• რა უნდა ვიცოდეთ ანაფილაქსიის შესახებ – ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან

    შაბათი, 27 მარტი 2021 13:04 view 12805
    რა უნდა ვიცოდეთ ანაფილაქსიის შესახებ – ინტერვიუ ბიძინა კულუმბეგოვთან

    ანაფილაქსია ალერგიულ რეაქციებს შორის ურთულესია, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს და შეიძლება განვითარდეს ორგანიზმში ნებისმიერი ალერგენის, მათ შორის, მედიკამენტის თუ საკვების მოხვედრის, ასევე მწერის ნაკბენის შედეგად. კოვიდ-19-ზე აცრის შემდეგ, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური რეაქცია განუვითარდა ახალგაზრდა ექთანს ახალციხეში. ის ვაქცინაციიდან 24 საათში გარდაიცვალა. ამან კიდევ უფრო გააძლიერა საზოგადოების სიფრთხილე კორონავირუსის ვაქცინის მიმართ და გავლენა იქონია იმუნიზაციის ისედაც ნელ ტემპზე.

    რა არის ანაფილაქსია, როგორ ვლინდება ის და რა შეიძლება გახდეს სიკვდილის მიზეზი – ამ საკითხებზე პანკისის სათემო რადიო იმუნოლოგ-ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვს ესაუბრა.

    – ბატონო ბიძინა რა არის ანაფილაქსია და რა იწვევს მას?

    – ანაფილაქსია ეს არის ძალიან რთული, სისტემური ალერგიურლი რეაქცია, ორგანიზმის პასუხი, რაც განპირობებულია სხვადასხვა ალერგენების ორგანიზმში მოხვედრით. ყველაზე ხშირი ანაფილაქსიის გამომწვევი მიზეზები, რის გამოც ეს დაავადება ვითარდება სწრაფად და დაუყოვნებლივ, არის მედიკამენტები, იგივე ვაქცინა, საკვები (ყველაზე ხშირად იწვევს მიწის თხილი, თევზი და ზოგადად ზღვის პროდუქტები), ასევე არის ლატექსი - სამედიცინო ხელთათმანები. ანაფილაქსიას იწვევს ასევე მწერის ნაკბენები, ეს არის ძირითადად ფუტკარი და ბზიკი, კრაზანა. აი, ამაზე მოდის ანაფილაქსიების 90% მთელს მსოფლიოში, რაც გადაუდებელ სწრაფ რეაქციას იწვევენ.

    ანაფილაქსიის დროს, ალერგენების მოქმედების შედეგად ორგანიზმში ძალიან დიდი რაოდენობით გამოთავისუფლდება ნივთიერება ჰისტამინი. ანტიალერგიულ წამლებს ამიტომ ჰქვიათ ანტიჰისტამინური პრეპარატები. ჰისტამინი იწვევს კანზე გამონაყარს, ქავილს, ჭინჭრის ციებას. ჰისტამინი და მისი მსგავსი ნივთიერებები იწვევენ ბრონქების შევიწროებას, ანუ ბრონქოსპაზმს და სუნთქვის გაძნელებას. ჰისტამინი იწვევს გულისცემის აჩქარებას და წნევის ქვემოთ ვარდნას. ეს ყველა სიმპტომი ერთად ქმნის სიმპტომოკოპლექსს, რასაც ანაფილაქსია ჰქვია.

    სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობას წნევის ვარდნა ქმნის, რა დროსაც გულში არ მიდის სისხლი და გული, როგორც ტუმბო, ფუნქციას ვერ ასრულებს. თუ ადამიანს სწრაფი სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩინეს, ეს წნევის ვარდნა შემდეგ უკვე იწვევს ანაფილაქსიური ტერმინალური მდგომარეობის ანუ შოკის განვითარებას, რაც უკვე გონების დაკარგვით ვლინდება.

    – რა უნდა გაკეთდეს პირველ რიგში თუ ადამიანს, პაციენტს განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი?

