები, რომლებიც ჩვენს პროგრამებში მონაწილეობდნენ მრავალი წლის განმავლობაში. მათ არაერთი ტრენინგ პროგრამა აქვთ გავლილი და ასევე, საგრანტო პროგრამების მეშვეობითაც მიღებული აქვთ ჩვენი დახმარება. პანდემიის დროს, ზუსტად იმისთვის, რომ პუპულარიზაციასა და რეკლამაში დავხმარებოდით, დავიწყეთ პროგრამა ელექტრონული კომერციის მიმართულებით. ეს ადმიანები აღმოჩნდნენ ისეთ რეალობაში, როდესაც ყველაფერი გადავიდა ციფრულ სამყაროში, რაშიც ვგულისხმობ, რომ თუ გინდა პოპულარიზაცია, თუ გინდა რეკლამა, თუ გინდა შენზე მეტი ინფორმაცია გაიგოს მომხმარებელმა, უნდა გამოიყენო ყველა ის პლატფორმა, რომელიც დღეს აქტუალურია. დღეს ყველაზე კარგ რეკლამას აკეთებს სოციალური მედია –„ფეისბუქი“, „ინსტაგრამი“ და ა.შ. ზუსტად ამიტომ ყველა ჩვენმა ბენეფიციარმა გაიარა ეს სასწავლო კურსი. ჩვენ მათ ვასწავლეთ თუ როგორ უნდა გაყიდონ თავიანთი სერვისი თუ პროდუქტი სოციალური ქსელების მეშვეობით, როგორ უნდა დაამზადონ ვებ-გვერდი, როგორ უნდა დაამზადონ სოციალური მედიის გვერდი, რას უნდა მიაქციონ ყურადღება და ა.შ.

    გარდა ამისა, ძლიან ბევრი ობიექტის მონიშვნა და დარეგისტრირება მოხდა „გუგლის“ რუკაზე. ჩვენ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტომ „გუგლთან“ პარტნიორობით დავიწყეთ პროგრამა „გააციფრულე საქართველო“.

    ორი კვირის წინ ვიყავით პანკისში და პანკისის სრულად გაციფრულებაც მოხდა. გაციფრულებაში იგულისხმება რესტორნების, საოჯახო სასტუმროების, აღსანიშნავი ძეგლების და ობიექტების, ყველაფრის დატანა „გუგლის“ რუკაზე, თავისი კონტენტით, ფოტო მასალით და ა.შ. ჩვენ ამითაც შევძელით დავხმარებოდით ჩვენს ბენეფიციარებს, რომ გახდნენ უფრო ცნობადი, მოძებნადი.

    თუმცა, სახელმწიფო, დონორი ორგანიზაციები, რაც არ უნდა ვეხმარებოდეთ ბენეფიციარებს და ბიზნესებს, მათი მხრიდანაც აუცილებელია მეტი აქტიურობა და ჩართულობა. თვითონ არიან თავიანთი ბიზნესების განმკარგავები და მათ უნდა გამოიჩინონ მეტი აქტიურობა. შეხედონ, რა ტრენდებია, საითკენ მიდის სამყარო, უნდა დააკვირდნენ რას ითხოვს მომხმარებელი, რაზეა აქცენტი და ა.შ. ჩვენ რაც შეგვიძლია ჩვენი მანდატის ფარგლებში ვცდილობთ, რომ მივეხმაროთ, აღვჭურვოთ იმ ცოდნით და უნარ-ჩვევებით, რაც აუცილებელია, რომ იფუნქციონირონ, სწორად გააგრძელონ მუშაობა, დაეწიონ იმ ტრენდებს, რაც მსოფლიოშია და გამოიყენონ ეს ინსტრუმენტები – ციფრულ მედიაში იქნება, თუ ციფრული მარკეტინგის კუთხით, დანარჩენი კი დამოკიდებულია მათზე, რამდენად აქტიურები იქნებიან და რამდენად შექმნიან მეტ და მეტ დამატებით სერვისს, რომ უფრო მიმზიდველები გახდნენ. მოგეხსენებათ, კონკურენცია დიდია და კონკურენტულ გარემოში მნიშვნელოვანია, ბიზნესი მუდმივად სიახლეებს სთავაზობდეს მომხმარებელს.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]