• weather cur horoscope

    რა არის გახანგრძლივებული კოვიდის სინდრომი – ინტერვიუ ზურაბ გურულთან

    შაბათი, 22 მაისი 2021 10:30 view 11299
    რა არის გახანგრძლივებული კოვიდის სინდრომი – ინტერვიუ ზურაბ გურულთან

    დაღლილობა, გონების დანისვლა და კონცენტრირების პრობლემა, გემოსა და სუნის შეგრძნების დაქვეითება, გულს აჩქარება, სუნთქვის უკმარისობა, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, დეპრესია და გაღიზიანებულობა – ეს ე.წ. გახანგრძლივებული კოვიდის სინდრომის ნიშნების მცირე ჩამონათვალია. გახანგრძლივებული კოვიდი შესაძლებელია განუვითარდეს ნებისმიერ კოვიდგადატანილს, მათ შორის მასაც, ვისაც ვირუსი მსუბუქ ფორმებში ჰქონდა.

    რა არის გახანგრძლივებული კოვიდის სინდრომი და როგორ ვებრძოლოთ მას? რა ვიცით ახლა კორონავირუსის შესახებ და როგორ დავიცვათ თავი მისგან? – პანკისის სათემო რადიოს შეკითხვებს აშშ-ში მოღვაწე ქართველმა ექიმმა, მონტგომერის სახელობის ფედერალური კლინიკის რეანიმაციისა და ქირურგიის დეპარტამენტების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ზურაბ გურულმა უპასუხა.

    წელიწადზე მეტია გასული კორონავირუსის გავრცელებიდან. შეგვიძლია ვთქვათ თუ არა, რომ ამ პერიოდში კოვიდ-19-ით სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირდა, ვირუსი დასუსტდა, ან ჩვენ ვისწავლეთ მისი უკეთესად მართვა?

    – წელიწადზე მეტი გავიდა და აშშ-ში არსებულ სიტუაციას რომ გადავხედოთ, აქ სიკვდილიანობა ნამდვილად შემცირდა. შემცირდა არა იმიტომ, რომ თვითონ ვირუსი დასუსტდა ან შეიცვალა, პირიქით, ვირუსი იცვლის თავის ბუნებას (მუტაციებს უწოდებენ), რამდენადაც ჩვენ ვებრძვით, ვირუსი ცდილობს შეეგუოს ამ გამოწვევებს, გარდაიქმნას ისე, რომ უკეთესად შეეგუოს იმ წამლებს და ბრძოლის ხერხებს, რასაც ჩვენ ვიყენებთ. ერთადერთი ობიექტური მიზეზი, რამაც გამოიწვია სიკვდილიანობის შემცირება, არის ვაქცინაცია. ამერიკის მოზრდილი მოსახლეობის 34%, დაახლოებით 110 მილიონი ადამიანია აცრილი, ეს დაახლოებით მესამედია. გარდა ამისა, სიკვდილიანობის შემცირება გამოიწვია იმანაც, რომ ვისწავლეთ როგორ უნდა კოვიდის მართვა. დასაწყისში რაც მოხდა – დიდი აფეთქება ჯერ ჩინეთში, შემდეგ იტალიაში – სიკვდილიანობის ყველაზე დიდი გამომწვევი მიზეზი იყო მოუმზადებლობა, იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიცოდით არაფერი ამ ვირუსის შესახებ, არ ვიცოდით როგორი უნდა ყოფილიყო მისი ეტაპობრივი მკურნალობა, არ ვიცოდით რანაირად დაგვეცვა თავი უკეთ, მისი გართულებების შესახებ ინფორმაცია არ გვქონდა. ეს ინფორმაცია ახლა დალაგებულია, ჩამოყალიბებულია, დახარისხებულია... მიუხედავად იმისა, რომ მთლიანად სრულყოფილი არ არის, რადგან ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ საბოლოოდ დადგენილი არაა (გართულებებზეა აქ საუბარი), მეტ-ნაკლებად ეს ყველაფერი მოწესრიგდა და დარეგულირდა. 

