• «სკოლების დახურვა უკიდურესი ზომა უნდა ყოფილიყო» – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

    კვირა, 31 იანვარი 2021 01:13 view 2615
    «სკოლების დახურვა უკიდურესი ზომა უნდა ყოფილიყო» – ინტერვიუ ფსიქოლოგთან

    ფსიქოლოგი მაია ცირამუა მიიჩნევს, რომ კოვიდ-პანდემიით შექმნილ ვითარებაში ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხები აქტუალური არის, მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ „პირველი ტალღის“ დროს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ძალიან არის მომატებული დეპრესიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემების მაჩვენებლები. პანდემიით შექმნილი გარემო უარყოფითად აისახება ბავშვებზეც, რომლებიც თითქმის ერთი წელია სკოლის მიღმა არიან დარჩენილი.

    გთავაზობთ მაია ცირამუასთან ინტერვიუს, რომელიც „რადიოკაფეში“ ჩაიწერა.

    – ქალბატონო მაია, რა უნდა ვიცოდეთ პანდემიის დროს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ?

    – პირველი ტალღის დროს, როდესაც საყოველთაო „ლოქდაუნი“ იყო, საქართველოში ჩატარდა კვლევა, თუ როგორი გავლენა ჰქონდა ამ სიტუაციას ჩვენი მოსახლეობის ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. კვლევამ აჩვენა, რომ ძალიან მაღალია დეპრესიის და შფოთვითი აშლილობების მაჩვენებელი და ეს ყველაფერი  საკმაოდ სერიოზულად აისახა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ე.წ. მეორე ტალღამ – ვგულისხმობ კრიზისულ სიტუაციას, როდესაც იხურება სამსახურები, ბაზრობები, სკოლები და ა.შ. – უფრო მეტად უარყოფითი გავლენა მოახდინა იმიტომ, რომ მოსახლეობაში დანაკარგის მდგომარეობებით გამოწვეული ტრავმა არის ძალიან დიდი, აქ იგულისხმება როგორც ამ ვირუსის შედეგად გარდაცვლილი ადამიანები, ასევე სხვადასხვა ტიპის მატერიალური-სახელფასო დანაკარგები.

    ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც მართლაც არის დარჩენილი ყურადღების მიღმა. ამაზე არავინ ზრუნავს.

    არავინ ზრუნავს იმ ადამიანებზე, რომლებიც არიან ფრონტის წინა ხაზზე, ვგულისხმობ სამედიცინო პერსონალს, ადამიანებს, რომლებსაც ძალიან მძიმე მორალური გადაწყვეტილებების მიღება უწევთ გარკვეულ სიტუაციებში, არიან ძალიან სერიოზული სტრესის ქვეშ. უკვე უნდა დაწყებულიყო მათი ფსიქიკური ჯანმრთელობის გადაწვის, მორალური ზიანის მიღების პრევენციაზე ზრუნვა. მე არ გამიგია, რომ სახელმწიფოს ამ კუთხით რაიმე ღონისძიებები აქვს დაგეგმილი და რაღაც ნაბიჯებია გადადგმული.

    ეს არის ერთი მხარე და სხვა კიდევ რა მდგომარეობაში არიან ჩვენი საზოგადოების მოწყვლადი ჯგუფები, განსაკუთრებით ვგულისხმობ ბავშვებს, სიღარიბეში მცხოვრებ ადამიანებს, რომელთაც შეიძლება გარდა მატერიალური დანაკარგისა, უფრო მძიმე, სხვა ტიპის დანაკარგები ჰქონდეთ. მგონია, რომ არც საბაზისო საჭიროებები და არც ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით საჭიროებები არ არის აქტუალური დღეს ჩვენი ჯანდაცვის სისტემისთვის.

    – ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ამახვილებს ყურადღებას, რა გავლენა შეიძლება მოახდინოს პანდემიამ ადამიანის, მათ შორის ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. დისტანციური სწავლება ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემაა. რა ტიპის გავლენა მოახდინა ან მოახდენს ეს ბავშვების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე?

