• weather cur horoscope

    თუ გვინდა, რომ შეზღუდვები მოიხსნას, საჭიროა ვაქცინაცია – იზა ბექაური

    ხუთშაბათი, 20 მაისი 2021 20:54 view 685
    თუ გვინდა, რომ შეზღუდვები მოიხსნას, საჭიროა ვაქცინაცია – იზა ბექაური

    „კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი იზა ბექაური კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება და როგორ მიმდინარეობს აცრის შემდგომი პერიოდი – ამის შესახებ მან პანკისის სათემო რადიოს გადაცემაში ისაუბრა.

    – ქალბატონო იზა, როგორ გრძნობთ თავს აცრის შემდეგ?

    ავიცერი „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი დოზით. ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. ჯანმრთელობის მხრივ ვაქცინაციას არანაირი რეაქცია, უკუჩვენება არ ჰქონია. ჩემთან ერთად აიცრა ჩემი მეუღლე. მას მხოლოდ ერთი ღამე ჰქონდა დაბალი სიცხე. ყველაფერმა კარგად ჩაიარა და მზად ვართ მეორე აცრისთვის. უკვე დავრეგისტრირდი და ველოდები 9 ივნისს, რომ გავიკეთო ვაქცინის მეორე დოზა.

    – რატომ გადაწყვიტეთ აცრა?

    – ჩვენ თუ გვინდა, რომ შეზღუდვები მოიხსნას, სასტუმროები გაიხსნას და ფრენები აღდგეს, საჭიროა ვაქცინაციის ჩატარება. ველოდებოდი, როდის დასახელდებოდნენ 65 წლის ასაკის ქვემოთ ადამიანები პრიორიტეტულ ჯგუფად. ეს ჩემი სურვილი იყო, არავის უთქვამს. ვფიქრობ, რომ ერთადერთი გამოსავალი არის ვაქცინაცია და ამიტომ გადავწყვიტე, რომ აუცილებლად ავცრილიყავი.

    – რა პროცედურები გაიარეთ ვიდრე აცრას ჩაიტარებდით? წინასწარ ხომ არ ემზადებოდით?

    – არანაიარად არ მოვმზადებულვარ. მხოლოდ წნევა გავიზომე წასვლის წინ. შინაგანად მზად და შემართებით ვიყავი. აცრა თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გავიკეთე.

    – აცრამდე ყველა მოქალაქე ავსებს სპეციალურ ანკეტას. თქვენ რა კითხვები დაგისვეს?

    – კითხვები, რა თქმა უნდა, დამისვა ექიმმა. ეს შეეხებოდა იმას, ალერგიული თუ ვიყავი, ხველა ან სიცხე მქონდა თუ არა და ა.შ. ყველა კითხვაზე გავეცი პასუხი და ექიმმა ჩათვალა, რომ ჩემთვის აცრა შეიძლებოდა.

    – ძალიან ბევრი ადამიანი საუბრობს, რომ აცრის შემდეგ უვითარდებათ გარკვეული გვერდითი მოვლენები - შეშუპება მხარზე, დაბალი სიცხე, სისუსტე და ა.შ. რაც აცრიდან რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. თქვენ თუ შეგინიშნავთ მსგავსი რამ?

    – მხოლოდ მეგონა, რომ ძილი მაკლდებოდა და სულ ძილი მინდოდა, რაც 3-5 დღე გაგრძელდა, მაგრამ, როგორც წავიკითხე, ეს სხვებსაც აწუხებთ. არც სიცხე, არც მხრის დასიება და სხვა გვერდითი მოვლენა. ჩვეულებრივ გავაგრძელებ ცხოვრებას როგორც ვაქცინამდე იყო.

    – თქვენ აღნიშნეთ, რომ 9 ივნისს გიწევთ „ასტრაზენეკას“ მეორე დოზით აცრა. რაიმე რეკომენდაციები ხომ არ არსებობს, თუ როგორ მოვიქცეთ ამ შუალედში?

    ერთადერთი რეკომენდაცია იყო ის, რომ აცრის შემდეგ თავი უნდა შეიკავო ალკოჰოლის მიღებისგან.

    – პანკისის ხეობაში ძალიან ცოტა ადამიანია, ვინც აიცრა. თქვენ რა ეტყოდით მოსახლეობას?

    – ჩემს თანამშრომლებს, ადამიანებს, ვისაც ვხვდები პანკისის ხეობასა და ახმეტაში, რა თქმა უნდა, ვერ დავავალდებულებ, რომ აიცრან, მაგრამ ყველას მოვუწოდებ, რომ ვიფიქროთ ერთმანეთზე. ჩემი აზრით, მე მაგალითი ვქნები, თუნდაც კოლეგებისთვის, ვისთან ერთადაც ვმუშაობ. ერთი წუთი არ დამიგვიანია და არ გამიცდენია სამსახური აცრის შემდეგ, რადგან არანაირი გვერდითი მოვლენა არ მქონია და არ მინდოდა რაიმე ეფიქრათ. ერთადერთი გზა, რამაც შეიძლება შეაჩეროს პანდემია, არის აცრა. სიმართლე გითხრათ, ვბრაზდები, როდესაც იძახიან, რომ დაგვჩიპავენ, ამას გვიზამენ, იმას გვიზამენ. აცრა აუცილებელია და მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ნერვიულობა არ არის საჭირო, დარეგისტრირდნენ, წავიდნენ და აიცრან.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    შმაგი მუთოშვილს მკვლელობის მცდელობა არ დაუმტკიცდა და 4 წლითა და 5 თვით პატიმრობა მიესაჯა

    პანკისის ხეობაში მოკლული ვისური მუთოშვილის ძმის, შმაგი (ასლან) მუთოშვილის საქმეზე…

    თემურ ცათიაშვილის მიმართ მუქარაზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

    ნამახვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ და „რიონის ხეობის მცველების“ მხარდამჭერი აქციის ორგანიზატორის,…

    რა არის გახანგრძლივებული კოვიდის სინდრომი – ინტერვიუ ზურაბ გურულთან

    დაღლილობა, გონების დანისვლა და კონცენტრირების პრობლემა, გემოსა და სუნის შეგრძნების…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]