    – როდესაც უკვე არის ალერგენთან კონტაქტი, რამოდენიმე წუთში ვითარდება კრიტიკული სიმპტომები, იწყება კანიდან და გადადის სასუნთქ სისტემაზე, წნევაზე, გულსისხლძარღვებზე. ამ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის პირველი პრეპარატია ადრენალინი. ადრენალინს აქვს უნარი ადამიანის დავარდნილი წნევა მაღლა აწიოს და შევიწროებული სასუნთქი გზები გააფართოვოს, ანუ გართულების და სიკვდილის ძირითადი მიზეზი რაც არის, ამ ორივე ფაქტორს ებრძვის. ამის შემდეგ უკვე მოდის ყველა სხვა ნაბიჯი, მაგალითად, პაციენტის ფეხების ზემოთ აწევა.

    პაციენტს ადრენალინი უნდა გაუკეთდეს მყისიერად, ბარძაყის გარეთა ზედაპირზე, ქვედა კიდურზე, სხვა ადგილას ის არ კეთდება. შემდეგ არის დექსამეტაზოლი და სხვა ტიპის წამლები, რომლებსაც მეორე ეტაპზე გამოიყენებს ექიმი. მაგრამ, პირველი არის ადრენალინი.

    თუ ადრენალინი არის დროულად და სწორი დოზით გამოყენებული, დაავადება სასიკვდილო არ არის და ადამიანების 99% ანაფილაქსიას უნდა გადაურჩეს.

    – აცრიდან რა პერიოდში შეიძლება პაციენტს განუვითარდეს ანაფილაქსიური შოკის პირველი სიმპტომები?

    – იმის მიხედვით, რაც მსოფლიოში კოვიდსაინააღმდეგო ვაქცინასთან დაკავშრებით არის აღწერილი, ამ რეაქციების უდიდესი ნაწილი - 90% განვითარდა ვაქცინის გაკეთებიდან მაქსიმუმ 30 წუთში, იშვიათ შემთხვევაში (დარჩენილი 10%-დან) ზოგი განვითარდა 45 წუთში და ერთი ანაფილაქსია განვითარდა აცრიდან საათნახევრის შემდეგ. 90%-ში ვითარდება პირველ 30 წუთში, ეს არის მთავარი. ამიტომაც არის, რომ ვაქცინის ადმინისტრირების ანუ გამოყენების შემდეგ ყველა ადამიანი, უნდა დარჩეს მოსაცდელ დარბაზში, რომ ეს რეაქცია გამოვლინდეს სამედიცინო დაწესებულებაში და არა ქუჩაში, სახლში და ა.შ.

    – ძალიან სამწუხარო შემთხვევა დაფიქსირდა, როდესც კოვიდ ვაქცინის შემდეგ ახალციხელ ექთნს განუვითარდა ანაფილაქსიური შოკი. რატომ ვერ მოხერხდა მისი გადარჩენა?

    – ეს საკითხი დეტალურად რომ გაირჩეს, ჯერ უნდა ვიცოდეთ ყველა ის პროცედურა, რაც განხორციელდა. ანაფილაქსია, შესაძლებელია, 0.25-დან 2%-მდე სიკვდილით დამთავრდეს, ანუ "ფატალური ანაფილაქსია" - ასეთი ცნება ჩვენს დარგში არსებობს. რა განაპირობებს ფატალურ ანაფილაქსიას?

    ფატალური და მძიმე ანაფილაქსია შეიძლება დაემართოს ადამიანს, თუ, მაგალითად, აქვს ფონური დაავადება - ბრონქული ასთმა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია პროცესი იმდენად მძიმედ წავიდეს, რომ ადამიანის გადარჩენა გაჭირდეს. ასევე თუ ადამიანს აქვს ალერგიული ფონური დაავადებები, ასეთია მასტოციტოზი.

    სიკვდილის მიზეზებს შორის შეიძლება იყოს ის, დროულად გაუკეთდა თუ არა ადრენალინი, ან ხომ არ იყო მისი გამოყენებისგან თავის შეკავება. ეს არის ნიუანსები, რაც ჩვენ ამ კონკრეტული მედდის შემთხვევაში, არ ვიცით. სამედიცინო რეგულირების საგენტო, ჯანდაცვის სამინისტრო ამ საკითხს იკვლევს და როდესაც უკვე დასკვნა გვექნება, მერე შევძლებთ საუბარს.  

