• weather cur horoscope

    კახეთში, COVID-19-ზე ვაქცინაციის პროცესში, მეტი მუნიციპალიტეტის ჩართვა იგეგმება – ინტერვიუ

    ორშაბათი, 12 აპრილი 2021 11:03 view 627
    კახეთში, COVID-19-ზე ვაქცინაციის პროცესში, მეტი მუნიციპალიტეტის ჩართვა იგეგმება – ინტერვიუ

    ბოლო მონაცემებით, კახეთის სამედიცინო დაწესებულებებში კორონავირუსზე 267 ადამიანი აიცრა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსის, ნელი ხიზანიშვილის შეფასებით, ვაქცინაციის დაბალი ტეპის ერთ-ერთი მიზეზი ისიც არის, რომ ვაქცინა მხოლოდ თელავში, გურჯაანსა და ლაგოდეხშია ხელმისაწვდომი. ხიზანიშვილის თქმით, ვაქცინაციის ჩასატარებლად საჭირო მოთხოვნებს ახმეტის ჰოსპიტალიც აკმაყოფილებს.

    ვაქცინაციის პროცესის მართვაზე, პროცედურასა და აცრის შემდგომ პერიოდზე ნელი ხიზანშვილმა პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში ისაუბრა.

    – ქალბატონო ნელი, განვიხილოთ ის ეტაპები, რომლებიც აცრის მსურველმა უნდა გაიაროს? ვისთვის არის ვაქცინა ხელმისაწვდომი, ანუ ვის შეუძლია აცრა?

    – 15 მარტიდან, ისევე როგორც მთელ საქართველოში, კახეთშიც დაიწყო ვაქცინაცია COVID-19-ის საწინააღმდეგოდ. ჯერჯერობით კახეთის რეგიონში აცრები მხოლოდ სამი მუნიციპალიტეტის სამედიცინო ცენტრებში მიმდინარეობს. ეს გახლავთ თელავის, გურჯაანის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტები. ვაქცინაცის გასაკეთებლად რეგისტრაციის უფლება აქვთ სამედიცინო პერსონალსა და ყველა 55 წელს ზემოთ მყოფ ადამიანს. ანუ ყველას, ვინც ამ ჯგუფს მიეკუთვნება, აქვს შესაძლებლობა, რომ დარეგისტრირდეს ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვებსაიტზე და აირჩიოს მისთვის სასურველი დაწესებულება, სადაც ჩაიტარებს აცრას, ასევე აირჩიოს ვაქცინა, თუ რომლით სურს, რომ აიცრას.

    აცრა განსზღვრულ დღეებში ხდება. როდესაც უკვე მოიმატებს აცრის მაჩვენებლი, ალბათ ყოველდღეც იქნება შესაძლებელი, თუმცა ჯერჯერობით ეს ასე არ არის, რადგან აცრის მსურველების რაოდენობა მაინცდამაინც ბევრი არ არის.

    მოგეხსენებათ, რომ კახეთში ჯერ მხოლოდ „ასტრაზენეკას“ ვაქცინით მიმდინარეობს აცრა. „ასტრაზენეკას“ ფლაკონები 10-დოზიანია და იმისათვის, რომ უდანაკარგოდ ვიმუშავოთ და აცრების დოზა არ დავკარგოთ, ორგანიზებას ვაკეთებთ, რომ საჭირო რაოდენობის ადამიანები ერთად მოვაგროვოთ, რომ 10 იყოს ან ათის ჯერადი. ამას არეგულირებენ სპეციალური პასუხისმგებელი პირები, ისინი თავად უკავშირდებიან რეგისტრირებულ პირებს და ახდენენ ორგანიზებას.

    თქვით, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის ფლაკონი არის 10 დოზიანი და თუ აცრის მომენტში რიგში არ არის ამ რაოდენობის ადამიანი, მაშინ დარჩენილი ვაქცინა იკარგება. დანაკარგის შემთხვევები რამდენად ხშირია კახეთში?

    – ჯერჯერობით დანაკარგის შემთხვევები არ არის ხშირი, რადგან როგორც აღვნიშნე, ვაკეთებთ ამის ორგანიზებას, წინასწარ ვუკავშირდებით პირებს, ვინც გააკეთეს ჯავშანი და უკვე ვიცით რამდენი მოვა. გარდა ამისა, არის სარეზერვო ჯგუფები და თუ არ მოვიდა ადამიანი აცრაზე შეგვიძლია ჩავანაცვლოთ რომელიმე სამედიცინო პერსონალით.

    ვაქცინაციის ტემპზეც, რომ ვისაუბროთ, რამდენი ადამიანია ამ მომენტისთვის კახეთში აცრილი?

    – ტემპი არ არის სასურველი. უკეთესი იქნებოდა, რომ უფრო მეტი ადამიანი იტარებდეს ვაქცინაციას. თუმცა, ამას თავისი წინაპირობები აქვს და ახსნაც გააჩნია.

