• ვინ არიან ანტივაქსერები და რა როლი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს – ინტერვიუ

    ოთხშაბათი, 04 აგვისტო 2021 10:45 view 4936
    ვინ არიან ანტივაქსერები და რა როლი უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს – ინტერვიუ

    საზოგადოებრივი აზრის ერთ-ერთი ბოლო კვლევის მიხედვით, 2021 წლის თებერვალთან შედარებით, ივნისში 39-დან 45%-მდე გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ამბობენ, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას არ გაიკეთებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ თებერვლისგან განსხვავებით, დღეს ქვეყანაში ოთხი ვაქცინაა ხელმისაწვდომი, ვაქცინაციის ტემპი მაინც ნელია. პანკისის სათემო რადიოსთან ინტერვიუში ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი აკაკი ზოიძე ამბობს, რომ ამაში თავისი წვლილი მიუძღვით ანტივაქსერებსაც და სახელმწიფოს მხრიდან სტრატეგიული კომუნიკაციის ნაკლებობაზე საუბრობს.

    – კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნის შემდეგ, აი, უკვე ერთი წელია, ხშირად გვესმის ანტივაქსერების შესახებ. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ანტივაქსერული მოძრაობა კორონავირუსთან ერთად არ გაჩენილა, რადგან ჩემს ბავშობაშიც, როდესაც წითურას აცრას ვიკეთებდით, მაშინაც საუბრობდნენ იმ მითებზე, რაც დღესაც აქტუალურია კოვიდ-19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით. ვინ არიან ანტივაქსერები და არის მათი მიზანი?

    – სამწუხაროდ, ანტივაქსერებს თავისი წვლილი მიუძღვით იმაში, რომ დღეს იმ რაოდენობის ჩვენი მოქალაქეები ვერ ავცერით, რაც პანდემიის დასასრულებლად გვჭირდება, რომ გავთავისუფლდეთ იმ მოლიდინებისგან, რაც დაკავშირებულია ახალ-ახალ შტამებთან, მე-7, 30-ე ტალღასთან და გადავარჩინოთ ჩვენი ეკონომიკა, რადგან დღეს ვაქცინაცია ერთადერთი ეფექტური საშუალებაა, რომ ეს გავაკეთოთ.

    მასობრივი ვაქცინაციის განხორციელება ეროვნული უსაფრთხოების მთავარი გამოწვევაა და შესაბამისი მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს, რასაც ვერ ვხედავთ მთავრობის მხრიდან. ეს პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმედად ვერ იქნება, უნდა იყოს საზოგადოების ყველა ჯგუფის ჩართულობა. სწორედ ამით სარგებლობენ ანტივაქსერები

    რაც შეეხება ანტივაქსერებს, ეს არის გლობალური მოძრაობა, რომელიც უკვე 200 წელია არსებობს, იმ დღიდან როდესაც ედუარდ ჯენერმა 1796 წელს შეიმუშავა ყვავილის პირველი ვაქცინა. ყვავილი იყო საშიში დაავადება, რომელიც ყოველ მესამე ინფიცრებულს კლავდა და დღეს აღარ არსებობს, რადგან ვაქცინამ გაგვამარჯვებინა. სხვადასხვა გამოთვლებით, ვაქცინით ყოველწლიუად მინიმუმ 3 მილიონი სიცოცხლის გადარჩენა ხდება ბავშვებში.

