• ანსამბლი „პანკისი“ საფრანგეთში ფესტივალზე მიიწვიეს, მაგრამ გამგეობა მხარდაჭერაზე უარს ამბობს

    ოთხშაბათი, 08 მარტი 2017 19:12 view 11125
    ანსამბლი „პანკისი“ საფრანგეთში ფესტივალზე მიიწვიეს, მაგრამ გამგეობა მხარდაჭერაზე უარს ამბობს

    ანსამბლი „პანკისი“ საფრანგეთში, ბელფორის საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე მიიწვიეს. ფესტივალის ორგანიზატორებმა „პანკისი“ 380 ანსამბლს შორის შეარჩიეს, თუმცა პანკისელებმა ფესტივალში მონაწილეობა შესაძლოა ვერ მიიღონ. ახმეტის გამგეობამ ანსამბლის წევრებს მგზავრობის ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებაზეც კი უარი უთხრა. ეს მაშინ, როდესაც ახმეტის გამგებელი საზღვარგარეთ ვიზიტების მიხედვით რეგიონში უპირობო ლიდერია და საკუთარი ცოლისძმაც კი საბიუჯეტო თანხებით დაასვენა ლატვიაში, სადაც ზედმეტად გაწერილი სამივლინებო თანხით ის დროს ქალაქ რიგის ღამის კლუბში ატარებდა.

    ბელფორის მუსიკალური ფესტივალი (FIMU) საფრანგეთის აღმოსავლეთ ნაწილში 1987 წლიდან ტარდება. საფესტივალო დღეებში აუდიტორიის წინაშე ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები მსოფლიოს 30 ქვეყნიდან წარდგებიან. მუსიკალური ჟანრები მოიცავს ჯაზს, როკს, კლასიკურ მუსიკასა და ფოლკლორს. ფესტივალს 80 ათასზე მეტი მაყურებელი ესწრება, მათ შორის უმეტესობა ტურისტი.

    „ერთი თვის წინ მივიღეთ შეტყობინება, რომ ფესტივალზე ვართ მიწვეულები. ეს ჩვენთვის დიდი სტიმულია, რადგან 380 ფოლკლორულ და სხვადასხვა ჟანრის ანსამბლს შორის შეგვარჩიეს. ფესტივალი 1-ლი ივნისიდან 5 ივნისის ჩათვლით ტარდება. მხარდაჭერა გვჭირდება მხოლოდ ბილეთების შესაძენად. ერთი კვირის წინ, მუნიციპალიტეტის გამგეობას განცხადებით მივმართე და იქიდან უარი მივიღეთ. გვითხრეს, რომ ბიუჯეტში ამისთვის თანხა არ აქვთ“, - ამბობს ანსამბლ „პანკისის“ ხელმძღვანელი ბელა მუთოშვილი.

    ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ანსამბლ „პანკისს“ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მხარი არ დაუჭირა. ანსამბლს მგზავრობის ხარჯების დაფინანსებაზე უარი უთხრეს 2013 და 2014 წლებშიც.

    „ბელფორის ფესტივალის წესების მიხედვით, კოლექტივს, რომელიც ფესტივალში მონაწილეობს, მომდევნო 3 წლის განმავლობაში აღარ იწვევენ, მაგრამ 2012–ში რომ მივიღეთ მონაწილეობა, ისეთი მოწონება დავიმსახურეთ, რომ იქვე მივიღეთ შეთავაზება, 2013 წელსაც გავსულიყავით. გვქონდა ვიზა, მაგრამ არ გვქონდა ფული, რომ ბილეთები შეგვეძინა. მაშინაც მივმართეთ გამგეობას, მაგრამ არ დაგვეხმარნენ“, - ამბობს ბელა მუთოშვილი.

    ანსამბლის ხელმძღვანელის თქმით, რელიგიური მოსაზრებების გამო პანკისში მცხოვრები ახალგაზრდები ერიდებოდნენ ისეთ კულტურულ აქტივობებში ჩართვას, რომელიც ცეკვასა და სიმღერას მოიცავს. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში ვითარება მცირედით შეიცვალა.

