პანკისის სათემო რადიო WAY–ს ოფისში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ რეგიონში მოქმედი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე უხუცესთა საბჭოს თავმჯდომარე და სალაფიტების ერთ–ერთი წარმომადგენელი.
პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ „კახეთის რეგიონული განვითრების ფონდი“ პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით პანკისის ხეობაში არაერთ პროექტს ახორციელებს და რამდენიმე პროექტისთვის სწორედ ის შენობა იყო გამოყენებული, რომლის დაწვის მცდელობასაც ჰქონდა ადგილი.
„ცხადია, პრეზიდენტის ადმინისტრაცია გააგრძელებს ამ პროექტების განხორციელებას, რომელიც დაიწყო შარშან. მეტიც, ჩვენ ვაპირებთ ჩვენი საქმიანობის უფრო გაფართოებას პანკისის ხეობაში. მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტმა წლევანდელი წელი განათლების წლად გამოაცხადა და შესაბამისად, ჩვენ შევეცდებით, რომ მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი პანკისის ხეობაში საგანმანათლებლო პროექტებს“,- აღნიშნა სოფიო შამანიდმა.
პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, დუისის კულტურის სახლში მომხდარ ინციდენტში არცერთი მხარე არავის ადანაშაულებს.
„ჩვენ ყველანი ერთად შევთანხმდით, რომ მოხდა კრიმინალი. ეს ამ შეხვედრაზე გაირკვა და მე მინდა მადლობა ვუთხრა სალაფიტების წარმომადგენლებსაც, უხეცესთა საბჭოსაც და არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, რომ ამას ბოლოს და ბოლოს ნათელი მოეფინა“,- განაცხადა სოფიო შამანიდმა.
პრეზიდენტის მრჩეველმა აღნიშნა, რომ მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მოხდა დროული რეაგირება და ამ ეტაპზე მუშაობა რამდენიმე ვერსიაზე მიმდინარეობს.
„მინდა მოგიწოდოთ ყველას, რომ დაველოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ყოველდღიურ კავშირშია თავად მინისტრთან. ისინი რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ როდესაც გაირკვევა ვინ ჩაიდინა კრიმინალი, ნათელი გახდება, რომ არანაირი რელიგიური ელფერი ამ ინციდენტის უკან არ არის“,- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ სოფიო შამანიდმა.