    ახლა კოვიდი არის შესაძლებლობა ანტივაქსერებისთვის, რომ შეეცადონ ვაქცინაციის დისკრედიტაციას, რადგან პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე უამრავი ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თემა აიცრას თუ არ აიცრას, რა რისკები შეიძლება ახლდეს აცრას, რა გვერდითი ეფექტები. თუმცა, ვიცით, რომ ის ტექნოლოგიები, რომლის საფუძველზეც ეს ვაქცინები შემუშავდა 90-იანი წლებიდან იყო და თანამედროვე ბიოტექნოლოგიები ვაქცინის უფრო სწრაფად შექმნის საშუალებას იძლევა, უსაფრთხოების არცერთი ეტაპი კლინიკურ კვლევებში არ იქნა გამოტოვებული. არსებობს დამაკმაყოფილებელი პასუხები, რომ ეს ვაქცინები არის უსაფრთხო და ეფექტიანი იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ სიკვდილობა და ჰოსპიტალიზაცია, შევანელოთ ინფექციის გავრცელება და საბოლოო ჯამში, დავასრულოთ პანდემია, თუ ავცრით მოსახლეობის 80%-ს.

    – მაშინ რა არის ავტივაქსერების მიზანი? როგორც ახსენეთ, ვაქცინაცია ამცირებს სიკვდილიანობის და ჰოპიტალიზაციის რისკებს.

    – პანდემიის გვეშინია იმიტომ, რომ მას ახასიათებს სიკვდილობა და ჰოსპიტალიზაცია, რომელიც ჯანდაცვის სისტემას ანგრევს და ამის შედეგად, კიდევ სხვა დაავადებებით იღუპებიან ადამიანები. ამას გვაცილებს თავიდან ვაქცინაცია, ხოლო თუ ავცრით საკმარისი რაოდენობის ადამიანებს, საერთოდ ასრულებს პანდემიას და გადადის ჩვეულებრივი სეზონური გრიპის ვარიანტში.

    რა როლი აქვთ აქ ანტივაქსერებს. ანტივაქსერები არც ისე ბევრნი არიან, როგორც სოციალურ ქსელში ხმაურობენ. აქტიური და ფანატიკური რწმენის მქონე ანტივაქსერების რაოდენობა მთლიანი მოსახლეობის 2-3%-ს არ აღემატება, მაგრამ ისინი ახერხებენ, სწორედ, სოციალური ქსელების მეშვეობით, რომელიც ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ გაავრცელო საკუთარი იდეები რაც არ უნდა მტკიცებულებებით გაუმყარებელი იყოს ის, ვირუსულად გაავრცელო დეზინფომაცია და ფეიკ ნიუსები. ამას ძალიან კარგად იყენებდნენ პოლიტიკური კამპანიების დროს, ვხედავდით არჩევნების პერიოდში როგორ ხდებოდა ეს.

    ანტივაქსერები არიან სხვადასხვა ინტერესების მქონე ჯგუფები. ნაწილს აქვს კომერციული ინტერესი, რაღაც ნაწილს პოლიტიკური ინტერესი, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოაქციოს ზეგავლენის ქვეშ და როდესაც ამ თემაზე ნდობას მოიპოვებს და მათთვის გახდება სანდო წყარო, იმავე საშუალებების გამოყენებით სხვა იდეების პროპაგანდაც მოახდინოს.

    – რა ხერხებს იყენებენ ანტივაქსერები საკუთარი, შეიძლება ვთქვათ, მავნე იდეების პროპაგანდისთვის? თქვენი დაკვირვებით, საქართველოში ამას როგორ აკეთებენ?

    – არის ორი კატეგორია: ერთი მხრივ, მრავალრიცხოვანი ორგანიზაციები, მრავალმილიონიანი ბიუჯეტით, მეორე მხრივ რუსული ტროლების ფაბრიკებია, რომელთა ერთ-ერთი თემა ვაქცინაციის საწინააღმდეგო კამპანია და ზოგადად, კოვიდი. ისინი თავიანთ აქტივისტებს წვრთნიან, გზავნილებს ასწავლიან, რაზე და როგორ უნდა ილაპარაკონ. ოთხ ძირითად პრინციპს იყენებენ, რომელიც 200 წელია მუშაობს. მაგალითად, რასაც ერთ-ერთი ექიმი წერდა 1885 წელს პამფლეტში, დაახლოებით იგივე იწერება ანტივაქსერების გზავნილებში დღეს.