    რომ გადავხედოთ, იგივე შეინიშნება, ისრაელში, რომელიც მოწინავე ქვეყანაა აცრის მხრივ.

    ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს, რითი იქნებიან ადამიანები აცრილი. „ფაიზერით“ აიცრა ისრაელი. ამიტომ ეს ეფექტური გამოდგა. მაგალითად, ჩინურ ვაქცინას, რომელიც შემოტანილია ჩვენთან და გამოყენებული იქნა სხვა ქვეყნებშიც, ჯერ-ჯერობით ისეთი ეფექტურობა არ გააჩნია.

    ალბათ, გარკვეული დრო დასჭირდება, რომ გარკვეული ინფორმაცია მივიღოთ, მაგრამ წინასწარ უკვე ვიცით, რომ ეს ისეთი ეფექტური არ არის, როგორც დასავლური ვაქცინები. ამიტომ იმედი მაქვს, რომ საქართველოს მთავრობა იმუშავებს, რომ ჩინურ ვაქცინასთან ერთად სასწრაფოდ შემოიტანოს დასავლური ვაქცინებიც, რომლითაც განაზავებს, ასე ვთქვათ, ჩინური ვაქცინის სისუსტეს.

    – განსაკუთრებით უცხოურ მედიაში, ბოლო პერიოდში აქტიურად ვრცელდება ინფორმაცია და მოსაზრებები იმ ეფექტზე, რასაც კორონავირუსი ადამიანში ტოვებს. როგორია პოსტკოვიდური პერიოდი კოვიდგადატანილებში?

    – პირველად, როდესაც კოვიდი დაიწყო, არაფერი ვიცოდით. ახლა მთელი წელი გავიდა და საბედნიეროდ ვიცით, რომ ადამიანების უმრავლესობას მსუბუქ ფორმებში გადააქვს ვირუსი, მაგრამ აღმოჩნდა ერთი სამწუხარო რამ – არსებობს ე.წ გახანგრძლივებული კოვიდის სინდრომი, რომელიც შეიძლება განუვითარდეს ყველა ადამიანს განურჩევლად იმისა, რა სიმძიმით გადაიტანა დაავადება. მე არ მინდა ამით შევაშინო ვინმე, მაგრამ ცოდნა ყველაზე მნიშვნელოვანია.

    ახლა მაგალითად, რომ შებრძანდეთ ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის ოფიციალურ ვებსაიტზე, იქ არის სპეციალური თავი, თუ რას წარმოადგენს ეს გახანგრძლივებული კოვიდი. მოკლედ ჩამოგითვლით სიმპტომებს, რაც შეიძლება განვითარდეს, ესენია: დაღლილობა, მოქანცულობა, ე.წ. გონების დანისვლა (რაც გულისხმობს კონცენტრირების და აზრების თავმოყრის პრობლემას), გემოს და ყნოსვის დაკარგვა ან დაქვეითება ან გაუკუღმართება, შეიძლება იყოს თავბრუსხვევა; გართულებები არის ასევე გულსისხლძარღვთა სისტემის თვალსაზრისით, ზოგიერთს წნევის მომატება აღენიშნება. განსაკუთრებით ხშირია ჩივილები გულის აჩქარებაზე (თითქოს უცებ აუჩქარდებათ გული, მომატებული აქვთ გულისცემის სიხშირე, რაც ძალიან უსიამოვნო შეგრძნებაა და თან დაღლილობას იწვევს), ასევე, იცის ტკივილი გულმკერდის არეში. ფილტვებს რაც შეეხება, შეიძლება ჰქონდეს გახანგრძლივებული ხველა, სუნთქვის უკმარისობა, ჩასუნთქვისას უსიამოვნო შეგრძნებები; კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მტვრევის შეგრძნება. გარდა ამისა, შეიძლება ჰქონდეთ დაბალი ტემპერატურა, სადღაც 35-სა და 36-ს გრადუსს შორის, დეპრესია, გაღიზიანებულობა.

