• დართლო – ჩიღოს გზის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა თავიდან მოხდება

    პარასკევი, 11 ნოემბერი 2016 14:06 view 3773
    დართლო – ჩიღოს გზის მშენებლობის ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა თავიდან მოხდება

    სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განმხილველმა საბჭომ, თუშეთში, დართლო-ჩიღოს საავტომობილო გზის მშენებლობის გამო გამოცხადებულ ტენდერთან დაკავშირებით, სრულად დააკმაყოფილა შპს „თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ საჩივარი და კანონთან შეუსაბამობის მოტივით გააუქმა ახმეტის გამგეობის სატენდერო კომისიის შემაჯამებელი გადაწყვეტილებები.

    დავების საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღნიშნულ ტენდერში ხელახლა დაიწყო გამარჯვებულის „შერჩევა/შეფასების“ ეტაპი.

    მაღალმთიან თუშეთში მდებარე სოფლების დართლოსა და ჩიღოს დამაკვშირებელი V კატეგორიის საავტომობილო გზის მშენებლობის მიზნით ელექტრონული ტენდერი ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 2016 წლის 21 ივლისს გამოაცხადა. ტენდერში მონაწილეობის მსურველებს წინადადებების წარდგენა 6 აგვისტოდან 11 აგვისტომდე შეეძლოთ.

    დაახლოებით 6,5-7 კმ სიგრძის საავტომობილო გზის მშენებლობისთვის სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან საერთო ჯამში 736 316 ლარი იქნა გამოყოფილი.

    ელექტრონულ ტენდერში მონაწილეობა ოთხმა კომპანიამ მიიღო, რომელთა საბოლოო შეთავაზებები შემდეგნაირი იყო: შპს „ინტეგრალი XXI“ - 550 000 ლარი; შპს „ორბიტა“ - 589 054 ლარი; შპს „გზამშენი 2005“ - 647 331 ლარი; შპს „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში“ - 695 000 ლარი.

    ახმეტის გამგეობაში შექმნილი სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებით, ტენდერში მონაწილე სამი პრეტენდენტი ეტაპობრივად იქნა დისკვალიფიცირებული ტექნიკური დოკუმენტაციის წარუდგენლობისა და არასრულყოფილების გამო, რის გამოც ტენდერში გამარჯვებულის გამოვლენა იმდენად გაჭიანურდა, რომ სამუშაოების შესრულების პირველი ეტაპის ვადები სრულად გადაფარა. იმავე სატენდერო კომისიის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (ოქმი №7), ტენდერში გამარჯვებულად გამოცხადდა შპს „ვლადნეფტპროდუქტის წარმომადგენლობა საქართველოში“, რომლის დამფუძნებელი და 100 % წილის მესაკუთრეც რუსული კომპანია „ვლადნეფტპროდუქტია“. საწარმოს ადგილსამყოფელია ჩრდილოეთ ოსეთის (ალანია) ქალაქი ვლადიკავკაზი. მისი შვილობილი კომპანია კი საქართველოში 2015 წლის 21 მაისს დარეგისტრირდა.

    2016 წლის 2 ნოემბერს სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განმხილველმა საბჭომ სრულად დააკმაყოფილა შპს „თბილისის მუდმივმოქმედი არბიტრაჟის“ საჩივარი და გააუქმა ახმეტის გამგეობის სატენდერო კომისიის ორი შემაჯამებელი გადაწყვეტილება (ოქმი №7 და №8), ვინაიდან იგი გარკვეულწილად შეუსაბამო იყო სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნებთან (დასაზუსტებელია გამარჯვებული კომპანიის მიერ წარსულში შესრულებული სამშენებლო სამუშაოების ღირებულება და სხვა გარემოებები).

    ახმეტის გამგეობის სატენდერო კომისიამ ხელახლა უნდა მოახდინოს შპს „ვლადნეფტპროდუქტის“ წარმომადგენლობის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასება, ასევე გაითვალისწინოს ამავე ტენდერში მონაწილე მეორე პრეტენდენტის - შპს „ინტეგრალი XXI“-ს პრეტენზია ტექნიკური დოკუმენტაციის წარდგენასთან დაკავშირებით და ამ საკითხზე დავების საბჭოს მიერ 2016 წლის 15 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება.

    ამრიგად, დავების საბჭოს გადაწყვეტილებების საფუძველზე, აღნიშნული ელექტრონული ტენდერი (SPA160 020795) ხელახლა იქნა დაბრუნებული „შერჩევა/შეფასების“ ეტაპზე.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]