    – საზღვარგარეთ უკვე დიდი ხანია, რაც ვაქცინაციის პროცესი მიმდინარეობს და თქვენი დაკვირვებით რამდენად ხშირია ანაფილაქსიური შოკის შემთხვევები კოვიდვაქცინირებულებში?

    – ანაფილაქსიის შემთხვევები არ არის ძალიან იშვიათი და არც ძალიან ხშირი. არსებული სტატისტიკური მონაცემებით, "ასტრეზენეკათი" ევროკავშირში აცრილი 5 მილიონი ადამიანიდან ანაფილაქსიური რეაქცია განვითარდა 41 ადამიანში, ანუ ერთ მილიონ აცრაზე მოდის 8 ანაფილაქსიური შემთხვევა. "ფაიზერის" ვაქცინის შემთხვევაში ერთი მილიონი ადამიანიდან საშუალოდ 5 ადამიანს ემართება ანაფილაქსია. "მოდერნას" ვაქცინის შემთხვევაში, რომელიც ჩვენთან არ არის, მაგრამ მსოფლიოში, ამერიკაში წარმატებით გამოიყენება, ერთი მილიონიდან 2.5 შემთხვევა დაფიქსირდა.

    ამ გადასახედიდან, შედარებით მაღალი პოტენციურობის ვაქცინად ჯერ ითვლება "ასტრაზენეკა", მერე "ფაიზერი" და ბოლოს "მოდერნა".

    კიდევ რა ალერგიული რეაქციები შეიძლება განუვითარდეს პაციენტს ვაქცინაციის შემდეგ?

    – გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს დარგში ალერგიულ რეაქციებს შორის ურთულესი და უმძიმესი რეაქცია არის ანაფილაქსია, რომელიც ადამიანის სიცოცხლეს უქმნის საფრთხეს, სხვა ალერგიული რეაქციები ასე ვთქვათ მოსატანი არ არის. სხვა ალერგიული რეაქციები, რაც მეც, როგორც ვაქცინის ერთ-ერთ მიმღებს, განმივითარდა არის ის, რომ ნანემსარის ადგილას რამდენიმე წუთის შემდეგ გამიჩნდა გამონაყარი, იმავე ადგილას სიწითლე და შეშუპების მოვლენები, რაც დაახლოებით ნახევარი საათიდან 45 წუთის შემდეგ სრულიად გაქრა.

    ნანემსრის ადგილას შეშუპება, სიწითლე და ქავილის განცდა საშიში არ არის და ყოველგვარი წამლის, საფენების გარეშე რამოდენიმე წუთში თვითონვე იკარგება. სხვა მეტი ალერგიის ფორმა, ამ ვაქცინას არ ახასიათებს.

    – ბატონო ბიძინა, როგორც აღნიშნეთ თქვენც ჩაიტარეთ აცრა. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება - რა პროცესები წავიდა ვაქცინაციის შემდეგ. ვაქცინაციის დღეს, როცა ჩვენ დაგიკავშირდით, თქვით, რომ სიცხე გქონდათ.

    – ვაქცინის გაკეთებიდან 5 წუთში სიწითლე, სიმხურვალე და ქავილის განცდა გამიჩნდა. 30 წუთი დავყავი მოსაცდელ დარბაზში, ექიმმა რამდენჯერმე დამათვალიერა და რადგან პროცესი არ პროგრესირებდა, წამოვედი. ვაქცინაციიდან 7-8 საათის შემდეგ ვიგრძენი ზოგადი სისუსტე, ტემპერატურა შევამოწმე და იყო 37.2. მთელი ღამე გაგრძელდა, თითქმის 24 საათის შემდეგაც მქონდა 37.3. ამას თან ახლდა თავის მსუბუქი ტკივილი. ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი წამალი არ მიმიღია, იმიტომ, რომ სცხის დამწევი უნდა დავლიოდ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ტემპერატურა 38.5 და მეტია, რათა იმუნიტეტს უფრო კარგად ჩამოყალიბების უნარი მიეცეს. აცრიდან დაახლოებით დღენახევარში თავს ისე ვგრძნობდი, როგორც აცრამდე, ანუ სრულიად დაიკარგა ყველა სიმპტომი. ნანემსარის ადგილას მქონდა მსუბუქი ტკივილი, რომელიც 2-3 დღეში სრულიად დაიკარგა და დღეს პრაქტიკულად ვერაფერს ვგრძნობ.

