• ხელისუფლება პანკისის სათემო რადიოს ოფისის გარეშე ტოვებს

    სამშაბათი, 06 ოქტომბერი 2020 20:33 view 4226
    პანკისის სათემო რადიოს სტუდია - ფოტო არქივიდან პანკისის სათემო რადიოს სტუდია - ფოტო არქივიდან

    პანკისის ხეობაში, სათემო რადიოს წინააღმდეგ ორგანიზებული აქციების შემდეგ, იმ მიზნით, რომ რადიო ოფისის გარეშე დარჩეს, ადგილობრივი ხელისუფლება დაჩქარებულ რეჟიმში აპირებს გაყიდოს შენობა, რომლის მცირე ნაწილშიც რადიოსტუდიაა განთავსებული.

    7 ოქტომბერს, 11:00 საათზე, ახმეტის საკრებულო მხოლოდ ამ საკითხის განსახილველად იკრიბება. სხდომის შესახებ არც ანონსი და არც დღის წესრიგი, საკრებულოს, მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე არ გამოუქვეყნებია (წინა სხდომებისგან განსხვავებით);

    ჩვენ მოვიპოვეთ საკრებულოს 2020 წლის 7 ოქტომბრის სხდომის დღის წესრიგი და განკარგულების პროექტი. დოკუმენტების თანახმად, ადგილობრივ ხელისუფლებას პირობიან აუქციონზე გასაყიდად გააქვს სოფელ დუისში, ყოფილი ადმინისტრაციული შენობის ნაწილი, მათ შორის ის მცირე ფართიც, სადაც 2015 წლიდან, იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე პანკისის სათემო რადიო მუშაობს.

    სავარაუდოდ, სხდომაზე, საკრებულოს უმრავლესობისგან ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია უპრობლემოდ მიიღებს თანხმობას, მის საკუთრებაში ამ დრომდე შემორჩენილი შენობის პრივატიზების შესახებ.

    ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ პროცესი გაუმჭვირვალედ და საზოგადოების ინფორმირების გარეშე მიმდინარეობს. მერია შენობას დაჩქარებული წესით, დაუსაბუთებლად ასხვისებს და მთავარი მიზანია, სათემო რადიოს მუშაობა რაც შეიძლება მალე შეაფერხონ.

    ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა მის მიერვე მიწვეული, უძრავი ქონების შემფასებლის დასკვნა, რომლის მიხედვით, ობიექტის საუკეთესო და ეფექტური გამოყენების გზა მისი არა გაყიდვა, არამედ გაიჯარებაა.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, მასთან დაკავშირებული რადიკალურად განწყობილი ჯგუფისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირების მიერ, სათემო რადიოს და მისი დამფუძნებლის წინააღმდეგ ორგანიზებული კამპანია პირდაპირ უკავშირდება რადიოს მიუკერძოებელ და კრიტიკულ სარედაქციო საქმიანობას. კერძოდ, ჰესების მშენებლობასთან დაკავშირებული პროტესტის, ზეწოლის ფაქტების, გვარებს შორის დაწყებული დაპირისპირების, შეიარაღებული ჯგუფის მიერ პოლიციელების თვალწინ 37 წლის ახალგაზრდის მკვლელობის და სხვა საქმეების სიღრმისეულ გაშუქებას.

    შენობის გაყიდვის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა დამოუკიდებელი რადიოს წინააღმდეგ ორგანიზებული აქციები სოფელ დუისში, 2020 წლის 29 აგვისტოს და 5 სექტემბერს. აქციებზე პანკისის სათემო რადიოს ოფისის დარბევითა და ძალადობით, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლით ღიად დაემუქრნენ.

    აქციების ორგანიზებისა და სათემო რადიოს მიმართ სიძულვილის გაღვივების პროცესში აქტიურად მონაწილეობს ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია „როდი სკოტის სახელობის ფონდის“ ხელმძღვანელი ლია მარგოშვილი. ფონდს პანკისში ინგლისური ენის შესწავლის უფასო კურსები აქვს გახსნილი. ლია მარგოშვილმა აქციის მონაწილეები განზრახ შეიყვანა შეცდომაში, თითქოს სათემო რადიო შენობის ყიდვას და იქიდან ინგლისურის შემსწავლელი ცენტრის გაძევებას აპირებდა. ლია მარგოშვილი „ქართული ოცნების“ აქტივისტი და და საარჩევნოდ მათი წარმომადგენელია დუისის უბანზე.

    მოსალოდნელი თავდასხმის/ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, ერთი თვეა პანკისის სათემო რადიოს შეწყვეტილი აქვს მივლინებები ხეობაში ჟურნალისტური საქმიანობის შესასრულებლად.

    მეოთხე კვირაა ეთერში არ გადის ყოველკვირეული საზოგადოებრივ-პოლიტიკური გადაცემები - „მე და სახელმწიფო“ და „არ გაისუსო“.

    რადიოში მხოლოდ ადგილობრივი რეპორტიორების მცირე ჯგუფი მუშაობს შეზღუდვებით.

    რადიოს დამფუძნებელმა, ჟურნალისტმა გელა მთივლიშვილმა 4 სექტემბერს წერილობით მიმართა გენერალურ პროკურატურას და მუქარის ფაქტებზე რეაგირება მოითხოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოძიება ამ დრომდე არ დაუწყია.

    მივმართავთ საქართველოს სახალხო დამცველს, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ეფექტიანი რეაგირება მოახდინონ პანკისის სათემო რადიოს ირგვლივ განვითარებულ სახიფათო მოვლენებსა და წინასაარჩევნოდ, თავისუფალ მედიაზე განხორციელებულ შეტევაზე.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]