    პრინციპი არის ოთხი: მაქსიმალურად გააბუქე ვაქცინაციის რისკი, შეამცირე კოვიდის საშიშროება (ან სხვა დაავადების, რომელსაც ეს ვაქცინა უკეთებს პრევენციას), სტატისტიკის ნაცვლად მოყევი ადამიანური ისტორიები (ჩემი ახლობელი, მეზობელი, სოფლელი, ავტორიტეტული პიროვნება და ა.შ. რაც უადვილებს ადამიანებს საკუთარი თავთან გაუკეთონ ასოცირება, რაც უფრო მოქმედებს და ემოციურ დატვირთვას იწვევს ამ ადამიანებში) დაბოლოს, რაც უფრო დიდ ტყუილს იტყვი, მით უფრო ადვილი დასაჯერებელი შეიძლება იყოს ის და თუ რამდენჯერმე გაიმეორებ მას, ადამიანები საბოლოო ჯამში დაიჯერებენ.

    ეს არის ძირითადი პრინციპები, რასაც ანტივაქსერები კომუნიკაციის საშუალებად იყენებენ და ბერკეტები, რომ ადამიანებზე ზემოქმედება მოახდინონ, დააჯერონ, მაქსიმალურად გაავრცელონ თავიანთი ინფორმაცია. ამის გარდა, მათი ძირითადი ამოცანაა, რომ ამ დეზინფორმაციაში გამოგიწვიონ და ჩაგრთონ დისკუსიაში.

    თუნდაც, გაბათილების მიზნით, შეიძლება ანტივაქსერის მითზე ილაპარაკოთ და გააკრიტიკოთ, მაგრამ სწორედ ეს უნდათ, რადგან ვისთვისაც ეს სისულელედ და ბოდვად ჟღერს, ის ადამიანი მხარს დაგიჭერთ, მაგრამ ათიდან ორმა პირიქით, შეიძლება დაიჯეროს, რომ ეს მართლაც შეთქმულების თეორიაა. ანუ ანტივაქსერები ცდილობენ დააჯერონ საზოგადოებას, რომ რეალურად ეს არის უფრო დიდი შეთქმულების ნაწილი, მასონების, ჩინელების, გლობალური მთავრობის ან სხვა ვიღაცის ინტერესში, ყველა ექიმი და მეცნიერი მოსყიდულია, ამიტომ მეცნიერებს არ უნდა დავუჯეროთ. ადამიანებზე ზემოქმედებენ სწორედ ამ ანტივაქსერული მესიჯებით.

    – რა შეიძლება საზოგადოებამ დაუპირისპიროს ანტივაქსერულ მოძრაობას და გავრცელებულ დეზინფორმაციას?

    – ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ავყვეთ ამ პროცესში ამ ადამიანებს. არ უნდა გავავრცელოთ მათი დეზინფორმაცია და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ზედმეტი ემოციით არ შევხვედოთ ამ ყველაფერს, რადგან ჩვენ რომ ვხედავთ ამ მესიჯებს, ეს არ ნიშნავს, რომ ეს აზრი ფართოდ არის გავრცელებული. მესამე, ახლობლებს პირადად, არასაჯარო სივრცეში მივუთითოთ, რომ ისინი დეზინფორმაციას ავრცელებენ, რომ არ შევარცხვინოთ საჯაროდ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ავიცრებით, პირადი გამოცდილება გავუზიაროთ ახლობლებს, მეგობრებს, რადგან ჩვენი მაგალითი მათთვის შეიძლება მისაბაძი იყოს. ასევე ,მაქსიმალურად ავტორიტეტული წყაროდან უნდა გავავრცელოთ ინფორმაცია.

    – ხშირად, საზოგადოების მხრიდან ვაქცინაციის წინააღმდეგ განწყობილი ადამიანებისთვის იარლიყების მიკერება და მათი სტიგმატიზაცია ხდება.