    მაგალითად, ახმეტაში ასაკში მყოფ ადამიანებს გაუჭირდებათ შორ მანძილზე გადაადგილება. პანკისის მოსახლეობისთვის ალბათ უფრო ხელსაყრელი იქნებოდა, რომ აიცრა ან სოფელ დუისში ან ახმეტის კლინიკაში. ასევე, ასაკიანი ადამიანები საჭიროებენ თანმხლებ პირს გადასაადგილებლად, თანხმლები პირი და გადაადგილება კი გარკვეულ პრობლემებთან არის დაკავშირებული. ამიტომ უმრავლესობა თავს იკავებს და ელოდება, როდის დაიწყება მის რაიონში, მის მუნიციპალიტეტში, მის ახლოს მდებარე სამედიცინო დაწესებულებებში ვაქცინაცია, რომ იქ მივიდეს. ჩემი აზრით, ერთ-ერთი მიზეზი ამ დაბალი აქტივობისა ეს გახლავთ, რადგან ნამდვილად ვიცი, რომ ელოდებიან როდის ჩატარდება აცრები იმ სამედიცინო დაწესებულებებში, სადაც ისედაც დადიან საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში და ისედაც იტარებენ სხვა სამედიცინო სერვისებს.

    ამ ეტაპზე მედპერსონალიდან რამდენია აცრილი კახეთში?

    – მედპერსონალიდან ნამდვილად არ არის ბევრი აცრილი. ზუსტი მონაცემი არ მაქვს, რადგან ნაწილი მედპერსონალის აიცრა თბილისის დაწესებულებებში, „ფაიზერის“ ვაქცინით. მე მხოლოდ კახეთის დაწესებულებების და „ასტრაზენეკას“ შესახებ მაქვს მონაცემები. კახეთის რეგიონში ამ მომენტისთვის სულ აცრილია 214 ადამიანი (12 აპრილისთვის აცრილთა რაოდენობა 267-მდე გაიზარდა).

    – ახალი მუნიციპალიტეტების დამატება, მაგალითად, ახმეტის, როდისთვის იგეგმება?

    – ძალიან მოკლე ვადაში იგეგმება ახალი მუნიციპალიტეტების დამატება, ჩვენ კიდევ ერთხელ ჩავატარეთ მონიტორინგი იმ დაწესებულებების, სადაც ვაქცინაციის პროცესი დაიწყება. მოგეხსენებათ, ეს დაწესებულებები უნდა აკმაყოფილებდნენ ყველა იმ მოთხოვნას, რაც არის რეკომენდირებული უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად. ჩვენი წინასწარი მონაცემებით, შემიძლია გითხრათ, რომ ახმეტის ჰოსპიტალის ჩათვლით, კახეთის რვავე მუნიციპალიტეტში არსებული სამედიცინო დაწესებულება აკმაყოფილებს ვაქცინაციის ჩასატარებლად საჭირო მოთხოვნებს.

    – უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა პირობებს გულისხმობთ?

    – პირველ რიგში, თვითონ აცრის კაბინეტის მოწყობას, ვაქცინაციის წინა და განსაკუთრებით ვაქცინაციის შემდგომი სივრცის ორგანიზებას, სადაც იქნება სპეციალური სამედიცინო მუშაკი, რომელიც დატრენინგებული იქნება ანაფილაქსიური რეაქციების ადრეულ ამოცნობაზე. ის დააკვირდება იმ ადამიანებს, ვინც აცრის შემდგომ 45 წუთის განმავლობაში უნდა დარჩნენ დაყოვნების სივრცეში და ნებისმიერი ნიშნის გაჩენისთანავე გაუწევს სასწრაფო სამედიცინო დახმარებას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ყველა ამ დაწესებულებაში აცრის კაბინეტები არის მოწყობილი ცალკე, რუტინული აცრებისგან განსხვავებით, ძალიან ახლოს შოკის დარბაზთან, ან რეანიმაციულ განყოფილებასთან. ყველგან, სადაც დაიწყება აცრები, ადგილზე აუცილებლად იქნება რეანიმატოლოგი.

    – ვთქვათ, დავრეგისტრირდი პორტალზე და დავჯავშნე ვაქცინა. რა უნდა გავითვალისწინოთ აცრამდე, საჭიროა თუ არა მომზადება ამ პროცედურისთვის?

    – თუ რაიმე არ გაწუხებთ და ჩვეულებრივ მდგომარეობაში ხართ, მომზადება და წინასწარი გამოკვლევები საჭირო არ არის. ყველა ადამიანი აცრის წინ გადის ექიმთან კონსულტაციას და ავსებს სპეციალურ ფორმას. ეს არის კითხვარი, ვთქვათ ადამიანს რაიმე სიმპტომი ხომ არ აქვს, თავს შეუძლოდ თუ გრძნობდა წინა 2 დღის განმავლობაში, ტემპერატურა ხომ არ აქვს, ასევე კითხვებია ალერგიულ რეაქციებზე - მაგალითად, მწერის ნაკბენზე და ა.შ. ძალიან დიდი ჩამონათვალია და ფაქტობრივად, ეს იმდენად სრულყოფილ ინფორმაციას იძლევა, რომ თუ ყველაფერი რიგზეა, ექიმი აძლევს უფლებას ადამიანს, რომ აიცრას. თუ ეჭვი შეეპარება რამეში, რა თქმა უნდა, აცრას გადაუდებს და მისცემს რეკომენდაციას შემდგომი მოქმედებისთვის.

