• ×

    შეტყობინება

    Failed loading XML... Opening and ending tag mismatch: description line 1 and script Opening and ending tag mismatch: item line 1 and div Sequence ']]>' not allowed in content internal error: detected an error in element content

    როგორ სწავლობენ საბავშვო ბაღებში ონლაინ და რა ეტაპზეა ავტორიზაცია – ინტერვიუ

    სამშაბათი, 12 იანვარი 2021 13:52 view 3110
    როგორ სწავლობენ საბავშვო ბაღებში ონლაინ და რა ეტაპზეა ავტორიზაცია – ინტერვიუ

    სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში არდადეგები 20 იანვარს სრულდება, თუმცა ამ დრომდე უცნობია, მშობლებმა შვილები საბავშვო ბაღებში უნდა მიიყვანონ, თუ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი დისტანციურ/ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.

    როგორ მუშაობენ საბავშვო ბაღები პანდემიის პერიოდში, როგორ ხორციელდება სასკოლო მზაობის პროგრამა ონლაინ რეჟიმში და რა ეტაპზეა საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი – ამ საკითხებზე პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში „ფოკუსი“ ააიპ „ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ცენტრის“ დირექტორის მოადგილემ, მარეხი მამულაშვილმა ისაუბრა.

    ახმეტის მუნიციპალიტეტში 37 საბავშვო ბაღია. რა ზეგავლენა მოახდინა კორონავირუსის გავრცელებამ სასწავლო-სააღმზრდელო პროცესზე?

    – კორონავირუსმა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებზე ძალიან დიდი ზეგავლენა მოახდინა იმ თვალსაზრისით, რომ მოგვიწია საბავშვო ბაღების ფუნქციონირების დროებით შეჩერება, სააღმზრდელო პროცესი კი მიმდინარეობს ონლაინ. განათლების სრულფასოვანი მიწოდება, ალბათ ხვდებით, რომ შეუძლებელია.

    სრულფასოვან მიწოდებაში რას გულისხმობთ?

    ჩვენთან, სააღმზრდელო დაწესებულებებში, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს პროცესი, ხუთ და ექვს წლამდე ბავშვის მთელი დღე მონიტორთან დაკავება ძალიან რთულია. როდესაც მარტში გამოცხადდა სრული „ლოქდაუნი“, განათლების სამინისტრომ გამოგვიგზავნა რეკომენდაციები, რომელშიც ასეთი მინიშნება გვქონდა, რომ ძირითადად სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის მიგვეწოდებინა ეს სასკოლო მზაობის პროგრამა. რა საკვირველია, ეს რეკომენდაცია გავითვალისწინეთ, თითოეულმა საბავშვო ბაღმა გააკეთა ჯგუფები, ჩვენი მეთოდისტები აქტიურად იყვნენ ჩართულები.

    თქვენ თავად თუ დასწრებიხართ ამ დისტანციური სწავლების პროცესს? იქნებ აღგვიწეროთ.

    – მე თვითონ გავაკეთე, ასე ვთქვათ, ვირტუალური ოფისი, მეთოდური ნაწილი ცალკე დავალაგეთ, კვება – ცალკე. შემდეგ ამ მეთოდურ ნაწილში ზონებად არიან დაყოფილი ჩვენი საბავშვო ბაღები. სულ არის სამი ზონა: პანკისის ზონა, ახმეტის ზონა და ქისტაურის ზონა. თითოეულ ზონას ხელმძღვანელობს მეთოდისტი. შემდეგ ჩაშლილია ეს თითოეული საბავშვო ბაღის დონეზე. ცოტა რთულია ასე გადმოცემა, თუმცა შევეცდები ავხსნა: ყოველდღიურად აღმზრდელებს კავშირი აქვთ პატარებთან, მიეწოდებათ თემები და ონლაინ აქტივობები მიმდინარეობს. ეს აქტივობები იდება ისევ მეთოდისტების ჯგუფში ვიდეოების სახით.

    ეს ჯგუფები რომელ პლატფორმებზეა?

    ეს ჯგუფები გაკეთებულია „მესენჯერში“. ვინაიდან ჩვენ ამის პრაქტიკა არ გვქონდა, უფრო მარტივი იყო როგორც მშობლებისთვის, ასევე აღმზრდელებისთვის ასეთი ტიპის მუშაობა. ამას ხელი არ შეუშლია „მესენჯერი“ იქნება თუ „ზუმი“, თავისუფლად შეგიძლია დაამატო იმდენი ბავშვი, რამდენიც ჯგუფშია. მშობლები აქტიურად არიან ჩართულები. ბუნებრივია, მშობლების გარეშე ონლაინ მუშაობას ვერ შევძლებდით.