    – ეს აბსოლუტურად სწორი არ არის. არსებობენ ადამიანები, ვისაც აქვთ კონკრეტული, ლეგიტიმური კითხვები ვაქცინის ავკარგიანობასთან, გვერდით ეფექტებთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოიქცენ, რა უნდა გააკეთონ და აუცილებელია, რომ ჩვენ ამ კითხვებს პასუხი გავცეთ.

    – როგორი უნდა იყოს სახელმწიფოს რეაგირება ანტივაქსერული მოძრაობის მიმართ და საერთოდ, თქვენი შეფასებით, სახელმწიფოს მხრიდან რამდენად არის ეს აღქმული პრობლემად?

    – სახელმწიფოს მხირდან, სამწუხაროდ, ამას არანაირი ყურადღება არ ექცევა, აქამდე ასე იყო და რეალურად, სწორედ ეს ნაწილია ყველაზე სუსტი დღეს. მე მესმის, რომ გაურკვეულწილად აქამდე ვაქცინები არ იყო მასობრივად და ამის გამო არ ხდებოდა სტრატეგიული კომუნიკაცია, თუმცა ეს შეცდომაა, რადგან ადამიანს ერთ კვირაში, ერთ თვეში და ერთ დღეში ვერ გადაარწმუნებ. ამას სჭირდება გარკვეული დროით მუდმივი კომუნიკაცია, მუდმივი ინფორმაციის მიწოდება, მუდმივად ამ ახალი მითების გაბათილება, რომლებსაც ანტივაქსერები ავრცელებენ.

    თავიდან ლაპარაკობდნენ, რომ ვაქცინა ექსპერიმენტულია. გავიდა წელიწადნახევარი და როდესაც აღმოჩნდა, რომ ვაქცინას არანაირი ცუდი შედეგი არ აქვს, ახლა უკვე ლაპარაკობენ, რომ „რა მნიშვნელობა აქვს ვაქცინას გაიკეთებ თუ არა, როდესაც ინფექცია მაინც ვრცელდება“, მაშინ, როდესაც ისრაელში 35-ჯერ შემცირდა სიკვდილიანობა და ეს იმიტომ, რომ მოსახლეობის 60%-ზე მეტი აცრილია. სიკვდილიანობა უმეტესად დაკავშირებულია აუცრელ ადამიანებთან. ამიტომ მუდმივად საჭიროა, რომ ყველას მისთვის გასაგებ ენაზე ავუხსნათ: სპეციალისტს სპეციალისტის ენაზე, ეთნიკურ უმცირესობებს თავიანთ ენაზე და ასე უნდა შევძლოთ ჩვენ ამ საინფორმაციო ომში გარდატეხის შეტანა.

    აუცილებელია, რომ გზავნილები მოდიოდეს საზოგადოებებისთვის სანდო ჯგუფისგან. მაგალითად, საზოგადოების ერთი ნაწილი ენდობა ეკლესიას, მეორე ნაწილი – მთავრობას, მესამე – ოპოზიციას, მეოთხე – მხოლოდ სამედიცინო პერსონალს და თითოეულ ამ ნაწილზე უნდა მიდიოდეს მიზნობრივი კომუნიკაცია. ეს არის ყველაზე კრიტიკული გამოწვევა, ჩემი აზრით, იმ ლოჯისტიკურ გამოწვევასთან ერთად, რაც ვაქცინაციასთან დაკავშირებით არსებობს

    – ცოტა ხნის წინ გაიმართა ანტივაქსერების აქცია, სადაც მოქალაქეთა ჯგუფი ვაქცინაციის შეწყვეტას ითხოვდა. მათი განცხადებით, ვირუსისგან ხალხს მხოლოდ ღმერთი დაიცავს. ამ პროცესში ეკლესიის როლზეც რომ ვისაუბროთ, რადგან დღეს საპატრიარქო ყველაზე თუ არა, ერთ-ერთი ავტორიტეტული ინსტიტუტია.