    – რა ხდება აცრის დროს? ანუ როგორ კეთდება ვაქცინა?

    – ძალიან მარტივი პროცესია. რა თქმა უნდა, ვაქცინა ინახება მაცივარში, საერთოდ საქართველოში ძალიან კარგად არის აწყობილი ცივი ჯაჭვის პრინციპით ვაქცინის ადმინისტრირება. კახეთშიც სპეციალური მაცივრებია გამოყოფილი, სადაც ტემპერატურა მკაცრად კონტროლდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა დავრწმუნდეთ, რომ ტემპპერატურული რეჟიმი არ არის დარღვეული. აცრის დროს მაცივრიდან იღებენ ვაქცინას, გახსნიან, გახნილი ფლაკონი ვარგისია 6 საათის განმავლობაში. ამასაც თავისი შენახვის წესი აქვს, შემდეგ ამოიღებენ დოზას შპრიცით და ვაქცინა კეთდება მხარზე.

    – რას უნდა ველოდოთ აცრის შემდეგ? რა გვერდითი მოვლენები შეიძლება განვითარდეს?

    – აცრის შემდგომ შესაძლებელია განვითარდეს ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც სწრაფ რეაგირებას საჭიროებს და ამიტომაც ვაყოვნებთ ადამიანებს მოსაცდელ სივრცეში. შემდეგ უკვე არის ჩვეულებრივი რექაციები როგორიც არის, მაგალითად, ტემპერადურის მატება, შეიძლება იყოს სისუსტე, ბეჭების წვა, სახსრების ტკივილი და ა.შ. ანუ ყველა ის სიმპტომი, რაც ახასიათებს ამ ვირუსს, თუმცა ძალიან მცირედ გამოხატული და მოკლე დროით - შეიძლება ერთი დღე, ან მაქსიმუმ ორი დღე გაგრძელდეს. შემდეგ უკვე ეს ყველაფერი გაივლის.

    – დაფიქსირდა თუ არა ვაქცინაციის სერიოზული გვერდითი მოვლენები აცრის შემდგომ კახეთის რეგიონში?

    – არცერთი სერიოზული გვერდითი მოვლენა, რაც დაუყოვნებლივ ჩარევას საჭიროებდა, ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე არ დაფიქსირებულა.

    – მეორე დოზის გასაკეთებლად როდის დაიწყება რეგისტრაცია?

    – როდესაც უკვე მიდიხარ ვაქცინის პირველი დოზის გასაკეთებლად, იქ გაძლევენ ბარათს, სადაც თვითონვე გიკეთებენ ჯავშანს, თუ როდის უნდა მიხვიდე მეორე დოზის გასაკეთებლად. ასევე აცრამდე ერთი დღით ადრე, ტელეფონზე ადამიანს მისდის წერილობითი შეტყობინება, რომ დაბარებულია აცრაზე.

    – კახეთმა რატომ არ მიიღო „ფაიზერის“ვაქცინა, მაშინ როდესაც ჩვენ თელავში გვაქვს ამ ვაქცინის შესანახი -80 გრადუსიანი მაცივარი?

    – მაცივარი და შენახვის პირობები ნამდვილად გვაქვს, უბრალოდ, იმდენად მცირე იყო შემოსული ვაქცინის რაოდენობა, რომ აზრი არ ჰქონდა სხვადასხვა დაწესებულებაში მის განაწილებას და მხოლოდ 6 დაწესებულებაში განაწილდა. თუმცა, შემდგომი პარტიის შემოსვლისას ის აუცილებლად მოხვდება კახეთშიც.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    «ჩვენ გადავწყვიტეთ, არ გავჩერებულიყავით» – პანკისის ძიუდოს კლუბი პანდემიის დროს

    დათო ჭიკაიძე პანკისის ხეობის სოფელ დუისში მდებარე ძიუდოს დარბაზში, კვირაში…

    ხელისუფლება პანდემიას იყენებს კრიტიკული აზრის ჩახშობის საშუალებად – გიორგი მშვენიერაძე

    28 აპრილს ხუთი თვე გახდება, რაც საქართველო ე.წ. კომენდანტის საათის…

    მუქარა ნამახვანჰესის წინააღმდეგ პანკისში გამართული აქციის ორგანიზატორზე

    ნამახვანჰესის წინააღმდეგ და რიონის ხეობის მცველების მოთხოვნების მხარდასაჭერად პანკისის ხეობაში…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]