    – საინტერესოა კვლევები თუ მიმდინარეობს ამ მიმართულებით და როგორია უცხოური გამოცდილება?

    –კვლევები მიმდინარეობს, მაგრამ ჯერჯერობით ახალი ამ მიმართულებით ვერ კეთდება. ამას ხანგრძლივი კვლევა-ძიება დასჭირდება.

    ერთი ვიცით – ეს ვირუსი არის ძალიან ტოქსიკური, ანუ შხამიანი ვირუსია. ვირუსის ტოქსინები ჩვენი იმუნური დაცვის სისტემას ისე აღაგზნებს, რომ იწვევს არეულობას და საკუთარ ორგანიზმს ებრძვის ჩვენივე იმუნური სისტემა, ასე ვთქვათ, თავგზა ერევა.

    საბედნიეროდ, რამდენადაც შესწავლა მიდის პროცესების, აღმოჩნდა, რომ სიმპტომების განვითარებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, შეიძლება ექვს თვემდეც გაუგრძელდეთ, ნელ-ნელა გადის ეს შემთხვევები და ადამიანები იბრუნებენ თავიანთ ნორმალურ ფორმას. მაგრამ, შესაძლებელია, იშვიათ შემთხვევებში, თუმცა მოხდეს სერიოზული გართულება. თუკი გართულებები არის სერიოზული, მაგალითად, ასაკოვან ადამიანში გულის აჩქარება იწვევს სერიოზულ დატვირთვას, იღლება და ამან შესაძლოა გამოიწვიოს სერიოზული გართულება, ამიტომ თუ აქვს ეს ან სხვა სიმპტომი, ამ ადამიანმა უნდა მიმართოს კარდიოლოგს ან თერაპევტს, რომელიც დროებით მისცემს შესაბამის წამალს, რომ, მაგალითად, დარეგულირდეს სისხლის არტერიული წნევა, რომ დარეგულირდეს გულისცემის სიხშირე. 

    ხშირად მათ, ვინც ფიზიკურად კარგ ფორმაში არიან და ვარჯიშობენ, აქვთ ეს აჩქარებული გულისცემა. ასეთებმა არ უნდა დატვირთონ და არ უნდა ებრძოლონ გულს, მაქსიმალურად უნდა მოუსმინონ თავიანთ ორგანიზმს და შეეცადონ ფრთხილად აღადგინონ ფიზიკური აქტიურობა გადატვირთვის გარეშე.

    დანარჩენ სიმპტომებს, რაც შეეხება, მაგალითად კუნთების, სახსრების და ა.შ., ტკივილისას იყენებენ ასპირინის ტიპის პრეპარატებს, მაგრამ ესეც სასურველია, რომ ექიმებს დავეკითხოთ. ვისაც აქვს გასტრიტი, კუჭის წყლული და გაღიზიანებული კუჭნაწლავის სიტემა, აუცილებელია, რომ მიიღონ ისეთი პრეპარატები, რაც კუჭნაწლავის სიტემას დაიცავს, ვინაიდან ასპირინის პრეპარატები ეს აციდური პრეპარატებია და გამოიწვევს გაღიზიანებას.

    გარდა ამისა, ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ფსიქოლოგიურ მდგომაროებას, საკუთარი თავის დარწმუნებას იმაში, რომ ეს არ არის ისეთი რაღაც, რაც მუდმივად დარჩება ჩვენს ორგანიზმში, რომელიც შეგვცვლის და რაღაც ძალიან მძიმე შედეგს გამოიწვევს. უნდა დავამშვიდოთ ჩვენი თავი. ვისაც ეს არ შეუძლია, რა თქმა უნდა, დასჭირდებათ გარკვეული ფსიქოლოგიური დახმარება.

    ცოტა ხანში, ვეცდები, ჯანდაცვის სამინისტროსაც მივაწოდო ეს რეკომენდაცია, რომ გამოყონ სპეციალური ცხელი ხაზი, სპეციალისტების ჯგუფი, რომელიც იმუშავებს იმ ადამიანებთან, ვინც კოვიდი გადაიტანეს.

