• სალაფიტური ისლამის მიმდევრები ორმაგ დისკრიმინაციას განიცდიან – თამთა მიქელაძე

    ოთხშაბათი, 11 იანვარი 2017 11:08 view 7487
    სალაფიტური ისლამის მიმდევრები ორმაგ დისკრიმინაციას განიცდიან – თამთა მიქელაძე

    „სალაფიტური ისლამის მიმდევრები ორმაგ დისკრიმინაციას, მარგინალიზაციას განიცდიან სახელმწიფო ინსტიტუტების, დომინანტი რელიგიური ჯგუფისა და უშუალოდ მუსლიმი თემის მხრიდანაც. სახელმწიფო მხოლოდ ტრადიციული ისლამის მიმდევრებისა და ინსტიტუტების (უხუცესთა საბჭოს) გაძლიერებით ცდილობს [ისევე როგორც ამას ის აკეთებს სხვა რელიგიურ თემებში] „ბრმა“ პოლიტიკის წარმოებას და ამ პოლიტიკით ხეობის უმრავლესობას რეალურად არ აღიარებს“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.

    იგი მონაწილეობდა პანკისის სათემო რადიო WAY–ს მიერ 10 იანვარს გამართულ დისკუსიაში, სადაც მონაწილეებმა დუისის კულტურის სახლის გადაწვის მცდელობის ფაქტზე, ხეობაში არასამთავრობო ორგანიზაციების როლსა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

    „პანკისში საინტერესო დისკუსია გაიმართა ადგილობრივი სათემო რადიოს ინიციტივით. 3 იანვარს მომხდარი ხანძრის ინციდენტის ფაქტზე ადგილობრივი რელიგიური თემების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი განცხადებები გააკეთეს. ითქვა, რომ

    - ხანძრის წაკიდების ფაქტზე პასუხისმგებლობის მიწერა რომელიმე რელიგიურ ჯგუფზე სწორი არ არის და სამწუხაროა, თუ მანამდე გაკეთებული განცხადებები ამგვარად იქნა გაგებული. ამ ინციდენტს რელიგიური კონოტაცია უნდა მოეხსნას;

    - ყველა დაელოდება გამოძიების შედეგებს და იმ კონკრეტული პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას, ვინც ეს ჩაიდინა;

    - კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი გააგრძელებს მის საქმიანობას ხეობაში. ხეობაში უსაფრთხოების პრობლემა არ დგას იმ მასშტაბით და ფორმებით, რომ მან საზოგადოებრივი ორგანიზაციების მუშაობას ხელი შეუშალოს;

    - ხეობაში დაძაბულობა შეიძლება ინსტრუმენტალიზებული იქნას/არის სხვა პოლიტიკური მიზნებისთვის, ამიტომ მნიშვნელოვანია მშვიდობის შენარჩუნება“, – აღნიშნავს თამთა მიქელაძე.

    მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პანკისზე და განსაკუთრებით პანკისის სალაფიტურ თემზე ხედვები გათავისუფლდეს გაბატონებული მედია ხატებისგან, რომელიც ამ ჯგუფს ძალადობრივად და საშიშად სახავს.

    „სალაფიზმი ჰიპერნაციონალური რელიგიური მიმდინარეობაა და მხოლოდ ისლამის დოქტრინას აფუძნებს მის სოციალურ და პოლიტიკურ პროექტებს. მისთვის ეთნიკური თუ ეროვნული იდენტობის საკითხები პირველხარისხოვანი არ არის და პირიქით, რელიგიურს უქვემდებარებს. ამდენად, ისინი გაბატონებული ეთნო-რელიგიური ნაციონლიზმის დისკურსში რადიკალურ „სხვებად“ ისახებიან, რომლებსაც ერთდროულად რელიგიური, ეთნიკური და კულტურული განსხვავებები გააჩნიათ.

    სალაფიტური ისლამის მიმდევრები ორმაგ დისკრიმინაციას/მარგინალიზაციას განიცდიან სახელმწიფო ინსტიტუტების/დომინანტი რელიგიური ჯგუფისა და უშუალოდ მუსლიმი თემის მხრიდანაც. საკუთარი თავის რეპრეზენტაციისთვის ისინი არ ფლობენ ისეთ ძალაუფლებრივ ინსტუმენტებს, როგორიცაა მედიის, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ხელისუფლების მხარდაჭერა, სამოქალაქო მუშაობის გამოცდილება, რაც საჯარო სივრცეებში მათ დაფიქსირებას ხელს უშლის. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ბოლო დროს განსაჯაროების ეს პროცესი დაიწყო და დღევანდელი შეხვედრაც ამ კუთხით საინტერესო გამოცდილება იყო.

    როდესაც რადიკალიზების რისკებზე ვსაუბრობთ, პირველ რიგში უნდა გავიზროთ, რომ სწორედ პოლიტიკური გაუცხოება და უკმაყოფილება, სოციალური მარგინალიზაცია, დისკრიმინაცია და მასთან დაკავშირებული სოციალური უთანასწორობა, ასევე რეპრესიული პოლიტიკებია ის, რაც კონკრეტული ჯგუფების გარიყვას, ჩაკეტვას და შემდგომში შესაძლო რადიკალიზებას იწვევს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ხეობაში მუშაობის სტრატეგიები არა კულტურული განსხვავების, ჩამორჩენილის/ბნელის-და-პროგრესულის [ნიშანდობლივია, რომ პროგრესულად ის ისახება ვისაც ზემოთ ნახსენები ძალაუფლებრივი ინსტრუმენტები აქვს], რომელმე ჯგუფის მარგინალიზების ლოგიკას კი არ დაეფუძნოს, არამედ იმ საერთო საჭიროებებსა და ჩაგვრით გამოცდილებებს, რომელიც მთელს თემს აქვს სინამდვილეში. ეს თემის შიგნით ნდობის გაჩენასა შეუწყობს ხელს და სამარლიანი ბრძოლა იქნება ადამიანის უფლებებისთვის და თანასწორობისთვის.

    ამ ეტაპზე სალაფიტურ თემში ძირითადად კონსერვატიული [პოლიტიკურად] პასიური სალაფიზმი გვხდება, რომლის ლიდერებიც ღიად გამოდიან ძალადობის წინააღმდეგ. დღესაც და სხვა შეხვედრებზეც მათ ეს საჯაროდ და მკაფიოდ დააფიქსირეს. სინამდვილეში ეს არის რესურსი ჯგუფთან აქტიური დიალოგის და მათთან ერთად ცვლილებების დასაწყებად. სამწუხაროდ, სახელმწიფო ამ რეალობას ვერ იაზრებს და მხოლოდ ტრადიციული ისლამის მიმდევრებისა და ინსტიტუტების (უხუცესთა საბჭოს) გაძლიერებით ცდილობს [ისევე როგორც ამას ის აკეთებს სხვა რელიგიურ თემებში] „ბრმა“ პოლიტიკის წარმოებას და ამ პოლიტიკით ხეობის უმრავლესობას რეალურად არ აღიარებს. სახელმწიფოს თემის მიმართ არსებითად მხოლოდ საპოლიციო/უსაფრთხოებაზე და არა ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომები აქვს“, – ამბობს თამთა მიქელაძე.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]