    „მას შემდეგ, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ვაინახური კულტურის ფესტივალები გავმართეთ ბათუმში, დუშეთში, ახალციხესა და სხვა ქალაქებში, ანსამბლში გაწევრიანების სურვილით არაერთმა ახალგაზრდამ მომმართა. ამ ღონისძიებებით ჩვენ ერთი მხრივ ხელი შევუწყეთ ეთნიკური ქისტების მიმართ არსებული ნეგატიური წარმოდგენის შეცვლას, მეორე მხრივ კი აქაურ ახალგაზრდებს მივეცით სტიმული, თვითონაც იაქტიურონ. როდესაც გაიგეს ახალგაზრდებმა, რომ ვიყავით გასტროლებზე, გვქონდა გამოხმაურებები, მივიღეთ დადებითი შეფასება, მოწვევები, თვითონაც მოინდომეს ანსამბლის აქტივობებში ჩართვა“, – ამბობს ბელა მუთოშვილი.

    ანსამბლ „პანკისის“ წევრები უკვე მერვე წელია ანსამბლის ხელმძღვანელის საცხოვრებელ სახლში მეცადინეობენ. პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში კულტურის სახლი კი არის, მაგრამ იქ ანსამბლისთვის სამუშაო სივრცე ვერ გამოინახა. ამიტომ, ბელა მუთოშვილი იძულებული გახდა სცენა საკუთარ სახლში მოეწყო და პანკისში ჩასული სტუმრებისთვის ვაინახური კულტურა ასე გაეცნო.

    სამუშაო დარბაზის გარდა ანსამბლს საკრავებისა და სასცენო ტანსაცმლის პრობლემებიც აქვს. ანსამბლის წევრები სცენაზე ხშირად ნათხოვარი ინსტრუმენტებით და ფეხსაცმლით გადიან.

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერა რომ არა, ანსამბლს არც გარმონი და დოლი ექნებოდა და ვერც რეპეტიციების გავლას შეძლებდნენ. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან გასულ წელს პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაციამ გრანტი მიიღო, რომლის დახმარებითაც საქართველოს ხუთ ქალაქში ვაინახური კულტურის ფესტივალები გაიმართა. პროექტის ფარგლებში ანსამბლ „პანკისის“ წევრი ქალებისთვის ახალი, საკონცერტო კაბები შეიკერა, ანსამბლს კი დოლი და გარმონი გადაეცა.

    ანსამბლი „პანკისი“ ახმეტის კულტურის ცენტრის დაქვემდებარებაშია. ანსამბლის წლიური დაფინანსება დაახლოებით 12 ათასი ლარია, საიდანაც 150 ლარს ხელმძღვანელი იღებს, დანარჩენი წევრები კი 120 ლარს. ანსამბლს სულ 6 წევრი ჰყავს.

    მაშინ, როცა ანსამბლ „პანკისს“ საფრანგეთში ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მგზავრობის ხარჯების დაფინანსებაზე უარს ეუბნებიან, გამგეობა საბიუჯეტო თანხებს ბევრ შემთხვევაში უყაირათოდ ხარჯავს. კერძოდ:

    2017 წლის 21 თებერვალს ახმეტის გამგეობამ თუშეთში მუდმივად მცხოვრებ 25 პირს, საახალწლო საჩუქრის სახით, საკვები პროდუქტების 50-ლარიანი პაკეტები გადასცა. დაახლოებით 1250 ლარის ღირებულების პროდუქტების ვერტმფრენით გადატანისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 25 500 ლარი დაიხარჯა. საახალწლო პროდუქტების გადაცემის მიზეზით, თუშეთში გაფრინდნენ და იქეიფეს ახმეტის გამგებელმა, მისმა მოადგილემ, საკრებულოს თავმჯდომარემ, გუბერნატორმა, მაჟორიტარმა დეპუტატმა, პოლიციის უფროსმა, მისმა მოადგილემ და სხვებმა. ჩინოვნიკებს თან მომღერლებიც ახლდნენ.