    მშობლები გარკვეული გამოწვევების შესახებ საუბრობენ, რომლის წინაშეც აღმოჩდნენ. ეს არის ინტერნეტზე წვდომა, კომპიუტერთან თუ ტელეფონთან მუშაობის გამოცდილების არ ქონა. თქვენ „მესენჯერი“ ახსენეთ, მაგრამ ბევრს არ ჰქონდა რეგისტრაცია გაკეთებული ამ პლატფორმაზე. როგორ მოხდა ამის გათვალისწინება სასწავლო პროცესში?

    თავიდან გამოკითხვა ჩავატარეთ, რომელი სოციალური ქსელი თუ პლატფორმა უფრო მისაღები იქნებოდა მშობლისთვის. აღმოჩნდა, რომ „მესენჯერი“ უფრო ხელმისაწვდომი იყო. ინტერნეტზე ვერაფერს ვიტყვი. ალბათ, ზოგან იყო პრობლემა, თუმცა, ძირითადად, ჩვენ რასაც ვუყურებდით 80%-იანი ხელმისაწვდომობა იყო. ძალიან აქტიურობდნენ მშობლები, რისი ვიდეოები და მასალები ჩვენ შენახული გვაქვს. სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, ასეთი აქტიურები თუ იქნებოდნენ მშობლები, მაგრამ ძალიან აქტიურობდნენ და აქტიურობენ.

    მნიშვნელოვანი საკითხია აღმზრდელი პედაგოგების საკითხი. კვლევების მიხედვით, მათი კვალიფიკაცია ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება. ჩაუტარდათ თუ არა მათ რაიმე ტრენინგი?

    – გეთანხმებით, ნამდვილად ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა აღმზრდელების გადამზადება. ჩვენ აღმზრდელი პედაგოგები, როგორც ასეთი, ჯერ არც გვყავს. იგეგმებოდა გადამზადება, მაგრამ ამ პანდემიამ ხელი შეგვიშალა. მიმდინარე წელს დაგეგმილია ტრენინგები, თუმცა ჯერჯერობით არ ვიცით როგორი იქნება ეპიდსიტუაცია და ეს ონლაინ მოხდება თუ დასწრებით. ტრენინგები, გადამზადებები და კვალიფიკაციის ამაღლება ნამდვილად დაგეგმილია მიმდინარე წელს.

    ღმზრდელების დაფინანსების წესი თუ შეიცვალა?

    – კი. როგორც პრემიერმა გასულ წელს გასცა დაპირება, 100 ლარით გაიზარდა აღმზრდელის ხელფასი. თუმცა, მხოლოდ აღმზრდელის ხელფასი არ გაზრდილა და 20% დაემატა საბავშვო ბაღის ყველა თანამშრომელს.

    შესაძლოა, პანდემია 2021 წლის ბოლომდეც გაგრძელდეს. თქვენ საუბრობდით გარკვეულ ნაბიჯებზე, რაც გადადგა საბავშვო ბაღებში ამ ონლაინ სწავლების პროცესში. რა შედეგი გამოიღო ამან? რა ისწავლეს როგორც ბავშვებმა, ისე მშობლებმა და საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა?

    – ბუნებრივია, ონლაინ მუშაობა ჩვენთვის სიახლე იყო და სირთულეების წინაშე ნამდვილად აღმოვჩნდით, მაგრამ გადაწყობა მაინც მოხდა.

    სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდება ხდება ბავშვებისთვის. გულახდილი არ ვიქნები, რომ გითხრათ 100%-ით, ან თუნდაც 80%-ით ამართლებს. წარმოუდგენელია, რომ ვირტუალურმა მეცადინეობამ და ვირტუალურად ჩატარებულმა აქტივობამ ის შედეგი გამოიღოს, რა შედეგსაც გამოიღებს მაშინ, როდესაც ბავშვი დადის ბაღში. თუმცა, სხვა გზა არ გვაქვს და უნდა დავხვეწოთ ასეთი მუშაობა.