    ყველამ ვიცით, რომ ეს გახანგრძლივებული კოვიდი არსებობს და მინდა იცოდეთ, რომ ეს არ არ არის რაღაც უცნაური. ჩვენი ორგანიზმის იმუნური დაცვის სისტემა არის, ასე ვთქვათ, თავბრუდახვეული და გონებდაკარგული, რომელიც აუცილებლად აღიდგენს ბალანსს.

    – ჩვენი ერთ-ერთი რესპონდენტი აღნიშნავდა, რომ ჯანმრთელობის მხრივ რამდენიმე პრობლემა გამოუვლინდა - ბრონხიტი, საერთო სისუსტე. ასევე საუბრობენ, რომ განუახლდათ ადრე არსებული დაავადებები. ეს არის კოვიდის მიერ პროვოცირებული თუ კოვიდით გამოწვეული ჯანმრთელობის რაღაც ახალი დაზიანება?

    – ეს კოვიდის პროვოცირებულია. საერთოდ ამ პროცესმა ნებისმიერი მიძინებული დაავადების, რაც არის ჩვენს ორგანიზმში, გამწვავება შესაძლებელია გამოიწვიოს. იმიტომ, რომ კოვიდი თვითონ იწვევს მძლავრ ანთებით რეაქციას ჩვენს ორგანიზმში. რომ იძახიან, თქვენს მსმენელებსაც ალბათ მოუსმენიათ ტელევიზიიდან, „ციტოკინური შტორმი“, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი იმუნური სისტემა მოქმედებს შტორმისმაგვარად და როგორც ვთქვით, გზააბნეულია, საკუთარ ორგანიზმს ებრძვის, ამიტომ თუ რამე მიყუჩებული პროცესი იყო ორგანიზმში თან ისეთ ადმიანებში, რომლებსაც ჰქონდათ უკვე ეს ქრონიკული დაავადებები, ამ ყველას გამწვავება მოსალოდნელია. ამიტომ, განსაკუთრებით მათ, ვისაც აქვს, მაგალითად, დიაბეტი, არტერიული ჰიპერტენზია, წნევის წამლებს იღებს, ვისაც აქვს გულის პრობლემები და ა.შ. თავიანთ ექიმებთან უნდა გააგრძელონ სიმპტომატური მკურნალობა, იმ სიმპტომების მკურნალობა, რაც ამჟამად გამწვავებულია, პლიუს ამას, უნდა გაგრძელდეს და არ შეწყდეს იმ დაავადებების მკურნალობა, რაც მანამდეც ჰქონდათ.

    სხვათა შორის, ძალიან ხშირად მეკითხებიან ხოლმე, როდესაც კოვიდი სახლში გადააქვთ, უნდა გავაგრძელოთ თუ არა იმ მედიკამენტების მიღება, რომლებსაც უკვე არსებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ ვიყენებთ, პასუხი არის დიახ, აუცილებელია, თქვენი ყველა წამალი უნდა გაგრძელდეს ჩვეულებრივ კოვიდის პერიოდშიც.

    რაც შეეხება თქვენს რესპონდენტს, ფიზიოთერაპია შეიძლება ჩატრდეს, შესაძლებელია ხველის საწინააღმდეგო საშუალებები დაინიშნოს, შეიძლება საინჰალაციო საშუალებები, რაც გამშრალ ყელს კომფორტს მისცემს და ა.შ. ეს იქნება სიმპტომატური მკურნალობა და ექიმებს თუ მიმართავენ, შეუძლიათ მარტივად იმკურნალონ. ეს დროთა განმავლობაში ნელ-ნელა დაიკლებს და აუცილებლად გაქრება.

    – თქვენ აღნიშნეთ, რომ უნდა მოხდეს სიმპტომატური მკურნალობა და ეს დროთა განმავლობაში გაქრება. მომავალში თუ არის შესაძლებელი, რომ ამ კოვიდით გამოწვეულმა გართულებებმა კიდევ იჩინოს თავი?

