ანსამბლ „პანკისის“ წევრები უკვე მეშვიდე წელია ანსამბლის წევრისა და ხელმძღვანელის ბელა მუთოშვილის საცხოვრებელ სახლში მეცადინეობენ. პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში კულტურის სახლი კი არის, მაგრამ იქ ანსამბლისთვის სამუშაო სივრცე ვერ გამოინახა. ამიტომ, ბელა მუთოშვილი იძულებული გახდა სცენა საკუთარ სახლში მოეწყო და პანკისში ჩასული სტუმრებისთვის ვაინახური კულტურა ასე გაეცნო.
ბელა მუთოშვილი ამბობს, რომ პანკისში მცხოვრები სალაფიტებისთვის რელიგიური შეხედულებების გამო სიმღერა და ცეკვა მიუღებელია. მისივე თქმით, ამის მიუხედავად, ხეობაში ჯერ კიდევ არიან ახალგაზრდები, რომლებიც კულტურულ ღონისძიებებში ჩართვის და ანსამბლში გაწევრიანების სურვილს გამოთქვამენ. 19 წლის ბესლან კუშტანაშვილი ერთ–ერთი მათგანია. ის ანსამბლში უკვე ერთი წელია მოხალისედ ცეკვავს.
3 წელია ანსამბლ „პანკისის“ წევრები არიან დები ლინდა და ლანა გუნაშაშვილები. ანსამბლის საქმიანობაში ორივე აქტიურადაა ჩართული, თუმცა მხოლოდ ერთი წევრის ხელფასს იღებენ, თვეში 120 ლარის ოდენობით. ლინდა და ლანა მე–12 კლასის მოსწავლეები არიან. ისინი სწავლის გაგრძელებას აპირებენ და სავარაუდოდ, თბილისში გადასვლა მოუწევთ. ანსამბლის დატოვებას ფიქრობს კიდევ ერთი წევრი ნინო ფარეულიძეც.
სამუშაო დარბაზის გარდა ანსამბლს საკრავებისა და სასცენო ტანსაცმლის პრობლემებიც აქვს. ანსამბლის წევრები სცენაზე ხშირად ნათხოვარი ინსტრუმენტებით და ფეხსაცმლით გადიან.
მამული გუმაშვილი ანსამბლში დაარსების დღიდან ცეკვავს და მღერის. ამბობს, რომ საკონცერტო სამოსის პრობლემა სულ აქვს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერა რომ არა, ანსამბლს არც გარმონი და დოლი ექნებოდა და ვერც რეპეტიციების გავლას შეძლებდნენ. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გასულ წელს პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაციამ გრანტი მიიღო, რომლის დახმარებითაც საქართველოს ხუთ ქალაქში ვაინახური კულტურის ფესტივალები გაიმართა. პროექტის ფარგლებში ანსამბლ „პანკისის“ წევრი ქალებისთვის ახალი, საკონცერტო კაბები შეიკერა, ანსამბლს კი დოლი და გარმონი გადაეცა.
ანსამბლი „პანკისი“ ახმეტის კულტურის ცენტრის დაქვემდებარებაშია. ანსამბლის წლიური დაფინანსება 11 400 ლარია, საიდანაც 150 ლარს ხელმძღვანელი იღებს, დანარჩენი წევრები კი 120 ლარს. ანსამბლს სულ 5 წევრი ჰყავს.
ახმეტის კულტურის ცენტრის დირექტორის კახა მამულაშვილის თქმით, ბესლან კუშტანაშვილს შრომით ხელშეკრულებას 2017 წელს გაუფორმებენ. კულტურის ცენტრის დირექტორი იმედოვნებს, რომ ანსამბლს ახალი საკრავებითაც დაეხმარებიან.
6 იანვარს ანსამბლის ხელმძღვანელს და წევრებსაც სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლებაზე ხელი მოაწერინეს.