    თუ მიმდინარე წელსაც ასე გაგრძელდება, კიდევ უფრო უნდა ავიმაღლოთ ცოდნაც და სერვისის მიწოდების შესაძლებლობებიც. მშობლებს მინდა ვთხოვო, რომ უფრო მეტი აქტიურობა გამოიჩინონ და ნუ ჩათვლიან ისე, რომ „ნუ უჭირს თუ ბავშვი საბავშვო ბაღიდან ვერ მიიღებს რაიმე სახის განათლებას“. ეს ასე არ არის. გულდასაწყვეტია, როდესაც ბავშვები დასტრესილები სახლში არიან და ეს სიკეთეც მოვაკლოთ. ამას, რა თქმა უნდა, ვერ გავაკეთებთ და მშობლებმაც უნდა აგვიბან მხარი.

    იყო გარკვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და რეგულაციები, რაც ბაღებს უნდა დაეკმაყოფილებინათ. ამ 37 ბაღიდან რამდენმა დააკმაყოფილა კორონავირუსის პრევენციის მიზნით მიღებული წესები?

    – პანდემიამდე არსებულ ჰიგიენის სტანდარტებს 37 საბავშვო ბაღში ვასრულებდით. რაც შეეხება კოვიდ-რეგულაციებს, ჩვენ აბსოლუტურად ყველაფერი გავაკეთეთ, რაც რეკომენდაციებში გვეწერა: უნდა შეგვეძინა საბავშვო ბაღებისთვის სანიტაიზერები, ჰიგიენის საშუალებები, პირბადეები და ა.შ. სანამ საბავშვო ბაღებს გავხსნიდით, ეს ყველაფერი 100%-ით შესრულებული გვქონდა.

    მაგალითად, პანკისის ხეობაში, შუა ხალაწნის საბავშვო ბაღმა ვერ დააკმაყოფილე ეს რეგულაციები.

    – ხალაწნის საბავშვო ბაღი ნაქირავებ შენობაშია. ამაზე მუნიციპალიტეტის მერია მუშაობს და ჩვენ ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ წელს ეს საბავშვო ბაღი აუცილებლად აშენდება.

    იგივე მდგომარეობა არის აწყურის საბავშვო ბაღში, ისიც ნაქირავებ შენობაშია. სულ ეს ორი საბავშვო ბაღი გვაქვს ნაქირავებ შენობაში და ორივესთვის ახალი შენობის აშენება მიმდინარე წელს იგეგმება.

    შუა ხალაწნის საბავშვო ბაღმა, გეთანხმებით, ვერ დააკმაყოფილა რეგულაციები. იქ ძირითადად პრობლემა იყო საიზოლაციო ოთახის გამოყოფა. ფიზიკურად ფართი არ ეყო, რომ საიზოლაციო ოთახი გამოყოფილიყო. ჩვენ ვიმუშავეთ ხალაწანშიც, აწყურშიც, რომ უკეთესი შენობა მოგვენახა, თუნდაც ნაქირავები, ამ ეტაპისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოინახა და სასწავლო პროცესი გაჩერდა.

    – ახლა საბავშვო ბაღებში არდადეგებია. როგორ გაგრძელდება სასწავლო პროცესი არდადეგების დასრულების შემდეგ?

    ეს ჯერ არ ვიცით. თუ საბავშვო ბაღები ისევ დაკეტილი იქნება და ეპიდემიოლოგიური ვითარება არ მოგვცემს გახსნის საშულებას, ისევ გავაგრძელებთ ბავშვებისთვის ონლაინ აქტივობების მიწოდებას.

    – როდესაც საბავშვო ბაღები გაიხსნება, როგორ განახლდება სწავლა? თუ გაქვთ უკვე რეკომენდაციები, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა?

    – თუ ეპიდსიტუაცია რთული იქნება, ისევ მოგვიწევს კოვიდ-რეგულაციების შესრულება. მშობლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დაწესებული რეგულაციები მათაც უნდა დაიცვან. მხოლოდ საბავშვო ბაღების თანამშრომელთა მხრიდან შესრულება არაფრის მომცემი იქნება.

    გვქონდა შემთხვევები, რომ სიცხიან ბავშვებს წამალს ასმევდნენ და ისე მოჰყავდათ საბავშვო ბაღში და ეს ხომ წარმოუდგენელია. იყო ერთი-ორი ასეთი შემთხვევა. მშობლებმა მინდა გაითვალისწინონ, რომ როდესაც ბავშვი მიჰყავთ საბავშვო ბაღში და მას აღენიშნება რაიმე სიმპტომი, სხვა ბავშვებსაც უქმნიან საფრთხეს.