    – რა თქმა უნდა, თეორიულად შესაძლებლია. მე დარწმუნებული ვარ, იქნება რაღაც სიმპტომების გარკვეული წლების შემდეგ შემობრუნება და დატოვებს კვალს. განსაკუთრებით ეს შესაძლებელია მოხდეს იმ ადამიანებში, ვინც კოვიდის მძიმე ფორმა გადაიტანეს, რომლებსაც სერიოზული დაზიანება ჰქონდათ ფილტვებში და ა.შ. ნაკლებად მოსალოდნელია, მაგრამ იმ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ სერიოზული ქრონიკული პრობლემები, გადაიტანეს კოვიდი და ეს გართულებები ჰქონდათ, არის ალბათობა, რომ ეს მომავალშიც მოხდეს. რა თქმა უნდა, ჩვენ ამაზე, ამ წუთში მხოლოდ სპეკულაცია შეგვიძლია, იმიტომ რომ ჩვენი გვაქვს მხოლოდ წელიწადნახევრიანი გამოცდილება, მაგრამ, კარგი და დამამშვიდებელი ინფორმაცია ის არის, რომ რაც დრო გადის, ჩვენც უკეთ ვსწავლობთ კოვიდის დატოვებულ პრობლემებს და თვითონ კოვიდის მკურნალობასაც. ახალი წამლები გამოდი. მოგეხსენებათ, „ფაიზერის“ ვაქცინის შემქმნელები აპირებენ (საახალწლოდ გამოვა სავარუდოდ), შექმნან მედიკამენტი ტაბლეტის სახით და ეს მედიკამენტი ადრეულ ეტაპზე გააჩერებს კოვიდს. პარალელურად, ეს კომპანიები იმუშავებენ ამ გახანგრძლივებული კოვიდის აღმოსაფხვრელ მედიკამეტებზე და ჩვენც უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება იმაზე, თუ როგორ დავამშვიდოთ ჩვენი აღგზნებული იმუნური სისტემა, რომ თავის თავს არ შემოუტიოს.

    – საქართველოში ვებრძვით კოვიდის ახალ ტალღას, გაზრდილია ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი. რა იქნება თქვენი მთავრი მესიჯი და რეკომენდაცია მოსახლეობისთვის?

    – ნესბისმიერ ქვეყანში არიან ე.წ. კორონასკეპტიკოსები და აქაც, ამერიკაში, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ ეს კოვიდი არ არის სერიოზული დაავადება.

    კოვიდი ძალიან სერიოზული დაავადებაა, საბედნიეროდ უმეტეს ადამიანში იოლად მიდის, მაგრამ, აღვნიშნეთ, რომ იოლად გადატანილლებსაც შესაძლებელია გახანგრძლივებული კოვიდი განუვითარდეთ. ამიტომ ყველაზე კარგი და გონივრული, რაც შეიძლება ჩვენ გავაკეთოთ, არის ის, რომ არ შევიყაროთ კოვიდი და მოვახდინოთ პრევენცია, წინასწარ თავიდან აცილება.

     ეს იქნება ყველაზე გონივრული და ჭკვიანური. როგორ უნდა გავაკეთოთ ეს? საბედნიეროდ, უამრავ ინფორმაციას გაიგონებთ, მაგრამ მენდეთ, პირადად მაქვს გამოცდილი, თუ ეს ჩემი სიტყვა სანდოდ მიგაჩნიათ, ნიღაბი ნამდვილად იცავს. გარეთ დიდ სივრცეში, რა თქმა უნდა, ძალიან დაბალია შანსი, რომ ადამიანი დაინფიცირდეს, მაგრამ გარეთაც თუ ახლო დისტანციაზე დგანან ადამიანები, შემჭიდროვებულად, სასურველია, რომ ორივემ თუნდაც მსუბუქი ე.წ. ქირურგიული ნიღაბი ატაროს, რომ უშაულოდ არ მოხდეს გამოფრქვეული ნერწვის ნაწილაკების შეფრქვევა სახეში ან თვალებში. აუცილებელია იმის ხზაგასმა, რომ თვალებიც არის დასაცავი.