    – რატომ აირჩიეთ "ასტრაზენეკა"?

    – ჩავთვალე, რომ ვაქცინები, რომლებიც მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანაშია, არის ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული და შესაბამისად, მათი უსაფრთხოება და ეფექტურობა გარანტირებულია. აქედან გამომდინარე, ჩავთვალე, რომ როდესაც ქვეყანაში არის ვაქცინა, რა ვაქცინაც არის იმ მომენტში, იმით უნდა აიცრა.

    ჩემთვის ყოველი საათი და ყოველი დღე რისკია, რომ კორონავირუსული ინფექცია შემხვდეს. ამიტომ, მორალურად არავითარი უფლება არ მქონდა, რომ მე რომელიმე სხვა ვაქცინას დავლოდებოდი. ამასთან, მაგალითის მიმცემი უნდა ვყოფილიყავი სხვა ადამიანებისთვის და ამიტომ გადავწყვიტე გამეკეთებინა ის ვაქცინა, რაც ქვეყანაშია.

    – ბოლო კვლევის თანახმად, მოსახლეობის 53% უარს აცხადებს ვაქცინის გაკეთებაზე. პასურობა შეინიშნება მედპერსონალიც. რატომ არის ასეთი მაღალი რიცხვი ვაქცინისადმი უარყოფითად განწყობილების?

    – სამწუხაროდ, არ ვიცი. ეს, პირველ რიგში, ინფორმაციის ნაკლებობაზე მიუთითებს, ასევე, ეს განაპირობა ამ მოხდარმა და მიმდინარე მოვლენებმა. ჯერ ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში თრომბოემბოლიური დაავადებების პოტენციურ კავშირს ეძებდნენ "ასტრაზენეკას" ვაქცინასთან და რამდენიმე დღით, ზოგმა ქვეყანამ რამდენიმე კვირითაც კი შეაჩერა ვაქცინაციის პროცესი, სანამ წამლების ევროპულმა სააგენტოს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დაკვნა არ გამოქვეყნდებოდა. ჩვენ იმ პერიოდში დავიწყეთ ვაქცინაცია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მოგვიწოდებდა, რომ არცერთი დღით არ შეგვეჩერებინა, რადგან არავითარი რისკი არ არსებობდა. აქედან გამომდინარე, მოსახლეობას შედარებით სკეპტიკური დამოკიდებულება მაინც აქვს. ახლა ჩვენი კოლეგის გარდაცვალება დამეთხვა და ამან კიდევ უფრ გააღრმავა. ამ გამოკითხვის საველე სამუშაოები მედდის გარდაცვლაბემადეა ჩატრებული, ამიტომ მთლად საზოგადოების განწყობას ვერ ასახავს. ვაქცინაციაში არის უფრო მეტი სარგებელი, ვიდრე ზიანი და პანდემიის დასრულება სხვანაირად მსოფლიოში ვერ მოხდება. ჩვენი, ამ ადამიანების ნება უნდა იყოს მორალური მაგალითების მიცემა. ამავე გამოკითხვით 12% ფიქრობს აიცრას თუ არა, არ ამბობს კატეგორიულ უარს. პერპექტივა არის, მაგრამ ბევრი ახსნა-განმარტება, შეხვედრები და სახლემიწიფოს მხრიდან სერიოზული საინფორმაციო კამპანიის გამართვა და გაძლიერებაა საჭირო.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]