ჯოყოლოს საჯარო სკოლაში I-V კლასელები სწავლას დილის 9 საათზე იწყებენ, უფროსკლასელები კი ოდნავ მოგვიანებით. კოვიდ-19-ის რეგულაციების გამო, ბავშვები დეზობარიერის გავლით შენობაში შესვლისას გადიან თერმოსქრინინგს, საკლასო ოთახებში დაცულია ერთმეტრიანი დისტანცია და შესვენებებზეც კი მანდატური და მასწავლებლები ბავშვებს ერთმანეთთან მიახლოების საშუალებას არ აძლევენ. საბედნიეროდ, სკოლაში ინფექციის ერთი შემთხვევაც არ დაფიქსირებულა.
ოქტომბრიდან, პირისპირ სწავლის დაწყებამდე, მასწავლებლებმა განათლების სამინისტროდან მიიღეს წერილობითი და ვიდეო რეკომენდაციები სწავლის პროცესის უსაფრთხოდ წარმართვასთან დაკავშირებით. ამჟამად, პედაგოგები დისტანციური სწავლების ავკარგიანობას აფასებენ და იმ გამოწვევებს იხსენებენ, რომლის წინაშეც მსოფლიო პანდემიის გამო, სკოლა აღმოჩნდა.
„ვერავის და ვერც საკუთარ თავს მოვატყუებთ, რომ დისტანციური სწავლებისთვის მზად ვიყავით და ეს იყო ხარისხიანი სწავლა.
განსაკუთრებით პრობლემური იყო დისტანციური სწავლება მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ყველას არ ჰქონდა ტექნიკასთან წვდომა. კომპიუტერი ისედაც იშვიათია ოჯახში. პედაგოგების ნაწილმა იცოდა კომპიუტერის გამოყენება, ზოგიერთ პედაგოგს კი სახლში დარჩენილი სტუდენტი შვილები ეხმარებოდნენ.
კოვიდის ფარგლებში ვისწავლეთ ყველაზე უმთავრესი – დავიცავთ საკუთარი თავი და დავიცვათ სხვისი უსაფრთხოება და ჯანმრთელობაც. ახლა უფრო მობილიზებულები ვართ“, – ამბობს ნაზი ბორჩაშვილი, ჯოყოლოს სკოლის დირექტორი.
მაკა წინწალაშვილი ინგლისური ენის პედაგოგია. მისი ორივე შვილი სკოლის მოსწავლეა. დისტანციური სწავლების პერიოდში მათთვის ერთ-ერთი მთავარი სირთულე იყო ის, რომ ოჯახში მხოლოდ ერთი კომპიუტერი ჰქონდათ.
„უამრავ სირთულესთან არის დაკავშირებული დისტანციური სწავლება. ორი შვილი მყავს და სახლში მხოლოდ ერთი კომპიუტერი გვაქვს. ბავშვებს უწევდათ ოჯახის წევრების ტელეფონების გამოყენება. განსაკუთრებით პრობლემური იყო დემოტივირებულ მოსწავლეებთან მუშაობა. მოტივირებული მოსწავლეები შეძლებისდაგვარად ერთვებოდნენ სასწავლო პროცესში. სამინისტრომ შემოგვთავაზა თიმსის პლათფორმა, თუმცა ყველა პედაგოგი ვერ იყენებდა იმ რესურსს, რაც ამ პლათფორმაზე არსებობდა“, – ამბობს პედაგოგი.
ჯოყოლოს სკოლის მეთორმეტეკლასელებისთვის ონლაინ სწავლებისას ყველაზე რთული კომუნიკაცია, ინტერნეტის ხარისხი და დისციპლინა იყო, რომლის გაკონტროლება ონლაინ ძალიან რთულია. მარდია დუიშვილი, ანზორ ცისკარიშვილი, მარდია აჭიშვილი და ბილაალ დუიშვილი, ყველანი ერთად მიიჩნევენ, რომ კოვიდ-19-მა ყველაზე დიდი გავლენა მათ ურთიერთობებზე მოახდინა.
„პლათფორმა „თიმსი“ საკმაოდ მაღალი სიჩქარის ინტერნეტს საჭიროებს და რაც ხეობაში პრობლემაა. გაკვეთილების დროს ხმა იჭედებოდა, არ გვესმოდა. მაგალითად, მათემატიკის გაკვეთილზე ერთი რამ რომ ვერ გაიგო, უკვე შეცდომას უშვებ და შემდეგ, შენ შეიძლება სხვა შეიყვანო შეცდომაში“, – ამბობს ბილაალ დუიშვილი.
მარდია დუიშვილის თქმით, ხეობაში მცხოვრები ყველა ოჯახი არ არის ინტერნეტით უზრუნველყოფილი და ყველას არ ჰქონდა ონლაინ გაკვეთილებზე დასწრების შესაძლებლობა.
„რაც იმ დროს უნდა გვესწავლა,
წელს ისევ ახლიდან მოგვიწია იმ პროგრამის გავლა.
ცელქი ბავშვები, მასწავლებელს ხან ხმას უთიშავდნენ, რაღაცეებს აკეთებდნენ და ამიტომაც ხშირად გვიცდებოდა ხოლმე გაკვეთილები და ეს იყო ცუდი“, – აღნიშნავს ანზორ ცისკარიშვილი.
ჯოყოლოს საჯარო სკოლა 28 ოქტომბრიდან რამდენიმე დღე ისევ ონლაინ სწავლებაზე გადავა. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმ სკოლებში სადაც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო უბნები გაიხსნება, 3 დღე დისტანციურად იმუშავებენ.
მასალა მომზადდა პროექტის „მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში-EPIC“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) ფინანსური მხარდაჭერით გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და დოიჩე ველე აკადემიასთან (DW Akademie) პარტნიორობით.
გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) არ აგებს პასუხს მასალის შინაარსზე და სიზუსტეზე.