    ახალგარზდები ძალიან ყურადღებით უნდა იყვენენ თავიანთი ოჯახის ასაკოვან წევრებთან. მე მესმის, რომ ჩვენ გვიყვარს ჩვენს მოხუცებთან ურთიერთობა, მაგრამ თუ რაიმე საეჭვო ვითარებაში მოვხვდით, დისტანციის დაცვაც საკმარისია სახლის პირობებში. ასევე, ძალიან სასურველია, რომ მაქსიმალურად შევეცადოთ მინიმუმადე დავიყვანოთ ეს თავშეყრები, ეს არის სამლოცველო, სუფრა თუ სხვა.

    ყველამ ვიცით, რომ ღარიბი ქვეყანაა საქართველო. როგორც ვხედავთ, ვერ მოვახერხეთ ვერც ეფექტური ვაქცინების დროულად შემოტანა და არ ვართ ჯერჯერობით საკმარისად დაცულები, ამიტომ თუ ჩვენ ერთმანეთს არ გავუფრთხილდით ძალიან დაგვრევს ხელს კოვიდი.

    რა თქმა უნდა, ბოლოს მოგვხედავენ, რადგან ეს დიდი ქვეყნები ბოლოს, როცა მორჩებიან საკუთარი მოსახლეობის სრულად აცრას, ჩვენამდეც მოაღწევენ. ახლა, მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში რომ ჩამობრძანდეთ, ლეგალი, არალეგალი, ტურისტი შეიძლება შებრძანდეს აფთიაქში და აიცრას, არის საკმარისი რაოდენობის ვაქცინა და ეს გონივრული პოლიტიკაა.

    დღეს, ერთადერთი, რაც შეგვიძლია, არის ის, რომ დავიცვათ ერთმანეთი ამ დაავადების გავრცელებისგან. ნუ გავუბრაზდებით ერთმანეთს. მესმის, რომ გაღიზიანებულები ვართ, აღშფოთებულები ვართ იმის გამო, რაც ირგვლივ ხდება, რომ არა ვართ ისე ნაპატრონები, როგორც გვეკუთვნის და როგორც უნდა ზრუნავდეს ჩვენი მთავრობა, მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ.

    დიახ, ძალიან ძნელია ჩვენი რუტინის შეცვლა, ჩვენ ჩვენი რიტუალები და წეს-ჩვეულებები გვაქვს, ვიკრიბებით, გვინდა, რომ გამოვხატოთ ერთმანეთისადმი სიყვარული, პატივისცემა, მაგრამ ვიყოთ გონივრულად, რადგან ღმერთი, უფალი, განგება, ვისიც გვწამს და ვლოცულობთ, ნამდვილად არ მოგვიწოდებს, რომ ჩვენი თავი მოვიკლათ და მოყვასი გავწიროთ სიკვდილისთვის.

    აი, ეს ელემენტარული რამ შეგვიძლია გავაკეთოთ. ამასობაში, იმედი მაქვს, წამალიც მოგვისწრებს, სადღაც საახალწლოდ. ვაქცინასთან და წამალთან ერთად უფრო უკეთესად მოვახერხებთ ამ ყველაფრის დაძლევას.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    «ქართულმა ოცნებამ» პანკისსა და ქვემო ალვანში მაჟორიტარული არჩევნები წააგო

    პანკისის ხეობაში, ხალაწნისა და ჯოყოლოს მაჟორიტარულ ოლქში, რომელიც აერთიანებს სოფლებს…

    ვინ არიან ახმეტის მერობის კანდიდატები

    ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ახმეტის მუნიციპალიტეტის მერობისთვის ორი კანდიდატი იბრძვის: „ქართული…

    მოსახლეობას აცრისთვის ყველა პირობას ვუქმნით – ნელი ხიზანიშვილი

    აგვისტოში კახეთში კორონავირუსის 10 000-ზე მეტი შემთხვევა აღირიცხა. დაავადებათა კონტროლის…
  • პოპულარული

  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]