    – დიახ, სამწუხაროა, რომ საპატრიარქო უფრო აქტიურ პოზიციებს არ იკავებს. განცხადება კი გააკეთა საპატრიარქომ მასობრივ ვაქცინაციასთან დაკავშირებით, სადაც მოუწოდა იმ რელიგიურ მოღვაწეებს, ვინც ცდილობენ რელიგიით გაამართლონ ანტივაქსერული განწყობები და ვაქცინის წინააღმდეგ პროპაგანდას პირდაპირ ამბიონებიდან აწარმოებენ, მაგრამ საჭიროა უფრო მკაფიო პოზიცია, როგორც ეს მსოფლიო პატრიარქმა და ბევრმა მრვდელთმთავარმა გააკეთა. მათ თვითონ მისცეს ხალხს მაგალითი – აიცრნენ საჯაროდ და მრევლსაც მოუწოდეს, რომ აიცრან.

    თავისუფალი არჩევანი კარგია, რომელსაც სინოდის გადაწყვეტილება გულისხმობს, მაგრამ თავისუფალი არჩევანი ბავშვს არ აქვს, რომლის ერთადერთი დაცვა არის მშობლის აცრა. ასე რომ, ჩემი აზრით, აქ არსებობს არგუმენტი, მით უმეტეს, „დელტა“ შტამის პირობებში, რომელიც ბავშვებს აზიანებს, ეს გადაწყვეტილება შეიცვალოს და უფრო აქტიურად მოუწოდონ ვაქცინაციისკენ.

    გასაგებია რელიგიური საკითხი არ არის, მაგრამ ბევრი ე.წ ქრისტიანი (ასე დავარქმევდი, რადგან ქრისტიანობა არ გულისხმობს თვითმკველობისკენ მოწოდებას, რაც არის ამ შემთხვევაში ვაქცინაციის თავიდან აცილება) ხშირად რელიგიური არგუმენტებით ამართლებს ვაქცინის არ გაკეთებას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ ყოველგვარი საფუძველი გამოვაცალოთ. ძალიან ბევრი მღვდელთმთავრია, რომელიც პირდაპირ მოუწოდებენ ვაქცინაციისკენ და მე მგონია, რომ ისინი ქრისტიანულად ძალიან სწორ და მოქალაქეობრივ პოზიციას იკავებენ.

    – როგორია მედიის როლი და პასუხისმგებლობა ამ პროცესში? მახსენდება ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ერთ-ერთი ქალბატონის, ჰომეოპათის ანტივაქსერული განცხადებები და დასკვნები, რაც შემდგომ Facebook გვერდზეც დაიდო და ძალიან ბევრი გაზიარება ჰქონდა.

    – პირველი რეკომენდაცია არის ის, რომ არ მივცეთ პლატფორმა, ტრიბუნა ანტივაქსერებს. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. აბსოლუტრად დიდი შეცდომა იყო იმ ადამიანის იქ გამოყვანა, რადგან არავის არ მოუსმენია ლოგიკური არგუმენტი და ათასობით გაზიარება ჰქონდა ამ ქალბატონის მავნებლურ და ბოდვით იდეებს.

    გზავნილები, რაც უნდა მოდიოდეს, უნდა იყოს თანმიმდევრული ყველა მხრიდან, მათ შორის, მედიასაშუალებების, სოციალური ქსელების, პირისპირი შეხვედრების მეშვეობით. ეს ყველაფერი ერთიან სტრატეგიულ კამპანიაში უნდა იყოს. ამას ვგულისხმობ, როდესაც ვლაპარაკობ სტრატეგიულ კომუნიკაციაზე, ყველა ეს კომპონენტი უნდა იყოს თანწყობილი და თანმიმდევრული, ერთნაირი გზავნილებით, რომლებიც მორგებულია ჩვენს აუდიტორიაზე, რათა ადამიანები არ დავაბნიოთ.

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]