    საზღვარგარეთ ვიზიტების მიხედვით, ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური კახეთის რეგიონის თვითმმართველობის თანამდებობის პირთა შორის უპირობო „ლიდერია“. 2015-2016 წლებში იგი მივლინებით იმყოფებოდა აშშ-ში, ისრაელში, ავსტრიაში, პოლონეთში, ლატვიაში, ლიტვაში, საფრანგეთში, იტალიაში, ჩეხეთსა და შვედეთში. გამგეობიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მარტო გამგებლის უცხოურ ვიზიტებზე ბიუჯეტიდან 7 398 ლარი დაიხარჯა.

    ახმეტის გამგებელმა ბექა ბაიდაურმა პრემიისა და დანამატის სახით 11 700 ლარი გაუწერა თავის მოადგილეს, დავით ფოცხვერიშვილს, რომელიც მანამდე პარლამენტის უკვე ყოფილი მაჟორიტარის ზურაბ ზვიადაურის ბიუროს უფროსი იყო. გამგებლის მოადგილედ დანიშვნამდე დავით ფოცხვერიშვილმა ქალაქ ახმეტაში საცხოვრებელი სახლი და 0,5 ჰა-მდე ვენახი იყიდა, რისთვისაც 9390 ლარის ოდენობით 2-წლიანი საბანკო სესხი ჰქონდა აღებული.

    2015–2016 წლებში ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგეობაში პრემიის სახით გაცემულია 297 690 ლარი. 

    ბოლო ორ წელიწადში თანამდებობის პირებისთვის საწვავის შეძენაზე დახარჯულია დაახლოებით 150 000 ლარი.

    2016 წლის მარტში ახმეტის გამგებელი ბექა ბაიდაური სპორტული სკოლის მოჭიდავეებთან ერთად ისრაელში გაემგზავრა. მოჭიდავეთა გუნდის უშუალო მწვრთნელის ადგილი დელეგაციის შემადგენლობაში არ აღმოჩნდა, სამაგიეროდ, მასში ოფიციალური პირების სტატუსით გამგებლისა და მისი მოადგილის მეუღლეებიც იყვნენ.

    2015 წლის ივნისში ახმეტის გამგებელმა საკუთარი ცოლისძმა შმაგი ლაგაზაური, რომელიც მისი პირადი მძღოლიც იყო, ერთი კვირით, „კულტურული დასვენების“ მიზნით ლატვიაში მიავლინა, რაც ადგილობრივ ბიუჯეტს 2300 ლარი დაუჯდა, მიუხედავად იმისა, რომ ვიზიტი მასპინძელი მხარის მიერ იყო დაფინანსებული. მოგვიანებით გამოირკვა, რომ გამგებლის ცოლისძმა მისთვის ზედმეტად გაწერილი სამივლინებო თანხით, დროს ქალაქ რიგის ღამის კლუბში ატარებდა.

     

    რადიო WAY

    რადიო WAY

    პანკისის სათემო რადიო WAY – მაუწყებლობს პანკისის ხეობაში სიხშირეზე FM 101.1. სათემო რადიო არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო აქტივობების ცენტრმა“ დააფუძნა.

    სიახლეები

    ხვრელების არსებობა რუსეთს ომის გახანგრძლივებაში ეხმარება - ინტერვიუ აშშ-ის ელჩთან

    „სახიფათო ნაბიჯია ურთიერთობების ნორმალიზების მცდელობა იმ ქვეყანასთან, რომელსაც არასოდეს შეუსრულებია…

    ბაზისბანკის მხარდაჭერით, აჭარა აგროჯგუფმა ლურჯი მოცვის ბაღები გააშენა

    ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს ადგილობრივი ბიზნესის განვითარების…

    ვიბრძოლებთ, რომ საქმე გამოძიებას დაუბრუნდეს - მაჩალიკაშვილი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

    „გადაწყვეტილებით ძალიან აღფრთოვანებული თუ არა, კმაყოფილი ვარ, რადგან ის ამბობს,…
  • კონტაქტი

    • საქართველო, ახმეტა, პანკისი, დუისი.
    • 0 353 22 22 11
    • [email protected]