    საბავშვო ბაღებში რბილი სათამაშოების მიტანა აქამდეც არ შეიძლებოდა. ახლა კატეგორიულად აკრძალულია რაიმე სახის სათამაშოს მიტანა. სახლიდან საერთოდ რაიმის მიტანა არის აკრძალული.

    ქალბატონო მარეხ, საბავშვო ბაღების ავტორიზაციის ვადა, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბერს იწურებოდა, ერთი წლით გახანგრძლივდა. ახმეტის მუნიციპალიტეტის ამ 37 საბავშვო ბაღიდან რამდენი იყო მზად იმისთვის, რომ 2020 წელსვე მიეღო ავტორიზაცია?

    – საბავშვო ბაღმა რომ ავტორიზაცია გაიაროს, ინფრასტრუქტურული მოთხოვნები და სტანდარტები უნდა იყოს ძალიან მაღალ დონეზე დაკმაყოფილებული, ასევე აღმზრდელ პედაგოგების კვალიფიკაცია უნდა იყოს მაღალი. ეს ორი ძირითადი კრიტერიუმია. კვების ბლოკში სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს აბსოლუტურად ყველა საბავშვო ბაღი აკმაყოფილებს.

    მხოლოდ გათბობა შეიძლება იყოს ბუნებრივ აირზე, უნდა გვქონდეს ელექტრო ქურები და დენის წყლის გამაცხელებლები. ახლა ამაზე მიმდინარეობს მუშაობა. ამ პროცესს ნამდვილად შეუშალა ხელი პანდემიამ.

    მუნიციპალიტეტის მერიისთვის საბავშვო ბაღები ნამდვილად პრიორიტეტია, თუმცა ეს ფინანსებთან არის დაკავშირებული, თუმცა მე ვიმედოვნებ, რომ ერთ წელიწადში იქნება აღმოფხვრილი ის ნაკლოვანებები, რაც გვაქვს და რაც ხელს უშლის საბავშვო ბაღების ავტორიზაციას.

    ესე იგი, ამ ეტაპისთვის მზად არ არიან საბავშვო ბაღები?

    – ამ ეტაპისთვის კაპიტალური რემონტები გვაქვს გაკეთებული, თავისი გათბობით, თავისი ყველაფრით, მაგრამ ავტორიზაციას მაინც ვერ გაივლის იმიტომ, რომ იქ უნდა იყოს გადამზადებული და კვალიფიციური კადრი და კიდევ რაღაც ნიუანსებია, რაც ამ ეტაპისთვის ნამდვილად გადავადებას საჭიროებდა. ამიტომაც მოხდა მიმართვა განათლების სამინისტროს მხრიდან, რომ გადავადებულიყო.

    თუ ვერ მოხდა 2021 წლის ბოლომდე ავტორიზაციისთვის სავალდებულო სტანდარტების დანერგვა, რა მოხდება? დაიკეტება ეს ბაღები?

    არა, ასე არ მოხდება. ამ შემთხვევაში, ის რეგულაციები, რა რეგულაციებიც დაწესებულია ავტორიზაციასთან დაკავშირებით, საკრებულოს შეუძლია თავისი რაიონის მაგალითზე შეამსუბუქოს ან გაამკაცროს. ამდენად ის, რომ საბავშვო ბაღები დაიხურება თუ ავტორიზაციას ვერ გაივლიან, არ მგონია, რომ რეალური იყოს.

    ახმეტის მუნიციპალიტეტის 2021 წლის ბიუჯეტის პირველ პრიორიტეტად საბავშვო ბაღები დასახელდა. თუ გაქვთ გეგმა, რომელიც არსებული ვითარების გამოსწორებას ეხება?

    – მერიასთან ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ და რა თქმა უნდა, ბიუჯეტს წინასწარ ვამზადებთ იმ შესაძლებლობების ფარგლებში, რის საშუალებასაც გვაძლევს არსებული ვითარება. ვერ ვიტყოდი, რომ ცუდი ბიუჯეტი გვაქვს. ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას ვერ შევძლებთ თვითონ, ააიპ-ის ბიუჯეტით, თუმცა მერიას აქვს კიდევ დამატებითი სახსრებიც და გეგმაც რის მიხედვითაც გააკეთებს ყველაფერს, რაც საბავშვო ბაღებისთვის საჭირო იქნება.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    მთის ამბები

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]