    – აქ ნამდვილად გამიჭირდება რაიმე კარგი პროგნოზის გაკეთება. დავიწყოთ იქიდან, რომ ფიზიკურ განვითარებაზე, სოციალურ განვითარებაზე, ემოციურ მდგომარეობაზე ეს ყველაფერი ალბათ ძალიან მძიმედ აისახება და ამის შედეგებს ჩვენ აუცილებლად მოვიმკით მომავალ წლებში. არავის ვაშინებ და არანაირ პრობლემას არ ვქმნი, მაგრამ ეს ძალიან ლოგიკურია. მომართვიანობის თვალსაზრისითაც გაიზარდა მშობლების ჩივილები ბავშვების გუნება-განწყობის დაქვეითებაზე, ან პირიქით - აჟიტაციაზე. ყველაზე უფრო ხშირი არის დამოკიდებულება გაჯეტებზე, საერთოდ, ბავშვები ამ ონლაინ სივრცემ ჩაყლაპა. განათლების კუთხით, ზოგადად, არცთუ ისე სახარბიელო სიტუაციაა ჩვენს ქვეყანაში. ონლაინ სწავლებამ კიდევ როგორ გააუარესა მდგომარეობა – ამის შეფასება გამიჭირდება, თუმცა ფსიქო-ემოციური და სოციალური ფუნქციონირებისთვის არის ძალიან სერიოზული პრობლემა.

    ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგებით წლების მანძილზე. მგონია, რომ სკოლების დახურვა უნდა ყოფილიყო უკიდურესი ზომა. ისე უნდა გატარებულიყო ღონისძიებები, რომ ბოლოს დაკეტილიყო ასეთი ტიპის დაწესებულებები. რიგმა ქვეყნებმა მოახერხეს ის, რომ არ შეუწყვეტიათ სასწავლო პროცესი და ამის ხარჯზე დაავადების გავრცელების მაჩვენებელი არ გაზრდილა.

    ჩვენთან იცით როგორი სიტუაცია შეიქმნა? - როდესაც სკოლები რაღაც პერიოდით გაიხსნა, არანაირად არ აღმოჩნდა სკოლა მზად. მაგალითად, ვიცით, რომ პირბადე, რომელიც სერიოზული დამცავი ფაქტორია, არ გამოიყნებოდა. ბავშვები ხელებს როგორ იბანდნენ, დისტანცია როგორ იყო დაცული – ყველა სკოლაზე ვერ ვილაპარაკებ, მაგრამ ვისთანაც მქონია კომუნიკაცია, თვითონ ბავშვებისგან, მშობლებისგან მსმენია, რომ უკონტროლო იყო სიტუაცია, ვერ ახერხებდნენ ამის ორგანიზებას. ეს ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო გააზრებული. შემდეგ უკვე მშობლები დადგნენ დილემის წინაშე, ჩამოეშორებინათ თუ არა ბავშვი საგანმანათლებლო სივრცისთვის, იმიტომ რომ ძალიან გაიზარდა ინფიცირების მაჩვენებელი. წავიდა ის პროცესი, რომ თვითონ მშობლების რაღაც ნაწილმა დაიწყო ბავშვების სკოლაში არ გაშვება. ბავშვები აღმოჩნდნენ არათანაბარ სიტუაციაში - ზოგი დადიოდა და ზოგი არა სკოლაში. მერე მოხდა ისე, რომ ყველა გადავიდა ონლაინ რეჟიმში. აქ არის კიდევ ერთი ძალიან დიდი პრობლემა – ძალიან დიდი რაოდენობის ბავშვია, რომელიც სრულიად ჩამოშორებულია საგანმანათლებლო პროცესს იმიტომ, რომ აქ აქვს ამის ტექნიკური შესაძლებლობა. აი, ამ ბავშვებთან მიმართებაში რას ფიქრობს ხელისუფლება... მათი ყველა ტიპის უფლება არის დარღვეული.

    – თქვენ ისაუბრეთ ბავშვთა ფსიქოლოგიაზე პანდემიის გავლენის გრძელვადიან შედეგზე. რა რისკის წინაშე შეიძლება დაგვაყენოს ამ გარემოებებმა?

    – შესაძლოა, ბავშვებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მაჩვენებელმა აიწიოს უფრო მეტად, ვიდრე იყო აქამდე.

