• weather cur horoscope

    ბირკიანისა და ომალოს ხიდი 8 თვეში უნდა დასრულდეს – პროექტზე 3 848 500 ლარი დაიხარჯება

    სამშაბათი, 29 დეკემბერი 2020 14:18 view 988
    ბირკიანისა და ომალოს ხიდი 8 თვეში უნდა დასრულდეს – პროექტზე 3 848 500 ლარი დაიხარჯება

    პანკისის ხეობაში, მდინარე ალაზანზე, სოფლების - ბირკიანისა და ომალოს დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, რომელიც მომავალში, შესაძლოა, პანკისი-თუშეთის საავტომობილო გზის ნაწილი გახდეს.

    259,7 მეტრი სიგრძის საავტომობილო ხიდის მშენებლობა, რომელიც ალაზნის მარჯვენა და მარცხენა სანაპიროებს აკავშირებს, 2020 წლის მარტში დაიწყო და 2021 წლის აგვისტოში უნდა დასრულდეს. სამშენებლო სამუშაოებს შპს „სახარია“ ახორციელებს, პროექტის ჯამური ღირებულება კი 3 848 500 ლარია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.

    პანკისის სათემო რადიოს საავტომობილო გზების დეპარტამენტში განუცხადეს, რომ ხიდის მშენებლობა ორი სოფლის ერთმანეთთან დაკავშირებას ისახავს მიზნად. კითხვაზე, რატომ დადგა დღის წესრიგში აღნიშნული ხიდის მშენებლობა, გვიპასუხეს, რომ საჭიროებას ადგილობრივი თვითმმართველობა აყენებს და ამაზე პასუხს ვერ გაგვცემენ. როგორც დეპარტამენტის პრესსამსახურში აცხადებენ, არ აქვთ ინფორმაცია, არის თუ არა ხიდი პანკისი-თუშეთის გზის ნაწილი და უწყებიდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვა გვირჩიეს. ოფიციალურ წერილზე პასუხი ჯერ არ მიგვიღია.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვაჟა ნასყიდაშვილი რადიო „ვეისთან“ ამბობს, რომ ხიდის მშენებლობა ადგილობრივი ხელისუფლების ინიციატივა არ ყოფილა.

    „პანკისის ხეობის მარჯვენა და მარცხენა მხარე რომ დაეკავშირებინათ და მოსახლეობისთვის მანძილი შეემცირებინათ, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა კაპიტალური ხიდის აშენება გადაწყვიტა, ფინანსები იყო მათი. კაპიტალურად შენდება და წარა-მარა რეაბილიტაცია არ დასჭირდება. ამიტომ ჯდება ასეთი ძვირი. სხვა ინფორმაცია არ მაქვს“, – განაცხადა ვაჟა ნასყიდაშვილმა.

    კითხვაზე - რამდენად შეიძლება ეს ხიდი იყოს პანკისის-თუშეთის გზის პროექტის ნაწილი, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული რელიეფიდან გამომდინარე ჩავარდა, მერის მოადგილემ გვიპასუხა, რომ პროექტი არ ჩავარდნილა, უბრალოდ უარი ითქვა არსებულ პროექტზე და დღეს ალტერნატიულ გზებზე მიდის მუშაობა: „პანკისი-თუშეთის გრანდიოზული პროექტი დღის წესრიგში დგას. გამომდინარე აქედან, ვინც დააპირებს თუშეთში წასვლას, პირველ რიგში, მაგ ხიდით ისარგებლებს“.

    პანკისის ხეობის მცხოვრებლები სათემო რადიოსთან საუბარში ამბობენ, რომ არ აქვთ ინფორმაცია, რატომ და ვინ გადაწყვიტა ამ ადგილზე ხიდის აშენება. ადგილობრივების თქმით, აქ ხიდის საჭიროება არ ჰქონდათ და ჯობდა თანხა დახარჯულიყო სხვა პრობლემების მოგვარებისთვის, მაგალითად, ჯოყოლო-დუმასტურის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის და ხიდამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციაზე, რასაც უკვე წლებია ითხოვენ.

    „გაგონილი მაქვს, რომ ეს ხიდი უკავშირდება თუშეთის გზას, ოღონდ როგორ, რანაირად, საიდან უნდა გავიდეს - ჩვენთვის არაფერი უთქვამთ. ვფიქრობ, გვაქვს უფლება ვიცოდეთ, რატომ კეთდება, რისთვის კეთდება, რა პროექტია, რამდენად სარგებლიანი იქნება მოსახლეობისთვის და თუ იქნება საზიანო. კონსტიტუციითაც გვაქვს ეს უფლება და ყველა კანონით“, – ამბობს სოფელ ომალოს მკვიდრი შენგელი ტოხოსაშვილი.

    „რათ გვინდა ჩვენ ეგ ხიდი. ბირკიანში 100 კომლია, 200 – აქ. რათ უნდა ამ ორ სოფელს მაგხელა ხიდი? რაღაც სხვა დანიშნულება აქვს ეტყობა. ჩვენთვის საკმარისია ჯოყოლო-დუმასტურის ხიდი, რომელიც ახლა ცუდ მდგომარეობაშია. რამდენია წელია, სოფლის ახალგაზრდები ფიცრებს თხოულობენ, თვითონ არემონტებენ.

    აქედანაც და იქიდანაც მისასვლელი გზები გაეკეთებინათ. ჩვენი ახალგაზრდები ქირაობენ მანქანებსა და მუშებს და იმ გზასაც თავად არემონტებენ“, – ამბობს ომალოში მცხოვრები კაკო გუნაშაშვილი.

    „საბავშვო ბაღს დასალევი წყალი არ აქვს. სოფელში საერთოდ არ არის წყალი. სოფლისთვისაც და მოსახლეობისთვისაც არ ჯობდა ეს გაეკეთებინათ?“, – ამბობს კიდევ ერთი ადგილობრივი.

    ომალოსა და ბირკიანის დამაკავშირებელი ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო ხიდისა და მასთან მისასვლელი საავტომობილო გზების სამშენებლო სამუშაოების შესახებ ტენდერი 2019 წლის დეკემბერში გამოცხადდა (NAT190025486). პროექტის შესასრულებლად ყველაზე დაბალი თანხა - 3 848 500 ლარი სახელმწიფოს შპს „სახარიამ“ შესთავაზა და ტენდერშიც გაიმარჯვა. 

    სამშენებლო კომპანია შპს „სახარია“ სახიდე ნაგებობების მშენებლობით არის დაკავებული. ტენდერების მონიტორის მონაცემებით, 2011 წლიდან დღემდე, მას 26 ტენდერი აქვს მიღებული. კომპანიის დირექტორია დავით პაიჭაძე, რომელმაც „ქართულ ოცნებას“ 2017 წლის აგვისტოში 30 000 ლარი შესწირა. დავით პაიჭაძე შპს „სამშენებლო კომპანია იერუ“ (ს/ნ: 200274791) დირექტორიც არის. აღნიშნული კომპანია შესყიდვების სახელმწიფო სააგენტოს შავ სიაშია.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    პანკისში იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს

    ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისში 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობის ბრალდებით…

    ვაქცინაციის მნიშვნელობა განუზომლად დიდია – ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან

    საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია სავარაუდოდ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში დაწყება.…

    ახალი დეტალები პანკისში იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობის საქმეზე

    პანკისის ხეობის სოფელ დუისში 40 წლის იბრაჰიმ ქავთარაშვილის მკვლელობისთვის პოლიცია…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]