ახმეტაში ტერორიზმის ხელშეწყობის ბრალდებით დაკავებული ზურაბ იდოიძე დუმილის უფლებას იყენებს. იდოიძის ადვოკატის, დავით მოდებაძის თქმით, მისი დაცქვის ქვეშ მყოფს ბრალს სავარაუდოდ დღეს წარუდგენენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაასაჯაროვა ვიდეომასალა და ინფორმაცია, რომლის საფუძველზეც სუს-ის განცხადებით, „დადგენილია“ კავშირები ტერორიზმში ბრალდებული ახმედ ჩატაევის ჯგუფსა და 26 დეკემბერს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ საქართველოს ხუთ მოქალაქეს შორის, რომლებსაც ბრალად ტერორისტული საქმიანობის ხელშეწყობა ედებათ.
პანკისის ხეობასა და თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ზურაბ გორნაკაშვილს, რუსლან ალდამოვს, რამაზ მარგოშვილს და ბადურ ჩოფანაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.