    ძალიან სერიოზული მაჩვენებელი გვექნება ადიქციების - თამაშებზე, გაჯეტებზე, სხვადასხვა სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულების. ამას თან ახლავს ბულინგი, ძალადობა, რომელიც ძალიან გავრცელებულია ამ სივრცეში. ძალიან რთულია ახლა პროგნოზი გააკეთო, რა და როგორ იქნება, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, წამყვანი პრობლემა ბავშვების შემთხვევაში, ალბათ, ადიქციის პრობლემა იქნება.

    როგორ მოვახერხებთ ჩვენ ბავშვების ხელახლა ინტეგრირებას? ზოგიერთი მშობელი ამბობს, რომ ბავშვს საერთოდ აღარ უნდა გარეთ გასვლა, საერთოდ ასოციალური გახდა. არა თუ გასვლა არ უნდა, უარს ამბობს ონლაინ შეხვედრებში, გაკვეთილებში მონაწილეობაზე; ცოცხალ პროცესში იყო ძალიან აქტიური და ონალინ სივრცეში საერთოდ თავის თავს ვერ ხედავს, ძალიან უჭირს და შეიცვალა აკადემიური მაჩვენებლებიც, ემოციური მდგომარეობაც, მისადმი კლასის დამოკიდებულებაც, რადგან მან ეს ე.წ. სუსტი მხარე გამოავლინა, იყო წარმატებული მოსწავლე და აი აქ რესურსი ვერ გამოიჩინა. ბევრი პრობლემა გაჩნდა და ისინი ალბათ ინდივიდუალურად განსახილველია.

    – რამდენად არის სახელმწიფოს მხრიდან შეფასებული აღნიშნული რისკები და ენიჭება თუ არა ამ საკითხს პრიორიტეტი?

    – მე რასაც ვაკვირდები, მართალი გითხრათ, არ მახსენდება შეხვედრები, გეგმა ამასთან დაკავშირებით. თავიდან, როდესაც პირველი ლოქდაუნი იყო, მაშინ შეიქმნა ქსელი, რომელშიც გაერთიანდნენ სამთავრობო თუ არასამთავრობო სექტორიდან ორგანიზაციები, რომლებიც სერვისებს წევენ და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებზე ადამიანებს ემსახურებიან. ეს ნამდვილად გაკეთდა, თუმცა დღეს როგორ მუშაობს, რამდენად არის ხელმისაწვდომი ყველასთვის? ალბათ ყველაზე უფრო მოწყვლადი ჯგუფებისთვის ესეც არ არის ხელმისაწვდომი, როგორც არ არის ხელმისაწვდომი, როგორც მაგალითად, გაკვეთილზე დასწრება. ასე რომ, ძალიან ისეთ ნაბიჯებს მე პირადად ვერ ვხედავ, ახლა, მოცემულ ეტაპზე.

    – როგორი უნდა იყოს სახელმწიფო მხარდაჭერის პოლიტიკა ამ ვითარებაში და თქვენი, როგორც პროფესიონალის რეკომენდაცია რა იქნება?

    – ალბათ, ამ დარგის სპეციალისტებთან ერთად უნდა გაკეთდეს მრავალეტაპიანი სამოქმედო გეგმა: როგორ მოქმედებ ახლა, ამ კრიზისულ სიტუაციაში  და ასევე უნდა არსებობდეს გარკვეული ხედვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოხდეს ადაპტაცია თუ ოდესმე ეს პროცესი დასრულდება და ბავშვები დაუბრუნდებიან საგანმანათლებლო სივრცეს და არაფორმალური განათლების სფეროებს. შეიძლება გარკვეული ჯგუფების გამოყოფა, რომლებთანაც სპეციალისტების ჩარევა იყოს საჭირო.

    მგონია, რომ ეს ყველაფერი უკვე დაწყებული უნდა იყოს და ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით უნდა არსებობდეს ქმედითი, რეალისტური, ეფექტურობის გაზომვადი სამოქმედო გეგმა. არა ფურცელზე (როგორც ხდება ხოლმე), არამედ ეს უნდა იყოს ძალიან კარგად გააზრებული და საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით მომზადებული დოკუმენტი.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]